ავღანეთი კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის მიერ ქვეყნიდან სამხედრო შენაერთების გაყვანის შემდეგ, ჯიჰადისტური ორგანიზაცია თალიბანი ბოლო წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ გააქტიურდა და ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს ავღანეთის სხვადასხვა პროვინციაში. ქვეყნის 34 პროვინციის 400 რაიონიდან, 200 ორგანიზაციის კონტროლქვეშაა, თუმცა მსხვილი ურბანული ცენტრები ჯერ კიდევ ავღანეთის ხელისუფლებას ექვემდებარება.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკული შენაერთები ავღანეთს სრულად 31 აგვისტოს დატოვებენ, თუმცა პენტაგონის ცენტრალური სარდლობის ცნობით, სამხედრო კონტიგენტის 90%-მა უკვე დატოვა ქვეყანა. ავღანეთში სავარაუდოდ 1200 ამერიკელი სამხედრო დარჩება, რომლის ნახევარი ქაბულში არსებულ აშშ-ის საელჩოს, ხოლო მეორე ნახევარი, ასევე ქაბულში არსებულ ჰამიდ ყარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ძირითადი სამხედრო ბაზა, ბაგრამის აეროპორტი რომელიც ოცწლიანი ომის განმავლობაში ავღანეთში ნატოს ცენტრალურ სამხედრო ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა, აშშ-ის სამხედრო ნაწილებმა 6 ივლისის გამთენიას ავღანური სარდლობის გაფრთხილების გარეშე დატოვა. ბაგრამის ბაზაზე 3.5 მილიონამდე წვრილი თუ მსხვილი სამხედრო შეიარაღება დარჩა, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები. ხოლო რამდენიმე ვერტმფრენი აშშ-მა ავღანეთის მთავრობას აჩუქა. ბაგრამის ბაზასთან არსებული საპატიმროც, სადაც საბრძოლო მოქმედებებში დაკავებული 5000-მდე თალიბანის მებრძოლი იყო დაკავებული ავღანური სარდლობის კონტროლის ქვეშ გადავიდა.
საერთაშორისო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების შიში, რომ ავღანეთის ერვონული არმია საერთაშორისო ალიანსის დახმარების გარეშე 6-12 თვემდე ვერ გაძლებდა, ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ მართლდება. თალიბანის მებრძოლები ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებენ ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვიცნიებში, რომლებიც ყოველთვის იყო ცენტრალური ხელსუფლების და თალიბანთან მებრძოლი „ჩრდილოეთის ალიანსის“, ეთნიკური უმცირესობების, ტაჯიკებისა და უზბეკების დასაყრდენი რეგიონები. ამ მხრივ უპრეცედენტო მოვლენა მოხდა, როდესაც თალიბანმა მისი არსებობის განმავლობაში პირველად, სრული კონტროლი დაამყარა ბადახშანის პროვინციაზე, რომელიც ჩინეთს, ტაჯიკეთსა და პაკისტანს ერთდროულად ესაზღვრება. სწორედ ამ პროვინციაში მიმდინარე შეტაკებების შედეგად, ავღანური არმიის ათასზე მეტმა ჯარისკაცმა ავღანეთის ტერიტორია დატოვა და ტაჯიკეთის სასაზღვრო პოლიციას ქვეყანაში შეშვების უფლება სთხოვა.
თალიბანის კიდევ ერთი სამიზნე ჩრდილო პროვინცია ბალხია, სადაც ისინი აქტიურად განაგრძობენ ავღანურ არმიაზე თავდასხმებს. რეგიონის დედაქალაქ მაზარ-ი-შარიფიდან მოსკოვმა საკუთარი საკონსულოს ევაკუაცია უკვე მოახდინა. თალიბანის კონცენტრაცია ასევე მიმართულია ქვეყნის დასავლეთ ნაწილისკენაც, სადაც ჰერათის პროვინციის პერიფერიული რაიონები მათ უბრძოლველად დაიკავეს და ქალაქ ჰერათის შემოგარენში არიან. ასევე აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს, ჰერათის პროვინციის მეზობელ რეგიონ ბადღისში მისი დედაქალაქ ქალა ი-ნაუს დასაკავებლად. თუკი აქამდე თალიბანის კონტროლქვეშ ავღანეთის არაურბანული ტერიტორიები იყო, საიდანაც ის საერთაშორისო კოალიციის წინააღმდეგ პარტიზანულ ომს აწარმოებდა, ახლა ორგანიზაციის ტაქტიკურ მიზანს ავღანეთის ურბანული სივრცეების დაკავება წარმოადგენს და მათ თანდათანობით ალყაში აქცევს.
