საქართველო (სამხრეთ) „კავკასიური ცარცის წრეში“ - ინტერვიუ გიორგი გობრონიძესთან

საქართველოს განვითარების მიმართულებას, მის სვლა-გეზს, მნიშვნელოვანწილად, ანიპირობებდა და განაპირობებს მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ქვეყანა იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობდა, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს აკავშირებდა და მასზე გადიოდა უძველესი სატრანსპორტო მაგისტრალი – ძველი აბრეშუმის გზა.

საქართველოს ხელსაყრელი სატრანსპორტო გეოგრაფიულიმდებარეობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დადასტურდა და გაიზარდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. დღეს ჩვენი ქვეყანა ჰაბის ფუნქციას ასრულებს უამრავ ენერგეტიკულ პროექტში და ეს შესაძლებლობები ბოლომდე არ არის ამოწურული.

თუმცა, ამგვარი სიკეთე გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა წარმოშობს გარე ძალების მიერ საქართველოზე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის გავლენების მოპოვების ცდუნებას, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლების მხრიდან უკიდურესი სიფრთხილისა და გამჭრიახობის გამოჩენას მოითხოვს.

რა რისკებისა და გამოწვევების წინაშე დგას, ამ კუთხით, ჩვენი ქვეყანა? როგორია საქართველოს დღევანდელი გარემო? როგორი მეზობლების გარემოცვაში ვცხოვრობთ? როგორი ურთიერთობები უნდა ავაგოთ მათთან?

ამ საკითხებზე საუბრობს ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში გიორგი გობრონიძე.

 

ბატონო გიორგი, ჩვენ ქვეყანას დღეს 4 სახელმწიფოსთან აქვს სახმელეთო საზღვარი. ესენია: რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

მოდით, საუბარი დავიწყოთ ყველაზე დიდი და აგრესიული მეზობლით – რუსეთით. ეს ქვეყანა მსოფლიოში, პრაქტიკულად, ერთადერთი სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველოს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვს. ოკუპანტ ქვეყანასთან მდგომარეობის გამოსწორება და ორმხრივად მისაღები შეთანხმების მიღწევა ახლო (და არამარტო ახლო) პერსპექტივაშიც წარმოუდგენელი ჩანს. როგორ გესახებათ ჩრდილოელ მეზობელთან ჩვენი ურთიერთობების მომავალი?

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თავისებურებათა გასააზრებლად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა ხელოვნურად ინსპირირებულ დაძაბულობასთან, არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის ან ლიდერის მიერ დაშვებულ შეცდომებთან, არამედ ისტორიულ კანონზომიერებასთან.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა რუსეთის ფედერაცია, ცალკე სახელმწიფოდ – საქართველო. შესაბამისად, ისინი აღმოჩნდნენ ახალი გამოწვევებისა და თანაარსებობის გზების ძიების აუცილებლობისა  წინაშე.

ამ გამოწვევებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ეროვნული იდენტობის ფორმირება. სამწლიან საპარლამენტო რესპუბლიკას თუ არ ჩავთვლით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკმაოდ ხანგრძლივი წყვეტა ჰქონდა. თავის მხრივ, რუსეთისთვის საბჭოთა კავშირის რღვევა არ ყოფილა რომელიღაც პოლიტიკური სუბიექტის მოსპობა, ეს იყო თავად რუსეთის იმპერიის რღვევა – საბჭოთა კავშირი ხომ, პრაქტიკულად, იმავე ტერიტორიებზე არსებობდა, რომლის შემოკრებაც პეტრე პირველმა დაიწყო. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი იყო იგივე რუსეთის იმპერია, ოღონდ განსხვავებული პოლიტიკური სისტემით და რეჟიმით.

რუსეთ-საქართველოს ომის ტრაგიკული ექო

ამერიკელი მკვლევარის, პოლ დაინერის თქმით, როგორც რუსეთის იმპერიისა და, საბჭოთა კავშირის, ისე დღევანდელი რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში, კონსტანტას, უცვლელი სიდიდეს წარმოადგენს: მის საზღვრებთან დასავლური კოალიციების გამოჩენის შიში, საკუთარი გავლენის სფეროებზე წვდომისა და ევრაზიური სისტემის მშენებლობაზე მსაზღვრელის როლის შესრულების სურვილი.

