კოკა

აი, ბარაბნიანი სახლის ტელეფონები რომ ტელეფონობდა, მაგ დროს ვამბობ..  ერთხელ ერთმა გოგომ დარეკა ჩვენთან სახლის ტელეფონზე, თავიდან ხმას არ იღებდა, მარტო ჩურჩული მესმოდა, მერე დამელაპარაკა, თათია ერქვა, დენი გათიშულა, სახლში ისიც მარტო ყოფილა და ტელეფონების წიგნიდან შემთხვევით რამდენიმე ნომერი აურჩევია გასართობად, ვებაზრეთ ერთმანეთს მესამეკლასელური სისულელეები იმ დღეს სანამ რომელიღაცასთან კარსმომდგარი მშობლების კაკუნი არ გაისმა. ბოლოს თავისი ნომერი ჩამაწერინა და აი ძველ ტელეფონებს ძირზე უჯრასავით პატარა სათავსო რომ ჰქონდა იქ შევინახე წარწერით: ,,თათია – ჩემი კლასელი”.  ვურეკავდით ხოლმე ერთმანეთს მე და თათია ასე სახლშიმარტოდარჩენილები, ვლაპარაკობდით სკოლაზე, კლასელებზე, წიგნებზე, დენდის თამაშებზე, ვლაპარაკობდით ისე თავისუფლად და გულწრფელად, მხოლოდ უნახავ, სატელეფონო ხაზის მეგობართან რომ ისაუბრებ. ორივეს საყვარელი გმირი ჟიულ ვერნის სირიუს სმიტი იყო საიდუმლო კუნძულიდან და ორივეს მიზანიც ,,ინჟინერსმიტობა” დიდი რომ გავიზრდებოდით.  ეს ვირტუალური მეგობრობა მაშინ დამთავრდა, როცა დედაჩმმა მშობლების ბინა გაყიდა,  მამაჩემმა-ჩვენი და ერთი ოთახით მეტიან ბინაში გადავედით. წამოსვლის წინ დამავიწყდა ტელეფონის ქვედა უჯრიდან თათიას ნომრიანი ფურცლის ნაგლეჯის წამოღება და დავრჩი ასე ხახამშრალი და უვირტუალურმეგობრო.

ეს ამბავი გამახსენდა იმ დღეს და ვამუნათებდი ჩემს თავს, მეთქი რა ტლუ ვარ, აი მეკითხა იმ გოგოსთვის ან სახელი და გვარი ან ნომერი, ან ფეისბუქი, რამე, რამ გამომალენჩა.

ძაან ლამაზი გოგო იყო, მე არ ვიცი ვინ რას არქმევს სილამაზეს მარა, მამენტ მახატია კიდეც,  მარა ის ყვითელქუდიანი და ჯინსისქურთუკიანი გამხდარი გოგო მეტროს კარებსა და სკამს შორის კუთხეში რომ დგას,  ნაზი და მოწყენილი, რომ გგონია ოდნავ თითის წვერებით შეხებითაც კი დაიმსხვრევა,  ლამაზია. ჰოდა, ჰო, ბატონო, თუ ჰორმონები თავის ტალღაზე გიმუშავებს და   ყველაფერი ადგილზე გაქვს, რაც უნდა გქონდეს, გოგოს რო ხედავ და დაგევასება, ტვინის სულ ქვედა შრეებში მაინც ამ გოგოს ტანსაცმლის გარეშეც ხედავ, წარმოიდგენ მის შიშველ ფორმებს. მარა აეს გოგო ისეთი სხვანაირი იყო წარმოსახვით გაშიშვლებას რო ვერ აკადრებდი კაცი, მაქსიმუმ ის წარმოგედგინა ტრიალ მინდორზე რომ წევხარ თავქვეშხელებამოდებული და ზემოდან ბუმბულივით გაწევს ეს გოგო, აპაპაპა, არაფერი ბილწი, უბრალოდ გაწევს და არ გამძიმებს. წყლიანი თვალებით სადღაც არსებული სამყაროს მიღმა იხედება და რეიდიოჰედის აი ვილს უსმენს. აი რა უნდა იყოსთქო მაგაზე ლამაზი? იმის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე მიმენიშნებინა, მეც რომ იმას ვუსმენდი, რასაც თვითონ. კარებისკენ რომ წავიდა, არიქა უნდა გავეკიდოთქო, ავმოძრავდი, კარისკენ წავედი, მაგრამ გვიანი იყო,  შემომსვლელების ველურმა ტალღამ ვაგონის ცენტრისკენ გადამისროლა.

