კოტუა

ჩემი მანქანით ბაგების ასასვლელთან ვიდექი და მისი მანქანის გამოჩენას ველოდებოდი. აი ისიც, პატარა, ნაცრისფერი ჰეჩბეკი, ტოიოტა. ვიცი, მარტო იჯდა, პატარა მანქანაში კარგად მოჩანდა. ნელა მოდიოდა, ძრავი ჩავრთე და მალევე დავეწიე, ვერ მიხვდა, რომ მას მივყვებოდი, ფარები ჩამქრალი მქონდა, კიდევ კაი, პატრული არ გამოჩენილა. მისთვის სრულიად შეუმჩნეველი ვიყავი. საცხოვრებელ კორპუსთან გააჩერა და სადარბაზოში დურთა თავი, მეც იქვე ბორდიულზე მივაყენე და კოტუას გავყევი, ხელში რაღაც მეჭირა, ან დანა, ან ცეცხლსასროლი, რა მნიშვნელობა აქვს, მეორე დღეს გამომძიებელი გაარკვევდა, ზუსტად რითი მოვკალი ჩემი ბავშვობის მეგობარი. კიბეებზე ადიოდა, და მეც უფრო ჩუმი ნაბიჯებით მივყვებოდი, მეოთხე სართულზე გაჩერდა, გასაღები  ამოიღო და აი, მეც გამოვჩნდი. კოტუა მოტრიალდა, დამინახა, გაოცებისგან გაშრა, არ მომელოდა, სიბნელიდან მისი ანთებული და დაბნეული თვალები მომაშტერდნენ, არ იცოდა, რას ვაკეთებდი აქ, მიხვდა რომ კუდში მივყვებოდი, ჩემს ხელს დასცქეროდა, თვალები სულ უფრო და უფრო უფართოვდებოდა და ოფლით დაეცვარა  ტუჩები, საფეთქლებთანაც ოფლი სდიოდა, ეს-ესაა რაღაც უნდა მითხრას, ყელიიდან რაღაც თანხმოვნების და ხმოვნების წყება ამოდის… ნელ–ნელა თითქოს ჩემი დაბადების დღეც ახსენდებოდა, ამიტომ არ იცოდა რა ეთქვა, მიხვდა რომ სამაგიეროსთვის ვიყავი აქ მოსული, არც მე ვიცოდი, რა უნდა მექნა.  კოტუას ეშინოდა, ლამის იყო შიშისგან ჩაიფსა,  შორს ვედექი, მაგრამ მაინც ვერსად დამიძვრებოდა. ვერც ზევით გაიქცეოდა,  ვერც ჩემსკენ წამოვიდოდა. სრულად ვაკონტროლებდი,  ლეოპარდი მაღალ და ტანმორჩილ ანტილოპას რომ მოიმწყვდევს, ისე მყავდა მოქცეული. და უცბად გავქრი, უკან გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, კიბეზე ჩამოვირბინე, თითქოს, იქ საერთოდ არც ვყოფილვარ, თითქოს, მასაც მოვეჩვენე და მეც მომეჩვენა. სადარბაზოდან ლანდი გამოკრთება და ქუჩაში უჩინარდება, მეოთხე სართულზე კი ვიღაცის ხშირი სუნთქვა ისმის…

 