ამდენად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთისთვის ახალ ეროვნულ პროექტად იქცა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ძველი გავლენების აღდგენის სურვილი. პარალელურად, ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ მიზანს წარმადგენდა ტურბულემტურ საერთაშორისო სისტემაში თავისი თავისუფლების, დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

შედეგად, მივიღეთ ასეთი მოცემულობა: პოსტსაბჭოთა რევანშიზმზე დაფუძნებული რუსეთის ახალი ეროვნული პროექტი თუ წარმატებული იქნება, მაშინ საქართველო, საუკეთესო შემთხვევაში, უნდა იყოს მოსკოვის სატელიტი (ფორმალურად – სუვერენული, რეალურად – რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის გამტარებელი სახელმწიფო), ხოლო თუ საქართველო რეალურ დამოუკიდებლობას მოიპოვებს, მაშინ რუსეთს მოუწევს, უარი თქვას რეგიონში ერთპიროვნული ჰეგემონის ამბიციაზე.

მოკლედ, საქმე გვაქვს ორი ეროვნული პროექტის კოლიზიასთან, რომელიც დღემდე წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მსაზღვრელს.

ანუ, რუსეთ-საქართველოს ინტერესები, ამ ქვეყნების ეროვნული პროექტები არათავსებადია და გამოსავალი არ არსებობს?

ვერ ვიტყვი, რომ გამოსავალი არ არსებობს… ფაქტია, რომ არსებობს ისტორიული კოლიზია, რომელსაც მოჰყვა ორი მხრიდან ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების მთელი კასკადი.

მაგალითად, პრეზიდენტ გამსახურდია მმართველობის პერიოდში, რუსეთის ფედერაციას, ალბათ, არ ჰქონდა არც გამოცდილება, და არც პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ საქართველოსთვის შეეხედა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ამასთან, მოსკოვი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხედავდა საფრთხეს…

რა იყო ეს საფრთხე?

თუნდაც საქართველო-ჩეჩნეთის მაშინდელი ურთიერთობები, რომელიც შეიძლებოდა, მიუღებელი ყოფილიყო კრემლისთვის. რუსეთისთვის საფრთხე იყო ისიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას შეიძლებოდა ჰქონოდა ე. წ „დომინოს ეფექტი“, რომელიც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც გავრცელდებოდა…

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა ვერ შესძლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, განვითარების პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება და აირჩია ბევრად უფრო მარტივი და დესტრუქციული გზა საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად – პარტნიორობის ნაცვლად, წავიდა კონფრონტაციაზე, ახლადშექმნილი სახელმწიფოების შიდა სისუსტეების გამოყენებაზე.

თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები მხოლოდ გარედან იყო ინსპირირებული. აქ თავისი როლი ითამაშა შიდა შეცდომებმაც, როდესაც ვერ შევძელით აფხაზური და ოსური ეროვნული პროექტები გვექცია ქართულ ეროვნულ პროექტად. ამით მივედით კონფლიქტებამდე, რომლებიც, ისევე როგორც „თბილისის ომი“, ძალიან კარგად გამოიყენა მოსკოვმა.

საქართველოს შეეძლო შედარებით მცირე დანაკარგებით გამოსულიყო ამ კომპრონტაციიდან, რომ მოხერხებულიყო სტაბილურად მდგრადი ეკონომიკური განვითარება, შიდაპოლიტიკური და სოციალური ფრაგმენტაციის გადალახვა, საზოგადოებრივი კონსოლიდაციის მიღწევა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

რუსეთში 2024 წლიდან იგეგმება საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგად, შეიცვლება მმართველობის სისტემა.  მოყვება თუ არა ამას  ცვლილებები პოლიტიკურ კურსში და შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში?

ეს ნაკლებად სავარაუდოა. არა მგონია, ახლო მომავალში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი გადაიხედოს.  საკონსტიტუციო ცვლილებები რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტის ცვლილებას არ გამოიწვევს, რადგან ეს რეფორმა სწორედ ელიტის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. თუმცა, ამ ცვლილებებს, სტრატეგიული მიმართულებით, მაინც მოყვება მმართველი ძალის დროებითი მოდუნება, რადგან ის თითქმის მთლიანად ძალების შიდაგადანაწილებაზე იქნება კონცენტრირებული.

