(ნაწყვეტი რომანიდან „კატა და გენერალი“)

 

ცაში იყურება. სქელი ღრუბლების მიღმა აუტანლად გავარვარებულ წრეს გრძნობს. ჰგონია, რომ დამაბრმავებელ სითეთრეში აგიზგიზებულ ძვლებს გაარჩევს, ოღონდ დიდხანს უნდა მიაშტერდეს, უნდა გაუძლოს, თუნდაც ცეცხლი თვალის ბადურამდე მისწვდეს.  მაგრამ თვალებს ხრის და ცაც იმწამსვე პირს იკრავს,  ღრუბლები ნისლს ხეობისკენ აძევებენ.

ბაზრის მოედანზე კვლავ გრძნობს ამრეზილ შემოხედვას, კვალში ჩურჩულ-სისინი მიჰყვება. კანს უწვავს დედაბრების ხვლიკივით ყვითელი, წებოვანი მზერა. ალბათ უკვე პირი აიქაფეს ჭორაობით, ეგ ხომ  სოფელში თავდაუხურავი  დადის.

თვალის დახამხამებაში შეგროვდა ნისლი ხეობის თავზე. უჩუმრად, მძიმე-მძიმედ მიეპარა სოფლებს და თავის უძირო ხახაში გადაუშვა ყველა და ყველაფერი. სულ ახლოდან რამის გარჩევასაც კი დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ნისლმა და ნესტიანმა სიცივემ ხალხი დაძაბული და მგრძნობიარე გახადა. თითქოს ესღა აკლდათ, ისედაც ძლივს უძლებდნენ ბოლო ხანებში სოფლად დასადგურებულ ყინულივით ცივ განწყობას. ქალები სულ ფეხაკრეფით დადიოდნენ, თავიანთ საქმეებს ხმაამოუღებლად აკეთებდნენ, კაცები პატარ-პატარა ჯგუფებად გროვდებოდნენ და იდუმალი სახეებით უკანა ოთახში იკრიბებოდნენ.

ზამთარი საცაა  ხეობის გავლით შემოიჭრებოდა და აქაურობას ჩვეული დაუნდობლით დაატყდებოდა. მოსახლეობა თადარიგს იჭერდა და ყინვიანი, მოჭახჭახებული ღამეებისათვის და ქარიანი დილის სუსხისთვის ემზადებოდა. მაგრამ, კიდევ იყო რაღაც, სიტყვით გამოუთქმელი, რომელიც ჰაერში ტრიალებდა, არა, უფრო სწორად იქ ჩასაფრებულიყო. ამ განწყობას არ იცნობდა, თუმცა იმას კი ხვდებოდა, რომ კარგს არაფერს მოასწავებდა. სულაც არ უნდოდა, რომ დარდსა და შიშს მისთვის სხვების მსგავსად სასო წარეკვეთა. უნდოდა, პირველი თოვლით გაეხარა, როგორც  ყოველ წელს უხაროდა. პატარა ასმასთან ერთად ეგუნდავა და თხილამურებით ესეირნა – მიუხედავად დედამისის ბუზღუნისა, ყმაწვილქალს ასეთი მოქცევა უკვე აღარ შეეფერებაო… უნდოდა, ფეხქვეშ თოვლის ჭრაჭუნი ეგრძნო, უნდოდა ხავსისფერი ნაძვების წვრილი ტოტებიდან თეთრი საფარველი ჩამოეფერთხა და როგორც ყოველთვის, უაზროდ, უმიზეზოდ ეცინა..  და მომავალშიც ამასვე ისურვებდა.

ბოლოს და ბოლოს, რა იყო ახალი იმაში, რომ დედაბრები ზურგსუკან სისინს აყოლებდნენ  და თვალებითაც ქოქოლას აყრიდნენ, ამას უკვე შესჩვეოდა; აგერ ახლაც, მიუხედავად ცუდი განწყობისა, მიუხედავად სიტყვით ძნელადგამოსათქმელი საფრთხისა, რომელიც ჰაერში იგრძნობოდა, არაფერს შეუშინდებოდა, წისქვილში მისასვლელად და წინასწარშეკვეთილი ფქვილის წამოსაღებად შემოვლით გზას არ აირჩევდა, თავჩაღუნული არ გაივლიდა. ოღონდ ახლა წუთით თვალები უნდა დაეხუჭა და ნატალია ივანოვნას წვრილი, ჩახრინწული ხმა წარმოედგინა, რომელიც დახვეწილი რუსულით ყურში ჩასჩურჩულებდა: „ეს რა დგომაა? ასე დადის ამაყი კავკასიელი ქალი? ზურგი გაასწორე! კუზიანი და წელში მოხრილი ქალი თავს ვერასდროს დაიმკვიდრებს! ბოლშოის ბალერინასავით უნდა იარო! დიახ! აბა, წავედით! კარგია, მადამ! ახლა შენს ასანკაზე უნდა ვიმუშაოთ!“

