კოკა

ეგეთ ამინდს დღეს როა უამინდობა ჰქვია, მარა მე მაინც მაგრად მისწორდება მუქნაცრისფრად ჩამობნელებული ყველაფერი, არც წვიმა, არც მზე და რაღაც უცნაური გაურკვევლობა ქალაქში. ბებიაჩემის სატოლმედ შემოდგმულმა კომბოსტოს სუნმა ისე შემაწუხა, ვიფიქრე,დღეს არც ლექცია მაქვს, არაფერი და კახუჩასთან გავალ, ერთი კვირაა მიბარებს ბიძამისის ჩამოტანილი შოტლანდიური ვისკის გასასინჯად. მეტრომდე ფეხით გავლა გადავწყვიტე. მაგრად მიყვარს ამ ერთი და იმავე ქუჩების ფეხით ტკეპნა, ჩემი კილომეტრიანი ნაბიჯების გამო სეირნობა არა და ფიტნესი უფრო გამომდის, მარა ნიჩევო, ფლეილისტი ახალი შევსებული მქონდა, გამოვარჩიე ახლართული ყურსასმენის თავი-ბოლო და გავეშვი.

სამი სიმღერა გზა მექნებოდა გავლილი, ვარაზისხევის კუთხეში  ნატა გელაძე რომ შემეფეთა უცებ. უხერხულად გადავკოცნეთ ერთმანეთი, ,,რავი შენ? -მეც ” დიალოგი ჩავამთავრეთ და დავიშალეთ. მარა მე ხო გამახსენდა ყველაფერი  მივიწყებული და მიხურდავებული?! უნივერსიტეტის პირველივე დღეს დავმეგობრდით, ერთ ჯგუფში ვიყავით, ამ ჩემს ,,შოთა ნამორაძე’’ ძმაკაცებს მაშინ არც კი ვიცნობდი და მე და ნატა სულ ერთად ვმოძრაობდით.  პირველი სემესტრის მერე ისეთი ჩაბრატებულები გახლდით, ტრუსიკის მეგობრები მიმიქარავს. ყველაფერს ვუყვებოდი, ისიც კი იცოდა ვისთან როდის ვიწექი, რა ინტენსივობით, თვითონაც მიყვებოდა იმ ბანკირ გეგი პატარიძესთან რომ იჩხუბებდა და ნერვიულობდა. ხან ის მამხნევებდა გოგოებთან, ხან მე ვაწყნარებდი გეგისთან ჩხუბის მერე, ბიბლიოთეკაშიც ერთად ვისხედით და საგამოცდო მაკეტების აწყობაზეც ერთად ვჩალიჩობდით არქიტექტურის სტუდენტები. ისე დავახლოვდით, მეჯვარეობაზეც კი შემიპირა,  თავიდან ავხტი, გეი ხო არ გგონივარ   გოგო შენ მეთქი და ისე მომიგვარა, ახალი სიტყვა უნდა ვყოფილიყავი ქართულ ქორწილურ-მეჯვარეულ ამბებში.  მოკლედ, ამ ძმობილ-დობილურ ეიფორიებში კი შემომეყვარა ნატა.  ფრენა-ფრენით გავიარე გზა სახლამდე გეგისთან დაშორების ამბავზე ტირილით რომ დამირეკა. თავიდან ცოტა კი გამიტყდა ჩემს თავს ეს უცნაური სიხარული რომ შევატყვე, მაგრამ მერე დავიკიდე, ბოლო ხანებში ისედაც მოვწვი ჩვენი ურთიერთობა მეგობრობა რომ აღარ იყო.  ორი წლის წინ კარადის თავზე შემოდებული გიტარაც იმ დღეს  ჩამოვიღე, დედაჩემის სიკვდილის მერე არ დამეკრა და ცოტა გამიჭირდა აკორდების გახსენება, ბევრი ვიჯახირე თავიდან, მარა ბობ დილანები მაინც ჩამოვამღერე. იმ დღის ეიფორიამ რომ ჩაიარა, ნატას დავურეკე და წამო მეთქი ხვალ თუ გცალია შოტებზე გავიდეთთქო, კაიო, მეც უნდა დაგელაპარაკოო. ის იყო და ის, მაგ დღეს თვალებგაბრწყინებულმა მომახარა, გეგი ბეჭდით დამადგა სახლში მუხლმოდრეკილი, ფოიერვერკები გავუშვით, შევრიგდით და დავინიშნეთო.

არაფერი მითქვამს ისე გამოვედი ბარიდან, გზაშიც არ მიფიქრია მაგაზე.  მთელი გზა შოტების ბარიდან სახლამდე, სხვა რამე მიტრიალებდა თვალწინ, ჩემი ბავშვობის პაპსა რუსული სიმღერის კლიპი მახსენდებოდა, გოგო თავის ძაღლთან ერთად სიცივესა და თოვლში ეზოში რომ უცდის ვიღაცას, შუქჩამქვრალ ფანჯარას აკვირდება, აირბენს, ზარს დარეკავს,იქედან კი არავინ გამოხედავს. ხან ქვემოთ ჩამოვა, იქედან დააკვირდება ფანჯარას, ხან ისევ ზემოთ, კარებთან. ბოლოს ეზოდან გასასვლელ არკაში დაიმალება სიცივისგან გათოშილი და თვალს რომ მიეფარება, შენიშნავს, როგორ აინთება იმ ფანჯარაში სინათლე მისი გაქრობისთანავე.  მივაბიჯებდი ასე ამ კლიპის წარმოსახვითი კადრებით თვალაჭრელებული,   ნაბიჯის გადადგმისას მთელი ძალით ვურტყამდი ბათინკს ასფალტს და ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა დედაჩემი სახლში რომ მხვდებოდეს, შემომხედავდა თუ არა, მიხვდებოდა რაღაც რიგზე რომ ვერ არის, ათას კითხვას დამაყრიდა, თავს ამატკივებდა, არ შემეშვებოდა, მე კი ჯიუტად უარვყოფდი ცუდ ხასიათზე ყოფნას, არასასურველის თავს გადახდომას და ოთახში საწოლზე პირქვე დავემხობოდი ფეხსაცმელგაუხდელი. დედაჩემი ათასი მოგონილი წვრილმანი მიზეზით შემოიხედავდა ჩემს ოთახში და შიგადაშიგ გამოაპარებდა ჩემკენ იმგვარ მზერას, რომელიც მაშინვე მიმახვედრებდა, რომ ვერავინ გადაარწმუნებდა და გაუფანტავდა ეჭვებს. მივაბიჯებდი ასე და თუ რამე არახელშესახები ძალა არსებობდა ზემოთ, იმას ვთხოვდი,  დედაჩემი სახლში დამხვედროდა, როცა მივიდოდი, ყველაფერს მიმხვდარიყო და ბევრი უარყოფა, თავის აქეთ-იქეთ ქნევა, ბალიშის ზემოდან დამხობა და ყურების დახშობა დამჭირვებოდა მისი კითხვებისგან თავის ასარიდებლად.

მთელი ეს ამბავი გამახსენა ნატა გელაძესთან შეხვედრამ, მტვერდაყრილი და დანაფტალინებული ამბავი, რაც არ მაწყობდა, ამიტომ, მუსიკას ხმა ავუწიე, სწრაფი ნაბიჯით ჩავირბინე მეტროს ესკალატორის კიბეები და კახუჩას მივწერე გაამზადე ვისკი და ჭიქები, მერე არ დამაყოვნოთქო.

 

 

 

1 2 3 4 5