დამოუკიდებლობის 1028 დღე
16:35

კვირა; 16:35

წელს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადების და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ქართველმა ხალხმა 1918 წლის 26 მაისს აღასრულა თავისი საუკუნეობრივი ნაოცნებარი, – აღიდგინა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და რეალობად აქცია ის იდეალები, რაც მთელი 117 წლის განმავლობაში არსებითად განსაზღვრავდა საქართველოს საუკეთესო შვილთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ სულ 1028 დღე იარსება,იგი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდად იქცა. ისტორიის ათვის დროის  ამ მოკლე მონაკვეთში, ქართველმა ხალხმა შეძლო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება და მისი სწორი მიმართულებით წარმართვა.

ახლად დაბადებულმა პირველმა რესპუბლიკამ საფუძველი ჩაუყარა მდგრად სახელმწიფო ინსტიტუციებს, ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, შეიმუშავა და დაამტკიცა ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. მაშინ ქართველმა ხალხმა მოყვარესაც და მტერსაც ნათლად დაანახა, რომ მას ჰქონდა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის უნარი.

გადაცემებში ვისაუბრებთ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და რა ვითარებაში დაიბადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა,როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები, რა პრიორიტეტებს ენიჭებოდათ უპირატესობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, რა ვითარებაში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები და რა იყო მისი ძირითადი მისია, როგორ შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი კანონი – კონსტიტუცია და რა როლი ითამაშა მან ჩვენს სახელმწიფოებრიობაში.

საუბრებში ხაზი იქნება გასმული, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო შემდგარი სახელმწიფო თავისი პარლამენტით და მის მიერ მიღებული კანონებით, პოზიციითა და ოპოზიციით, დემოკრატიული საარჩევნო სისტემითა და მაღალი დონის კონსტიტუციით.

გადაცემის მიზანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ობიექტური წარმოჩენით, მსმენელები დავარწმუნოთ, რომ მიუხედავად თავისუფლების ხანმოკლე პერიოდისა, საქართველომ, დამოუკიდებლად ცხოვრების 1028 დღის მანძილზე, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სერიოზული გამოცდილება და ტრადიცია შეიძინა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში წარმატებით ინტეგრაციისათვის.

ავტორი და წამყვანი: პაატა სურგულაძე

პროდიუსერი: ქეთი ჯოჯიშვილი