 

რებე 

 

მე რომ მოვყვე, არც მძიმე ბავშვობა მქონია, არც სკოლაში მჩაგრავდნენ, არც მატერიალურად გვიჭირდა, არაფერი ეგეთი რაც ხასიათის ჩამოყალიბებაში ნეგატიურ როლს თამაშობს და ზამთრის ქურთუკივით გიმძიმებს სხეულს. არაფერი ეგეთი ყოფილა ჩემს ოცდაორწლიან ბიოგრაფიაში, მაგრამ რატომღაც ეგეთი გავჩნდი რა, მოსიარულე სევდა,  ეტყობა ეგეთი უნდა გაჩნდე, დაბადებიდანვე თუ იქნები ეგეთი, აი, კანის ფერივით, ტუჩის ფორმასავით და სიმღერის ნიჭივით თანდაყოლილია ეგეც, მოსიარულე სევდობა, უმიზეზო, ქრონიკული ტკივილი რაღაცის,

რამდენიმე ყველაზე უხერხულ ამბავს შორის ერთი ის ამბავიც მაქვს, მეგობრებთან ერთად დალევის დროს ჩემ მიერ მოწონებულმა მეგობრის მეგობარმა რომ მითხრა, რებე, როგორი გულჩათხრობილი ხარო, მეწყინა, იმ დღემდე ვერ ვხვდებოდი, არ მეგონა სხვებისთვისაც ასეთი შესამჩნევი იყო.

ეს დღეებია, მოგეხსენებათ და უნივერსიტეტს თავი დავანებე და ფიქრისთვის ბევრი დრო მაქვს, ძალიან ბევრი და ვფიქრობ,

რატომ არ უნდა მოვიკლა თავი?

იმიტომ, რომ მაჩუ პიქჩუზე წავიდე მერე, გემოვნება შევუქო  იმპერატორ პაჩაკუტის და ინკების ცივილიზაციით თავბრუდახვეული მინდორში გაბნეულ ლამებს ჩავეხუტო?!

წავიდე ფოკის მონასტერში  და ვისწავლო ტიხრული მინანქრის საოცარი ტექნიკა, და ყვავილებიანი შოკოლადის მომზადება.

დავწერო წიგნი, რომელსაც ბევრი წაიკითხავს და ბანკის რიგში ჩემი ნომრის აციმციმებას სანამ დაველოდები გავიგონო უკან მოჩურჩულე ახალგაზრდების ხმა, ,,ეს ის არის, იიის…”

ვიპოვო საყვარელი ადამიანი ზუსტად ჩემნაირი მუსიკალური გემოვნებით და იმასთან ერთად გამაოცოს სკოტ ჯოპლინის რეგტაიმების ჯადოსნურმა რიტმმა და ლეონიდ კოენის სიმღერების სევდამ.

ან, იქნებ იმიტომ, რომ გავაჩინო შვილები და ცრემლიანი თვალით დავუქნიო ხელი პირველ დამოუკიდებელ მოგზაურობაში გაცილებისას.

ავაშენო პატარა ხის საოჯახო სასტუმრო რომელიმე მწვანე სოფელში და ღობის გასწვრივ დავრგო უამრავი ჟოლო.

შეიძლება სულაც იმიტომ, რომ ზოგჯერ დავლიო ძვირფასი წითელი ღვინო და ვიცინო ისტერიულად.