რაღაც ეტაპზე, რუსეთს არ ეცლება იმისთვის, რომ დანარჩენი მიმართულებით იყოს ზედმეტად პროაქტიული და ეს მომენტი ჩვენ ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს. საერთოდ, დიდი და პატარა ქვეყნის დაპირისპირებისას, ნებისმიერი პაუზა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მუშაობს, რადგან მას ძალების მოკრებისა და პოზიციების გამყარების საშუალება ეძლევა. ეს, ცხადია, მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ქვეყნის შიგნით შიდაუთანხმოებამ არ შეგვიშალა ხელი.

რუსეთისგან განსხვავებით,   მეორე მეზობელ ქვეყანასთან – თურქეთთან, საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს. საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული ხასიათისაა და წარმატებით ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა, ცხადია, ორმხრივი სარგებლიანობიდან მომდინარეობს: საქართველოსთვის თურქეთი ევროპისკენ გამავალი დერეფანია, ხოლო საქართველო თურქეთისთვის – კასპიის რეგიონში გამავალი კარი. ამასთან, თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, რომელსაც ბოლო დრომდე მჭიდროდ თანამშრომლობდა დასავლეთთან, თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მისი ურთიერთობები გაუარესდა. როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლობაზე იმ პირობებში, როდესაც ოფიცილური თბილისი არ აპირებს გადახედოს თავის პროდასავლურ კურსს? თუ თურქეთი დაშორდება დასავლეთს, ხომ არ გამოიწვევს ეს საქართველო-თურქეთის ურთიერთობების გაუარესებას და შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის ვითარების დაძაბვას? 

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა

მოდით, ჯერ ასე დავსვათ საკითხი – რატომ უნდა დაშორდეს თურქეთი დასავლეთს? დასავლეთისგან თურქეთის რევერსია იმით დაიწყო, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა მკაფიოდ დაინახა – თურქეთს, როგორც ევროპულ სახელმწიფოს, მომავალი არა აქვს. შესაბამისად, ეს რევერსია მიმართულია არა რუსული ვექტორისკენ, არამედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დამოუკიდებელ ლიდერად ჩამოყალიბებისკენ. აქედან გამომდინარე, თურქეთის მთელი ძალისხმევა მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთისკენ, და არა ჩრდილოეთისკენ. აქედან მოდის ის გართულებაც, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება რუსეთსა და თურქეთს შორის.

ამ ქვეყნების ისტორიას თუ გადავხედავთ, რუსეთის და თურქეთის ურთიერთობები ძალიან ჰგავს დიდ სინუსოიდას – დიდი დაახლოებიდან ომამდე არც ისე დიდი პერიოდებია. ცოტაა ორი ისეთი ქვეყანა, რომლებსაც იმდენი კომფლიქტი ჰქონია ერთმანეთთან, რამდენიც რუსეთსა და თურქეთს.

ამის გათვალისწინებით უნდა შევხედოთ  ნატო-სთან თურქეთის დამოკიდებულებასაც. ბოლო პერიოდში, გაჩნდა მოსაზრება, თითქოს, თურქეთი უნდა განვიხილოთ, როგორც ნატო-ს დესტრუქციული მოთამაშე. ამ მოსაზრების ინსტრუმენტალიზაციას ცდილობდა თვად რუსეთიც და ის ვითარებას ისე წარმოაჩენდა, თითქოს, ალიანსის ერთიანობას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა, თავად მოსკოვის მიერ დაშვებულმა ტაქტიკურმა შეცდომამ ან, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში პოზიციების გამყარების სურვილმა, მოსპო იმის პერსპექტივა, რომ უახლოეს პერსპექტივაში, ანკარამ ნატო-სგან დისტანცირებაზე იფიქროს.

მოდით, საკითხს სხვა რაკურსიდანაც შევხედოთ.

რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის – ოკუპაციამ და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ყოფნამ მოსკოვის სასარგებლოდ შეცვალა ბალანსი შავი ზღვის აუზში. ეს კი აზიანებს თურქეთს, რომელიც ამ აუზში ლიდერი სამხედრო-საზღვაო ძალაა. ამას ემატება რუსეთის მიერ ყირიმის აგრესია, რამაც თურქეთისთვის კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება. გარდა ამისა, სირიაში, პრაქტიკულად, თურქეთის საზღვართან, რუსული სამხედრო ნაწილები საკმაოდ აქტიურად ოპერირებენ და ეს თურქეთის გამძაფრებულ რეაქციას იწვევს.

