***

არ მიფიქრია ეს ამბავი დასრულდებოდა

მხოლოდ ლექსებში დარჩებოდა რადგან მეგონა

ჩემ განკურნებას მოახერხებდნენ

და შენ ყველაფერს მაპატიებდი

ახლა უეცრად გამახსენდა სიბნელეში რომ ვიწექით

და მთხოვე შენთვის რამე მემღერა

გამეღიმა და ჩუმად დავიწყე

გაგონდება თუ არა

კარალეთის დღეები

მთების ლურჯი კამარა

უცხო სამოთხეები

მერე მე თითქოს უნებლიეთ გკლავდი და გწერდი

მიყვარხარ არ მიმატოვო

აქ არ დამტოვო

დრო რომ გავიდა და ქუჩაში სხვანაირს შეგხვდი

ყურში მითხარი მიყვარხარო

და აბსურდია დანარჩენი რასაც ვეხები

მე გკითხე

 

კიდევ შეგრჩა თუ არა

მხიარული თვალები

თუ დრომ გადაურა

და ჩაუქრო ალები

 

ისევ დამისხლტი და მას მერე არ მიმღერია

სანამ ბოლოჯერ არ მოხვედი თებერვლის მიწურულს

და გაზაფხულამდე მიმატოვე

 

მოვდიოდით მხარდამხარ

და დრო გვეუარესა

აწ არ ვიცი სადა ხარ

და რომელსა მხარესა

 

 

 

 

პრინცესებისთვის

 

(ლიკას)

 

ჩემი დამშრალი შავი ვენა

ზედ მოხტუნავე საწამლავი – შენ თრთი.

ჩემს გულზე ზოგჯერ ყვავილებმა,

ზოგჯერ ყვავებმა გაიხარეს

და შიგადაშიგ თრთვილს

შეამჩნევ, მაგრამ არასოდეს

შენთვის ცის ფერს არ დავიშურებ,

არ დავიშურებ იასამანს,

არ დავიშურებ მზეს.

მე მახსოვს, როგორ თამაშობდი,

ჩემი კუბო ვინ მიგასწავლა,

მზეებით უნდა დამტკბარიყავ შენ!

შენი პრინცი და ვარდისფერი

საძინებელი გელოდება. ნუ

გაყვები ჩემს ჩიხს. აქ ღამეა,

აქ ჩრდილია და სადისტების

ბასრი საგნები დუმს.

ეს ღამე ჩემი სადავეა,

ჩემი ბინაა. შენი კაბა

მზის სარეცელთან გიცდის.

მე რომ პირველად შემიყვარდა,

არაფერია –

სიყვარულიც სიკვდილივით მტკივნეული

ვიცი

 

1 2 3 4 5 6 7