ნურაც ყოველთვის ასე იქცეოდა… როგორც კი გარშემო სამყარო მეტისმეტად შეუვალი,  ხისტი და მოუხერხებელი ხდებოდა, მაშინვე რეალობას გამორთავდა და შუქფილტრივით გამოცვლიდა. ეს ძნელი სულაც არ იყო, მხოლოდ თვალები უნდა დაეხუჭა და გრძნობის ყოველი ორგანოს უმაღლესი კონცენტრაციით სხვა რეალობაში გადაენაცვლა, და მერე ყველაფერი სხვაფერდებოდა, იგი გარდაიქმნებოდა განსხვავებულ, იოლად სახეცვალებად არსებად; ისეთად, რის წარმოდგენასაც თვითონ შესძლებდა, რაზეც ფანტაზიის უნარი ეყოფოდა. და ისიც ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ყოველწლიურად უფრო თამამი და თავზეხელაღებული ხდებოდა. ადრე თავის წარმოდგენაში დიდ-დიდი ისეთი სცენარი დაეხატა, სადაც ნურა ექიმი იყო, რომელიღაც დიდ ქალაქში ცხოვრობდა – პარკებითა და ატრაქციონებით სავსე ქალაქში, რომელიც ბაზრობის მოედანს ჰგავდა… ჭრელ და კაშკაშა და მუსიკით და ათასგვარი სიამოვნებით ავსებულ ქალაქში… მერე და მერე საკუთარ თავს უკვე ამ ქალაქის შუაგულში ხედავდა… აი, მოდის ნურა, სამუშაოდან ბრუნდება, აზრიანი და მნიშვნელოვანი სამსახურიდან, რომელიც ალბათ მაინც ქირურგიის სფეროს განეკუთვნება, რადგან ქირურგია მაინც ყველას ჯობია, – ბოლო-ბოლო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება და თვითონ კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის სიცოცხლის მხარესაა და გამარჯვებაში ეხმარება… მშვენიერ კაბაში გამოწყობილი, თავშიშველა ნურა ბამბის ნაყინის ჯიხურებსა და მშვენიერ კარუსელებს შორის სეირნობს, კისკისებს და ნაყინს მიირთმევს. ნურამ მალე აღმოაჩინა, რომ შეეძლო თავისი ფანტაზია ევარჯიშებინა, ურჩი ცხენივით გაეხედნა. ასე ისწავლა სულ უფრო და უფრო თამამი და მყვირალა, სულ უფრო და უფრო ავანტიურისტული ისტორიების შეთხზვა…. მაგალითად, პრინცესად ისე გარდაიქმნებოდა, რომ ზედმეტად არც შეწუხდებოდა, სრულიად  ძალდაუტანებლად გამოსდიოდა. თან არა ნებისმიერ, არამედ იაპონელ პრინცესად (ერთხელ სოფლის ძველ ბიბლიოთეკაში, რომელიც სოციალისტურ-პროპაგანდისტული წიგნებით იყო სავსე, ერთი დახეული ჟურნალი იპოვა, ძველი მოდების ჟურნალი, სადაც ყველაფერი ლათინური შრიფტით, უცხო და გრაციოზულ ენაზე ეწერა და მშვენიერი, კარგად ჩაცმული ქალებით იყო დასურათებული. მათ შორის იყო ერთი დახვეწილი ქალბატონი, რომელიც იაპონელი პრინცესა აღმოჩნდა. მას  ეგზოტიკური და შორეული სანახების ხილვის სურვილის აღმძვრელი სახელი ერქვა – მიჰიკო, ყოველ შემთხვევაში, მან ასე ამოიკითხა). პრინცესა ულამაზეს პიჯაკებს ატარებდა და ხალხს იმპერატორის სასახლიდან, რომელიც ერთიანად ოქროთი მოევარაყებინათ, ხელს უქნევდა და ესალმებოდა.

