რებე

ცხოვრება კინო არ არის, მეტიც, საერთოდ არ ჰგავს  საუკეთესო რეჟისორების მიერ გადაღებულ შედევრებს და თანაბრად დუნედ მიედინება, როგორც წესი.

გუშინ 1904-ში ის მწვანექურთუკიანი ბიჭი დავინახე. ის-ის იყო,მე და ჩემი მეგობრები ხალხმრავლობამ ისე შეგვაწუხა, უკვე გასვლას ვაპირებდით იქედან და პალტოებმომარჯვებულები კარისკენ ნელ-ნელა მივიწევდით, ის ბიჭი რომ დავინახე ოთახის მეორე მხარეს. ორ მეგობართან ერთად იდგა ბარის მაგიდაზე ჩამოყრდნობილი,  უცებ შევხედეთ ერთმანეთს და მალევე გამვლელებმა დაფარეს ჩემი თვალთახედვიდან.

ვიფიქრე, რახან ასე მეორედაც შემხვდა, ამჯერად მაინც აუცილებლად უნდა ვნახო, მივესალმო ან გამოველაპარაკო, რამე, უნდა ვქნა აუცილებლად მეთქი ვფიქრობდი და ჩემებისთვის სიტყვაც არ მითქვამს, ისე დავიძარი იმ ადგილისკენ. ხალხმრავლობაში ძლივს გავიკვლიე გზა და მივედი, თუმცა სადაც მეგულებოდა, იქ აღარ დამხვდა, მხოლოდ ის ორნი, მისი თანმხლები ორი ბიჭი იდგა იქ.  ვიფიქრე,ამათ ვკითხავ, სად წავიდა მათი მეგობარითქო, მაგრამ სახელიც რომ არ ვიცოდი, მომერიდა. ბარის მრგვალ მაგიდას მეორე მხრიდან მოვუარე, იქნებ იქ წავაწყდე მეთქი სადმე, თუმცა არც იქ შემხვედრია. ჩემები კართან იდგნენ და ხელების ქნევით მანიშნებდნენ, რომ მე მელოდებოდნენ და წასვლის დრო იყო. სანამ იმათთან მივიდოდი, ერთხელ კიდე მოვავლე თვალი დარბაზს. არსად ჩანდა. ბოლო იმედი ის იყო, გარეთ თუ გავიდოდა მოსაწევად ან რამე, იქნებ იქ იყოსთქო, ვიფიქრე და კარისკენ დავიძარი. სანამ ესენი მანქანას დაძრავდნენ, ქუჩის პერიმეტრს წინ და უკან მოვავლე თვალი, იქაც არავინ ჩანდა, თეთრი ტაქსი მიდიოდა უკან, ქუჩის ბოლოს კი ტროტუართან ვიღაც წაქცეული მთვრალი ტიპი ცდილობდა გუბიდან წამოდგომას.მთელი ქუჩა წვიმიანი და ცარიელი იყო.

ასე ჩავჯექი მანქანაში იმედგაცრუებული და კიდე უფრო დარწმუნებული საკუთარ დასკვნაში, რომ ცხოვრება კინო არ არის და როგორც წესი, თანაბრად დუნედ მიედინება თავის კალაპოტში.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5