ლურჯი მატარებელი

 

(ზაკ მირიანაშვილს)

ჩვენ წავედით თბილისიდან თუ თბილისი წავიდა

თავის წვრილ ქუჩებიანად თავისივე თავიდან

შენც იცი ამ საუკუნის ყმაწვილები არა ვართ

ჩვენ მივყვებით ძველი დროის ფერგადასულ ქარავანს

მე ლექსებში ხელზე ვიღებ დამადლებულ ჰონორარს

და შენს საძინებელში კი ისევ მერლინ მონროა

ისიც იცი როგორები ვხდებით დანაკარგისას

ჩვენ ის გვიყვარს ვინც არ დაგვინდო ან სულაც გაგვსრისა

შენთან ერთად წავიდოდი მატარებლით სოხუმში

შენ ასეთი გულღია და მე ასეთი უხეში

სხვა დროიდან სხვა სივრციდან ვიმზირებით სრულიად

ჩვენი ბოლო იმედი კი მაინც სიყვარულია

ლექსებს წამიკითხავდი და მომითხრობდი ფილმებზე

მე კი ისევ მხოლოდ ერთზე ჩვეულებრივ ვინმეზე

დავიწყებდი გაბმულად და შენ არ შემაჩერებდი

ჩემი დიდი ორმოთი და ჩემი დიდი ჩეროთი

ვერ ვიხსენებ რომ ვინმესი ანდა რამის მჯეროდა

სიმართლეა ყველა ტკივილს ჩვენი ნებით ვიწესებთ

მომიყევი კიდევ რამე ლევან აბაშიძეზე

ჰო წავიდეთ აფხაზეთში წამოიღე გიტარა

ხან ვიმღეროთ მეგობარო და ხანდახან ვიტიროთ

ჩვენს ძველ შეყვარებულებზე ვისთვის გახდა სულერთი

შენს კედელზე დეპისა და ფარულავას სურათი

ჩემს კედელზე მხოლოდ ერთი ისიც შუა თითია

ახლა უკვე მეგობრებიც კი შეცდომებს მითვლიან

მე ირაო პოეტსა და შენ კი შემდგარ მოღვაწეს

სურვილები ჩემო ძმაო რა ჯანდაბად მოგვტაცეს

ჩვენ შეგვეძლო ყველაფერი თითო ლექსად გვეყიდა

შენთან ერთად მთებს გავყურებ ლურჯი მატარებლიდან

 

 

(გაზაფხულამდე მოსულ სიყვარულს)

მე ახლა ჩემი ხმელი ტოტებით

კვირტებად ვისხამ უფერულ დილებს.

რომ მოგატყუო – არ გელოდები,

სიმართლე გითხრა – ფრთხილად ვაცილებ

 

ყველა დღეს, როგორც ახდენილ კოშმარს.

და ყოველ ღამით ასე ვიძინებ.

და ჩემი დიდი დღეების ზომა.

მათი სიმძიმე,

 

მათი წვიმები, როგორც ყოველთვის,

ჭკუიდან მშლის და ვეძებ გასაქცევს.

წარმოიდგინე, როგორ მოვედი,

გრძელმა დღეებმა როგორ დამქანცეს.

 

როგორ ვიარე მოხრილმა ქარში,

რამდენი რამე მეჩვენებოდა…

რა სასაცილო ვიყავი მაშინ,

როცა ჯიბეში ლამის წებოდან

ჯაჭვამდე ყველა იმედი მედო,

რითაც როგორმე შევაერთებდი

წარსულს და სწორედ მაშინ არ მენდე,

როგორ წვეთავდა

 

ჭერიდან შენი უნდობი ტონი

და საბოლოო შიში და ვნება.

როცა მიგიხვდი ბოლოჯერ მტოვებ,

მოგეცი ჩემი მკვლელობის ნება.

 

მას მერე ალბათ არავის ახსოვს,

როგორ გავცილდი მე ჩემ იდუმალ

სივრცეს, მას მერე სხვადასხვა სახლში

ვცხოვრობ. ვერავინ ვერ გამისტუმრა,

 

ვერ გამაცილა თითქმის კარამდე.

მითვლიან ნაბიჯს და მის სიმყარეს,

ისე ძალიან დავპატარავდი…

ისე ვერავინ ვერ შევიყვარე…

 

კარადის თავზე წამლების შუშებს.

საწოლის ქვემოთ გაჭვარტლულ ბოთლებს.

მე ახლა ყველა ოცნებას ვუშვებ,

ვაცარიელებ ჩემ ყვითელ ოთახს.

 

და ეს ტყემალი ახლა რომ ყვავის,

გულზე მშვენიერ სევდას რომ მაფენს,

რომ ვეფერები სუყველა ყვავილს,

რომ ახლა სული მიჭირავს ძაფით,

არაფერია – მე ალბათ მერე შეყვარებულად გამიხსენებენ,

რომ დავეძებდი შენ ლამაზ ხელებს,

რომ ვერ ვიპოვე შენი ხელები.

 

1 2 3 4 5 6 7