სიყრმის მეგობარი

კოტუა: ღრმა ბავშვობის მეგობრობას რომ უწოდებენ, აი რომ გამოჩნდება შენს ცხოვრებაში და ბუნებრივად იცი რომ ეს ის არის, ვინც ისედაც არსებობდა და ისედაც იცი რომ იარსებებდა, აი, ეგ იყო კოტუა. სკოლაში პირველ კლასში შევამჩნიეთ ერთმანეთი. რა დამავიწყებს? პირველ მერხზე მჯდარი, რიჟა, მომღიმარი ბიჭი, რომელიც თოვლის ბაბუასავით ცისფერი ქურთუკით დადიოდა და ხვანცალებდა ჩემს წინ. მე კი ჩემი თავი ნამდვილად არ მახსოვს, ალბათ პირველ კლასელიც ისეთივე დაძაბული, მოპროტესტო და დარაზმული ვიყავი გარემოს მიმართ, როგორც ახლა. მოკლედ, მეორე კლასში ვიყავით,  კოტუამ ჩემი სახლის კარზე რომ დააკაკუნა, საწერკალამი დამრჩენია სკოლაში და ის მომიტანა. ალბათ სიცილით მოვკვდებოდი, ასეთი კადრები სადმე ფილმში რომ მენახა, მაგრამ ეს მე გადამხდა და თან 6-7 წლის ასაკში, მოვიდა კოტუა და შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში ჩვენი მეგობრობა, თავისი ხალისი, თავისი სიახლეები და ინოვაციები.

კოტუა და მე დავძმობილდით, სკოლაში ერთ მერხზე დავსხედით და დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაგვებრუნებინა აფხაზეთი. ჩვენ, მეორე-მესამე კლასელი თბილისელი ბიჭები, განვიხილავდით იმას, ვინ რამდენ კაცს გამოიყვანდა და სად შევიკრიბებოდით, როგორ დავიბრუნებდით აფხაზეთს. ტელევიზია იმ დროს დიდად არ გვიჭედავდა ყურებს, ასე რომ კატეგორიულად განვუდგები TV-ს გავლენების ვერსიას, ჩვენ უფრო ჩვენი გარშემომყოფები გვაწვდიდნენ ინფორმაციას აფხაზეთის შესახებ, ოჯახები, მეზობლები და ა.შ. მე თვითონაც არ ვიცი, ჩვენი საერთო პირველი თემა რატომ იყო ბრძოლა და ქვეყნისთვის აფხაზეთის დაბრუნება, ხომ შეიძლება, პატარა, 6-7 წლის ბიჭებისთვის გოგოები ყოფილიყვნენ საერთო ინტერესის საგანი, ან სასკოლო მეცადინეობები და ა.შ. არა ჩვენ ეროვნული, ქართული საქმით დავახლოვდით, ჩვენი თამაში ეს იყო, ჩვენი ოინბაზობა და ჩვენი ბავშვობა ეს იყო. დიდ თეთრ ფორმატზე ვხატავდით რაზმებს, ვქმნიდით დროშებს, შეგახსენებთ ჩვენი 5 ჯვრიანი დროშის იდეა ჯერ არ არსებობდა, ჩვენ კი თითქოს ვგრძნობდით რომ შევარდნაძისეული დროშა, ჰიმნი თუ სტრატეგია მოძველებული იყო და მოითხოვდა ჩანაცვლებას. დიახ, ეს მარტო მიშას მონაპოვარი არ გეგონოთ, ამას ახალი თაობა გრძნობდა რომ საჭირო იყო ახალი დროშა, ახალი სისხლი, ახალი ჰიმნი, ახალი სულიკვეთება, ჩემი თუ არ გჯერათ, გადაახვიეთ დრო და შედით თბილისის 62-ე სკოლის მეორე კლასში და ნახეთ გაკვეთილების შემდეგ იქ ორი ბიჭი რას აკეთებს? ნაშების სურათებს ათვალიერებენ? არა, ამერიკულ ფსიქოლოგიურ ფილმებში რომაა ხოლმე, საკუთარ პენისებს აჩვენებენ ერთმანეთს? არა, იქნებ ლეგო გაუწყვიათ, ან მანქანები? არა, არა, სად ჰქონდათ სათამაშოები იმ უბედურებს, ომგამოვლილებს 1996–97 წლებში. კოტუა და ნიკოლასი მერხთან ისხდნენ და წერდნენ სიას, ვის წაიყვანდნენ აფხაზეთის საზღვართან, ვის რამდენი კაცი შეეძლო გამოეყვანა, სად შევიკრიბებოდით… გაითვალისწინეთ ისიც, რომ არც მე და არც კოტუას თვალით არ გვენახა აფხაზეთი, არც ოჯახები გვყავდა აფხაზეთიდან, არც ჩვენს სისხლში ერია რამე აფხაზური, ჩვენ მხოლოდ ვიწამეთ მშობლების მოყოლილი ზღაპრები, აფხაზეთი, ეს ლამაზი პალმებიანი ზღვისა და მთის მხარე როგორ ჩააბარა შევარდნაძემ რუსებს?!  ერთ-ერთი სასაცილო მომენტი ნიკოლასის და კოტუას საომარ გეგმაში ისაა, რომ ჩვენ ჩვენი სამეზობლოებით გაგარინის, დღევანდელ ჟვანიას მოედანზე ვაპირებდით შეკრებას. ხომ მაგარია? 62-ე სკოლელი საბურთალოელი ბიჭები გაგარინზე იკრიბებიან და მიდიან აფხაზეთის დასაბრუნებლად. ახლაც კი ღიმილით მახსენდება, მე და კოტუას ფერადი ფანქრები, ფრომატებზე დახატული დროშები, იარაღიანი კაცები და რუკები, ჩვენი ბავშვური ოცნება.

