ჭეშმარიტი 27-იანელის ჩანაწერი“

 

ოდა მეგობრობას!

დიდება ერთგულებას! სალამი ბოღმავ! შენ გაგიმარჯოს იმედგაცრუებავ და ბრგვინვავ! ჩემო უსამართლო საწუთროვ! ოდა შენს მეგობრობას!

ჰერმან ჰესე თავის ერთ-ერთ გროტესკულ ნოველაში წერს, რომ იმ ხალხს რომელთაც უამრავი საგმირო ეპოსი აქვთ, ანუ ისტორიულად მათი ლიტერატურა მუდამ გმირობებსა და ომებში გამარჯვებაზეა, ის ხალხი არათუ გმირი, არამედ ლაჩარი და ქვეშაფსიაა, სწორედ ამიტომ მისტირიან საგმირო ამბებს. ჰესე იმასაც ამბობს, რომ ის ხალხი ვინც ყველაზე მეტად სასიყვარულო ბალადებსა და ეპოსებს მოუცავს, ამ ხალხის ცხოვრება სავსეა უსიყვარულობითა და სიცივით. ისე გამოვიდა ჩემი ცხოვრება, რომ ოცდაშვიდწლიანმა თავგადასავალმა მეც ჰესეს მსგავს აზრამდე მიმიყვანა. მაშ ასე: ერებს, რომლებსაც საგმირო ეპოსები აქვთ, ყველაზე მხდალები არიან, ერებს, რომელთაც სასიყვარულო ბალადები აქვთ, ყველაზე ცივები და უსიყვარულონი არიან, და აი ჩემი გაგრძელებაც – ერს, რომელსაც თავისი ლიტერატურული საგანძური მეგობრობაზე აქვს დაფუძნებული, ის ხალხი ყველაზე უმეგობროა.

და რა არის ქართველობა თუ არა “ვეფხისტყაოსანი”, რა არის საქართველო თუ არა რუსთაველი? ჰყავდა კი შოთას ცხოვრებაში რეალური მეგობრები? თუ, ისევ ჰესეს რომ გავყვეთ, მან ეს ყველაფერი იმიტომ გამოიგონა, იმიტომ შექმნა მეგობრობის დიდებული ოდა, რომ რეალურ ცხოვრებაში მეგობრობას მოკლებული, ცივ, უსამართლო, ფარისეველ ადამიანებს აწყდებოდა, რომელნიც მალე ივიწყებდნენ მეგობრობას და ჩვენს რუსთაველს შუა გზაზე ღალატობდნენ, რამდენჯერ უარყვეს და რამდენჯერ დაწყვიტეს გული, ვინ იცის? და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ “ვეფხისტყაოსანი” დიდი მეგობრობის ამბავია, არიან კი ქართველები ჭეშმარიტად მეგობრულნი და ერთგულნი ამ გრძნობისა? თუ დროის მცირე მონაკვეთში? განსაკუთრებით დასაწყისში, ქეიფამდე? მერე?

მე მუდამ იმის ცდაში ვიყავი, კარგი მეგობარი მეპოვნა, არასდროს დამიყრია ფარ-ხმალი მეპოვნა ჩემი ავთანდილი, არასდროს ვიხევდი უკან და პირველ ნაბიჯებსაც ვდგავდი, ინიციატივაც მუდამ ჩემს ხელში იყო, მაგრამ რა ვუყოთ ადამიანების შინაგან დაუოკებელ წყურვილს, ბოღმითა და ღვარძლით გაანადგურონ ყოველივე თავისუფალი, თბილი და მეგობრული.

ოდა მეგობრობას!

ოდა ერთგულებას და ურთიერთგაგებას! ეს იმ ადამიანებისადმი  ოდა არ გეგონოთ, ვინც სუფრაზე ძმობას ეფიცებიან და მეორე წამს ცბიერი კბილებისღრჭენით დანებს უყრიან ერთმანეთს გულ-მუცელში, არა ეს უფრო „პრადვინუტთა“, მოდერნ ქართველთა მეგობრობის ფორმულაა, ეს უფრო ახალი ქართველების მეგობრობის ისტორიაა, მე კი გულდაწყვეტილი და საბრალო ნიკოლასი ცინიზმითა და უიმედობით სავსე მოგიყვებით ამ ამბავს.  აი ისიც…

 

————————————————————————————————–

ჩემი დაბადების დღე ზამთარშია, როცა ახალი წელი მიილევა, იანვარი ათბობს ქუჩაში მოსიარულეებს, თავად სიტყვაც კი როგორი გამათბობელია? თბილი სიტყვაა „იანვარი“, არანაირად რომ არ აღძრავს სიცივის განცდებს, სად სექტემბერი, ოქტომბერი – ნახეთ, დააკვირდით, თითქოს იმუქრებიან “ქტმბრ“, ან დეკემბერი? „დკმბრ“, თანხმოვნები ირაზმებიან და ჭახაჭუხობენ, იანვარი კი ენაზე დნება, თოვლივით მიანდება ტუჩებს, გათბობს, გატენიანებს. სწორედ ამ თბილ თვეს დავიბადე მე. ყოველი ახალი წლის მერე, როცა სუფრები ახალი ალაგებულია და ეს-ესაა ხალხმა ჩვეული ცხოვრება უნდა დაიწყოს, მე ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი ხოლმე ახლო მეგობრების წრეში. ჩემმა დაბადების დღემ ჩემთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვაც შეიძინა, ნამდვილი ახალი წელი თითქოს სწორედ ჩემს დაბადების დღეს იწყებოდა. წლების განმავლობაში ვერ ვამჩნევდი, როგორ ნელ-ნელა მეფანტებოდნენ ის ადამიანები, ვისაც ყოველ წელიწადს ჩემს დაბადების დღის სუფრაზე ვხედავდი. ნელ-ნელა ყველა მშორდებოდა, ყველა გამირბოდა, ყველა მაიგნორებდა, ყველა სხვა გზას პოულობდა, მე კი ისევ მათზე ვიყავი მიჯაჭვული, მათი მეგობრობის ერთგულების მწამდა და ბოლო წამამდე ვიჩენდი ინიციატივას ისინი ისევ ყოფილიყვნენ ჩემში, ისინი ისევ ჩემს სახლში დარჩენილიყვნენ, სამარადჟამო ფუნქციით, მეგობრობის ალმურით შემოსილნი.

ახლა კი დროა გაიცნოთ, აი ისინიც,  ჩემი ავთანდილები, ფრიდონები და ასმათები:

კოტუა, კატერინა და პადრე.

 

 

1 2 3 4 5 6