მაშინ ათი წლის იყო; მამამისისთვის ხელი ჩაეკიდა და ფართო ქუჩებში გამოსულიყვნენ.. ესმოდა, როგორ დაჰქროდა მანქანები. მიუხედავად იმისა, რომ თავს უცნაურად, უცხოდ და მიუჩვევლად გრძნობდა, მაინც საოცარ, ამაღელვებელ განწყობაზე იყო; თითქოს ენითაც კი აგემოვნებდა, რაც ადრე არასდროს უგრძვნია და რასაც ამასობაში სახელიც დაერქვა: თავისუფლება. ეს გემო იმითაც ძლიერდებოდა, რომ იქ მამამისთან ერთად იყო, დედის გარეშე, მისი წესებისა და აკრძალვებისგან შორს. მამამისიც სხვანაირი ჩანდა, ისე მოშვებული და მოგუნებებული, ბავშვურად აცეტებული და ამჩატებული, თითქოს ზურგიდან ტონიანი ტვირთი ჩამოხსნიაო. ეგ როდის იყო, რამდენი ხანი გავიდა… და ეს სახე მხიარული და კმაყოფილი კაცისა ახლა უკვე არარეალურად ეჩვენებოდა.

მეწისქვილე ავლანმა ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და ყურებამდე გაიღიმა. მერე დედამისის ჯანმრთელობით დაინტერესდა და დების ამბავიც გამოკითხა. ისე, მხოლოდ მალიკა აინტერესებდა, სამ დაში ყველაზე უფროსი. თუმცა, იმედი აღარაფრის უნდა ქონოდა. მალიკა უკვე დიდი ხანია სხვა კაცს ჰყავდა ცოლად; ამ სიყვარულის უპერსპექტივობა მეწისქვილემაც იცოდა, მაგრამ მაინც ვერ თმობდა, ბედს არ ეგუებოდა. ნურას იგი ყოველთვის ეცოდებოდა. თავიდანვე სულელური ლტოლვა იყო, მალიკა მას ცოლად არასდროს გაჰყვებოდა, რაც მთავარია გელაიევის ოჯახი მისას არასდროს დაუმოყვრდებოდა. ავლანი მთებისათვის ზედმეტად რბილი და დედაკაცური იყო, – რაც უპატიებელი ნაკლი გახლდათ ტაიპისთვის, გამოუსწორებელი და ვერაფერში გამოსადეგი. მის სისხლში მეომრის წვეთიც კი არ ჩქეფდა და ამდენად ვერც ნამდვილ ნახჩედ ჩაითვლებოდა. მალიკა კი გიჟდებოდა, ისე მოწონდა, როდესაც გადაჭრით სთხოვდნენ რამის კეთებას, ხოლო როცა კი ვინმეს ბრძანებას დაემორჩილებოდა, ნამდვილ ეროტიკულ ექსტაზში ვარდებოდა. თუნდაც ამ მიზეზის გამო იყო მათი კავშირი თავიდანვე განწირული.

– ძალიან კარგად, წმინდად დაგიფქვი, როგორც დედაშენმა შემიკვეთა. გადასარევია ჩეპალგაშისთვის. ეგ ხომ მაგის ოსტატია. დედაშენის ჩეპ ალგაში ერთხელ, ბაბუაშენის დღეობაზე გავსინჯე და მაგის გემო აქამდე მახსოვს. დიდებული იყო!

ნურა თავის თავს ეკითხებოდა, ხომ არ აჭარბებს, ჩემი კეთილგანწყობის მოპოვებას ხომ არ ცდილობს, თუ მართლა ასე სჯერაო. დედამისი მართლაც კარგად ამზადებდა, მაგრამ განა, სოფლის ყველა დიასახლისზეც იგივე არ ითქმოდა?! ნურამ მეწისქვილეს გაუღიმა და გარეთ გაიხედა. ნისლი კიდევ უფრო გასქელებულიყო და აულის ქუჩებში ნაცრისფერ გალავნებად წამომართულიყო.

– რა საძაგელი რამეა ეს ნისლი, არა?

ავლანი ისე დაიბრიცა, თითქოს შეაკანკალაო და სულელივით გაიკრიჭა. ნურა ავლანს დიდი სიამოვნებით ჩაეხუტებოდა, მაგრამ იცოდა, რომ კარებთან მოსაუბრე ორი კაცი მათ განუწყვეტლივ უთვალთვალებდა და ზედმეტი უკმაყოფილების გამოწვევა აღარ უნდოდა, ამიტომაც ამ განზრახვაზე ხელი აიღო. თან საკუთარ თავზეც ნერვები მოეშალა, ამდენს რატომ ვითმენო.

– და ჩვენი ძვირფასი მალიკა როგორაა, ხომ კარგად? ხომ ჩამოდის ხოლმე? – ავლანს თავის მოკატუნება აშკარად ნურაზე უფრო უჭირდა, – ყურბან-ბაირამის დღესასწაულისთვის მაინც ჩამოვა, დარწმუნებული ვარ. ისე მაინც… იმედია, კარგად არის.

