დაბადების დღე

 

2020 წლის იანვარი, ჩემი დაბადების დღე.  ჩემი საუკეთესო მეგობრები: კოტუა, კატერინა და პადრე ტრადიციულად ჩემთან ერთად არიან.  სხვა მეგობრებიც დაპატიჟებული მყავს, არა ასეთი სტაჟიანი და მრავალწელნაცადები, მაგრამ მაინც. ამ დღეს ყველაფერი შეიცვალა. შავი იუმორი ყველას გაგვიგია, მაგრამ მე ამას შავ იუმორსაც ვეღარ ვუწოდებდი.  თითქოს  პირში მახლიდნენ სიმართლეს – როგორი, როგორი აუტანელი, ჭირვეული და სასაცილო ვიყავი, თითქოს იდგნენ და ყველას თვალწინ მაშიშვლებდნენ. ჩემი დაბადების დღე იყო.  კოტუას კიდე მოეღო პირი და ყვებოდა ყველაფერს, ვინ გოგო მომწონდა და რატომ, რომ თურმე  მეგობრებს ვიშორებდი პერიოდულად და რომ მომავალ დაბადების დღეს შეიძლება რომელიმე იმათგანი გამოკლებოდა, კვერს უკრავდნენ კატერინა და პადრე. პადრემ ისიც გაიხსენა, თუ როგორ არ გვევასებოდა ერთმანეთი გაცნობის დროს, მისგან მეტი არაფერი გამიგია, ცივად და უკონტაქტოდ იჯდა თავისთვის და თითქოს თვალსაც მარიდებდა. ვცდილობდი, მასთან გამოლაპარაკებას, მისგან ისევ მხარდაჭერა მინდოდა, მაგრამ  სხვას ესაუბრებოდა, სხვას მიმართავდა. მერე კატერინას მივადექი და სიმღერა დავიწყეთ, კატერინა არ ამყვა, სიმღერა გამიბანძეს, დასცინეს, კატერინას ხმა არ გამიგია, ისიც სხვასთან ჩართულიყო საუბარში და მე საერთოდ არ ვახსოვდი, სასმელი სულ უფრო და უფრო მეკიდებოდა, ვისკი, ტეკილა, ღვინო და არაყი კოტუას ამბებივით მწარედ ჩამდიოდა ყელში, ყურში, თვალებში. დამანჭული სახით ვცდილობდი მეგობრების ყურადღება მიქცევას და წინასწარვე შემხმარი ღიმილით მივმართავდი მათ. იმ დღეს თითქოს სამაგიერო გადამიხადეს, თითქოს განმიცხადეს –  უკვე  27 წლის გახდი, ახლა უკვე შენი სიკვდილის დროაო. ამოვიდა ყელში შენი ატანა, შენი ბავშვური და ჭირვეული ხასიათის ატანა, შენი მეგობრობა ჩვენთვის წამება იყო, შენი წარმატებები – ჩვენი შური მიზეზი, შენი სიყვარულები – ჩვენი უბედობა, შენ საფრთხეს უქმნიდი ჩვენს ლაღ ცხოვრებას.. ნიკოლას, შენც კარგად იცი, რომ  ყველაზე საშიში სულის პატრონი ხარ…