კატერინა და პადრე

ორივენი კოტუაზე უფრო სენსიტიურები იყვნენ. ღამის 2–3 საათი იქნებოდა,  ორივეს რომ დავურეკე და დაღლილი–ტანჯული ხმით ვუთხარი, საავადმყოფოში ვარ, ვენები გადავიჭერი, გთხოვთ, ახლავე მოდით ჩემთან-თქო. ვიცოდი, მათზე თვითმკვლელობა განსაკუთრებით იმოქმედებდა და მართლაც, რამოდენიმე საათში ორივე აფორიაქებული და ანერვიულებული გამოჩნდა რესპუბლიკურის ეზოში, მე კი იქვე ტაქსისტებთან დაპარკინგებული მანქანიდან ვადევნებდი თვალს.  ერთმანეთს მიუახლოვდნენ, გამოელაპარაკნენ და საავადმყოფოს შენობაში შევიდნენ. იქიდან რამოდენიმე წუთში გამოვიდნენ უფრო დაბნეულები.  ნამდვილად ეს საავადმყოფო გვითხრაო? აბა, სადააო? მირეკავდნენ და რომ აღარ ვიღებდი ყურმილს, ჩემს დას დაურეკეს.  მისგან გაიგეს, რომ არაფერი მჭირდა და მშვენივრად ვიყავი. ჰოდა, ამ დროს გამოვჩნდი, სულ რაღაც 20-იოდე ნაბიჯში. ღამის ქუჩების განათება დამცქეროდა და ვიდექი მათ წინაშე  ცოცხალ–მკვდარი, 27 წლის ძველი მეგობარი… შორიდან მიყურეს, პადრემ ოდნავ ძლიერი ხმით დაიყვირა კიდეც „ნიკოლას“, ეშინოდათ, რამე არაადეკვატური არ ჩამედინა, ადგილიდან არ იძვროდნენ, ორივეს სახე დაემანჭა, ცხოველი ინტერესი კლავდათ, რა დამემართა,  რატომ ვიქცეოდი ასე. ამ დაძაბულობაში სინდისის ქეჯნაც  იგრძნეს და სადღაც შორიდან, ჰაერის ორთქლმა ჩემი დაბადების დღეც გაახსენათ,  ის უარყოფა და ის გულის კოდვა, რაც მისახსოვრეს. გზაზე უცბად ტყიდან გამოვარდნილ ქორბუდა ირემს რომ დაინახავ,  კაცმა რომ  არ იცის, რას მოიმოქმედებს, დაგეტაკება თუ მშვიდად  განაგრძობს გზას, ასე  იდგნენ და ეშინოდათ, ნატრობდნენ მათკენ ნაბიჯი აღარ გადამედგა, ვერცერთმა გაბედა ჩემთან მოახლოება.. და მოულოდნელად სინათლიდან გავქრი, სიბნელემ მშთანთქა…

 

მას მერე ისინი აღარასდროს მინახავს.

…………………………………………………………………………………………………………………………….

 

ანტუან დე სენტ ეგზიუპერი „პატარა უფლისწულში“ გვასწავლის ჭკუას, ვისაც მოითვინიერებთ, მასზე პასუხისმგებლობაც გეკისრებათო, და განა მეგობრობა მიჩვევა, ერთმანეთის მოთვინიერება და ატანა არაა? ჩემი სამაგიერო, შეიძლება ითქვას, იმ ამერიკული ფილმების გამოძახილი იყო, რასაც ბავშვობიდან ვუყურებდი. მე მათ სამაგიეროს ვუხდიდი იგნორისთვის, უყურადღებობასა და მეგობრობაზე ხელის აღებისთვის, იმ დამცირებისთვის, იმ საცოდაობისთვის, იმ მარტოსულობისთვის, რასაც უმეგობრობა ერქვა, რასაც ჩემი ახალი ცხოვრება ერქვა. ამ ბოლო დროს იმასაც კი ვფიქრობ, რა ბედნიერები არიან-თქო ის ადამიანები, ვინც ადრეულ ასაკში დაკარგა  მეგობრები, ან ომში დაეღუპათ, ან ავარიებში, ან კიდევ სხვაგან.. ჰო, ისინი ბედნიერები უნდა იყვნენ, რადგან  მათი მეგობრობა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა და არა თავად მეგობრებმა…

იცოდით? ეგზიუპერის პატარა უფლისწული 2020 წლის 20 იანვარს 27 წლის ასაკში უმეგობროდ გარდაიცვალა.

 

2020 წელი, 30 სექტემბერი, თბილისი

 

1 2 3 4 5 6