ნურას ამის იმედი მართლაც ჰქონდა. მალიკა თითქმის ერთი წლის წინ გათხოვდა და საცხოვრებლად ურუს-მარტანში გადავიდა. თვითონ რამდენად ბედნიერი იყო, არავინ იცოდა, აი, დედა კი თავისი ქორწინებით ნამდვილად გააბედნიერა. ძლიერი კლანის წარმომადგენელს გაჰყვა, სიძის მამას ურუს-მარტანში საპნის ფაბრიკა ჰქონდა; მართალია, ასიმილირებულებად ითვლებოდნენ, მაგრამ არავის უძვრებოდნენ. ამიტომაც, რაც მალიკას და მის ოჯახს წილად ხვდა, ეს ოცნების ახდენა და ამავე დროს რანგით ამაღლებაც იყო, მით უფრო, იმ სირცხვილის შემდეგ, რაც მამამ მაგათ ოჯახს თავს დაატეხა. ეს იყო ნამდვილი კომპენსაცია, სამშვიდობო ხელშეკრულება. დედა ფსონს ყოველთვის მალიკაზე დებდა. ის იყო, ჯერ ერთი, ყველაზე დამჯერე, მეორეც, – „სწორი“ გოგო „სწორი“ გოგოური ოცნებებით. ამ ოცნებებში ყველაფერი ერთი ძლიერი და ძალაუფლების მქონე კაცის გარშემო ტრიალებდა;  და მესამეც – მალიკა ყველაზე ლამაზი გახლდათ. ასმა ჯერ კიდევ პატარა იყო და ჯერ არავინ იცოდა, ვის კვალს გაჰყვებოდა. თვითონ კი, დებს შორის მეორე, სათვალავში არც კი მიიღებოდა.

ასე რომ, გაუჭრელი კოზირი მალიკა აღმოჩნდა. გეგმა ამუშავდა და დედაც, რაღაცა დროით, უფრო შემრიგებლური გახდა… თავისი თავის, სამყაროს და უპირველეს ყოვლისა, წარსულის მიმართ, თუმცა, ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.

მეზობელი სოფლის მაჭანკალმა ეს ქორწინება გააკვარახჭინა. დედა ყოველთვის იმეორებდა, რა ბედნიერებაა, რომ მალიკას ასეთი ლამაზი პირისახე აქვსო. თანაც ურუს-მარტანი საკმაოდ შორსაა, რომ იქ ჩემი ქმრის სამარცხვინო გაუჩინარებამ ვინმე დააინტერესოსო. მალიკა გათხოვებაზე მანამდე დათანხმდა, ვიდრე საქმროს ნახავდა, იცოდა, ქალაქში გადავიდოდა და ქმრად გერმანულ ავტომანქანიანი კაცი ეყოლებოდა. ქორწილი ჩატარდა. მალიკა წავიდა. მას მერე ნურამ  და მხოლოდ ერთხელ ნახა. შუა ზაფხულში მალიკა თავის დედამთილ-მამამთილიანად ამოვიდა აულში, რადგან ნიხალოისკის ჩანჩქერი ნაყოფიერების ხელშემწყობად ითვლებოდა და იქით მიმავლებმა ცოტა ხნით სოფელში გადმოუხვიეს. მალიკას, როგორც გათხოვილ ქალს შეეფერებოდა, თავსაფარი ეხურა და კაბის სახელურები თითებს შუამდე უფარავდა.

ახლა ნურა თავის თავს ეკითხებოდა, ბედნიერია თუ არა ჩემი დაო.  ან კი, როგორ გამოიყურებოდა მალიკას ბედნიერება?  რითი უნდა მიმხვდარიყავი? სხვა რამეზე შეატყობდა? ან იქნებ მალიკას ბედნიერება უფერო და უსუნო იყო? ჩუმი და შეუმჩნეველი, ამ ნისლივით დაბურული? მაშინ ძალიან წყნარი ჩანდა, ჩვეულებრივზე უფრო ჩუმი და წყნარი, თითქოს შეშინებულსაც ჰგავდა, დაეჭვებულს, თითქოს უკვე გადასჩვეოდა აქ, სოფლად და არა ქალაქად ყოფნას, დედისა და დების სიახლოვეს, თითქოს გადასჩვეოდა თავის თავად ყოფნას,  წინ ფასადი აღემართა და ახლა შიშობდა, რომ ვინმე ამ ფასადის უკან შემოიხედავდა.

– მაგის ოჯახი რუსებთან კარგად არის, არა? – ამ შეკითხვამ ნურა გააოცა. ავლანს არასდროს აინტერესებდა, არც თავის ირგვლივ და არც, საერთოდ, ქვეყნიერებაზე რა ხდებოდა. აქედან ვინმე ძალით თუ გააგდებდა, თორემ ამ ადგილს, ამ სოფელს თავისი ნებით არასდროს დატოვებდა. ნურამ ეს ნამდვილად იცოდა.

– არ ვიცი. რატომ მეკითხები?

– რა ვიცი, გაზუევებთან ტელევიზორის საყურებლად არ გადადიხართ ხოლმე?

– ხანდახან.

 

1 2 3 4 5