გოგოსა და ბიჭის მეგობრობა

 

კატერინა: გოგოები სწორედ ჩვენს როკ-ოცნებებს დაემთხვა, 15-16 წლის თინეიჯერობას და კვირაობით გადაკეტილ რუსთაველს, სადაც ერთ დღეს მე და კოტუამ აღმოვაჩინეთ კატერინა. გოგო, რომელიც დიდი სილამაზით გამოირჩეოდა-თქო, მოვიტყუებით, მაგრამ მასში იყო თოთო ბავშვის გულწრფელი გამოხედვა და ყველაზე ლამაზი, მეგობრული ღიმილი, რაც კი ოდესმე გვენახა მე და კოტუას. რა დამავიწყდებს იმ საღამოს, როცა მე და კოტუა რუსთაველიდან ვბრუნდებოდით შინ და ვინაწილებდით: კატერინა კოტუასი უნდა ყოფილიყო, მე კი კატერინას დაქალს დავითრევდი, ყველაზე სახალისო ის იყო, რომ უბრალოდ მოვილაპარაკეთ, არანაირი განცდა, არანაირი შეგრძნება, მხოლოდ სურვილი გვქონდა, ასე ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ასე ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ასე არ გვიგრძვნია, მაგრამ ის კი  მოვახერხეთ, რომ კატერინა ჩვენი საუკეთესო მეგობარი გახდა, მისი პოზიტიური, ულამაზესი და უტკბილესი ხასიათის გამო, რომელსაც ეს ნაზი, თბილისელი გოგო გვჩუქნიდა ყოველი შეხვედრისას…

კატერინა 15 წლის იყო, ჩვენხელა, ჩვენსავით დაინტერესებული როკ-ჯგუფებით, ამ თემებით, ჩვენთან ერთად უყვარდა სეირნობა და რაც მთავარია, უარს არასდროს გეტყოდა მეგობრულ საუბარზე ტელეფონით, თუ პირადად. კატერინა პირველი არასაბურთალოელი გოგო იყო ჩემს ცხოვრებაში, რომლის ტელეფონის ნომრის ჩაწერა გახდა საჭირო, რათა დედაჩემს ცოდნოდა, სად ვიყავი და ვისთან ერთად ვატარებდი დროს. მეც, ერთხელ უკვე გაბრაზებულმა, დიდი ბიჭი ვარ და რა დედაჩემის საქმეა, რომელ გოგოს შევხვდები-მეთქი, ავყვირდი-დავყვირდი და ზედ კედელზე წავაწერე კატერინას სახლის ტელეფონი, იმის დასადასატურებლად, რომ კატერინა ისეთი გოგო იყო, რომლისაც დედაჩემს არ უნდა შეშინებოდა. ის არც ნარკუშა, არც ლოთი, არც წაკლა და არც ტრიპერიანი გოგო არ იყო, არც აშარაშკა (როგორც დედაჩემი ეძახდა, ანუ ბიჭების ამგდები გოგო), რომელიც ჩხუბებსა და შარებში გარევდა ბიჭს, კატერინა იყო ნამდვილი მეგობარი გოგონა, რომელთან ერთადაც საუკეთესოდ ვგრძნობდი თავს.

კატერინა ჩემი ნამდვილი გოგო მეგობარი იყო და შეიძლებოდა კი გოგოსა და ბიჭის მეგობრობა? ამაში თავად მეპარებოდა ეჭვი, და თავადაც კი ვტესტავდი, ხან ვფიქრობდი, შევაბა, რას იზამს? ვფიქრობდი, მიზიდავს კია? მასზე ხელცქვიტობაც კი ვცადე, მაგრამ არა, შეუძლებელი აღმოჩნდა, რაღაც წმინდა დასავით, ჰიპსტერ მოლოზონივით მევლებოდა მისი ხატება. თინეიჯერობის მიწურულს ისე მოხდა, რომ მე და კატერინა ერთ საწოლშიც ჩავწექით – აი, მაშინ კი დავრწმუნდი, რომ გოგოსა და ბიჭს შორის  სრულიად შესაძლებელი და ბუნებრივი იყო გულწრფელი მეგობრობა.

კატერინას ერთი მნიშვნელოვანი როლიც ერგო. სწორედ მან შეუწყო ხელი ნიკოლასის პირველ გასვლას ქალაქგარეთ მშობლების გარეშე. თბილისის საზღვრები მე და კატერინამ მარტო გავარღვიეთ და ასე მოვიარეთ ჩარგალი, სიღნაღი. მახსოვს, მე, კოტუა და კატერინა მცხეთისა და გორის როკ-ფესტივალებს რომ ვესტუმრეთ.