რუსეთ-თურქეთის ასეთი დაპირისპირების ფონზე, უკვე არც ის არის გასაკვირი, რომ უკრაინაში ჩასული ერდოღანი არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ ჟესტიკულაციითაც კი ამჟღავნებს ანტირუსულ განწყობას. არც ის არის შემთხვევითი, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილადაც კი, დააყენა საკითხი, თუ რატომ არ აჩქარებს დასავლეთი ნატო-ში საქართველოს მიღებას.

მთლიანობაში, იკვეთება სურათი, რომ რაც უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი რუსეთი ახლო აღმოსავლეთში და გაძლიერდება რუსულ-ირანულ-სირიული ღერძი, მით უფრო მეტად იქნება დამიკიდებული ანკარა ნატო-სგან მხარდაჭერაზე. დღეს თურქეთს სჭირდება ნატო და ანკარა, უნდა მას ეს თუ არა, უფრო დამთმობი გახდება დასავლეთის მიმართ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება, არც იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით გაძლიერდება და არც იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ნატო-თურქეთის ურთიერთობები არ გაუმჯობესდება.

მეტიც: დღეს დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს – რუსეთ-თურქეთის კონფრონტაციის პირობებში, უნდა ვეცადოთ საკუთარი პოზიციების გამყარებას თურქეთთან აქტიური დიპლომატიის წარმოებით და დასავლეთისთვის ჩვენი საგარეო პოლიტიკური როლის, როგორც ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას შორის „ფანჯრის“ ფუნქციის ჩვენებით.

ეს, გარკვეულწილად, სიახლეც იქნება – ჩვენ აქამდე დასავლეთთან ვსაუბრობდით მხოლოდ საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო როლზე, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციაზე და ა.შ. მაგრამ  არასდროს გვისაუბრია ჩვენს გეოპოლიტიკურ როლზე. მითუმეტეს, ამ მიმართულებით, საკმაო რესურსი გაგვაჩნია.

საქართველოს, ისევე როგორც თურქეთთან, კეთილმეზობლური და შეიძლება ითქვას, სამაგალითო ურთიერთობები აქვს კიდევ ერთ მეზობელ სახელმწიფოსთან – აზერბაიჯანთან. ორივე ქვეყანის ჩართულობით განხორციელდა და ხორციელდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო ეკონომიკური პროექტები, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიშანის ნავთობსადენი, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი,  TRACECA და სხვა, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.  ასევე ხაზგასასმელია ისიც, რომ  სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებში (მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობა) ორივე ქვეყანა მხარს უჭერს ერთმანეთს.

ასეთ, ლამის იდეალურ სურათს ერთგვარ ჩრდილს აყენებს საზღვრის სადავო მონაკვეთის, კერძოდ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი. ქართულმა მხარემ არაერთხელ შესთავაზა აზერბაიჯანს მოლაპარაკებების დაწყება ტერიტორიების გაცვლის თაობაზე, აზერბაიჯანის მხარეზე მდებარე დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილის სანაცვლოდ, მაგრამ ოფიციალურმა ბაქომ გამორიცხა ამის შესაძლებლობა და მიზეზად სადავო ტერიტორიის სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა დაასახელა…  ერთი სიტყვით, ეს საკითხი ჯერ შორს არის გადაწყვეტისგან.

ხომ არ მიგაჩნიათ, რომ პრობლემა ხელოვნულად არის შექმნილი დაინტერესებული მესამე მხარის მიერ და ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის პარტნიორული კავშირების გაუარესებას ისახავს მიზნად? როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარების გზა და მთლიანად, საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის პერსპექტივა?

რთულია მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ეს უთანხმოება მესამე ქვეყნის მიერ არის პროვოცირებული. თუმცა, ისიც ფაქტია, სხვა სახელმწიფოებს, კერძოდ, რუსეთს ასეთი მდგომარეობა ძალიან აწყობს იმ თვალსაზრისით, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული პრობლემის გართულების შემთხვევაში, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური ღერძი შეიძლება ჩამოიშალოს ან, ყოველ შემთხვევაში, – სერიოზული ზიანი მიადგეს.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ეს პრობლემა გუშინ და გუშინწინ არ შექმნილა. მას უფრო შორეული ისტორიული ფესვები აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როდესაც ხდებოდა საზღვრების განაწილება, მოსკოვი დაინტერესებული იყო იმით, რომ მეზობელ ხალხებს შორის არსებულიყო მოუგვარებელი სასაზღვრო მონაკვეთები. ამდენად, ეს არის ერთგვარი მემკვიდრეობა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს საბჭოთა ეპოქისგან „ერგო“.