საპასუხოდ, ავღანურ ქალაქებში მოსახლეობა, მათ შორის ქალებიც სამხედრო მობილიზებას იწყებს, რათა თავად გაუწიონ წინააღმდეგობა თალიბანის დაჯგუფებას. გასულ კვირას ქაბულში ამის სადემონსტრაციოდ მსვლელობა გაიმართა, სადაც შეიარაღებულმა მოსახლეობამ ქალაქის დაცვის პირობა დადო. ავღანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ავღანეთის ეროვნული არმია საერთაშორისო კოალიციის გარეშე ეფექტური ორგანიზაცია არ არის და ის ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, ამიტომ რეგიონების მაცხოვრებლები ეთნიკური ნიშნით, თემური გაერთიანებით ქმნიან სამხედრო დანაყოფებს, რომლებიც ეროვნული არმიისგან დამოუკიდებლად ოპერირებენ. ამგვარი ფრაგმენტული წინააღმდეგობის ორგანიზების წინააღმდეგია ცენტრალური ხელისუფლება და ის იმედებს კვლავ არმიაზე ამყარებს. ხელისუფლება თვლის, რომ ეთნიკური ნიშნით სამხედრო დაჯგუფებების ოპერირება ქვეყნის ერთიანობას საფრთხეს უქმნის და შემდგომში ეროვნული დესტაბილიზაციისთვის საფუძველს აყალიბებს. ამის გამოცდილება ავღანეთს უკვე აქვს, როდესაც საბჭოთა კავშირთან მებრძოლი მუჯაჰიდების სხვადასხვა ჯგუფები, საბჭოთა არმიის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, ეთნიკური და თემური ნიშნით ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ავღანეთი რამდენიმეწლიან სამხედრო, პოლიტიკურ და სამოქალაქო ქაოსში აღმოჩნდა.
რეგიონული სამხედრო წინააღმდეგობის დანაყოფების მობილიზებაში აქტიურადაა ჩართული საბჭოთა არმიასთან, ხოლო შემდგომ თალიბანის წინააღმდეგ მებრძოლი ცნობილი მუჯაჰედის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი, აჰმად მასუდი. მასუდი თვლის, რომ თალიბანთან ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ლოკალური ძალების მობილიზებით და სწორი სამხედრო ტაქტიკითაა შესაძლებელი. მისი თქმით, საერთაშორისო კოალიციის ჯარებს ავღანური არმიისთვის არ უსწავლებია სახმელეთო ბრძოლების დაგეგმვა/აღსრულება, რადგან ისინი ძირითადად მაღალტექნოლოგიურ ომს აწარმოებდნენ, ავიაციისა და თანამედროვე დრონები დახმარებით. ამჟამად, ავღანურ არმიას არცერთი მათგანი აღარ აქვს, ხოლო სახმელეთო ოპერაციების წარმოება თალიბანის წინააღმდეგ მას დამოუკიდებლად არ ძალუძს.
თალიბანისგან მომდინარე საფრთხის გამო, ავღანეთის ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა ცდილობს ქვეყნის ტერიტორია დატოვოს. სხვადასხვა ქვეყნის საკონსულოებში ათასობით განაცხადია შესულია. მოქალაქეების ნაწილი მეზობელ ქვეყნებში ემიგრაციას ცდილობს, მათ შორის ტაჯიკეთში და ირანში. როგორც თალიბანის გააქტიურების, ასევე მიგრაციული ტალღების შესაკავებლად, მეზობელი ქვეყნები საკუთარი სასაზღვრო პოლიციის და არმიის მობილიზებას ახდენენ. მაგალითისთვის, ტაჯიკეთმა უკვე მოახდინა 20 000 სამხედროს ავღანეთის საზღვარზე კონცენტრირება.
