სტუდენტობის მეგობარი
პადრე: მე და კატერინა თსუ–ში ერთ უცნაურ და ჩუმ ბიჭს დავუახლოვდით. თავიდან ის თითქოს ვერ მიტანდა და ყოველთვის, როცა გამოვჩნდებოდი ლექციაზე ცდილობდა ჩემთვის ეკბინა, დაეცინა და ირონიულად გადმოეხედა. მეც რეზისტანტული რამ გამომიმუშავდა, სადაც კი ვხვდებოდი ამ დაბალ, ბლანჟეიან და ჩუმ ბიჭს ყველგან ვემზადებოდი წინასწარი რეაქციებით. რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ბიჭი გახდებოდა ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი და დამკვალიანებელი. რაც უფრო მშორდებოდა და მტოვებდა კოტუა, მით უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს მე და პადრე. პადრე აფხაზეთიდან დევნილი მეგრელი იყო, ომის დროს თბილისში გადმოხვეწილი. თავისი უვნებლობითა და დაჩაგრული ბავშვობით ჩემს ბავშვობას მაგონებდა, ისიც თურმე სახლში იჯდა და წიგნებს კითხულობდა, ან ფაზლებს აწყობდა, ნინტენდოს თამაშობდა, მოკლედ სახლის ჭია იყო და მეტი დრო ჰქონდა ფიქრისთვის, ჩამოყალიბებისთვის. თანაკურსელები ვიყავით, პირველი კურსის დაძაბულობა ჩვენს შორის მაშინ მოიხსნა, როცა თბილისის ზღვაზე ერთად ავედით. მახსოვს, აგვისტო იყო, ნესვი ვიყიდეთ, მე, კატერინა და პადრე ტრუსიკიანები ვერთობოდით წყლის ნაპირზე, მოულოდნელად პადრემ ბოყინი დაიწყო და ისე სასაცილოდ და უცნაურად გამოიყურებოდა, ვერ მიხვდებოდი, ეს ბიჭი დებილი იყო, თუ დებილობანას თამაშობდა.
მოკლედ, მეორე კურსიდან დაიწყო მე და პადრეს მეგობრობა. თავიდან სხვანაირი მეგონა. რასაც ველოდი, სულაც არ აღმოჩნდა, მას ისეთი სწორი და დალაგებული შეხედულებები ჰქონდა სამყაროზე და ისეთი სამართლიანი იყო, თითქოს ჩემი უაზროდ ამბიციური, მექალთანე ყაიდის ცხოვრებაც დაამშვიდა და დააბრძენა. სადაც მივდიოდი, პადრეც თან მიმყავდა, ყველგან მიღებული იყო და თავისი ირონიული შეხედულებებით ეკლესიაზე, საპატრიარქოზე, ხელისუფლებაზე და თბილისის მერიაზე საერთო მოწონებას იმსახურებდა. პადრე არც მღეროდა, არც უკრავდა, მაგრამ ისეთი სერიოზული და გულიანი დაინტერესება იცოდა ჩემი საქმის მიმართ, რომ მეტიც არ იქნებოდა. შემეძლო შეყვარებულისთვის მიძღვნილი ლექსი ჯერ მისთვის წამეკითხა, შემეძლო ძალიან სევდიანი და ნაზი სონგი ჯერ მისთვის მომესმინებინა. ის ისმენდა, იგებდა და ცდილობდა, ჩემი დეპრესიული და ნეგატიური განწყობიდან რბილი, ჩუმი, მეგობრული ღადაობებით გამოვეყვანე. პადრე მართლაც რომ ჩემი სულის მესაიდუმლე გახდა. ამ უამრავი მეგობრული და გულწრფელი თვისების გარდა, რა თქმა უნდა, ჰქონდა აუტანელი და ყოვლად უმსგავსი თვისებებიც და გამოხტომებიც. ასე მაგალითად, ხალხში კუილი და სუნის დაყენება, ტროტუარზე მდგარი მანქანების გასაღებით გაჩხაპვნა, ან მოულოდნელი გაბუტვა და სახლში თავქუდმოგლეჯით გაქცევა. მაგრამ პადრე სიმართლეს ლაპარაკობდა და ის ჩემთვის ზოგიერთი ქართველი მამაოებსა და სამღვდელო მსახურებზე მეტ ქრისტიანობასა და ქრისტეს ატარებდა. პადრე არა მარტო სამართლიანობის გამო