კოტუამ დამიტოვა როკ-ბენდის შექმნის იდეა და თვითონ არაფერი გააკეთა, დრამზე დაკვრაც ვერ ისწავლა. მე კი ამასობაში როკ-ბენდი ჩამოვაყალიბე სკოლის ბაზაზე, კოტუა კი შემომცქეროდა დარბაზიდან, ხან ბარში ვუკრავდით, ხან კლუბში და ხანაც „პაძემკაში“. კოტუა დაგვყვებოდა, მაგარი ეზარებოდა რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა, სახლში პიანინო ედგა ტყუილად, აუწყობელ გიტარებსაც უბრალოდ აჩხაკუნებდა, მოკლედ, კოტუა ვერა და ვერ ჩავრთე მუსიკაში. თუმცა, სულ ჩვენთან ერთად იყო, ჩვენს რეპეტიციებზე დადიოდა, ჩვენს კონცერტებს ესწრებოდა, მაგრამ სცენაზე მე ვიყავი, ის კი სულ  დარბაზში. შეიძლება აქ გაჩნდა პირველი ბზარი კოტუასა და ნიკოლასის მეგობრობაში, პირველი უთანასწორობა, როცა ერთი რომელიღაც საერთო ოცნებას რაღაც სახით ასხავს ფრთებს, მეორე კი ქვევიდან უყურებს. “სიტყვა და საქმე” ვიყავით – ერთი სიტყვა იყო, მეორე საქმე, ნუ, სხვა ამბავია, რამდენად ხარისხიანი და წარმატებული საქმე, მაგრამ მაინც იყო. ასე მაგალითად, პირველ კონცერტზე სკოლის დარბაზი სულ შეივსო, ბარ “სისხლიან მერიში” 30-მდე კაცი მოვიდა, კლუბ “ქოლგაში” ასევე 30-მდე კაცმა გადაიხადა ბილეთის ფული, ესეც რომ არაფერი, ყოველ პაძემკაში დღეში 40 ლარამდე ვაგროვებდით. კოტუა კი გვიყურებდა, მას  თავის ინტერესები გაუჩნდა, ნელ-ნელა ჩვენი სივრცეები ერთმანეთს შორდებოდა.

კატერინა კი უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, კატერინასაც ის ჯგუფები და როკ–მუსიკა უყვარდა რასაც ჩვენ ვუსმენდით და მეტიც, მას ულამაზესი, ნარნარა და უტკბილესი ხმა ამოსდიოდა ყელიდან. მე და კატერინა დუეტებს ვასრულებდით და ვატკბობდით აუდიტორიას, მალე კი აბიტურიენტობის ბუნდოვანი ეპოქაც გადავლახეთ და ერთ უნივერსიტეტშიც ჩავირიცხეთ. ესეც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ნიკოლასი და კატერინა საკმაოდ მაღალი ქულებით ჯავახიშვილში მოხვდნენ, კოტუა კი დაბალი ქულებით ილიაუნიში ჩაირიცხა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიაუნი გვერდი–გვერდ კი არიან ჭავჭავაძის გამზირზე, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რას ნიშნავს იყო ისტორიული და თავგადასავლური ჯავახიშვილის სტუდენტი და რას ნიშნავს იყო ახალი, ერთგვარი პოლიტიდეოლოგიური უნის სტუდენტი, რომელიც თავს ყოველგვარ ინოვაციაზე დებს, მაგრამ რეალურად ნაცნობობ–მეგობრობის, ერთი სასტავის სივრცეა, სადაც ყველა ყველას კვერს უკრავს. ამით განსხვავდება ეს ორი უნივერსიტეტი ერთმანეთისგან. თსუ–ში ბევრია სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც უპირისპირდებიან ერთმანეთს, იდეოლოგიებს, საზოგადოებას,  მთელი ქვეყნის და მსოფლიოს მასშტაბური საკითხები აწუხებთ, ილიაუნიში კი უფრო ერთ დიდ სამეგობროს შეხვდებით, ყველა ფაკულტეტზე ასეა. ისინი  ერთმანეთის აზრებს იზიარებენ და მათი ერთადერთი მოწინააღმდეგე გარეთაა, ქართველი ხალხის, ამ გაუნათლებელი ერის სახით.

ამ ორი უნის შედარება შორს წაგვიყვანს და რამდენადაც პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული, თავს შევიკავებ განვრცობისგან. მოკლედ, მე და კატერინა ერთ უნიში ერთი და იგივე ფაკულტეტზე 4 წელი ვსწავლობდით, კოტუა კი ჩვენს გვერდით რაღაც ჭღრპღრ ფაკულტეტზე, ილიაუნიდან ჩამოგვისეირნებდა ხოლმე. ჩემი მუსიკალური ამბიციები არ ცხრებოდა და ახლა სასკოლო და „პაძემკა“ გამოსვლები საუნივერსიტეტო გამოსვლებმა შეცვალეს. აქ კი კატერინა მომევლინა ჩემს დამხმარედ, ხან დაირას აჩხარუნებდა, ხან ტკბილ ხმას მაყოლებდა, ხან მაყურებელს  აღაგზნებდა ტაშის დასაკრავად.  ასე თუ ისე, თსუ–ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზიდან მეხუთე, მერვე კორპუსების დარბაზებამდე ყველა სცენა სიმღერით დავიპყარით.

კოტუა მოდიოდა ჩვენს საღამოებზე, კონცერტების მერე ერთად ვირაზმებოდით და ლუდის დასალევად ბარებში შევძვრებოდით, სადაც მეგობრული ხუმრობებითა და ამბებით ვირთობდით თავს, იქ კი ხშირად ისმოდა ჩემი, როგორც მუსიკოსის გენიალური დასასრულის შესახებ. კოტუა უკვე მწარედ მეხუმრებოდა, უნდოდა რამენაირად ისევ მისი ტოლ-სწორი ვყოფილიყავი, მეუბნებოდა შენც 27 წლის მოკვდებიო (27 წლისა გაიტრუპები, ნიკოლას!) ღიმილით მახსენებდა და მეც სიხარულით ვიღებდი ამ იდეას, შევუერთდებოდი კურტს, ჯიმს, ჯენისს ვის აღარ, ვაი, რომ ეს 27 წელი შორს მეჩვენებოდა, მაშინ ხომ ჯერ კიდევ 18–19 წლის პინგვინი უნივერსიტეტელი გახლდით. თითქოს გუშინ ეთქვას კოტუას, შენც 27 წლისა მოკვდებიო, და აი, დადგა 2020 წელი და მე უკვე 27 წლის ნიკოლასი ვიყავი.

 

 

1 2 3 4 5 6