თუმცა, ამ ბოლო დროს, უფრო ხშირად მაინც მარიად გადაიქცეოდა ხოლმე. მშვენიერი მარია მექსიკური ტელესერიალიდან „Simplemente María“, რასაც ყოველ საღამოს გაზუიევების ტელევიზორში სოფლის ქალებთან ერთად უყურებდა. იმდენი ხალხი გროვდებოდა, ყველა რომ დატეულიყო, ტელევიზორი ეზოში გამოჰქონდათ და დენის წყაროსთან მისაერთებლად რამდენიმე დამაგრძელებელს ერთმანეთზე წებოვანი ლენტით აბამდნენ. ფილმი უბრალო გლეხის გოგონაზე იყო და სახელიც ამ გოგონასი ერქვა – მარია. ეს გოგონა ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად ცნობილი დიზაინერი ხდებოდა, ყველა სოციალურ ბარიერს უკან იტოვებდა, თუმცა  იმის უფლება მაინც არ ჰქონდა, მდიდარი ხუან კარლოს დელ ვილარ მონტენეგრო ყვარებოდა. რა კარგი იყო მარიად ყოფნა! თან რა მარტივი იყო მარიას რეალობაში გადასვლა, რადგან ეს ფერად-ფერადი, სიქრონულად გახმოვანებული მექსიკური სინამდვილე ისეთი იოლადაღსაქმელი და დეტალური იყო. ნურამ დაწვრილებით იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ოთახები, სადაც  მარია გადი-გამოდიოდა… კაბები, მარიას რაც ეცვა, ნივთები, რასაც კი ეხებოდა… სხვა დანარჩენი კი, დიახ, სხვა დანარჩენს თავადვე ავსებდა. მაგალითად, ხუან კარლოს დელ ვილარ მონტენეგროს ტუჩების გემოს. მათი სიყვარული სულ უიღბლოც რომ  ყოფილიყო, თუნდაც ერთად ყოფნა არ წერებოდათ (ამას ნურა ჯერ დარწმუნებით ვერ ამბობდა, იმედი ბოლომდე არ გადაეწურა, ასოცდაორი სერია კიდევ სანახავი ჰქონდა), ეს სიყვარული მაინც ისეთი მშვენიერი, იდუმალი და ამაღელვებელი იქნებოდა, როგორიც მას წარმოედგინა, და არა ისეთი, რა რეალობაც ერტყა გარშემო. ნურამ გაიგო, რომ მსახიობს, რომელიც მარიას განასახიერებდა, მარია ვიქტორია ეუგენია გუადალუპე მარტინეზ დელ რიო მორენო-რუფე ერქვა და მან ეს სახელი თავში იმ პატრიოტული ლექსებივით  ჩაიბეჭდა, სკოლაში რომ ძალად აზეპირებინებდნენ. მაინც რა ჯადოსნურად და წარმტაცად ჟღერდა! მარია ვიქტორია ეუგენია გუადალუპე მარტინეზ დელ რიო მორენო-რუფე – ენაზე ბამბის ნაყინივით ადნებოდა და ისეთ გემოს უტოვებდა, რომელიც კიდევ უფრო მეტ სევდანარევ ნატვრას უღვიძებდა. მარია ვიქტორია ეუგენია გუადალუპე მარტინეზ დელ რიო მორენო-რუფეს სამყარო სწორედ ისეთი იყო, როგორსაც იგი წარმოიდგენდა, როცა იმაზე ფიქრობდა, მაინც რანაირი უნდა ყოფილიყო სამყარო… თუკი გაგიმართლა და დაიბადე, მაშინ ცხოვრებამაც და გარემოცვამაც ხელი უნდა შეგიწყოს, განა რას ითხოვს ასეთს? ან იქნებ ასე არაა? იქნებ მართლა ძალიან ცდები, თუკი მეტს მოითხოვ? იმაზე მეტს, ვიდრე, როგორც დედამისი ამბობს, ქალს შეეფერება? ის დედაბრებიც ამას არ ამბობენ, ბაზრის მოედანზე რომ სხედან და ხვლიკის ყვითელი  თვალებით კინაღამ რომ შეჭამეს, გაკიცხეს, შეარცხვინეს… მაგათთვის უკვე ისიც ურცხვობად ითვლებოდა, რომ ნურა ასეთი ახალგაზრდა იყო, ახალგაზრდა და იდუმალი დაპირებებით სავსე, რასაც მისი სხეული გამოსცემდა, თან ისე, რომ თავად ვერც კი ხვდებოდა. ნუთუ ნურას ბოდიში უნდა მოეხადა იმისათვის, რომ გარეული ცხოველივით მოქნილი და მომხიბვლელი იყო?! ან იქნებ იმისათვის უნდა მოებოდიშა, რომ ოცნება გაბედა? რომ სოფელი ყელში ამოუვიდა? და სოფლის მცხოვრებლები ხომ მით უმეტეს! ამ მთების, ამ უზარმაზარი ხეობის, ამ ბრაზიანი მდინარის უკან იყო სამყარო, რომელიც იმდენ რამეს ჰპირდებოდა, ისეთი მრავალფეროვანი იყო, ისეთი ფერადი… ნურას სწორედ ის სამყარო ეწადა. იქ უნდა წასულიყო. ეს როგორმე უნდა მოეხერხებინა. იმის წარმოდგენაც კი, რომ  ერთ დღეს თანადროული სინამდვილე აშიშხინებული მჟავასავით ფანტაზიის ყველა ფენას ამოუწვავდა, ჯადოსნურ უნარს დაკარგავინებდა და ამიტომ სხვა რეალობაში გადასვლას ვეღარასდროს  შეძლებდა,   ნურას შოკში აგდებდა და აშეშებდა. ყველაზე საშინელი, რაც შეიძლებოდა შემთხვეოდა, ამ ჯადოძალის დაკარგვა იყო. ეს უნარი აცოცხლებდა, თავდაჯერებას მატებდა, ყველაფერ იმას ატანინინებდა, რაც ბედნიერების საპირწონედ, თუმცა არც მთლად უბედურებად მიაჩნდა და რომლისთვისაც სახელის დარქმევა ძალიან უჭირდა.