ტერიტორიების გაცვლაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკება ძალიან ძნელია, იქიდან გამომდინარე, რომ ვინაიდან ოფიციალურ ბაქოს აქვს ყარაბაღის პრობლემა, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც დავით გარეჯის ტერიტორიას „დათმობს“ (თუნდაც, გაცვლის ფორმით), აღქმული იქნება, როგორც „მიწების ჩამბარებელი“. მთიანი ყარაბაღის შემდეგ, კიდევ ერთი ტერიტორიის „დათმობა“, ან თუნდაც სარფიანად გაცვლა, მმართველი ელიტისთვის პრობლემური გახდება. შესაბამისად, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელიც მის მყარ პოლიტიკურ პლატფორმას, მართალია, ვერ დაამხობს, მაგრამ სერიოზულად შეარყევს.

ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ თბილისის მცდელობას, საკითხის მოგვარებაში ჩართოს დასავლელი პარტნიორები, აზერბაიჯანი თავისი უსაფრთხოების გამოწვევად განიხილავს და სწორედ ეს აჩენს იმ ბზარს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორულ ურთიერთობებს.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

მეორე მხრივ, ამ სამონასტრო კომპლექსზე საქართველოს მიერ თავისი ინტერესის დათმობა ასევე ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რადგან დავით გარეჯი ქართველობის ერთ-ერთი მაიდენტიფიცირებელია და მასზე უარის თქმა სულიერ მემკვიდრეობაზე უარის ტოლფასად მიიჩნევა.

აღნიშნული გარემოებებისხ გათვალისწინებით, საკითხის მოგვარება, პრაქტიკულად, ჩიხშია შესული.

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სწრაფი დემარკაციის საკითხის დაყენება, ალბათ, ნაადრევი იყო, ვინაიდან უახლოეს მომავალში არც საქართველო და არც აზერჯაიჯანი მზად არ არიან იმისთვის, რომ პასუხი გასცენ კითხვას – ვის ტერიტორიაზე უნდა იყოს დავით გარეჯის კომპლექსი.

აღნიშნული უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება თუ არა რომ სერიოზულად აისახოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე?

ეს იმაზეა დამოკიდებული, სადამდე „შეყვებიან“ მხარეები ერთმანეთს. ამ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება ის, რომ არსებული მდგომარეობა შენარჩუნდეს. ამასთან, ქართველებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა სამონასტრო ძეგლებზე და არ არსებობდეს სასაზღვრო დაბრკოლება. დროთა განმავლობაში კი, უკვე შეიძლება იმაზე ფიქრი, როგორი უნდა იყოს სადავო ტერიტორიის სტატუსი.

მითუმეტეს, ორივე ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ არ ღირს ამ საკითხს საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობა გადააყოლოს, რადგან ეს, ერთი მხრივ, გამოიწვევს აზერბაიჯანის ტერიტორიულ იზოლაციას (მას ხომ ისედაც ერთ მხარეს ზღვა ეკვრის, მეორე მხარეს – ირანის ისლამური რესპუბლიკა და სომხეთი), მეორე მხრივ კი, სერიოზულად დააზარალებს საქართველოს ინტერესებსაც – აზერბაიჯანი არამარტო ანგარიშგასაწევი ინვესტორია ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია პოლიტიკის ბევრი მიმართულებით.

რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ მეზობელს – სომხეთს, მასთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა შეიძლება შევაფასოთ, როგორც პრაგმატული, მდგრადი და კეთილმეზობლური. ამის მიღწევა და შენარჩუნება კი არც ისე ადვილი უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და სომხეთს განსხვავებული სტრატეგიული მიზნები გააჩნიათ: ოფიციალური თბილისისთვის პრიორიტეტულია ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება და შესაბამისად, – დასავლეთთან ინტეგრაცია, ოფიციალური სომხეთი კი მტკიცედ რჩება რუსულ ორბიტაზე. მიუხედავად ასეთი რადიკალურად განსვავებული პოზიციებისა,  საქართველოს და სომხეთის ხელისუფლებები იჩენენ კეთილგონიერებას და ურყევად ახორციელებენ თანამშრომლობისა და კეთილგანწყობილი ურთიერთობის პოლიტიკას. თქვენი აზრით, რა სიახლეებს შეიძლება ველოდეთ მომავალში საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში?

