„მე და ჩემ ქმარს სხვა კი არაფერი გვიკეთებია, სულ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით… ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ, ჩემს თავს ვეკითხები, ეს ბრძოლა შეცდომა ხომ არ იყო, სავალალო დამარცხება ხომ არ ვიგემეთ? დიახ, მე თუ მკითხავ, გიპასუხებ, რომ საშუალოობა ადამიანთა მოდგმის წყევლაა. ედემის ბაღში გველმა კი არ მოიტანა ცოდვა, არამედ საშუალოობამ…“

ნატალია ივანოვამ სიგარეტი მოქაჩა (სამყაროში, სადაც ნურა ცხოვრობდა, ეს ქალის მხრიდან გაუგონარი საქციელი იყო, იკრძალებოდა), და ნურამ იფიქრა, ხომ არ მივიდე, უკნიდან შემოვეხვიო, მივეხუტო, დავუყვავო და ვუთხრა: შენ ხარ ყველაზე არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც კი ჩემ სიცოცხლეში მინახავს!

„ზოგიერთს გამოსდის, თუმცა ძალიან ცოტას… მათ შეუძლიათ ამ წყევლიდან თავის დახსნა…“ ნატალია ივანოვნა კვლავ მოწყვეტით დადუმდა, თითქოს იცდიდა, ვიდრე მსჯავრს არ გამოიტანდა და გამოიტანა კიდეც, ოღონდ მას შემდეგ, რაც  საფერფლედ გამოყენებული ლამბაქზე სიგარეტი დაასრისა: „ალბათ… ჰო, ალბათ… შენ ამას შეძლებ, ნურა… დიახ.“

ამაზე დიდი „დიახ“ ნურას თავის ცხოვრებაში ჯერ არ მიეღო. მაგრამ ამ „დიახ“-ისთვის უნდა ებრძოლა, ძუ ლომივით უნდა ებრძოლა, ესეც ნატალია ივანოვნასგან ისწავლა. სხვანაირად ისიც ერთ დღეს ამ დედაბრებივით თავზე შალმოხვეული, კალთაში ხელებჩაწყობილი ბაზრის მოედანზე აღმოჩნდებოდა, ყვითელი, ერთმანეთს მიწებებული თვალებითა და  გესლიანი სიტყვებით, პირს რომ გიშხამავს – ეს იმ შემთხვევაში, თუკი  აქაურობას არ გაეცლებოდა, თუკი ამ მთებსა და ამ მდინარეს სამუდამოდ არ დაეხსნებოდა, და კიდევ ამ ბუნებას, რომელიც ასე მაცდუნებლად მშვენიერი იყო.