„განა უსასრულოდ ტრაგიკული არაა, ნურა, რომ ადამიანთა უმეტესობა ასე მხურვალედ ნატრობს, როგორმე საშუალო ცხოვრებას მიაღწიოს? საშუალოობას ცხოვრებაში, საშუალოობას ყველაფერში… აი, მე კი ამასავით არაფრის მეშინია…“

ნურამ თვალნათლივ დაინახა, როგორ დგას ნატალია ივანოვნა ფანჯარასთან, მისთვის ზურგი შეუქცევია, მარცხენა ხელში სიგარეტი უჭირავს. ნატალია ივანოვნა ცაცია იყო და სულ იმას იმეორებდა, რახან მარცხენა ხელი გულთან ახლოსაა, ამიტომ არის, რომ ისეთს ვერაფერს ვაკეთებ, ჩემს გულს პირდაპირ რომ არ უკავშირდებოდესო.

ზამთარი იყო – ყოველთვის, როცა კი ნურას ნატალია ივანოვნაზე გაეფიქრებოდა, აუცილებლად თვალწინ ზამთარი წარმოუდგებოდა,  თითქოს მათი საერთო დრო მხოლოდ უსასრულო, თოვლით დაფარული თეთრი ზამთარი ყოფილიყო, თითქოს მათთვის ზაფხული არ არსებულიყო –  თუნუქის ღუმელში შეშა იწვოდა, ტკაცა-ტკუცი თვლემას ჰგვრიდა, ეს ხმაური საოცნებოდ განაწყობდა. გარეთ ციოდა და ფანჯრიდან სამყარო დაუნდობელი და არამეგობრული ჩანდა, ამ დროს კი მის პატარა ოთახში სითბო და სიმყუდროვე სუფევდა. ნურა ნატალია ივანოვნას სახეს ვერ ხედავდა, თუმცა ნათქვამმა ტანში ჟრუანტელად დაუარა. ამ სიტყვებმა გული მოუფონა თუ ხელი კრა და შეაშინა, ეს ვერ გაარკვია, თუმცა, გულზე კი ნამდვილად მოხვდა და ადგილზე გააშეშა.

 

1 2 3 4 5