ღია სტუდია - ეკონომიკური პრობლემები და შესაძლებლობები
ღია სტუდია - ეკონომიკური პრობლემები და შესაძლებლობები

საქართველოს ეკონომიკაში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს – ერთის მხრივ, პანდემიის შედეგად შემცირებული ეკონომიკის ზრდა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. მეორე მხრივ, ქვეყანაში იზრდება სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ ადამიანთა და უმუშევართა რაოდენობა, ფასები პირველადი მოხმარების საგნებსა და მედიკამენტებზე, საწვავსა და ენერგომატარებლებზე. ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტის რამაზ გერგვლიანის განცხადებით, აპრილის ეკონომიკური ზრდის მაღალი მონაცემი გასაკვირი არ არის, რადგან მანამდე, რეალურად, ეკონომიკა ნახევრად დახურული იყო. შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ეკონომიკაც სწრაფად გაიზარდა. მისივე აზრით, მაისის ეკონომიკური მონაცემი მაღალი აღარ იქნება და მხოლოდ მაისის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის თქმა, თუ რა ტემპით ვითარდება საქართველოში ეკონომიკა. რამაზ გირგვლიანის განცხადებით, არსებობს ეკონომიკის სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. ამისთვის, მისი თქმით, საჭიროა კერძო სექტორის ხელშეწყობა. კერძოდ, სახელმწიფო ქონების სწრაფი პრივატიზაცია, გადასახადების შემცირება და ბიზნესისთვის გადასახადების ამნისტია. „რადიკალური რეფორმების შემთხვევაში, ეკონომიკის განვითარება სწრაფი და ეფექტური იქნება“ ამბობს რამაზ გირგვლიანი თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია თვლის, რომ პანდემიამ შექმნა არა მხოლოდ პრობლემები, არამედ ახალი შესაძლებლობებიც. მისი აზრით, ეფექტური არ არის ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ ტურიზმის იმედად დატოვება და აუცილებელია ახალი სტრატეგია ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის. ვახტანგ ჭარაია ერთერთ ასეთ სფეროდ სოფლის მეურნეობას თვლის. „სახელმწიფოს საკუთარებაში არსებული მიწა სწრაფად უნდა დარიგდეს და მხარი დაეჭიროს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამისთვის საჭიროა, ადამიანებისთვის არსებობდეს ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა“ – ამბობს ის. მისი ცნობით, ჯერჯერობით პრემიერის ინიციატივით „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე“ მხოლოდ სამინისტროები მუშაობენ და ექსპერტების ჩართვა მოგვიანებით მოხდება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი