ტასოს მამას
ერთი პარანოიკი, კაი მეგობარი მყავს.
მასაც თითქმის, ჩემსავით, არაფერი ახსოვს.
როცა რამეს მიმტკიცებს, ანუ რომ არ მატყუებს,
მეფიცება ჩემ თავს და მეფიცება ტასოს.
და ტასოსაც, მასსავით, თავის დიდრონ თვალებში
რამდენიმე ჭინკა და ანგელოზი უზის.
ვიცი, მათი თვალების ბავშვურ სისუფთავეში,
როგორ ამომეზარდა არასწორი კუზი,
როცა ტასოს დავპირდი, კიდევ ორი მეგობრის შვილებს – ანგელოზებს,
წავიყვანდი პარკში და წავიყვანდი ნაყინზე, მეგობრებმა დროზე,
უფრო სულზე მომისწრეს და მე საავადმყოფოში დიდი ძილით მეძინა. რომ მოვედი გონზე,
ჩემ მეგობარს ვუხმობდი,
პარანოიკ მეგობარს –
ის მახსოვდა მხოლოდ.
ის მახსოვდა მხოლოდ და ჩვენი თბილი სორო.
თურმე ტასო ცდილობდა, შემოვარდნას ჩემთან, ცისფერ პალატაში.
“ნინი უნდა ვნახოო! ნინი უნდა ვნახოო!” –
გაყვიროდა ბავშვი.
ერთი მეგობარი მყავს, მეუბნება ტასოზე,
ნახე, როგორ მგავსო.
ერთი მეგობარი მყავს და როცა არ მატყუებს,
მეფიცება ჩემ თავს და მეფიცება ტასოს.
თითები
1
მე ყველა ადამიანის ხელის თითები მახსოვს
ყველა მათგანი სახეა ყველა მათგანის მჯერა
მე შემიძლია თითების ქალაქი დავაარსო
ერთად ვაცხოვრო თითები და დავასაქმო ყველა
ყველა მეგობარს რატომღაც თითების ფორმით ვირჩევ
ვისი ხელებიც მაფრთხობდა სუყველამ მიღალატა
როგორ აანთებს სიგარეტს ან მოაგროვებს გირჩებს
ამ წარმოდგენით ვმკვიდრდები მამაკაცთან და ქალთან
სილამაზით ან სინაზით არ გეგონოს რომ ვსაზღვრავ
შეიძლება რომ თვალების ფერიც კი არ მახსოვდეს
ვინც მიყვარდა ან მიყვარს და არც კი მომივა აზრად
თვალებში ჩავხედო და ხელებზე არასოდეს
დამავიწყდება დავხედო ადამიანს თუ ვუსმენ
ვუსმენ რა ანუ ვყოვნდები ცოტა ხნით ცოტა ხანი
ყველას მოუსმენ ბგერები რომც წააგავდნენ ლურსმნებს
მე მახსოვს ყველა მეგობრის ხელის თითების კანი
2
ანუ ხელები მიშლიან ვნებებს ვნებებზე მაღლა
ვერ დავაყენე ჯერ მაინც ზიარება და ღმერთი
საჩემო ხელებს სადაც კი წამითაც დავინახავ
ჩემში სიკვდილი იღვიძებს ჩემში ფეთქდება დენთი
გადავიქცევი მწვალებლად გადავიქცევი მონად
თუკი ხელები დავლანდე სადმე საჩემო ხელებს
წავაწყდი ძალა აღარ მაქვს ხელებმა შთამაგონა
რომ მყვარებოდა მისი ხმა მისი სუნი და ყელი
მაინც იქ მივალ სადაც ზღვას შეურთდება ზეცა
ყოველ საღამოს იქ მივალ სადაც გროვდება ღმერთი
ამ ცხოვრებისთვის მომსვლელი მე სამომავლოდ ვერც ვარ
ყოველ საღამოს სხეულში ვეშვები როგორც ზეთი
ანუ ვეშვები ზანტად და ანუ ვეშვები ბლანტად
მე შენს ხელებზე ვფიქრობდი
მერე ვიფიქრე სხვაზე რა გიპასუხო გონება მთლიანად გამიფანტა
აბებმა ახლა სამყარო როგორ მემხობა თავზე
ვერც კი აღვიქვამ დავდივარ დადიან მანქანებიც
დადიან სუსტი ქალებიც მერე მიდიან სახლში
ვწვები და წარმოვიდგენ ცას როგორ მაფარებენ
და ვგრძნობ საკუთარ თავს რამით ვეკუთვნი მხოლოდ მაშინ
3
ვინც არც ვცხოვრობდით არც ვქსოვდით არც ვქარგავდით და ვწერდით
ვინც მივდიოდით სახლიდან და ვბრუნდებოდით უკან
რაღაცნაირად მოხდა და ვიპოვეთ ერთმანეთი
რა გასაკვირი არის ან საერთო გვქონდა რუქა
როცა ერთი დღეც გათავდა როცა ერთი დღით უფრო
დამნაშავე ხარ ერთი დღით მეტი ტვირთი და ტყვია
მაინც მშვიდად ხარ და მზად ხარ როგორც ღარიბი სუფრა
აკრიფო შენი ცხოვრება რადგან ცოცხალი გქვია
მერე იხსენებ მეგობრებს მერე იხსენებ მშობლებს
ანუ მოხვედი ანუ ხარ ანუ ტაძარშიც მიხვალ
მაგრამ რატომღაც დაგარქვეს სხვა და გაგიბეს ღობე
მთელი ცხოვრება მოგიწევს არკვიო მაინც ვინ ხარ
