***

ვისაც მიუშვერ შიშველ ზურგს ან

ვისაც მიუშვერ შიშველ ტუჩებს

ღამით ყველას ხმით ვყმუი

ნუ გაიცინებ დამარცხებულს

ბოლო გზა ჯერაც დამრჩენია

ჯერ უკანასკნელ ტყუილს

კვლავაც გეტყვი რომ არა მიშავს

კვლავაც გეტყვი რომ მეგობრებით

კვლავაც გეტყვი რომ მტრებით

სავსე ვარ და ნუ გეგონება

შენ სახელსა და შენ ღიმილებს

მარტო ვზივარ და ვკვდები

 

 

 

 

 

მარიამს

 

ვსვამდით, მერე უმიზეზოდ აქვითინდა.

მე კი მშვიდად განვაგრძობდი მოწევას.

და ვუთხარი სულ გიყვარდეს, რაკი გინდა,

მე ხომ შენი სიყვარულის მოწმე ვარ.

 

ქვებზე ვფიქრობ. ქვები, თითქოს არ დარდობენ,

ქვები, თითქოს მუდამ მშვიდად არიან

და ქვებს თურმე რა უტიფრად ვღალატობდი,

ვიგრძენი, რომ ვუყურებდი მარიამს.

ვუყურებდი და მინდოდა, რამე მეთქვა,

რამე, რითაც ნაღველს ავუმჩატებდი.

ან უბრალოდ მომცრო ლექსი დამეწერა,

სადაც მის წილ ერთგულებას ჩავტევდი.

გადავთვალე ათასობით ღამე, დღე და

არ ვიყავით მარტოები არცერთი.

 

ვსვამდით, ყველა მეგობარი გავიხსენეთ.

გავიხსენეთ, თურმე როგორ ძალიან

გვიყვარს. მერე გული სულმთლად გავიხსენი –

ვუყვებოდი, როგორ მცივა, მარიამს.

 

 

1 2 3 4 5 6 7