გავიდა ერთი ზაფხული, ორი ზაფხული, სამი ზაფხული და ნელ-ნელა გავიზარდეთ, მივხვდით რომ აფხაზეთის დაბრუნების გეგმა სისულელე იყო, გონებაში ჩვენი ძალები რეალურად შევაფასეთ, ალბათ ეს ერთამენთისგან დამოუკიდებლად მოხდა და  ორივემ ერთად ვთქვით უარი ამ გეგმაზე. მაგრამ მე და კოტუა ისევ ერთ მერხზე ვისხედით და! და! დააა! ამასობაში XXI საუკუნემ შემოაღო კარი. სწრაფად ვიზრდებოდით, სკოლაში უამრავი რამ ხდებოდა, ჩვენც ისევე, როგორც ყველა, ვაბრაზებდით მასწავლებლებს, ვეჩხუბებოდით ჯერ გოგოებს, შემდეგ ერთმანეთს. ჩვენც ვთამაშობდით პოკემონებს, ფეხბურთს, ჩვენც დავდიოდით შატალოებზე, ვთამაშობდით ფლეისთეიშენს კომპიუტერულ ჯიხურებში, ერთად შევაბიჯეთ ტოტალიზატორში და ვიგემეთ წაგებისა და მოგების გემო, ვაჯიბრებდით –  რეალის კარლოსი უფრო მაგარი იყო, თუ ბარსას კლუივერტი, ან ბრაზილიელი რონალდო თუ ჰოლანდიელი ვან დერ საარი. მე თუ ჯენიფერ ლოპესის ტაკო მომწონდა ჩემს ასამდე ნაკლეიკაში გაბზეკილ-გამობზეკილი, კოტუა სინდი კროუფორდის უსაყვარლეს და ულამაზეს ღიმილზე მიმითითებდა და იმ ხალზე, ამ ტოპ მოდელს რომ ამშვენებდა. მოკლედ, მე და კოტუა სულ ერთად ვიყავით, ერთმანეთის დაბადების დღეებზე ერთმანეთის გვერდით მეჯვარესავით დასკუპებულნი. მთავარი ის იყო, რომ ერთმანეთის გვესმოდა, მიუხედავად იმისა რომ ერთს ბარსა უყვარდა მეორეს რეალი, ერთს ჯეილო ესიზმრებოდა, მეორეს სინდი კროუფორდი – ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო.

მე და კოტუამ ერთად შევაბიჯეთ თინეიჯერობაშიც, ცხოვრებაში ახალი თემები შემოიჭრა, გამოჩნდა ახალი, დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც მუსიკასავით შემოვიდა ჩვენში. 2003 წლის რევოლუციას ერთად ვუჭერდით მხარს და დავცინოდით ჩაით გაქცეულ მეორე პრეზიდენტს. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა,  მაგრამ 2004-2005 წლებში ზაფხულის ყოველ კვირა დღეს მთელი რუსთაველი იკეტებოდა და ეწყობოდა სახალხო მსვლელობები, ახალგაზრდობა, ბავშვები, დიდები, ქალები, კაცები, ბებოები, თაღლითები თუ „ინტელეხტუალები“ ყველა რუსთაველზე დასეირნობდა, მე და კოტუაც ვიზე ნაკლებები ვიყავით, როგორც იქნა საბურთალოს და მშობლიურ სივრცეს გავცდით და თავი კიტრი გვეგონა, როცა ამაყად სხვა ქართველებს შორის მივაბიჯებდით…

