ნიუ იორკო მიყვარხარ

 

ქუჩაში ლექსებად ვიფანტები

დარდს ვუყოფ ძაღლებს და მეგზევეებს

ცარიელ ქალაქში მერძევე ვარ

მხვდებიან დამღლელი სიფათებით

ძველები ახლები უცნობები

ვრწმუნდები საკუთარ სიმაღლეში

და ახლა არავის ვუცოფდები

მარცხენა თვალი კი მითამაშებს

მივყვები ქუჩას და მომყვებიან

ღმერთები მკვდრები და მეფეები

“როცა ყველაფერი წესრიგშია

როცა ყოჩივარდებს ვეფერები”

მიყვარხარ მკვდრებშობილო მანჰეტენო

მიყვარხარ ბავშვური გატაცებით

ქუჩაში მხვდებიან ძმაკაცები

და მინდა ბავშვობას ავედევნო

ქუჩაში ლექსებად ვიფანტები

დარდს ვუყოფ ძაღლებს და მეგზევეებს

ცარიელ ქალაქში მერძევე ვარ

მხვდებიან დამღლელი სიფათებით

 

 

 

 

დედას

 

მე რომ სახლიდან გამოვდივარ

მერე სახლში რომ ვერ ვბრუნდები

და მეგობრებთან მივიჩქარი

და ქუჩაში რომ კაციშვილს ვერ ვცნობ

ქუჩებს რომ ვერ ვცნობ და სადგურებს

და დღითიდღე რომ მანადგურებს

რაც კი ჩამიდე გულში

შენ შეგიძლია იამაყო

ან შეგიძლია მაპატიო

ან შეგიძლია დამივიწყო

რომ ვერაფერი ვერ ვისწავლე

რომ ვერაფერი გამოვედი

რომ ხან საგიჟეთში მეძებდი და

ხან პოლიციის შენობებში

მაპატიე რომ ავად გავხდი

მაპატიე რომ ზურგი რომელსაც შენ მითბობდი

ყველას შემიძლია მოვაფარო

ან ტყვიისგან ან ცეცხლისაგან

დასაცავად და მერამდენედ ვცდები

მაპატიე რომ ყველა მიყვარს მაპატიე რომ ყველას ვხოცავ

იამაყე რომ ჩემი ორმოს მსგავსი გულიდან

ათას ოცნებას ვიწოვ

შენ შეგიძლია იამაყო ან შეგიძლია მაპატიო

რომ საჭიროა და მხოლოდ იმიტომ ვცოცხლობ

 

 

1 2 3 4 5 6 7