ი. კ – ს

 

არაფერზე ცუდზე ან უარესზე არ დაგცდეს სიტყვა

მოდი ვთქვათ როგორ შევუყვარდით საკუთარ კედლებს

როგორ განვდევნეთ კედლებიდან ცრუ განგაშები

როგორ გვივლიან მეგობრები

ჩვენ ვართ ბავშვები

როგორ გვისვამენ თავზე ხელს და

ზოგჯერ ჩვენს ძილსაც უფრთხილდებიან

მე გეტყვი როგორ შემოვიდა ღმერთი სარკმლიდან

როგორი იყო ცივ სარკმელთან ჩემი მაგიდა

როგორ ვეძებდი მტვრის გასაწმენდ ჩვარს და ვიპოვე

და ვერაფერი გავარჩიე ლაპარაკიდან

როგორ ვიპოვე მზებიჭი და მისი სხივები

მისი ფერმკრთალი სახე როგორ დიდხანს მიმყვება

ძილისკენ უფრო სანდო არის და გაცილებით

მომხიბვლელია მისი სიტყვები

როდესაც ხელებს კედელს ურტყამს და ხელებიდან

გადმოდის წვიმა სტრიქონები ლურჯი მზეები

უარყოფს ყველა სინაზეს და სახეს ცინიკურს

უნდა თავისი ბრმა ცრემლები გადაუმალოს

ის ჩემში ცხოვრობს ის არ არის მხოლოდ სტუმარი

ვიცი ვინაა სულერთია დღემდე ვინიყო

მიყვარხარ ახლა მხოლოდ შენთან მინდა ფიცრული

სახლს შიგნით შევხვდეთ ჩემს ბინაში შევხვდეთ ან სულაც

ვიცი ერთმანეთს იმედს ვეღარ ვერ გავუცრუებთ

ვიცი რამდენი ვერ გვასწავლა ჩვენმა წარსულმა

მაგრამ ჩვენ წავალთ ფლორენციას ლონდონს ამსტერდამს

მერე ყველაფერს შემოვივლით ერთად ვიქნებით

და შენ – მე მე კი შენ გასწავლი როგორ ავტირდეთ

და საბოლოოდ ერთმანეთში ჩავიზნიქებით.

 

 

 

***

 

რაც დრო გადის თუ რაც გავდივარ შენი დროიდან

უფრო ხუნდება გაზაფხულის მოლოდინიც კი

მხოლოდ შენ შეძლებ ჩემი ხმიდან ღმერთს ამოიყვან

რომ ჩუმად ვიყო რომ დავმშვიდდე მხოლოდ იმისთვის

რომ სადმე მკვდარი არ მიპოვონ ღრუბლებს გაფანტავ

მე კი მოგყვები ზურგს უკან და შენს თმას ვისუნთქავ

და შეჩერდები ჩვენს ზღაპართან რომ ჩვენს ზღაპართან

მე უძლური ვარ სხვა გზა არ მაქვს გათავისუფლებ

ჩემი ქვიანი ხელებიდან ჩემი ქვიანი

სიყვარულიდან ყველაფერი უფალს მივანდოთ

მიწას ვუყურებ ყველაფერი არის გვიანი

და მსურს მიწიდან ყვავილივით ამოიზარდო

 

 

 

1 2 3 4 5 6 7