რუსთაველზე სეირნობისა, მე და კოტუამ აღმოვაჩინეთ, რომ აქ სხვა თბილისელი გოგოების გაცნობა შეიძლებოდა, სხვა ჩვენხელა ტიპების გაცნობა შეიძლებოდა, ახალგაზრდები ჯგუფ-ჯგუფად გვხვდებოდნენ, აქა-იქ კუთხეებში გიტარიანი ტიპები ისხდნენ და უკრავდნენ, მოგვესმა უცნობი ჰანგები, „Knocking on heaven’s door“, მერე ვიღაცამ „people are strange“ და ვიღაცამ საერთოდ „wish u were here“ დაუკრა. ასე შემოიჭრა ჩვენში მდინარესავით ძლიერი და კლდესავით აღმართული როკ-მუსიკა. თვალებდაჭყეტილი და ყურებმომართული კოტუა და ნიკოლასი გვერდი-გვერდ დგანან, ერთი რიჟაა მეორე ყავისფერთმიანი, ერთი სიმაღლისანი არიან, ერთნაირად სუსტი ტანისები, ერთნაირად დამუხტულები მუსიკით. ის ზაფხული იყო, მე და კოტუამ რომ გადავწყვიტეთ, როკ-ჯგუფი ჩამოგვეყალიბებინა. სანამ ჩვენსას  ჩამოვაყალიბებდით, სხვადასხვა როკ-ჯგუფებს ვეცნობოდით, ხან კასეტებით, ხან რადიოთი, ხან “პაძემკაში” მდგარი ფლეიტისტის მეშვეობით, ასე ნელ-ნელა გავიგეთ ამერიკული და ბრიტანული როკ-ბენდების შესახებ The Doors, Nirvana, Led Zeppelin, Radiohead, Pink Floyd და Deep Purple. მე და კოტუა ბოჰემური ცხოვრების ნაწილი გავხდით, არ ვტოვებდით მზიურის როკ მუსიკალურ ფესტივალებს, ორივემ თმა მოვუშვით, ლუდს ვსვავდით და ვერეოდით ჰიპ ხალხში, რომლებთანაც დაახლოებას ვცდილობდით. გვინდოდა უფრო და უფრო მეტი გაგვეგო ამა თუ იმ მუსიკოსზე, ვის რა მოუვიდა: “ა, მორისონი პარიზში გაიპარა აბაზანაში? 27ის?”; “ხო, ხო იცი კობეინმა თავი მოიკლა 27-ის იყო ეგეც”; “ბონემი თავის ნარწყევში რო ჩაიხრჩო?”; “ოზბორნმა კონცერტზე ვირთხას თავი მოაჭამაო”; “ჰენდრიქსი რო უკრავდა ხეს ცეცხლი გაუჩნდაო”; “მერლინ მენსონმა ერთ-ერთი თირკმელი ამოიღო რო საკუთარ თავს მინეტი გაუკეთესო!”; რითი აღარ ივსებოდა ჩვენი ტვინი, ისე მეღიმება ახლა ამ ყველაფერზე,  რომ ვაანალიზებ, თუ რამ შეიძლება ტანში ჟრუანტელად დაგიაროს. მაშინ კი თითქოს თამაში იყო, თითქოს ზღაპრები იყო, ფანტასტიკური ჟანრის მულტფილმები გრძელდებოდა ჩვენს ცხოვრებაში, ბავშვური მიამიტობა არ გვტოვებდა, ბავშვური გულწრფელობა და მეგობრობის სიყვარული.

მე და კოტუას არც მუსიკალური ჯგუფის ჩამოყალიბება გამოგვივიდა, ვიზრდებოდით და ნელ-ნელა მივხვდით რომ აფხაზეთის დაბრუნების გეგმასავით განუხორციელებელი ჩანდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი როკ-ჯგუფის ჩამოყალიბების იდეაც. მაგრამ მე არ ვეშვებოდი, ნიკოლასი რისი ნიკოლასია, რომ არ ცადოს, რომ ინიციატივას ინიციატივა არ მოაყოლოს და ფიქრი, ოცნება ქმედებად არ გადააქციოს?

