***

               ჩემი შეყვარებული მდინარეა
              და არაფერი მდინარული მისთვის უცხო არ არის.”

 ზვიად რატიანი

ჩემი შეყვარებული სვეტსკია

ახლა ვხვდები რამდენად შეუფერებელი ვიყავი მისთვის

და რამდენად შეუფერებელი იყო მისი ქმარიც აგრეთვე

და მისი ყოფილი შეყვარებულებიც

მე მისთვის ერთ დროს ნათელი წერტილი ვიყავი

ვინც ლექსებს წაუკითხავდა ქალს

რომელიც გლდანის ოცდამეთვრამეტე მიკროში აღმოჩნდა

ძველ თბილისზე შეყვარებული

იმბეცილების ოჯახში და ჭურჭელს რეცხავდა

მაშინ ლამაზი თვალებიც მქონდა და ბნელი სახლიც ძველ თბილისში

სადაც დავემალებოდით სამყაროს

მერე მე გავლოთდი და ნარკომანიც გავხდი

საშიშიც

მახსოვს ფსიქიატრიულში რო მომაკითხა და

მეგობრობა შემომთავაზა

ვერ ვიტყვი მატყუარა არისმეთქი

უფრო შეპყრობილია საკუთარი თავით

და ვერც ისეთ მონსტრს თმობს როგორიც მე ვარ

როგორც კი ვქრები ბუნებრივად

ანუ როცა ვმშვიდდები და არა ნემსებით

ან შემაკავებელი ორდერებით

ის აუცილებლად ჩნდება

რათა იგრძნოს ჩემი მხურვალე ტალღა

მეც ვერ ვისწავლე არშემჩნევა

 

ჩემი შეყვარებული ჩვეულებრივი მედდაა

მე ბევრჯერ ვეგდე მის მუხლებთან

ვეუბნებოდი რო მისი დავიწყება შეუძლებელია

მან იცის როგორ იმოქმედოს მსხვერპლზე

საოცარი ნიჭი აქვს იაფასიანი ვულგარულობის

რომლითაც მახეში გაბამს

ერთხელ ერეკლე შველიძეს ვკითხე მასზე და ერთ გოგოზე

რომელი ჯობიამეთქი

ერეკლემ ის გოგო უფრო ლამაზია

მარა შენი შეყვარებული უფრო თესლიო

ეს პანდემიაც ხომ ნაყოფიერად გამოიყენეს ცივილურმა ადამიანებმა

სნობებმა

მანაც ისწავლა გრაფიკული დიზაინი

როგორი შეუფერებელი ვიყავი მისთვის

მე ღვინის ჭიქაში ჩაგროვილი მელანქოლიკი

 

ჩემი შეყვარებული ინტროვერტია

მეგობრებიც არ ყავს

მაგრამ რაც დამშორდა გათავისუფლდა

მოდიოდა და მიყვებოდა რომ მეგობრები გაიჩინა

ბარებში დადიან

ერთხელ ერთ ღამეს ოთხ ბიჭს ვეზასავეო

იაფასიან ფლირტზეც მომიყვა

 

ჩემი შეყვარებული ზესტაფონელია

იქ დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია

და პლეხანოვზე გაგრძელდა

ახლაც რომ მკითხავენ

მყავს თუ არა შეყვარებული

ვპასუხობ რომ კი

ანა ქვია არ ვიცი სად ცხოვრობს

 

კი

ველოდები

 

 

 

1 2 3 4 5 6 7