რებე

უნივერსიტეტიდან წამოვედი მეთქი, ჩემებს ვუთხარი, ჰო, ჰო, სულ წამოვედი, არ არის ეგ ექიმობა ჩემი საქმე, სამი წელია ხან სიზარმაცეს ვაბრალებ, ხან ხასიათის ცვალებადობას, ხან შეყვარებულობანას და აეხლა კი მივხვდი, რო გულს იმიტო ვერ ვუდებ, რო არ არი ეგ ჩემი საქმე. თქვენ გადამიწყვიტეთ და მეც მაგიტომ ჩავაბარე. არა, პირდაპირ კი არ მიმითითეს და მიბრძანეს, გინდა თუ არა, იქ ჩააბარეო, მაგრამ ეგრე მოხდა..  დედაჩემმა მძიმე ჰაერი ამოუშვა ამის გაგონებისას, ცალი ხელით სავარძელს ჩამოეყრდნო, მკაცრი და გამყინავი მზერა მომაპყრო და მკითხა, აბა რა გინდა რომ აკეთოო. მთელი ჩემი უბედურებაც ეგ იყო, ოცდაორი წლის ასაკში არ ვიცოდი, რა მინდოდა ზუსტად, ის ვიცოდი, რომ წერა მიყვარდა, ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან წერა, მაგრამ არ ვიცოდი, ზუსტად რაში გამომეყენებინა ეგ და არაფერი ვუპასუხე. დედაჩემს მეტი არაფერი უთქვამს, ამოიხვნეშა, ოთახისკენ წავიდა და კარი ჩაიკეტა. მე კი მერჩივნა ეთქვა რამე, ეჩხუბა, გაერტყა, ეყვირა, ესროლა რამე, ოღონდ ეთქვა რამე, ოღონდ ასე არ წასულიყო, ოღონდ ასე არ მომხდარიყო.

მამაჩემი იჯდა მაგიდასთან იდაყვებშემოლაგებული, მე კი რატომღაც  გამახსენდა თხუთმეტი-თექვსმეტი წლის წინ სახლში მარტოდარჩენილებმა კარადიდან ძველი ფირსაკრავი რომ გადმოვიღეთ. ბევრი ეწვალა იმას მამაჩემი, ეჯახირა, ბოლოს გამომხედა და მითხრა, მიდი აბა ყუთიდან ფირფიტა ამოარჩიე და მომაწოდეო. მეც გავხსენი სქლად დასკოჩილი ყუთი და გადმოვალაგე ფერადი ფირფიტები, ივერია, ვია 75, თეატრონი, რუსულწარწერებიანი ფირფიტა ,,БИТЛЗ”, ,,Стиви Уандер”.ერთ-ერთი, ალბათ ყველაზე ფერადგარეკანიანი ამოვარჩიე და მივაწოდე. აამუშავა მამაჩემმა ფირსაკრავი იმ დღეს, მე კი სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში საძინებლის შემინულ კარებთან მდგარი  თავისი ახალგაზრდობის საუნდტრეკებზე აცეკვებული, ხელებგაშლილი მამაჩემი. ახლა ის ასეთი არ იყო, ახლა სხვანაირი იყო, დარდებმოკიდებული, ტკივილებმოკიდებული და იმ კაკლის მაგიდასავით მძიმე.

იმ სახლში გაჩერება არ შემეძლო, სული მეხუთებოდა, თითქოს ყველა ჩემს ,,ნეტავს” და გამოუყენებელ შანსს ერთად დაებუდებინა ოთახის კუთხეებში და რიგრიგობით მახსენებდნენ თავს, ბებიაჩემის სახლის გასაღები ავიღე და გარეთ გამოვედი, იმის გამბედაობა არასდროს მყოფნიდა, მშობლების სახლიდან პროტესტების გამო კარებისგამოჯახუნებით წამოვსულიყავი, ამიტომ მშვიდად გამოვიხურე კარი და ფეხაკრეფით გამოვიპარე.

მეტროს ვაგონში სკამს და კარებს შორის რომ პაწაწინა კუთხეა, სულ მანდ ვდგები, ეგაა ჩემი საყვარელი ადგილი, რაღაცნაირად თავისუფალი ვარ ხოლმე მანდ როცა ვდგავარ თვალში არავის ვეჩხირები, თან ხალხში ვარ და თან ცალკე. იმ დღესაც მანდ დავდექი, ამორჩეულ ადგილზე, ყურსასმენებს თითი მივაჭირე და ყურის ნიჟარაში შევჩურთე ღრმად. მინდოდა, რაც შეიძლება ღრმად შეეღწია მუსიკას და ნაკლებად ყველაფერი დანარჩენის ხმას, ნაკლებად შემოეღწია დედაჩემის უთქმელ საყვედურებს და მამაჩემის იმედგაცრუებულ მზერას ჩემი ყურის ნიჟარიდან ჩემს სხეულში, იქნებ ისიც მომეხერხებინა,  ჩემს საკუთარ ცხოვრებასაც არ შემოეღწია შიგნით, ჩემს მიუგნებელ მიზნებს, გზას და თავს.