სამშვიდობო პროცესი აშშ-სა და თალიბანს შორის, რომელიც თითქმის ორ წელი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახვადა შიდა ავღანური დიალოგის წარმოებას ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის, აპრილში თურქეთმა გადაიბარა და ის ანკარაში უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. თუმცა ოფიციალური ანკარის პოზიციით, თურქეთი გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას ომის შემდგომ ავღანეთის სტაბილიზაციაში. ანკარისგან დამოუკიდებლად, სამშვიდობო პროცესი მიმდინარეობს მოსკოვსა და თეირანშიც. მათ ბოლო კვირის განმავლობაში, თალიბებისა და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. მხარეები სიტუაციის დეესკალაციაზე შეთანხმდნენ, სადაც სამოქალაქო ომის არცერთ მათგანს არ სურს. მიუხედავად თალიბანის მხრიდან მსგავსი განცხადებების და დაპირებებისა, როგორც ბოლო კვირების მოვლენები ცხადყოფს, ორგანიზაცია კვლავ განაგრძობს საკუთარი მიზნების მიღწევისკენ აქტიურ სამხედრო მოქმედებებს. მსგავს პროცესებში მონაწილეობით, იგი მსხვილი რეგიონული აქტორების განეიტრალებას ცდილობს და მათთვის უსაფრთხოების გარანტიებს გასცემს, რომ ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნებს თალიბებისგან საფრთხე არ დაემუქრებათ. თალიბანის უკანასკნელი მსგავსი განცხადება ბადახშანის პროვინციაზე კონტროლის დამყარების შემდეგ ჩინეთი მიმართ გაკეთდა. მიუხედავად, უიღურების მიმართ ისტორიული მხარდაჭერისა, თალიბანი არ აპირებს ჩინური ინტერესების წინააღმდეგ წასვლას.
ომის კომპლექსურობა
ბოლო წლებში ავღანეთის ომმა უფრო კომპლექსური სახე შეიძინა, სადაც მხოლოდ ორი მხარე, ავღანეთის მთავრობა საერთაშორისო კოალიციასთან პარტნიორობით თალიბანის წინააღმდეგ არ არის წარმოდგენილი. ომი თანდათანობით უფრო ლოკალური ბუნების გახდა, რომლის ეკონომიკური ასპექტებიც მნიშვნელოვანია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ომის ძალადობრივი მხარე კიდევ უფრო გამძაფრდა რადგან კონფლიქტს შეერწყა და ის გამოყენებული იქნა ადგილობრივი ტომობრივი და პერსონალური დაპირისპირების გადაწყვეტის საშუალებად. ადრეულ პერიოდში, ტომის ლიდერებმა, რომელთაც ძალაუფლება გააჩნდათ საკუთარი მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად ისინი თალიბანის მხარდამჭერებად მონათლეს და შესაბამისად, ლოკალურ კონფლიქტში მათ აშშ-ის სამხედროები ჩართეს. შესაბამისად, თალიბანის მოკავშირედ შერაცხული ტომები, რომლებიც კოალიციური ჯარებისა და ავღანური არმიის სამიზნედ იქცნენ, უნებლიედ გადაიქცნენ თალიბანის მხარდაჭერებად. ზოგიერთისთვის კი თალიბანთან შეერთება სახელმწიფო სასამართლო სისტემის გაუმართაობამ, საკუთარი სიმართლის ვერ დამტკიცებამ და პერსონალურმა დაპირისპირებებმა განაპირობეს.
საინტერესოა თავად კონფლიქტის პოლიტეკონომიაც. ომმა ჩამოაყალიბა ნარკოტიკების, იარაღის, ინფორმაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კომლექსური ბაზარი. ის ადამიანები, ვინც ამ ფორმალურ თუ არაფორმალურ ვაჭრობაში არიან ჩართულნი და მოგებას ნახულობენ, დაინტერესებულები არიან არასტაბილურობის შენარჩუნებით, რათა მათმა ბიზნესმა ფუნქციონირება გააგრძელოს. ადამიანთა ეს ჯგუფები არიან, როგორც თალიბანის მხარეს, ასევე მათი იდეოლოგიის წინააღმდეგაც, თუმცა მათ მხოლოდ ოპორტუნისტული ეკონომიკური მიზნები ამოძრავებთ. ის ლოკალური მეომრები, რომლებიც გარკვეულ ძალაუფლებას ფლობენ, ნარკოტიკებითა და ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობენ და ხშირად კონტრაბანდის სახით ქვეყნის გარეთ გააქვთ, ხშირ შემთხვევაში, ართულებენ კონფლიქტის მოგვარების პროცესის დაწყებასაც კი.