ყველანი წავიდნენ და თავი ჯუდი დენჩი მეგონა ფილმში “Note on a scandal”, გახსოვთ? ბარბარა როგორ ცდილობს ქერათმიანი, ახალგაზრდა, ლამაზი და შეცდენილი კეიტ ბლანშეტის მეგობრობის მოპოვებას. იმ მოხუც ქალს დავემსგავსე, უმეგობროს, სოციოპათს.. თითქოს,  ნიკოლასის მთელი ცხოვრება გამოგონილი იყო. სინამდვილეში მე საუკეთესო მეგობარი არ მყავდა, არც ავთანდილი, არც ფრიდონი და არც ასმათი არსებობდა ჩემს პოემაში. მე სულ ეული და განწირული ვჩანდი, წელს იქნებოდა ის წელი, როცა, შესაძლოა, მართლაც როკ–ვარსკვლავებივით გავტრუპულიყავი, როცა, როგორც ჭეშმარიტ 27–იანელს, თვითლიკვიდაცია მელოდა, რომელიც ჩემმა მეგობრებმა მომიწყვეს.  მე უმეგობროდ უნდა დამეწყო ცხოვრება, ან მცირეხნიანი, ახალი, მომენტალური კვაზიმეგობრებით გამერთო თავი, რადგან ისინი, ვინც წლებია, თან მახლდნენ და ვისაც ვუყვარდი, ჩემგან ძალიან შორს, სხვა პლანეტებზე აღმოჩნდნენ: ერთი სადღაც მთაზე ცოცავდა, ერთი სადღაც კონფერენციაზე აკუებდა, ერთი კი სადღაც აუზში ცურავდა – მე არცერთს არ ვახსენდებოდი, მე არცერთს არ ვადარდებდი, არცერთს არ ვენატრებოდი. წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ვცადე, დავრეკე, მივწერე, ყველა უარზე იყო, კოტუაც, კატერინაც და პადრეც თავს არიდებდნენ ჩემს ინიციატივებს, ჩემს მიწვევებს, ჩემი მოკითხვა არცერთს ხომ არ ახსენდებოდა, მე კი ისინი მესიზმრებოდნენ. მთელი 27-ე წელი ამ სიზმრებმა გამაწამეს. ხან კოტუა მხვდებოდა და მეხუტებოდა, ხან კატერინა მირეკავდა და პადრესთან ერთად მივირთმევდით ლუდს სადღაც ევროპულ ქალაქში. ჩემი საიდუმლოებები და ჩემი საწუხარი, ჩემი ლხინი და ჩემი ჭირი ჩემთან რჩებოდა, მე ჩემს საუკეთესო მეგობრებს ვეღარ ვუზიარებდი ჩემს მდგომარეობას, პირველივე შემთხვევით შემხვედრთან კი მოულოდნელი გულწრფელობა იმით სრულდებოდა, რომ  სასაცილო შთაბეჭდილებას ვტოვებდი.

მთელი წელი ასე მიილია, 27 წლის გავხდი და ჩემი მეგობრებისთვის მოვკვდი,  გარდავიცვალე. ზაფხულის ცხელ დღეებში კი, როცა  მთაწმინდაზე  გამხმარი ბუჩქები და ხეები აგვისტოს მწველმა მზემ ააგიზგიზა, ვერის სასაფლაოსკენ ვიღაც წარმოსახვითი რომ დააბიჯებდა და ცდილობდა ცეცხლი ჩაექრო, მე ტელევიზორთან მწოლიარე ჩუმი და უმეგობრო იდეებით ავივსე. ვუყურებდი, საინფორმაციოები როგორ გადმოსცემდნენ ვერის სასაფლაოს ხანძარს, როგორ იწვოდა ტყესავით პატარა მთის ნაგლეჯი და როგორ ემუქრებოდა ცეცხლი მთაწმინდის პარკს, ფუნიკულიორს, ეშმაკის ბორბალსა და თბილისის ანძას. ეს ცეცხლი ჩემი შვება იყო, მეც ის უნდა მექნა, რასაც ეს ცეცხლი აკეთებდა. ის არ ეხებოდა მთაწმინდას და საცხოვრებელ სახლებს, მაგრამ მთელი თბილისი მას შესცქეროდა, ყველას მისი ეშინოდა, არც ის იცოდნენ ზუსტად საიდან და როგორ გაჩნდა, და არც ის იცოდნენ, სადამდე აპირებდა მიღწევას. ნიკოლასის ტვინში კი „სამაგიერო“ მზადდებოდა.  რა ვქნა, თუ მეგობრებმა მომიმტერეს და მთელი წლის განმავლობაში აღარ გავხსენებივართ. რა უნდა მოიმოქმედო, მათი ყურადღება რომ მიიქციო? რომ ისევ შეგხვდნენ? აი, იმ ტყესავით უნდა დაიწვე მთაწმინდის ძირას,  ვერის სასაფლაოზე რომ იწვოდა…

 

 

1 2 3 4 5 6