***

 

გინახავს შენ ჩემი დახრილი კისერი

ვერაფრით მიშველი ვერაფრით გიშველი

და ქარის ხმაზე ვარ მიბმული თითებით

გიგრძვნია შენ ჩემი თითების სისველე

მე ახლა ნაძვების სუნი მცემს ნაძვების

მე შენზე ვიფიქრებ როდესაც დავწვები

გულაღმა ჰო სანამ არ ჩამეძინება

სიზმარში ივლიან ქვისფერი კაცები

მიგრძვნია მე შენი ყინულის თვალები

ვისწავლე რომ ვერსად ვერ დაგემალები

ისე შევეგუე ჩემს ხაფანგს ვღიღინებ

და გაქცევაზე ფიქრს თავი დავანებე

გინახავს შენ ჩემი დახრილი კისერი

არასდროს არ მოგწერ მოდი და მიხსენი

ნაძვების სუნი მცემს და არაფერია

ვზივარ და შენი ხმის ხარვეზებს ვიხსენებ

 

 

 

 

***

და ყველამ თავი გადადო, ჩემთვის
ძალიან მძიმე აღმოჩნდა, ჩემო.
თითქოს სიკვდილით მევსება მკერდი
და ყველა დილას სიკვდილის გემო,
ფერი და სუნი აქვს. თითქოს მზოგავს
ღმერთი რაღაცა უარესისთვის.
არავის ესმის, რომ ჩემი ბორგვა
ბორგვაზე მეტი არის. ვერც ვიტყვი,
ვერც ვიხმაურებ, მხოლოდ გავცქერი
სარკმლიდან გზას და არავინ მოდის.
რომ სიცოცხლისგან ასჯერ ნაცემი
ადამიანი სიკვდილის ლოდინს
იწყებს. ვეჩვევი ცისფერ მონიტორს,
ჟანგიან დანას, ბავშვების სიცილს.
შენზე რომ მითხრან, ისევ მოვიდა,
ვეღარასოდეს ვირწმუნებ, ვიცი.
შენ არ იდარდო. მე თვალებს ვხუჭავ
და ვემზადები სიცივისათვის.
და მოგონებებს ხელს მაგრად ვუჭერ,
რომ სულ მახსოვდეს, როგორ მიცავდი
სამყაროს ბნელი ხვეულებისგან
და რომ მოგქონდა ჩემთვის ბლინები.
მე ახლა ვცხოვრობ ჩვეულებრივად .
ახლა ვერაფერს მათქმევინებენ.

 

 

 

 

ი. კ – ს

 

მზის ბიჭი. მისი ლაქები კი ღმერთმა დასწყევლოს.

მზის ბიჭი. მისი ღამეები თასმებშეხსნილი.

მზის ბიჭი. ისე მომინდება მისკენ გაქცევა.

მზის ბიჭი. უხმო. უსახლ-კარო. უეკლესიო.

 

რატომ მიდიან სეზონები ასე თავისთვის

რატომ ჭკნებიან ყვავილები დაუკითხავად

მზის ბიჭო, მალე დაგინახავ, თუკი დამიცდი.

ვერ მიმკურნალა ექიმმა, ვერც მღვდელმა, მკითხავმა.

 

ამიტომ მალე დაგინახავ. ჩემი ცხრათვალა

გულით გაგათბობ და შენ იგრძნობ ამას მაშინვე,

რომ ერთმანეთთან მიგვიყვანა ცივმა ზამთარმა

და საბოლოოდ ერთმანეთი გადავარჩინეთ.

 

1 2 3 4 5 6 7