თურქული პოლიტიკური პარტიები და მათი ამომრჩეველი

სანდრო ბაკურაძე – აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტი

 

დღევანდელ თურქეთში პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე რაიმე სახის იდეოლოგიის მხარდაჭერა და როგორც წესი, უფრო ოჯახური ტრადიციით, პირადი ინტერესებით და სხვა ფაქტორებით განისაზღვრება. ცხადია ეს არ არის უნივერსალური რეალობა, მაგრამ, ნაკლებგანათლებული ელექტორატის პირობებში, სურათი ვერ იქნება ისეთი, როგორც დასავლური ტიპის დემოკრატიულ ქვეყნებშია.

ამჟამად თურქეთში ხუთი მსხვილი, საპარლამენტო პარტიის არსებობის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ. საპარლამენტო პარტიებია მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია (Adalet ve Kalkinma Partisi – AKP/AK Parti), სახალხო რესპუბლიკური პარტია (Cumhuriyet Halk Partisi – CHP), ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (Milliyetçi Hareket Partisi – MHP), კარგი პარტია (İYİ Parti – İP) და ხალხთა დემოკრატიული პარტია (Halkların Demokratik Partisi –HDP).

მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტია, რომელსაც მხარდამჭერები AK Parti-დ, ხოლო სხვები AKP-ს შემოკლებით მოიხსენიებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისლამისტური ფესვებიდან მოდის და ვეტერანი ისლამისტი პოლიტიკოსის ნეჯმეთთინ ერბაქანის კეთილდღეობის პარტიის დახურვის შემდეგ, პარტიის „რეფორმისტული“ ფრთის მიერ, კონსერვატიული დემოკრატიის დროშის ქვეშ, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და აბდულა გიულის ლიდერობით დაარსდა, რეალურად კლასიკურ Big tent, მემარჯვენე პოპულისტურ პარტიად შეიძლება შეფასდეს და ამგვარად, „მემარჯვენე-ცენტრისტული“ პოპულიზმის თურქული ტრადიციის გაგრძელებად მიიჩნევა.   რაც შეეხება მის ამომრჩეველს, აქ რამდენიმე კატეგორია შეგვიძლია გამოვყოთ და თითოეული კატეგორიის მოტივაცია, რომლის გამოც ის ამ პარტიას უჭერს მხარს, განსხვავებულია.   პარტიის ამომრჩევლის მნიშვნელოვან,მაგრამ დასავლური მედიის მიერ არსებულზე მნიშვნელოვნად წარმოჩენილ ჯგუფს, ე.წ. ეროვნული ხედვის (Milli Görüş) ტრადიციიდან მოსული, ანატოლიელი, რელიგიური, სუნიტი, ხშირად რომელიმე სუფიური საძმოს წევრი, მუსლიმი, ტრადიციონალისტი წვრილი და საშუალო კომერსანტები და გლეხები შეადგენენ, მაგრამ იმის თქმა, რომ  ისინი სრულ უმრავლესობას შეადგენენ, არ იქნება სწორი – ურბანიზაციასა და განათლების დონის ზრდასთან ერთად, ამ კატეგორიის ხვედრითი წილი ნელ-ნელა მცირდება (და ვხედავთ, რომ პარტიული კუთვნილების კუთხით, სოციალურ კლასზე არანაკლები როლი აკისრია რელიგიურ კუთვნილებას – მაგალითად ალევიტების და არამუსლიმების მიერ სგპ-ს მხარდაჭერა თითქმის გაუგონარი ფაქტია, ხოლო რელიგიურობა ხშირად თვითიდენტიფიკაციითაც განისაზღვრება, განათლების დონეს და ა.შ.) და მის ადგილს მზარდი მუშათა კლასი იკავებს, რომლის პოლიტიკური შეხედულებებიც, საკმაოდ ხშირად, იგივეა, რადგანაც, თურქეთში, ქალაქის მუშათა კლასის უმეტესობა პირველი ან მეორე თაობის მიგრანტია და იგივე ღირებულებები აქვს, რაც ქალაქში ჩამოსვლამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქმე მონოლითურ მუშათა კლასთან გვაქვს – სუნიტი/ალევიტი, თურქი/ქურთის ტიპის განსხვავებები მუშათა კლასთან მიმართებაშიც მოქმედებს.

