კოკა

ეხლა ორი სიტყვა უნდა ვთქვა ამ ჩემს შოთა ნამორაძეებზე, ნატას მერე ესენიც მალევე გავიცანი უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები ვიყავით ყველა, თუმცა სხვადასხვა ჯგუფებში თავიდან, მეორე სემესტრში ჯერ თავადო გავიცანი – ანუ ჩვენი თორნიკე დადიანი, ნაღდი თავადი რა,უკან გადავარცხნილი შავი ჯაგრით, თხელი კეხით, ულვაშებით და თეთრი კანით. გვიან შემოდგომაზე რო მოიგდებდა განიერ ბეჭებზე ნაბადივით პალტოს, მთლად ლევან მეორე დადიანის რეინკარნაცია გეგონებოდათ. თავადოს მერე კი – კახუჩა და დიტო, ესე იგი კახუჩა დარჯანია და დიტო ხუსკივაძე, სოლოლაკელი კაიბიჭები, ჯიგრები. ნატა ამათთან დიდად არ მეგობრობდა, მე კი ასე ორად გახლეჩილი ხან იქ ხან აქ, საბოლოოდ ნატას დაკარგვის მერე შევუერთდი აემათ სამკაციან ხროვას მეოთხე მგლის ლეკვად. კახუჩა და დიტო კლასელები და ბავშვობის განუყრელი მეგობრები იყვნენ, არაფრით ჰგავდნენ ერთმანეთს. გარეგნობით ხო არა და არა, დიტო მაღალი და შავტუხა, კახუჩა კი ჩვენში ყველაზე დაბალი, ჟღალთმიანი ტიპი იყო. ყველაზე ეშმაკის ფეხი ვინმე და მოხოდილიც ეგ იყო. ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი და ინიციატორი. აი კახუჩა თუ სადმე წასვლას დაგეგმავდა, იცოცხლე, სიამოვნებით, ისე კი ჩვენით ყველაფრის მოფიქრება გვეზარებოდა და ერთსა და იმავე კატკეპნილ ბარებში დავდიოდით. იმ დღეს აგვტეხა, რაღაც კაი ბენდი უკრავს 1904-ში, ქართული, აქ იშვიათად უკრავენ, სულ საზღვარგარეთ არიან და არ არი გასამაზიო.

მეთქი მიდით და მოვალ მეც მერე, თუმცა რვა რო შესრულდა კი ვიფიქრე, ხო არ დავიკიდოთქო. ესენი მოსვენებას არ მომცემდნენ იმ დღეს, თორე ნაღდად არ მქონდა თავი, მემილიონე წარუმატებელ გასაუბრებას ვგლოვობდი სამსახურის ძებნისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე. ზოგი მიწუნებდა, გამოცდილების არ ქონას, ზოგი სტუდენტის სტატუსს, ზოგი არაფერს არ მიწუნებდა და პროსტა მიკიდებდა, ზოგი უხელფასოდ თრაქაობას მთავაზობდა კომპანიებში და ესე.

მე კი მიტყდებოდა სიგარეტის ფულს მამაჩემს რომ ვართმევდი ისევ, განა რამე, იმას კაი ხელფასი ჰქონდა და უთქმელადაც ჩამიდებდა ხოლმე საფულეში კაი სქელ კუპიურებს, მარა მე ჩემი მეწვოდა რა, თავს გამოუსადეგარ დებილად ვთვლიდი, ჩემი ექვსი წლის დასავით მამაჩემის ვირივით მომუშავე, დაღლილ მხრებზე რო ვიჯექი.

ამათ უკვე საპარასკევო სმა დაწყებული ჰქონდათ ბარში რო მივედი, სრული შემადგენლობით დამხვდნენ, პალტო გავიძვრე, ცარიელ სკამზე უკვე დახვავებულ ამათ ქურთუკებზე დავაგდე ზემოდან და მაგიდას მივუჯექი.

ჩემი სმა ორი-სამი ჭიქა შავი ღვინით შემოიფარგლებოდა, გალეშვა და იატაკზე ხოხვა ცუდად მქონდა დაცდილი, ,,გასვლა” და თავის მოგიჟიანება კი არა, თუ რამე მიმალული და მიჩქმალული მაწუხებდა, ყველაფერი ერთიანად მახსენებდა თავს ნასვამზე, ყველა დარდი ერთად დამიდგებოდა წინ, ის კიარა, ხელს ჩაკიდებდნენ ხოლმე ეს ჩემი დარდები ერთმანეთს და ხორუმს ცეკვავდნენ მთვრალი ჩემი თავის ირგვლივ. ჰოდა აეგ არ მაწყობდა, დიდი მოლაპარაკე და გულის გადამშლელი კაცი მე არ გახლდით და გაუმხელელი წუხილი კიდე, ყველაზე მახრჩობელა რამაა სამყაროში.