არაერთი ნარკოტრეფიკიორი უსაფრთხოების გარანტირების სანაცვლოდ, თალიბანის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია. ყაყაჩოს ბევრი ფერმერი, რომელთაც საკუთარი პლანტაციები მთავრობის მიერ ინიცირებული ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანიისას დაკარგა, თალიბანს შეუერთდა. თავად თალიბანი მის კონტროლირებად ტერიტორებზე ადგილობრივი მოსახლეობისგან გადასახადებს კრეფს, ვაჭრობს ბუნებრივი რესურსებით და ადგილობრივ მოვაჭრეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში თანხებს იღებს, რაც ორგანიზაციას და მის წევრებს კონფლიქტის გაგრძელების არაიდეოლოგიურ სტიმულს აძლევს, ასევე მათ ნაწილს პაკისტანში არსებულ თალიბანის წამყვანი ლიდერებისგან გარკვეულ დამოუკიდებლობას ანიჭებს. შესაბამისად, ეკონომიკური ოპორტუნიზმიდან გამომდინარე, ავღანეთის ომში იდეოლოგიის გარდა, კრიმინალური ასპექტიც მნიშვნელოვანია.
თალიბანის მომხრეების გარდა, ომით სარგებელს იღებს ხელისუფლების მხარეს მებრძოლი მეომრები და მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც ომმა მილიონრებად აქცია. მათი ნაწილი ავღანეთის მთავრობასთან და საერთაშორისო ძალებთან სხვადასხვა ტიპის კონტრაქტების დადებით გამდიდრდა. მათ მიერ კაპიტალის აკუმულაცია ამ შემთხვევაში ძირითადად ნავთობის მიწოდებითა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფით განხორციელდა. მებრძოლთა ნაწილმა მთავრობასთან სამშენებლო და წიაღისეულის მოპოვებითი კონტრაქტებით მიიღო სარგებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარ საქმიანობას უსაფრთხოების არარსებობის პირობებში სხვა ვერ განახორციელებდა. ომის განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სამთავრობო მეომართა ნაწილი ხელოვნურად ქმნიდა სამხედრო საფრთხეებს, რათა მსგავსი კონტრაქტები მიეღო ხელისუფლებისგან.
თუმცა ავღანეთის ომის მთავარ შინაარსობრივ ღერძად თალიბანის იდეოლოგიური პლათფორმა და მისი ამ მიმართლებით სიმტკიცე რჩება. ოცწლიან კოფლიქტს მათი რელიგიური, ისლამური ემირატის შექმნის სურვილი არ გაუნელებია, პირიქით, სამშვიდობო პროცესში მათი პოზიციები იმაზე მიუთითებს, რომ ეს სურვილი კიდევ უფრო გამძაფრებულია, რადგან ახლოს არიან საკუთარ მიზანთან. თალიბანი ამ პროცესში ჩართულია არა იმიტომ, რომ მათი იდეოლოგიური შერბილება მოხდა და მზად არიან დათმობებისთვის, არამედ მათი მიზანია ამ ჩართულობით, რაც შეიძლება მალე დაატოვებინონ ავღანეთი საერთაშორისო ძალებს. ისინი ავღანეთის კონსიტიტუციას, რომელიც ისლამური ნიშნებით ხასიათდება, არაისლმაურად და ამორალურად თვლიან. ორგანიზაცია მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჯერ კიდევ იყენებს ისლამური სამართლის კანონებს, სიკვდილით დასჯას, ჩაქოლვითა და თავის მოკვეთით. შესაბამისად, თალიბანისთვის აპრიორი სახელისუფლებლო ძალაუფლების მოპოვება არ წარმოადგენს, არამედ ის საშუალებაა მათი იდეოლოგიის სრულიად ავღანეთში განსახორციელებლად.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.