”I won’t let this happen to my children…” ტუჩების ცმაცუნით ვიმეორებდი რეიდიოჰედის სიმღერის ტექსტს და თვალებს აქეთ იქეთ ვაცეცებდი. ამ სიმღერას გამოზოგილად ვუსმენდი, მხოლოდ მაშინ, როცა ყველაზე ცუდად ვგრძნობდი თავს, მშველოდა, მდინარის ნელ დინებას ჰგავდა, ზემოდან ოფელიასავით გულზეხელდაწყობილი ვწვებოდი და მშვიდად მივყვებოდი სიტყვების და ნოტების დინებას. ზედიზედ სადღაც მესამე-მეოთხე  ჩართვაზე უკვე ვგრძნობდი ეფექტს, ცოტას მიყუჩებდა.

აქამდე არასდროს მდომებია, ვინმეს შევემჩნიე ხალხში, შეემჩნია ჩემი ცუდად ყოფნა, გახშირებული სუნთქვა, ნერვიულობისგან დაჩიჩქნილი ნუნები და ჭერში აპყრობილი თვალები ცრემლების უკან ჩასაბრუნებლად, პირიქით, ყოველთვის საგულდაგულოდ ვმალავდი ყველაფერს ყველასგან. იმ დროს კი,  ბეჭი რომ მოეშვირა ვინმეს, სიამოვნებით ჩამოვადებდი თავს და რიგ-რიგობით ჩამოვულაგებდი ყველა დარდს, ხელი რომ გამოეწვდინა, ჩავკიდებდი და გავყვებოდი გასაქცევად. მეგობრებიც მყავდა, ახლო მეგობრებიც, ბავშვობის, სტუდენტობის, ყოფილი შეყვარებულებიც, მოქმედი თაყვანისმცემლებიც, ნათესავებიც, მაგრამ ზუსტად იმ დროს არავის დაურეკავს, ზუსტად იმ დროს არავის გავხსენებივარ აუხსნელი ინტუიციის კარნახით და ხელების ცეცებითაც არავის მოუძებნია ტელეფონში ნომერი წარწერით ,,რებე”.

ზუსტად იმ დროს ჩემს პირდაპირ გაღებულ კარში ბიჭი შემოვიდა მწვანე, გრძელი ქურთუკით და ცისფერი ჯინსით, ყურსასმენებშეერთებული ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა და ჩემკენ წამოვიდა. გრძელი ხელ-ფეხის გამო მოუხერხებლად გამოიძვრინა თავი კართან შეჯგუფებულ მგზავრებში და მოპირდაპირე კართან, ჩემ გვერდით დადგა. ცალი ბეჭით კარებს მიეკრო, ხელები კი ქურთუკის ჯიბეებში ჩაილაგა. ეკრანგნათებული ტელეფონი ხელში მეჭირა მისი მზერა რომ ვიგრძენი, ხან სახეზე მაკვირდებოდა, ხან ჩემი ტელეფონის ეკრანისკენ ჩააპარებდა მზერას, თავი მისკენ გავატრიალე და გამიღიმა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და YouTube-ის აპლიკაციაში ჩართული იგივე სიმღერა მაჩვენა, მეც გავუღიმე, რამდენიმე წამი ვუყურებდით ერთმანეთს და რიგრიგობით ვიღიმოდით, როგორც ჩანს მისმა სიმღერამაც მისამღერს მიაღწია ამასობაში და ტუჩების მოძრაობით ისიც აჰყვა ტექსტს. ამასობაში ჩვენი მატარებელი გოცირიძეზე გაჩერდა, იმ ერთადერთ სადგურზე სადაც ჩემი და მწვანექურთუკიანი ბიჭის საერთო კარი იღებოდა. ის ისე იყო გართული ჩემს ყურებაში და სიმღერის ტექსტის გამეორებაში, უთუოდ გადავარდებოდა, მკლავზე სწრაფად ხელი რომ არ მომეჭირა. ამაზე ორივეს გაგვეცინა და ერთმანეთს ვუყურებდით რამდენიმე წუთი. ამასობაში მეტროს კარი გაიღო და მეტროს გამომცხადებლის უსიამოვნო, ხისტმა ხმამ ის სადგური გამოაცხადა სადაც ჩავდიოდი. დასაყოვნებლად ვერაფერი მოვიფიქრე და კარისკენ წავედი, თან ვიმედოვნებდი, იქნებ უკან გამომყვეს-მეთქი ეს ბიჭი. იქნებ მიხვდეს, როგორ მინდა უკან გამომყვეს, ზურგზე ხელის შეხებით შემომაბრუნოს და მითხრას თავისი ამბავი რეიდიოჰედის სიმღერასთან, სხვა სიმღერასთან, სხვა რამესთან, ან საერთოდ რამე. ან იქნებ გულთმისანიც აღმოჩნდეს მწვანექურთუკიანი ბიჭი და მიხვდეს, რომ სულაც არ მინდოდა წამოსვლა, კარების კუთხეს და მისი ქურთუკის კუთხეს  მოცილება და რომ, რეფლექსივით მაქვს გაქცევა, სხვადასხვა ადგილს გაცლა და თავის არიდება და ყველაზე კარგადაც ყოველთვის გაქცევა გამომდის.

 

 

1 2 3 4 5