„სიტყვა და საქმე“ – აი, ეს უკვე ინდივიდუალური ამბავი გახლავთ… „სიტყვა და საქმე“ ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოიჭრა, როცა მშობლებმა გადაწყვიტეს სახლი გაგვეყიდა და მოუსავლეთ გლდანში გადავსულიყავით, იქ მე და ჩემს დას ცალ-ცალკე ოთახები გვექნებოდა და გარემონტებული სახლიც, შეიძლება მანქანაც კი გვეყიდა, მაგრამ შორს ვიქნებოდით სკოლიდან, შორს ვიქნებოდით იმ ხალხისგან, ვინც 90–იანები გადაგვატანინა, მეზობლებისგან, მეგობრებისგან. საბურთალო ერთგვარი „სამშობლო“ იყო სადაც ცხოვრობდა დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩვენ სხვაგან სად უნდა წავსულიყავით? მოკლედ, იმ პერიოდში მამაჩემმა აქტიურად დაიწყო გაზეთ “სიტყვა და საქმის” შესყიდვა, ეს იყო რეკლამების გაზეთი, ვინ სად რას ყიდდა, და ასე ეძებდა გლდანში, მუხიანში, ან ვარკეთილში დიდ, 4-5 ოთახიან ბინებს, რომ ჩვენი საბურთალოს ოროთახიანი ბინა გადაეცვალა. ყოველდღე მოდიოდა უმუშევარი მამაჩემი და მოჰქონდა გაზეთი “სიტყვა და საქმე”, ჩამოუვლიდა, მონიშნავდა და მერე მიდიოდნენ სახლების სანახავად. ნიშანდობლივი იყო , რომ მე არცერთხელ არ გავყოლილვარ. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ სახლზე ყველაზე მეტად მე ვიყავი მიჯაჭვული, ვგრძნობდი რომ ამ სახლს არასდიდებით არ დავტოვებდი, ალბათ ვგრძნობდი რომ წლების მერე ჩემი მშობლები გაშორდებოდნენ, მამაჩემი ვარკეთილში გადავიდოდა, ჩემი დაც შეძლებდა და ევროპაში გაიქცეოდა, მაგრამ მე ამ სახლს არასდროს არ მივატოვებდი, მე სულ ის შეგრძნება მქონდა, რომ მე და დედა უძველესი დროიდან მოყოლებული ვცხოვრობდით ამ სახლში, მხოლოდ მე და დედა. მე ვიზრდებოდი, აქამდე მთელი საუკუნეები ჩემი პატარაობის ხანა იყო, ის საუკუნეები, ისტორიული ეპოსები შუმერებზე ან ეგვიპტურ პირამიდებზე, რომაულ ლეგიონებზე და ფრანკებზე, ტენოჩტიტლანის დაცემაზე და ინდიელთა ბრძოლაზე ესპანელი კონკისტადორების წინააღმდეგ. მთელი მსოფლიოს ისტორიის განმავლობაში მე და დედა აქ ვცხოვრობდით და მე პატარა უფლისწული ვიყავი, რომელსაც ლამფის შუქზე დედა უყვებოდა მაკედონელის, ან ნაპოლეონის ამბებს, მერე კი უმღეროდა “ბიჭის დედა შინ არ არის, მზევ შინ შემოდიო”…

“სიტყვა და საქმე” რა შუაშია მე და კოტუასთან? შეიძლება ახლა არაფერ შუაში არაა, მაგრამ რეალურად კი, „სიტყვა და საქმეა“ გადამწყვეტი. მაშინ გავიგე დედაჩემის საყვედურებიდან, რომ მამაჩემი ერთს ამბობდა, ხოლო მეორეს აკეთებდა, აი ეს კი ის ელექსირი იყო, ეს ის იდეა იყო, რომელიც ჩემი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის  გამომუშავების საბაბი გახდა. ვიზრდებოდი და სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი სიტყვების მიმართ, განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებოდი „სიტყვებს“, დაპირებასაც კი არ ვიძლეოდი, რასაც ვიტყოდი, ის ხომ საქმედაც უნდა მექცია. „პირველად იყო სიტყვა და იქმნა „მეგობრობა“. კოტუას ჩემს მეგობრად ვგრძნობდი და მეც ყველაფერი უნდა მექნა ამის შესანარჩნებლად, თუმცა იმ დროს ჯერ კიდეც არაფერი იყო სადარდებელი, მე და კოტუას ისედაც გვიყვარდა ერთმანეთი და ჩვენი მეგობრობაც ოქროს წლებს გადიოდა, ჩვენს ძმა-ბიჭობაში კი გოგოებიც გამოჩდნენ…

 

 

1 2 3 4 5 6