ნურას ყოველთვის უყვარდა იმის მოსმენა, თუ როგორ გამოთქვამდა იგი ამ სიტყვას – მახვილს ყველა მარცვალზე სათითაოდ სვამდა, და თუმცა ეს სიტყვა მხოლოდ სხეულისათვის ჩვეულ მდგომარეობას როდი გამოხატავდა, ასე მას დამატებითი, უფრო ღრმა მნიშვნელობა ეძლეოდა. ნატალია ივანოვნას ხმის წარმოდგენას რა უნდოდა, ბოლო-ბოლო მან არ ასწავლა მაგიური ფორმულა, რომლის წყალობითაც ყოველ უსიამოვნებას, უხერხულობას, ცხოვრებისეულ გამოწვევას უმკლავდებოდა. მისი ხმა უწინდებურად ცოცხალი იყო, თითქოს ერთმანეთს სულ ახლახანს დაშორდნენ და რატომღაც იცოდა, რომ  მთელი ცხოვრება ასე იქნებოდა. ყურში მოხმიანე ნატალია ივანოვნას სიტყვებით გამხნევებულმა  ნურამ თავისი სიამაყე გულში უფრო მტკიცედ ჩაიკრა და ბაზრის მოედანი ბრწყინვალე ოსანკითთავაწეულმა და სანთელივით გამართულმა გაიარა.

„გულისყური უნდა მოიკრიბო! ფანტაზია ვერ იტანს განურჩევლობასა და მით უმეტეს მოუწესრიგებლობას. ძალიან ზუსტად უნდა ჩამოაყალიბო, რასაც წარმოიდგენ!“

ნისლი ბეწვის თავშალივით შემოებურა და წუთით ისიც კი დაიჯერა, რომ აქ ნატალია ივანოვნას ხელი ერია; ნამდვილად მოაჯადოვა, რათა არაკეთილმოსურნე შემოხედვებისგან და იმ გადაჩურჩულებებისგან დაეცვა, რომელთა მოსმენაც მას ნამდვილად დააზიანებდა.

ხეობა ჩაყუჩდა, მონანავე ნისლის მკლავებში გაირინდა, მთებმაც თითქოს სუნთქვა შეიკრეს. კვლავ იმის წარმოდგენას ცდილობდა, თუ როგორ ტოვებს ერთ დღეს სოფელს, შეიძლება სამუდამოდაც; სხეულსა და ფიქრებში ეს ხილვა, ეს გულდაჯერებულობა, როგორც გარდაუვლობა, ისე გასჯდომოდა – საქმის სხვაგვარი განვითარება გამორიცხულიც კი ეგონა. თუმცა, როცა ამ სცენას გამოწვლილვით წარმოიდგენდა, სხეული ეკუმშებოდა. არა ადამიანების, არამედ უფრო მეტად ამ მთების, ცასთან ამ სიახლოვის გამო. აქ ხომ ხელს გაიწვდიდა და ღრუბლებს გადაუსვამდა, მკლავის ერთი აქნევა და – ცას მისწვდებოდა, და თუ ვერ მისწვდებოდა, შეისუნთქავდა მაინც.

პირველად და აქამდე ერთადერთხელ, რაც კი ქალაქში ყოფილა – თან ნამდვილ ქალაქში და არა იქვე რომელიმე პროვინციულ ცენტრში, – შეჰზარა იმის მიხვედრამ, რომ იქ ნორმალურად ვერც ვარსკვლავებს დაინახავდა და ვერც ზეცას, უფრო სწორად,  ცა ბუტაფორიად ეჩვენა, თითქოს უხეირო მხატვარმა  სცადა მისი დახატვა და ვერაფერი გამოუვიდაო.

 

1 2 3 4 5