-ოჰ, დაგვდო პატივი… წარბის აწევით გაახმოვანა ჩემი მისვლა კახუჩამ.

-ბიჭოოო, ერთი იმას მომასწრო შენ რო შეთანხმებულ დროს მოხვიდე სადმე და ყლეებივით არ აგვაყუდო მთელი კამანადა. -დიტოც არ ჩამორჩა.

-აეეე, არ მაქ რა თქვენი დებილი თავების თავი ეხლა, თუ მასმევთ მასვით რამე.

-გასულია უკვე თავადო სასმელზე ერთი ათი წუთია და ჩამოუდგა და გაუბა ვიღაცას ეტყობა. ჩვენ ერთი პარტია უკვე ვსვით ისე,  ცნობისთვის.

-რამდენი ხალხია, რა ზავიძენია გაჩითეთ ეს, ვერ გავიგე რას უკრავენ ესენი ასეთს აემ რიარიად და დასწრებაზე სუნთქვად რომ გიღირთ.

-ეეე, კოკლიკ, დაიცა რა, უყურე რა კაი ადგილია, რეტროობა და რამე, თან იცი რა კაი ვერსიები აქვთ ამათ? გაგისწორდება, მელომანი კაცი ხარ, კაი ვოკალი ძმაო, კაი ინსტრუმენტალი, ვერსიები ვაფშე შიკარნი და რეპერტუარიც სულ ნარჩევ-ნარჩევი კაები.

-კაი ჰოო.

-ბიჭო, იმან არ იცის შენ რო მოხვედი და მიაძახე შენი შავი ღვინოც რა, თორე მარტო ლუდებს მოიტანს. – გამაფირთხილა დიტომ.

თავადოს მარტო გვარის გამო არ ვეძახდით ამ სახელს, ისეც ეგეთი იყო, ჰაბიტუსით, ქცევებით, სანაცნობო წრით, ოჯახით.  მამა-ბაბუა თავისთავად დადიანები, დედა აბაშიძე და ბებია მხეიძე თუ ჩხეიძე აღარ მახსოვს,  სულ გეთაყვა-გენაცვალეებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, ერთად საუზმობდნენ, ერთად ვახშმობდნენ, დიდ შეკრებებს მართავდნენ დღესასწაულებზე და ჩაიპიწიეებსაც არ იკლებდნენ გერმანული ფაიფურებით. მთელი შტო აკადემიკოს-მეცნიერ-დოცენტები, ჰოდა აემ ჩვენს თავადოსაც პირადი დამსახურებით თუ ოჯახური კონტაქტებით, სანაცნობო წრეც ეგეთი ჰყავდა (ჩვენი გამოკლებით),  თუ ვინმე რამეს წარმოადგენდა ჩვენს თაობაში, რამით გამოირჩეოდა და იცნობებოდა, მინიმუმ კაი სალმის დონეზე დაეზრასტებოდა შეხვედრისას. აქეთ პლებეებშიც და უბრალო მოკვდავებშიც არ აკლდა მეგობარ-ნაცნობები და იყო ერთი ტანჯვა მაგასთან ერთად სადმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გავლა. იმ დღესაც ეგრე ემაასლაათებოდა ვიღაც სათვალიან ტიპს ბართან, რომელიც არანორმალურად გავდა ახალგაზრდა იური შევჩუკს. მხარზე ხელი მოვუთათუნე, აქ ვარ მეთქი ვამცნე და გვერდით დავუდექი. გათიშული ვიყავი, არც მესმოდა რაზე ბაზრობდნენ, უბრალოდ, ველოდი როდის დაამთავრებდნენ. აქეთ-იქეთ მოსიარულე ხალხს რო არ გადავეჯეგე, ცალი ხელით ბარს დავეყრდენი და მზერა დარბაზს მოვავლე. რამდენიმე მაგიდას ზერელედ შევავლე თვალი, წამიერად, მერე თავდაჯერებულს რომ მეთქვა კახუჩასთვის, რა საბომჟეთში გამჩითეთქო და უცებ ის გოგო არ