არ ვიცი…

ამერიკული ფილმის პერსონაჟი მაინც ვიყო, ბართან დავჯდებოდი, შეიქების კეთებაში გართულ ბარმენს მზერას მივაპყრობდი, ჭიქის ფსკერზე დარჩენილ ვისკის ხელში შევანჯღრევდი, მეორე ხელზე თავს ჩამოვიდებდი და მოვუყვებოდი ჩემს სევდებს, იმედგაცრუებებს და ოცნებებს, ბარმენიც გულდასმით მომისმენდა, დასკვნის სახით შემომთავაზებდა პატარა ფსიქოანალიზს და მომცემდა ისეთ რჩევას, რომელიც ელდანაცემივით წამომახტუნებდა იქედან და დამაწყებინებდა ახლადნაპოვნი, ცხვირწინვერდანახული გამოსავლის მყისიერ განხორციელებას.  ახლაც იმ ბანალურ დასკვნამდე მივედი, რომ ცხოვრება კინო არ არის და რომ ჩემი ცხოვრებაც ისე დუნედ მიედინება, როგოროც ბევრი სხვის.

მწვანექურთუკიანი ბიჭი მომეწონა და, კი, ზოგჯერ სასაცილოა ჩემი აღმოჩენილი კავშირები ან უკავშირობა ცხოვრებასა და კინემატოგრაფიას შორის, მაგრამ მართლა იყო კადრი რამე კარგი მელოდრამიდან. ნეტა სახელი მეკითხა, ან იმას ეკითხა, ან ერთსა და იმავე სადგურზე ამოვსულიყავით, ან უკან გამომყოლოდა, ან რამე, რამე, რაც ერთხელ მაინც დამაჯერებდა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება.

რატომ არ უნდა მოვიკლა თავი? იქნებ იმიტომ რომ მწვანექურთუკიანი ბიჭი კიდევ შემხვდეს, რომელსაც ჩემთან ერთად ხის კოტეჯის აშენება და ჟოლოს დარგვა მოუნდება, ჩემი რჩევით წაიკითხავს ზეიდი სმითს და მოუსმენს სკოტ ჯოპლინს, ჩემთან ერთად ივლის თბილისის ძველ ქუჩებში ვინტაჟური ხის კარების დასათვალიერებლად, არ იწუწუნებს სიარულით გაბუჟებულ ფეხებზე და არასდროს დაავიწყდება, რომ ჩაი უშაქრო, ყავა კი რძით და კარამელით მიყვარს.

ვიფიქრე, თავის მოკვლას ყოველთვის მოვასწრებ მეთქი, ნებისმიერ დროს, ბევრი სხვადასხვა საშუალებით, სხვადასხვანაირად, მანამდე კი რაღაცები მოვასწრო იქნებ, თავის მოკვლამდე ვცადო მაინც, შეწყვეტა ხომ ნებისმიერ დროს შემიძლია, ჩემი ნებაა. თუ თავს ახლა მოვიკლავდი, ვერ გავიგებდი, გამოდიოდა თუ არა რაღაცები, ვერაფერს ვერ გავიგებდი თუ თავს მოვიკლავდი, ამიტომ საღამოს კომპიუტერთან მოკალათებულმა ჩავხურე გუგლის ფანჯარა ,,methods of suicide” და სიცოცხლის ცდა გავაგრძელე.

როგორ უნდა მეპოვა მე ის ბიჭი, რომელზეც მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რეიდიოჰედს უსმენდა, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი ზეპირად იცოდა და მეტროს კარებს ისე ეწებებოდა, კარის გაღებისას ხელით რომ არ ჩავფრენოდი, უთუოდ გადავარდებოდა.  გავხსენი ისევ ის სიმღერაYouTube-ზე, რეიდიოჰედის ,,I WILL”, ამოვაგდე კომენტარების ველი და დავწერე: ,,ნუ მიეყრდნობი!”.

 

 

 

1 2 3 4 5