სგპ-ს კიდევ ერთი თავისებურება არის ის, რომ იგი ახერხებს ეთნიკურ უმცირესობებიდან ყველაზე აქტიურის – ქურთების აღსანიშნავი ნაწილის ხმების მიღებასაც, რაშიც, განსხვავებით შიდა ანატოლიელი, ეროვნებით თურქი მოსახლეობისაგან, რომელთათვის რელიგიაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკონომიკაა, მთავარ როლს სწორედ რელიგია თამაშობს.

თუმცა იმის გასაგებად თუ რატომ ახერხებს ქურთულ რეგიონებში სგპ ხმების მიღებას მიუხედავად პოლიტიკური კურსისა, რომელიც ეთნიკური კუთხით მგრძნობიარე ქურთისთვის მიუღებელიც კია, საჭიროა რამდენიმე ფაქტორს მივაქციოთ ყურადღება – 1) ტრადიციული ქურთი რელიგიური ლიდერები – სხვადასხვა სუფიური საძმოების შეიხები, ისტორიულად ერთგვარი ფეოდალებიც იყვნენ, რაც მათ სიტყვას რელიგიურის გარდა პოლიტიკურ წონასაც მატებს. 2) სასოფლო მილიციების სისტემა – ე.წ. Koruculuk, რომელიც მოსახლეობის გარკვეული წრისათვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა, გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სასოფლო მილიციაში გაწევრიანება ქურთების ფართო სეგმენტის მიერ ერის ღალატად მოიაზრება, მილიციელთა და მათი ოჯახის წევრებისათვის მმართველი პარტიის მხარდაჭერა უსაფრთხოების გარანტიად აღიქმება. 3) კლანიზმის სისტემა, რომელიც ნაწილობრივ სასოფლო მილიციების სისტემასთანაა გადაჯაჭვული და განსაკუთრებით ძლიერია ურფაში, ჰაქარისა და შირნაქის ტიპის პროვინციებში.  ამ მიზეზების გამო, ქურთულ რეგიონებში ე.წ. Blok oy (გარკვეული სოციალური ჯგუფის წევრების მიერ, შეთანხმების საფუძველზე კონკრეტული კანდიდატის/პარტიისათვის ხმის მიცემა, საკმაოდ ხშირად, სოფლის გამგებლის – მუჰთარის ან კლანის ლიდერის მიერ მთელი სოფლის/კლანის მაგივრად ბიულეტენების ჩაყრის სახესაც იღებს) საკმაოდ არის გავრცელებული.   თუმცა იმის თქმა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერი ქურთები ყოველთვის ამ სტილში აძლევენ ხმას ან იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ ქურთული რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი, ნამდვილად არ იქნება სწორი – ეკონომიკური მიზეზებით ან პირადი რელიგიური/პოლიტიკური შეხედულებების გამო სგპ-ს მხარდაჭერის შემთხვევებიც არ არის ცოტა.

ტრადიციონალისტი, ნაკლებად განათლებული ამომრჩევლის და განსაკუთრებით დიასახლისების და ტრადიციული წვრილი ბიზნესმენების -Esnaf-ის მიერ ერდოღანისა და მისი პარტიის მხარდაჭერის კიდევ ერთი მიზეზი პატრიარქალურ ტრადიციებში უნდა ვეძებოთ –  ერდოღანის, როგორც მეოჯახე, არცთუ კარგ უბანში აღზრდილი, პროვინციიდან ჩამოსული, საზოგადოებრივი ნორმების  დონეზე მორწმუნე და არცთუ განათლებული, მკაცრი ადამიანის იმიჯი, სრულიად ჯდება ტრადიციულ მასკულინობის გაგებაში და ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერდოღანის, როგორც სახალხო ლიდერის იმიჯი, გარკვეულწილად სწორედაც რომ ტრადიციულ ყალიბებში დარჩენის გარშემოა აწყობილი.

მნიშვნელოვანია ასევე ამომრჩეველთა ასაკიც – სგპ-ს ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის ასაკი, თურქეთის მოსახლეობის საშუალო ასაკზე მაღალია.

ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორია, ვფიქრობ, რომ ე.წ. მმართველი პარტიის ამომრჩეველია, რომელიც განუვითარებელი/ნაკლებად განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ცალკე კასტას შეადგენს და პირადი გამორჩენის მიზნით, ყოველთვის მმართველ პარტიას აძლევს ხმას, ვინც არ უნდა იყოს ის. ამ კატეგორიაში, თურქულ კონტექსტში შეგვიძლია შევიყვანოთ  სხვადასხვა ტიპის ბიზნესმენები ტენდერის მოგების ინტერესებით, სახელმწიფო მოხელეების ნაწილი –  და ა.შ.

ერდოღანისა და მისი პარტიის მხარდაჭერის კიდევ ერთი მიზეზი პატრიარქალურ ტრადიციებში უნდა ვეძებოთ –  ერდოღანის, როგორც მეოჯახე, არცთუ კარგ უბანში აღზრდილი, პროვინციიდან ჩამოსული, საზოგადოებრივი ნორმების  დონეზე მორწმუნე და არცთუ განათლებული, მკაცრი ადამიანის იმიჯი, სრულიად ჯდება ტრადიციულ მასკულინობის გაგებაში და ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერდოღანის, როგორც სახალხო ლიდერის იმიჯი, გარკვეულწილად სწორედაც რომ ტრადიციულ ყალიბებში დარჩენის გარშემოა აწყობილი.

მუსტაფა ქემალ ათათურქის პოსტერი ერთ-ერთი ბანკის შენობის ფასადზე

სახალხო რესპუბლიკური პარტია, ძირითადად ბრენდის ძალით, საკუთარ თავს ათათურქის მიერ დაარსებული, ანალოგიური სახელწოდების პარტიის გაგრძელებად მოიაზრებს, მიუხედავად მისი ხელახალი დაარსების ისტორიისა, რომელსაც დენიზ ბაიქალსა და ბულენთ ეჯევითს შორის კონკურენცია ედო საფუძვლად.  იდეოლოგიური კუთხით სრპ, საკუთარ თავს მემარცხენე, სოციალ-დემოკრატიულ პარტიად მოიაზრებს, თუმცა, პრაქტიკაში, ქემალისტური პერიოდის ნაციონალისტური რეფლექსების და „რესპუბლიკის დამაარსებელი პარტიის“ იმიჯზე ჩაბღაუჭების გამო, სრპ-ს ბევრი მიმომხილველი მემარცხენე პარტიად არ თვლის და უფრო მეტად, მემარცხენე ფრთის მქონე, სხვადასხვა ტიპის ჯგუფთა კოალიციად მიიჩნევს. და მართლაც, პარტიის შიგნით, სეკულარი ნაციონალისტების – ე.წ. ეროვნულების (Ulusalcılar) და სოციალ-დემოკრატების დაპირისპირება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია რაც პარტიის წინააღმდეგობრივ და პასიურ პოლიტიკას განაპირობებს.

ბოლო პერიოდში კი, სრპ, ფაქტობრივად Hayat Tarzı Çatışması-ს (ცხოვრების სტილ(თა) დაპირისპირება – თურქეთის ვესტერნიზებულ და „ტრადიციულ“  სეგმენტებს შორის არსებული და ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული სხვაობების მიერ შექმნილი ხიდჩატეხილობა.) მთავარ ფიგურანტადაა ქცეული და ერდოღანის მთავრობის მიერ იმპოზირებული „ტრადიციული“ ცხოვრების სტილის წინააღმდეგ, ევროპული სტილის ცხოვრების სტილის მხარდამჭერთა, ზეიდეოლოგიურ პლატფორმადაც კი მოიაზრება და მართლაც, ვხედავთ, რომ თურქეთში, პოლიტიკური დაპირისპირება ცხოვრების სტილიდანაც გამომდინარეობს.

გეოგრაფიული კუთხით, ვხედავთ, რომ სრპ, ორ კატეგორიას ეყრდნობა – პირველი, ეს არის ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების სანაპიროებზე მდებარე, ვესტერნიზებული დიდი ქალაქები და სტამბოლის და ანკარის ტიპის მეგაპოლისების საშუალო და მაღალი კლასის უბნები, მეორე კი თურქეთის ყველაზე დიდი რელიგიური უმცირესობით – ალევიტებით დასახლებული რეგიონები.

