დამოუკიდებლობის 1028 დღე - პარიზის სამშვიდობო კონფერენცია და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა
გადაცემაში „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ ვაგრძელებთ საუბარს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ. რადიო მსმენელს შევახსენებთ, თუ რა იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანა საგარეო პოლიტიკის სფეროში. მოგითხრობთ პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყ- ნების მიერ მოწვეულ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე და მის მუშაობაში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობაზე. ვსაუბრობთ, თუ რომელი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები იღებდნენ გადაწყვეტილებებს ამ მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თავყრილობის კულუარებში. მსმენელს შევახსენებთ ჩვენი დელეგაციის შემადგენლობას და ასევე განვიხილავთ, თუ რის გამო მოუწია მის დიდ ნაწილს სტამბოლიდან თბილისისაკენ უკან გამობრუნება. მოგიყვებით, თუ ვინ აწარმოებდა მოსამზადებელ სამუშაოს დელეგაციის პარიზში ჩასვლამდე. მსმენელის ყურადღებას ვამახვილებთ, თუ რა მემორანდუმით მიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციამ პარიზის საზავო კონფერენციას. შეგახსენებთ, მაშინდელი მსოფლიოს, თუ რომელმა ქვეყნებმა და რა თანამიმდევრობით მოახდინეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ჯერ ,,დე ფაქტო” და შემდეგ უკვე ,,დე იურე” აღიარებები. მოგითხრობთ, თუ როგორ აღნიშნეს ეს აღიარებები პირველ რესპუბლიკაში. გადაცემაში ამავე დროს ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ,,დე იურე” აღიარება უკვე საკმაოდ დაგვიანებული იყო და ამან ქვეყანა ვეღარ იხსნა მოახლოებული კატასტროფისაგან. გადაცემის დასკვნაში ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ცალსახად პროევროპული ორიენტაციისა, მაშინ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ჩვენს მემორანდუმში გაჟღერებული მოლოდინების განხორციელება. ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ, იმდროინდელმა ევროპამ საჭიროდ არ ჩათვალა მის ევროპულ ოჯახში საქართველოს სრულფასოვან წევრად მიღება და მის გადასარჩენად ქმედითი ღონისძიებების გატარება არ მოისურვა.
დამოუკიდებლობის 1028 დღე