ან კიდევ უარესი დაემართება – დედამისს დაემგვანება, თავის უბედობაზე დღე და ღამე მოტირალ დედას, სულ თავს რომ იცოდებს, მთელი სხეული იმის შიშით რომ უკანკალებს, ვაიდა აულმა ჩემზე ხელი აიღოს და აღარ დამიცვასო,  ყველა საქციელისა თუ ყველა გადაწყვეტილებაზე უფლების დადასტურებას რომ ელოდება – მას შემდეგ, რაც მამამ მიატოვა და  გალაქტიკაში უმწეო და გზააბნეულ არსებასავით ალივლივდა, სულით ხორცამდე შეშინებული უაზრო სიბეჯითეში ჩაიკარგა. არა, ნურა თავის ცხოვრების არსს არც ერთ მამაკაცთან არ გააიგივებს,  არც ისეთთან, როგორიც ხუან კარლოს დელ ვილარ მონტენეგროა. საკუთარ პლანეტათა სისტემის ცენტრი თვითონვე იქნება. არაფერს დაიფარავს, ყველაზე ლამაზ, ყველაზე ჭრელ კაბებს ჩაიცვამს, ძვლებსაც კი გამოფენს და იმ ხაზსაც, აგერ უკვე ორი წელია ასე მრგვალ და მკვრივ  ძუძუებსშუა რომ დასტყობია… და იმ ბინასაც რა ლამაზად მოაწყობს, სადაც იცხოვრებს! ყვავილებით მოჩითული მაგიდის გადასაფარებლითა და ფაიფურის ვაზებით, ხელითნაქსოვი ხალიჩებითა და რბილი სავარძლებით მორთავს, ზუსტად ისე, როგორც იმ ჰაზიენდებშია, ტელესერიალში რომ უყურებს. ის კი არა, შეიძლება – და ეს ოცნება ყველაზე ამაღელვებელი, გაბედული, გიჟური და ამიტომაც ალბათ ყველაზე გულმხურვალეა ყველა სხვა ოცნებას შორის – შეიძლება მსახიობიც კი გახდეს, ისეთი, ყველა რომ თვალს აყოლებს, ყველას რომ სათითაოდ უყვარდება, სულ პრიზებს რომ იგებს და უძვირფასესი საღამოს კაბებით რომ დასეირნობს და ცრემლით სავსე თვალებით სცენიდან საჰაერო კოცნებს რომ აგზავნის. აი, ისეთი, როგორც მარია ვიქტორია ეუგენია გვადალუპე მარტინეზ დელ რიო მორენა-რუფოა! მაგრამ ამ ოცნებაზე დიდხანს ფიქრს ვერ ბედავდა იმ შედეგების გამო, რაც მის ახდენას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. იმის წარმოდგენა, რომ არა მხოლოდ ოჯახი, არამედ თვით ასმაც კი შეიძულებდა და ზურგს შეაქცევდა, ძალიან მტკივნეული იყო. მაგრამ იქნებ გამოსვლოდა კიდეც და მაშინ ეს სოფელი ასმას ჩათრევას და თავისი ფოლადისებური წესებითა და დოქტრინებით მის ინფიცირებას ვეღარ მოახერხებდა. იქნებ მოახერხოს და თავისი დისათვის მაინც  გახდეს ის, რაც ნატალია ივანოვნა მისთვის იყო: ღუზა.

დიახ, ასეა და თუკი გამოუვა, ჯერ ალბათ გროზნოში წავა, მერე – მოსკოვში, მერე კი… ჰო, ნეტავი  სად? ჰო, ალბათ მექსიკაში, რატომაც არა, ბოლობოლო იქ ხომ ისეთ ჯადოსნურ სერიალებს იღებენ, როგორიცაა Simplemente María, ისიც ამ სერიალებში ითამაშებს და როცა ბოლოს და ბოლოს იქამდე ჩააღწევს და ჭრელ ჰაზიენდეში იცხოვრებს, რომელსაც თუთიყუშებითა და არანორმალურად დიდი კაკტუსებით სავსე ბაღში ექნება, ასმასაც თავისთან წაიყვანს და თავისუფლების დაუფლებაში ავარჯიშებს, ყოველდღიურად, რკინის დისციპლინის გამოყენებით, ზუსტად ისევე, როგორც ნატალია ივანოვნა მას ავარჯიშებდა… და ასმაც მიხვდება, რომ მისი სამყარო მხოლოდ ერთ-ერთია იმ უსასრულოდ მრავალთაგან, რომლებიც დიდ სამყაროს ქმნიან;  და არა ერთადერთი, თან აბსოლუტური და შეუვალი… მერე ალბათ დედამისსაც მოულბება გული და რადგან დები ისევ მარტონი იქნებიან,  მოსანახულებლად ეწვევა და გაოცდება, როცა ნახავს, თუ როგორი ნაირფერი, ტექნოლოგიური მიღწევებით მდიდარი ცხოვრება აქვთ მის  ქალიშვილებს მექსიკაში. ისეთი ჯიუტი ქალი, როგორიც დედამისია, თავის ქვეყანას, თავის აულს სამუდამოდ არასდროს მიატოვებს, თუმცა წელიწადში რამდენჯერმე ოკეანის გადაკვეთასა და თავის ქალიშვილებთან ერთად მექსიკის ულამაზესი ადგილების დათვალიერებაზე უარს არ იტყვის.

 

 

 

გერმანულიდან თარგმნა შორენა შამანაძემ

 

 

1 2 3 4 5