***

გაუჩინარდა ის ოცნებაც. მისი ფერები
ჩამოირეცხა ჩემმა შუშის შეყვარებულმა.
და მე ვიხსენებ, როგორ მსურდა ბედნიერება,
რომ დრო ჩემ გამო არასოდეს შეჩერებულა.

რომ ბევრი ვსდიე იმ ოცნებას, გული გაწურულ

ღრუბელს გავს. ახლა გაუხმებათ იებს ფესვები.

მე ყოველ დილით ფარდებს ვუშვებ. წერილს ვაცურებ

შენ გულქვეშ. მერე ფარდებივით უხმოდ ვეშვები.

 

ის ძველი სახლი მენატრება, მაგრამ უმისოდ

როგორ ვიცხოვრო უკვე ვიცი. ვიცი, როგორ ვარ.

აეროპორტი. შენი წასვლა და ტბა კუმისის.

შავი ღვინო და ხმაწკრიალა ქერა გოგონა.

 

იმედი, მისი უგრძელესი მატარებელი

სიზმარში მოდის. ყოველ ღამე სულში ჩაგხედავ.

და შენ იცოდი, ჩამაქრობდი სულის შებერვით.

რომ დავრჩი ერთი ამოსუნთქვა შენი ნახვიდან.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7