შემიყვარდა და მისდამი უერთგულესი მეგობრობით განვიმსჭვალე, არამედ იმითაც, რომ ის ჩემს მსგავსად ანალოგიურ პასუხისმგებლობას გრძნობდა სიტყვებისადმი, ისიც ჩემსავით პატივისცემით ეპყრობოდა შრომისმოყვარეობას და ჩვენ ამ თვისებებმა ძალიან საინტერესო და სათავგადასავლო სტუდენტობა გამოგვატარა. პადრე რაღაცით კოტუასაც ჰგავდა, არა ტანადობით, არამედ ჩემთან დაპირისპირებულობით. ასე მაგალითად, მე თუ ბარსას გავიძახოდი, პადრე რეალს შეტრფოდა, მე თუ ფრანგულენოვანი სამყარო მიზიდავდა, პადრე ესპნაურ ცივილიზაციას ანიჭებდა უპირატესობას, მე თუ კარტოფილის ხინკალი მიყვარდა, პადრე, როგორც ყველაზე არამარხული, ხორცის ხინკალს აწვებოდა და ა.შ. გოგოების ხსენებაზე ისე დაიბრინჯებოდა ხოლმე, რომ მეტიც არ შეიძლება, თითქოს მართლაც პადრე ყოფილიყოს და საღვთო აღთქმა დაედოს უფლის წინაშე, რომ არა ქალი არ იქნებოდა მის ცხოვრებაში და თავს ქრისტეს სიყვარულს შესწირავდა.
პადრე მაკვალიანებდა პროფესიულ ამბებში. მაშინც, როცა უნი დავამთავრეთ და ვერ მივხვდით, ვის რა უნდა გვეკეთებინა, ამ დროს პადრემ მირჩია გზა, რომელიც სამსახურს მაშოვნინებდა, იმ ორგანიზაციაში გამაწევრიანა, რომელიც ჩვენს დარგს უკავშირდებოდა და ასე, პადრეს დახმარებით, რამოდენიმეჯერ უცხოეთსაც ვესტუმრე. უნის დასრულების მერე თითქოს საყრდენი გამომეცალა და გუნდს ჩამორჩენილი ბატივით ვყიყინებდი, სწორედ მაშინ ამომიდგა გვერდში პადრე და სწორ გზაზე დამაყენა.
პადრესთან ღამე ვრჩებოდი. ჩილიმებს ვაბოლებდით ხოლმე ძველი აზიელი მეფეებივით. ხანდახან ისიც რჩებოდა ჩემთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან ბევრს დავლევდით და შაურმების ჭამა მოგვინდებოდა. წარმოიდგინეთ, ღამის 3–4 საათზე ორი ბიჭი მისეირნობს პეკინის ქუჩაზე, რომ დალეულზე პირი შაურმით გაიგემრიელონ.
მე, პადრე და კატერინა დავმოგზაურობდით როგორც საუკეთესო მეგობრები. სამეულის ყველაზე დასამახსოვრებელი თავგადასავალი ბათუმში მოგზაურობა იყო, პადრე იქ რამოდენიმე თვიანი კონტრაქტით იყო მივლინებული, მე და კატერინამ კი ვიხელთეთ სიტუაციით და ჩემი მანქანით დავაწექით ბათუმისკენ. იქ სამივეს ერთად გვეძინა, ერთად ვიღვიძებდით და ერთად ვიძინებდით, ვსვავდით ლუდებს, ერთად ვესტუმრეთ კათოლიკურ ეკლესიას, ერთად ვიყავით უცნობი ბათუმელი ბიჭების კონცერტზე და ერთად ვიღიმოდით ყველაფერზე, რაც კი აჭარული კილოთი შეგვეჩეხებოდა. წვიმიანი და ლამაზი მეგობრობა, სამი განუყრელი მეგობარი, სამივე ფერადი ქოლგებით, სელფებით და ღიმილებით.
გადიოდა წლები და ყველანი ვიზრდებოდით, აღარც სტუდენტები აღარ ვიყავით. თუ მე და კოტუას სივრცეები უფრო და უფრო შორდებოდა ერთმანეთს, უკვე იგივე ემართებოდა ნიკოლასის, კატერინასა და პადრეს ურთიერთობებსაც, ჩვენი ცხოვრების გზებიც ნელ–ნელა ეყრებოდა ერთმანეთს. ჩვენი შეხედულებები სამყაროს შესახებ, სამსახურის შესახებ, სამშობლოს შესახებ იცვლებოდა, სხვადასხვა განზომილებებს იძენდა და ასე მოვაღწიეთ 27-ე წელს.