თუკი დიდი ქალაქების მოსახლეობის შემთხვევაში, სრპ-ს მხარდაჭერის მიზეზები გასაგებია და ცხოვრების სტილს+ათათურქისეული რეფორმების გათავისებით აიხსნება, კულტურულად ძირითადად ვესტერნიზებული ალევიტების შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა, გარდა იმისა, რომ სრპ-ს ამჟამინდელი ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ, ალევიტი ზაზა ქურთია(თუმცა თავად ქურთულ წარმოშობაზე საუბარს გაურბის) თუნჯელის პროვინციიდან (ისტორიული დერსიმი), ისტორიული ანტი ალევიტური დისკრიმინაციის გათვალისწინებით, სრპ-ს სეკულარიზმისადმი ერთგულება ალევიტებისათვის ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიასავით მოჩანს, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, პარტია ახერხებს ხმების აღებას ალევიტი ქურთების ნაწილისგანაც. ასევე საკმაოდ დიდია პარტიის შიგნით ალევიტი დეპუტატების თუ ცნობადი სახეების პროცენტიც, რაც ერთის მხრივ ზრდის პარტიის პოპულარობას ალევიტებში, მაგრამ მეორე მხრივ ალევიტების მიმართ ეჭვით განწყობილ ტრადიციონალისტ ამომრჩეველს უარყოფითად განაწყობს.

და მთავარი ფაქტორი, რაც სრპ-ს ამომრჩეველზე უდიდეს გავლენას ახდენს, ეს არის ბრენდის ექსპლუატაცია და ეს ბრენდი ათათურქი გახლავთ, როგორც ხდპ იყენებს ქურთულ საკითხს, ნაციონალისტური მოძრაობის პარტია ულტრანაციონალიზმს და დამაარსებელი ლიდერის – ალფარსლან თურქეშის ფაქტორს, ხოლო სგპ ერდოღანის ფაქტორს და ისლამს, ისევეა სრპ-სათვის ათათურქი.  მიუხედავად იდეოლოგიური გადახვევებისა, მიუხედავად ცვლილებებისა, სრპ ყოველთვის მთავარ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ იგი ათათურქის პარტიაა და საკუთარ თავს ნაცვლად ოპოზიციისა, ქვეყნის რეალურ ბატონ-პატრონად ხედავს, რაც მისივე პოლიტიკური მდგომარეობისათვის ყოველთვის კარგად არ მთავრდება, თუმცა ეს ცალკე სტატიის თემაა.

რაც შეეხებათ ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას და კარგ პარტიას, აქ, ამომრჩევლებთან მიმართებაში საქმე გვაქვს, იდეოლოგიური კუთხით მსგავს, მაგრამ ცხოვრების წესით/ლიდერის ფაქტორით გაყოფილ ამომრჩევლებთან.

ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერი მევლუთ ბაჰჩელი

იდეოლოგიური კუთხით, ორივე პარტიის საფუძველი მსგავსია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი პარტია, ერთი შეხედვით ნმპ-სგან განსხვავებულ, უფრო სეკულარული და ვესტერნიზებული ამომრჩევლის პარტიის შთაბეჭდილებას ტოვებს.  ორივე მათგანის ფესვები, 1960-იან წლებამდე მიდის, როცა პოლკოვნიკმა ალფარსლან თურქეშმა კონტროლი დაამყარა რესპუბლიკელ გლეხთა სახალხო პარტიაზე და მანამდე მემარჯვენე-პოპულისტური პარტია,ულტრანაციონალისტურ ნმპ-დ აქცია.  პარტიამ, განსაკუთრებით 1970-იან წლებში, შიდა და აღმოსავლეთ ანატოლიიდან ჩამოსული შრომითი მიგრანტებისა და სტუდენტების მობილიზაციის გზით, ე.წ. კომანდოსების ბანაკები და ამ ბანაკებში გაწვრთვნილი, რუხ მგლებად ცნობილი გასამხედროებული ფორმირებები ჩამოაყალიბა, რომლებსაც აქტიურად იყენებდა ასევე შეიარაღებული მემარცხენე ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში და რომელთა საშუალებითაც, წარმატებით მოახერხა, რომ 1970-იან წლებში დომინანტი მემარჯვენე-ცენტრისტული სამართლიანობის პარტიის და მისი ლიდერის სულეიმან დემირელის ნახევრად ფარული მხარდაჭერა მოეპოვებინა, რამაც პარტიის ფინანსურ და ძალოვანი სტრუქტურების შიგნით გაძლიერებაში უდიდესი როლი შეასრულა.  1980 წლის გადატრიალების შემდეგ, პარტია, როგორც 70-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე,დაიხურა, ხოლო მისი კადრების უმეტესობა ციხეში ჩასვეს. გარეთ დარჩენილებმა კი ჯერ კონსერვატიული, შემდეგ კი ეროვნული შრომის პარტიების ფრთის ქვეშ გააგრძელეს მოღვაწეობა. მხოლოდ 1990-იან წლებში, ქურთისტანის მუშათა პარტიის სიძლიერის ზენიტზე, გადატრიალების შემდეგ დახურული პარტიების ხელახალი ჩამოყალიბების ამკრძალავი კანონის გაუქმების შემდეგ, ამჯერად უკვე ანტიქურთული შოვინიზმის რიტორიკით, პარტია კვლავ გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე.