დავინახე?! ყვითელქუდიანი, იქ იყო, ფანჯარასთან იდგა მაგიდის კუთხეში, ამჯერად ყვითელი ქუდის გარეშე,  იისფერი ყელიანი სვიტერი ეცვა, ცალ ხელში პალტო და ჩანთა ეჭირა, სახით ჩემკენ იდგა, მალევე შეამჩნია ჩემი მზერა და შემომხედა. ამ დროს თავადოს გავხედე,გავედი ერთი წამით მეთქი გადავულაპარაკე და ბართან ჩაჭედილ ხალხში გზის გაკვლევა დავიწყე, ამ დროს მაგრად მომქაჩა სახელოში თავადომ და მისკენ შემომაბრუნა, მოიცა, სულ გამოვთაყვანდი, შენთვის ნიკო ლაშხი არ გამიცვნიაო, ნიჭიერი მუსიკოსი, ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტი და ჯაზმენიო, შევიშმუშნე, არ იყო მაგის დრო ახლა, ხელით ვანიშნე,მერე იყოს მეთქი. ის იყო და ერთი ნაბიჯით მოვცილდი თავადოს გაოცებულ მზერას, რომ ზურგიდან წამოსულმა საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალმა ხალხის ტალღამ ამათკენ, უკან გადმომმაგდო და კიდეც ჩავეფსკვენით ერთმანეთს მე და ახალგაზრდა იური შევჩუკი. სანამ ეს ჩემი ძმაკაცი იმას ჩემს მეობას და რაობას უხსნიდა,მეორე მხრიდან გამოვძვერი და იმ მაგიდისკენ დავიძარი, სადაც ის გოგო შევნიშნე. რამდენიმე წუთი დამჭირდა მისასვლელად, გაჭედილ დარბაზში ძლივს გავძვერ-გამოვძვერი ჩემი გრძელი ხელფეხით და ტლანქი სხეულით. მივაღწიე როგორც იქნა იმ ადგილს, შარვალზე და ფეხსაცმელებზეც ათასი ფეხის ნაფეხური და ღვინის შხეფებიც კი მამჩნდა, თუმცა აღარ ჰქონდა მნიშვნელობა,იქ აღარავინ დამხვდა , მაგიდაც ცარიელი იყო და შორიახლოსაც არ იდგა ის გოგო. კარისკენ ავიღე გეზი,  აქვე იქნება და დავეწევითქო ვიფიქრე, ამჯერად უფრო შეუპოვრად გავწი-გამოვწიე წინაღობად გაჩხერილი ადამიანები და გარეთ გავვარდი. ქუჩას თვალი მოვავლე, არც წინ არც უკან ფეხით არავინ მიდიოდა იმ წვიმაში,  რაღაც ორი მანქანა გავიდა იმ ადგილიდან იმ წამს და ფეხით დავედევნე მექანიკურად, თუ რომელიმეშია, აუცილებლად შევნიშნავ და გავაჩერებთქო. ფეხით დაწევის შეუძლებლობა რომ გავაცნობიერე, სწრაფად ტაქსის ძებნა დავიწყე თვალით, ბედად არაფერმა გამოიარა. მიეფარა თვალს ის ორი აქედან დაძრული მანქანა, ჩამოვუშვი ხელები და გაწბილებულმა ამოვიოხრე. ამ დროს კლასიკური ტაქსისტის ქუდიანი ტაქსისტი წამომეწია თეთრი მანქანით, სვლა შეანელა და დამისიგნალა, გაბრაზებულმა გამოვხედე სიგნალის ხმაზე, სიცივისგან ხმაც მიკანკალებდა, თუმცა მაინც ხმამაღლა მივაძახე შენი დედა მოვტყან მეთქი, ეხლა რაში მჭირდება ეგ შენი ტაქსითქო და მანქანას გავცდი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა ვიღაც მომიახლოვდა, ორივე ხელით შემომატრიალა და შეკრული მუშტი მხეთქა სიფათში. თავი ვერ შევიმაგრე და გუბეში ჩავვარდი. ვიწექი ასე რამდენიმე წამს ცხვირგახეთქილი, დასველებული, იმედგაცრუებული და ბევრ გაგონილ თუ  ჯერარგაგონილ გინებას ვუგზავნილი იმ უხილავ მოვლენათა თანმიმდგევრობას, ბედს რომ ეძახიან.

 

 

 

1 2 3 4 5