ნიკოლ ფაშინიანი თბილისში

ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა სომხეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ-სომხურ ურთიერთობებს თუ რაიმე აფუჭებს, ეს არის დიდი სახელმწიფოების ინტერესები და დიდი გეოპოლიტიკური თამაშები. ეს, ალბათ, სწორი მიდგომა და პოზიციაა, სომხეთის დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე.

დღეს ამ ქვეყნისთვის ძალიან ძნელია მაღალი საერთაშორისო პოლიტიკური ავტონომიურობის მიღწევა იმის გათვალისწინებით, როგორ მდგომარეობაშიც იმყოფება: ორი ჩაკეტილი საზღვარი, ფრონტის ხაზი, სამხრეთით – ირანი და ერთადერთი „სიცოცხლის გზა“, რომელიც საქართველოზე გადის…

ასეთ ვითარებაში, სომხეთს დღეს, როგორც არასდროს, აინტერესებს, რომ საქართველოში იყოს სტაბილური მდგომარეობა, ვინაიდან თავად სომხეთის მდგრადი განვითარება  მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საქართველოს სტაბილურობაზე.

აქედან გამომდინარე, ორი ქვეყნის ურთიერთობებში რაიმე არსებითი სიახლეები ნაკლებად არის მოსალოდნელი და ახლო მომავალში იგივე სულისკვეთება შენარჩუნდება. ამასთან, ოფიციალურ თბილისს გააჩნია გარკვეული კაპიტალი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არის ნეიტრალური მხარე და შეუძლია ითამაშოს მედიატორის როლი აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. თავად თბილისი იმითაც არის დაინტერესებული, რომ ეს კონფლიქტი ჩაცხრეს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნებისმიერი ინტეგრაციული პროექტი დასაღუპად იქნება განწირული.

ბატონო გიორგი, თქვენ ისაუბრეთ საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე და მათთან ჩვენი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე. მოდით, ბოლოს, შევკრათ საერთო სურათი და ამ სურათს დავამატოთ ირანიც, რომელიც მართალია, საქართველოს უშუალოდ არ ესაზღვრება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. რა სიახლეებს უნდა ველოდეთ სამხრეთ „კავკასიური ცარცის წრეში“ და რას მოუტანს ეს სიახლეები საქართველოს?

ირან-საქართველოს ურთიერთობა ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, ეს ურთიერთობები, თავის მხრივ, ხომ არ შეუქმნის პრობლემას ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. თუმცა, 2006 წელს, ირანსა და აშშ-ს შორის მორიგი დაძაბულობის პიკის დროს, როდესაც საქართველომ და ირანმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნათლად განმარტა, რომ საქართველოს გააჩნია თავისი სამეზობლო პოლიტიკა, აქვს სრული უფლება, მეზობლებთან ჰქონდეს ორმხრივი ურთიერთობები და ვაშინტონი ამას გაგებით ეკიდება.

ირანი, როგორც ცალკე აღებული მოთამაშეც, შეიძლება ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს საქართველოსთვის – ამ ქვეყანას  საკმაოდ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული რესურსები გააჩნია. ამასთან, 70-მილიონიანი ირანის ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია, მართალია, ის დღეს სანქციების ქვეშ არის მოქცეული და ჩაკეტილია, მაგრამ მისი გახსნის შემთხვევაში, საქართველოს დიდი ეკონომიკური სარგებლის ნახვა შეუძლია.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის როლს სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ხელეწიფება, რეგიონის ცენტრად ჩამოყალიბდეს. ამის წინაპირობებზე ზემოთ ვისაუბრეთ – საქართველოს გარეშე სომხეთი იზოლირებული რჩება, აზერბაიჯანს სერიოზული პრობლემები ექმნება… გარდა ამისა, რომ არა საქართველო, ცენტრალური აზიაც მხოლოდ რუსეთსა და აღმოსავლეთის მიმართულებაზე იქნება მიბმული. ამდენად, ჩვენი ქვეყანა არის ღია ფანჯარა ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვისაც. დღეს, სამწუხაროდ, ამ კუთხით, სამეზობლო პოლიტიკას არ ვატარებთ  და საკუთარ პროაქტიულ დღის წესრიგს არავის ვთავაზობთ. არადა, ამ მიმართულებით გააქტიურებით, საკმაო პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეგვიძლია.

 

ესაუბრა გიორგი ასანიშვილი