პარტიის ამომრჩეველი ორ მთავარ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ – რელიგიური ნაწილი, რომელიც თურქულ-ისლამური სინთეზის ნიადაგზე, რელიგიურ ულტრანაციონალიზმს მისდევს  – დოგმატური რელიგიურობის ნაცვლად, სოციალურ-კულტურული რელიგიურობა+ულტრანაციონალიზმი, სადაც ეთნიკური იდენტობის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად რელიგია განისაზღვრება  და სეკულარული ნაწილი, რომელიც, ძირითადად (მაგრამ არა ექსკლუზიურად), ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის სანაპიროებზე, თრაკიაში და დიდ ქალაქებშია თავმოყრილი და კარგი პარტიისაკენ გადახრაც ყველაზე თვალშისაცემი სწორედ ამ რეგიონებშია. სხვა მხრივ, პარტიის მთავარი მახასიათებელია, მის ამომრჩევლებში მამაკაცების თვალშისაცემი სიმრავლე (68%).

და მთავარი ფაქტორი, რაც რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველზე უდიდეს გავლენას ახდენს, ეს არის ბრენდის ექსპლუატაცია და ეს ბრენდი ათათურქი გახლავთ, როგორც ხდპ იყენებს ქურთულ საკითხს, ნაციონალისტური მოძრაობის პარტია ულტრანაციონალიზმს და დამაარსებელი ლიდერის – ალფარსლან თურქეშის ფაქტორს, ხოლო სგპ ერდოღანის ფაქტორს და ისლამს, ისევეა სრპ-სათვის ათათურქი. 

მთავარი ფაქტორი, რაც ნმპ-ს სგპ-სგან განასხვავებს არის ის,რომ მისი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი (57%) თავს ტრადიციონალისტად მოიაზრებს, ხოლო რელიგიური ტრადიციონალისტებს რიცხვი მხოლოდ 17 %-ია.  სგპ-ს შემთხვევაში ტრადიციონალისტი და რელიგიური ტრადიციონალისტი ამომრჩევლების პროცენტი 47% და 43%-ია.  ხოლო მეორე ფაქტორია ქურთული საკითხის მიმართ შეურიგებელი მიდგომა – თუკი სგპ-ს შემთხვევაში (როგორც წარსულში ვნახეთ) ყველაფერი ლიდერის სურვილზეა დამოკიდებული და თუკი სამშვიდობო პროცესს სგპ-ს ამომრჩევლის 87%-ის მხარდაჭერა ჰქონდა, დღეს იგივე ამომრჩევლის 60% ამის წინააღმდეგია.  ნმპ-ს შემთხვევაში კი ვხედავთ, რომ აქ ორი აზრი დომინირებს – ერთი საერთოდ უარყოფს ქურთული საკითხის არსებობას, მეორე კი მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო მოქმედებების გზით საკითხის გადაწყვეტას უჭერს მხარს და საბოლოოდ ეს ორი ჯგუფი პარტიის ამომრჩევლის 85%-ს შეადგენს.

ბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ნმპ-ს ძალას განაპირობებს, ეს არის მისი მხარდამჭერების რაოდენობა ძალოვან სტრუქტურებში.  ნმპ-ს მხარდამჭერთა ძალოვან სტრუქტურებში დასაქმება მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან იწყება, რეალურად მასობრივ სახეს 80-იანი წლების ბოლოდან, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან არსებული კონფლიქტის გამწვავებისას იღებს.  ამ პერიოდში ჩატარებული რესტრუქტურიზაციის შემდეგ ჩამოყალიბებულ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებში პარტიის მხარდამჭერები მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ

რაც შეეხება ხალხთა დემოკრატიულ პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ ბოლო პერიოდში სერიოზული ნაბიჯები გადადგა მარცხნივ, ის კვლავ ძირითადად ქურთულ პარტიად რჩება და არაქურთი ამომრჩევლის ოდენობა დაახლოებით 10-15%-ს შორის მერყეობს.

ქურთების გარდა, რომლებსაც პარტიისაკენ პარტიის მულტიკულტურული პოლიტიკის ნიადაგზე დაფუძნებული საარჩევნო პროგრამა და პარტიის წარსული იზიდავთ, პარტიის  ეთნიკურად არაქურთი ამომრჩევლის უმეტესობა და ქურთების ნაწილი სოციალისტი მემარცხენეებიდან (Sosyalist Sol) მოდის და პარტიისადმი ხმის მიცემის მოტივაცია ძირითადად ინტერნაციონალისტური ღირებულებებიდან გამომდინარეობს.  პარტიაში მემარცხენეების არსებობა კი, მორწმუნე და კონსერვატორი ქურთი ამომრჩევლების და პოლიტიკოსების ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს.

ასევე, პარტიას ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ვერ ახერხებს ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირების გაწყვეტას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის ქურთი ამომრჩევლის დიდი ნაწილი სწორედ ამ კავშირების გამო აძლევს ხმას ხდპ-ს. ამასვე ადასტურებს თურქული საარჩევნო კვლევებიც, რომლებიც აჩვენებს, რომ პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობის მოტივაცია იდეოლოგიურია.  რელიგიური კუთხით, პარტიის ევროპული ტიპის, არაქემალისტური  სეკულარულიზმის მხარდაჭერა კი პარტიის შიგნით მორწმუნეთა ოდენობის სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს, ისე რომ არც სოციალისტების გაუცხოება ხდება.  ხდპ-ს მხარდამჭერი მემარცხენეების ნაწილის მოტივაციად კი სრპ-ს უხერხემლო პოლიტიკა შეგვიძლია დავინახოთ – როგორც ვხედავთ, გარკვეულ რეგიონებში, სწორი პოლიტიკით და სწორი კანდიდატებით ხდპ-ს სრპ-სგან საკმაო ოდენობის ხმების გადმოწევა შეუძლია და განსხვავებით თურქული პრესის ნაწილისაგან, ამის  მხოლოდ და მხოლოდ 10%-იანი ბარიერის ფაქტორის გამო მიცემულ ხმებად ჩათვლას სწორად არ მივიჩნევ.

ასე და ამგვარად, ვხედავთ, რომ თურქულ რეალობაში, გარკვეული სეგმენტის მიერ გარკვეული პარტიის მხარდაჭერა საკმაოდ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.  ბრენდის ძალა, ამომრჩევლის რელიგიური თუ ეთნიკური იდენტობა, სოციალური მდგომარეობა, განათლების დონე თუ რეგიონული იდენტობა, ყველაფერი ეს, იმაზე მეტ გავლენას ახდენს ამომრჩევლის საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.  ამგვარადვე, ზემოთ ნახსენები თავისებურებები, მიუხედავად არსებული პოლიტიკური სიტუაციისა, განასხვავებს თურქულ პოლიტიკურ სპექტრს ახლო აღმოსავლურისაგან – სადაც ხმის მიცემა ჩვეულებრივ არა პოლიტიკურ-იდეოლოგიურ, არამედ კლანურ და ეკონომიკურ მიზეზებს ემყარება.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

გამოყენებული მასალები: flickr.com