– პუტჩი მომხდარა, რუსებს სდომებიათ, სათავეში თავიანთი ვასალები დაესვათ. ჩვენ მათი ვეტრმფრენი დავცხრილეთ.

– ჩვენ?

– ჰო, ჩვენებმა.

მისმა შერჩეულმა სიტყვებმა ნურა გააოცა. ავლანი ყოფილ კომკავშირულ კლუბში დადიოდა. იქ, ამ ბოლო დროს, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იკრიბებოდა. იქ განუწყვეტლივ მსჯელობდნენ რაღაც „მნიშვნელოვან გარემოებებზე“, როგორც ამას დედამისი ეძახდა და რაც პოლიტიკაზე დისკუსიებს ნიშნავდა. ალბათ ავლანიც კლუბში გაეჩვია ამ უცხო სიტყვებს და ახლა შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებდა.

– ჰო, თან ბევრი ორგული დაუპატიმრებიათ.

შეუძლებელი იყო მის ხმაში გარკვეული სიამაყე არ შეგემჩნია. მისმა ცხარე პატრიოტიზმმა ნურა გააკვირვა… და უფრო მეტად კი მის თვალებში აგიზგიზებულმა ცეცხლმა შეჰზარა. ნურამ ავლანი თავისი სიმპათიის სკალაზე უცბად ჩამოაქვეითა.

– ახლა მართლა უნდა წავიდე, დედაჩემი და ასმა მელოდებიან…

მის გვერდით თავი უხერხულად პირველად იგრძნო და სასწრაფოდ გაცლა მოუნდა. ავლანი თითქოს ჰიპნოზიდან გამოფხიზლდაო, თავი გადაიქნია, კვლავ ძველებურად სანდომიანად გაუღიმა და ფქვილიანი ტომარა მიაწოდა. ნურა თავის დაკვრით გამოემშვიდობა და გარეთ გავიდა. ნისლი მაშინვე თბილი პალტოსავით შემოეხვია. რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით კინაღამ ზონზროხა გულნაზს და მის ბუთხუზა შვილს დაეჯახა. გულნაზი ნამდვილი სოფლის მატრონა იყო და სჯეროდა, რომ საზოგადო საკითხების გადაწყვეტისა და ყველაფერში ჩარევის უფლება ჰქონდა, ვინაიდან მის ქმარს რამდენიმე მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავდა… და თან ბევრი ცოლიც, რაც მას ნაკლებად მოსწონდა, თუმცა შეძლებისდაგვარად არ იმჩნევდა. ჭორაობით რომ გასუქება შეიძლებოდეს, ეგ უკვე დიდი ხანია ტონას გადააჭარბებდაო, ერთხელ ასმას უთხრა ნურამ და ამ სიტყვამოსწრებულ ნათქვამზე თვითონვე გაეცინა.

ბავშვი, რომელიც უკვე მთლად ბავშვი აღარ იყო, მაგრამ ჯერ არც მოზრდილი ეთქმოდა, გულნაზის ხელს ჩამოჰკიდებოდა და ძლივს მოჩანჩალებდა.

– უი, ნურა, შენ ხარ? როგორ შემაშინე! –  წამოიძახა გულნაზიმ. ოქროს კბილების ბრჭყვიალი სქელმა ნისლმაც კი ვერ გადაფარა.

– დიხ, მე ვარ, დეიდა გულნაზ, მაპატიეთ! დღეს როგორი  ხშირი ნისლია…

– ჩემმა ძმამ თქვა, რუსების ნამოქმედარიაო. ჰო, ჰო, ასე ნუ მიყურებ, ამბობენ, რაღაც გაზს უშვებენ, რომ ჩვენზე შური იძიონ..  ისე მოგვწამლავენ, ვერაფერს გავიგებთ…

– ამას ვერ დავიჯერებ, დეიდა გულნაზ!

ნურამ ნაბიჯი მოინაცვლა. უნდოდა მიენიშნებინა, რომ ეჩქარებოდა, მაგრამ გულნაზმა არ შეიმჩნია. ჯერ რაღაც უნდა გაერკვია, უპირველეს ყოვლისა,  აინტერესებდა, რამე ხომ არ ხდება ისეთი, რაც მე არ ვიციო.

– რას შვება საწყალი დედაშენი, როგორ არის?

– რას გულისხმობთ, დეიდა გულნაზ?

ნურას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, გულნაზი თავის შხამიან ისრებს საით უმიზნებდა.

– საწყალია, აბა რა არის, ორ გოგონასთან ერთად მარტო დარჩა, თან ამ არეულ დროში.…

ნურას გულ-მუცელი აემღვრა. უნდოდა, ეყვირა, სახეში ეფურთხებინა და გაქცეულიყო. ასეთი ღვარძლი, სხვისი ჭირით ამხელა გაუმაძღრობა ძნელი მოსათმენი იყო. ასე იმედგადაწურულმა საერთოდ როგორ უნდა ვიცხოვროო, თავის თავს ეკითხებოდა, თან გაღიმებას ცდილობდა.

– ყველაფერი რიგზეა, დეიდა გულნაზ. ჩვენზე არ იდარდოთ.

– დედაშენი არ ანერვიულო, გაიგე? – თითქმის დაემუქრა და თავი ისე ახლოს მიუტანა, რომ მისი უსიამო ნასუნთქი ნურას ცხვირში მისწვდა, მაგრადმოხარშული კვერცხისა და ქონიანი საჭმელების სუნი ასდიოდა. – მაგან ისედაც ბევრი გადაიტანა.

რა სიამოვნებით გააწნავდა ნურა სილას. ამ წუთას ნატალია ივანოვნას არყოფნა ყველაზე მტკივნეულად გააცნობიერა. როგორც წესი, ასეთ დროს გამოვარდებოდა ხოლმე და გოგონას შეურაცხმყოფელებს მეხივით დაატყდებოდა, იბობოქრებდა, ყველას დალანძღავდა. მერე დაწყნარდებოდა და კვლავ გულდაჯერებული ხდებოდა. ახლა კი ნურა იძულებული იყო თავისი გამწარება, ყელსმოწოლილი რისხვა ჩაეყლაპა და თან გაეღიმა კიდეც.

– ნახვამდის! – წაიბუტბუტა და ნისლში გზა განაგრძო. ამ დროს ბიჭმა, რომელიც აქამდე დედამისის გვერდით გულგრილად იდგა, ნურას ენა გამოუყო და ფურთხს გაურკვეველი სიტყვა გადმოაყოლა. ნურამ თავიდან ვერ გაიგონა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის იქით ბგერები უკეთესად გაარჩია: “ბოზო!“. გულნაზიმ, როგორც ჩანს, შვილს გასაჩუმებლად მაშინვე პირზე ხელი ააფარა და ირგვლივ კვლავ ყველაფრისმომცველი სიჩუმე ჩამოდგა.

ნურას კონტროლი არ უნდა დაეკარგა. ამ  ხეპრეებისათვის მასზე და მისიანებზე საჭორაოდ კიდევ ერთი საბაბი არ უნდა მიეცა. “უბრალოდ ისუნთქე, ღრმად და თანაბრად ისუნთქე!“, ყურში კვლავ ნატალია ივანოვნას ხმა ჩაესმა. რა საშინლად ენატრებოდა! „ისუნთქე და მერე ფილტრი გამოცვალე!”

 

1 2 3 4 5