უკრაინა და (დეზ)ინტეგრაციის პროცესში მყოფი “კაპიტალის იმპერია” (ნაწილი II)

ავტორიიულია იურჩენკო, დიდი ბრიტანეთის გრინვიჩის უნივერსიტეტის, პოლიტიკური ეკონომიკის დეპარტამენტის მკვლევარი. ავტორი წიგნისაუკრაინა და კაპიტალის იმპერია: მარკეტიზაციიდან შეიარაღებულ კონფლიქტამდე” (Pluto Press, London 2018)

წინამდებარე სტატია პირველად გამოქვეყნდა 2021 წლის სექტემბერში გამოცემულ კრებულში: “აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ეკონომიკატრანზიციაშიყოფნის 30 წლის თავზე”  (Palgrave macmillan, 2021)

სოციალური ძალები და უკრაინის მრავალშრიანი კონფლიქტის წარმოქმნა

მითი დემოკრატიის შესახებ, რომელიც ზემოთ (წინა ნაწილში – მთარგმნ.) ვახსენეთ, სიცოცხლისუნარიანი გახდა უკრაინის “დამოუკიდებლობის” წლებში. ეს მოხდა წარმატებისა და სავალდებულო ადაპტაციის ნაზავით, მმართველი ბლოკისა და მისი მოწინააღმდეგე ფრაქციების სხვადასხვა კომბინაციებით, კადრებისა და მათი მეტოქეების მუდმივი ცვლილებებით; და ეს მაშინ, როდესაც ეჭვგარეშე იყო, რომ უმთავრესი პოლიტიკა რჩებოდა ნეოლიბერალური, ხოლო მისი ხასიათი – კლეპტოკრატიული.

დემოკრატიის მითი “ტრანზიციის” მითის შემავსებელია –  ის ეხმარება სოციალური კონსენსუსის დისკურსულად გამართვას, ანუ “პასიურ რევოლუციას”. და ეს ხორციელდება იმის მტკიცებით,  რომ ნეოლიბერალური კაპიტალიზმი ის გზაა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს არჩეული, რომ ბაზრების საშუალებით დემოკრატია მოვა, საწარმოო თავისუფლება მოვა და ინდივიდუალური თავისუფლებაც მოვა. აქ საერთოდ არ არის ცხადი, თუ როგორ არის შესაძლებელი დემოკრატიული წესრიგის მიღწევა ისეთ საზოგადოებაში, რომელიც კერძო ინტერესებს საჯარო ინტერესებზე მაღლა აყენებს, სადაც სოციალური და ინსტიტუციური დიალოგი გახრწნილია –  ანუ ისეთ საზოგადოებაში, როგორიც უკრაინაშია. მიუხედავად ამისა, დემოკრატიის პრეტენზია ყველაზე ეშმაკური და ძლიერი მითია რომელიც ავტორიტარულ ნეოლიბერალიზმს გადარჩენისა და უფრო ფართოდ გავრცელების საშუალებას აძლევს. ნაცვლად დემოკრატიისა, ნეოლიბერალური კლეპტოკრატიის რეჟიმის ინსტიტუციონალიზაცია სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ამომრჩევლებს პოლიტიკურ და სოციალურ ძალაუფლებისაგან განძარცვავენ და ეს ყველაფერი მწვავდება მათთვის ეკონომიკური ძალაუფლების ჩამორთმევითა (როგორც ამას ყოფელწლიურად ადასტურებს კიევის სტატისტიკის დამოუკიდებელი ინსტიტუტის გამოკითხვები) და მისი ვირტუალურ ძალაუფლებად ქცევით, პოლიტიკური დისკურსისა და პარტიული პოლიტიკისათვის იდეოლოგიური შინაარსის გამოცლით (Dyczok, 2005, 2006, 2009; Wilson, 2005, 2014).

1991 წლის შემდგომ, ძველი “აპარატჩიკების” უმეტესობამ ძალაუფლება შეინარჩუნა. ისინი, ოლიგარქებად ქცეულ კრიმინალებთან ერთად შემდგომში დანაწევრებული და დაყოფილი მმართველი ბლოკის ნაწილები გახდებიან. მათი მიზანიც ის გახდება, რომ დემოკრატიის ფასადი შეინარჩუნონ და ქმედითად მოახდინონ პოლიტიკური წესრიგის დესტაბილიზაცია იმ დონემდე, რომ აჯანყებამდეც კი მიიყვანონ საქმე. და უკვე შეიარაღებული კონფლიქტიც კი შესაძლებელია. ხალხის პოლიტიკური ძალაუფლებისაგან განძარცვა და რეპრეზენტაციის კრიზისი უკრაინაში ცხადად ჩანს უკრაინული პოლიტიკური პარტიების პროგრამების დეკლარაციული ხასიათიდან და მათი პოლიტიკიდან: მათი ვირტუალური (და არა ხელშესახები) ქცევისგან, რომელმაც პოლიტიკოსების მიმართ ზოგადი უნდობლობა და ამომრჩეველთა აპათია გამოიწვია (D’Anieri, 2007; Kuzio, 1999, 2005; Wilson, 2005). პარტიების მიმართ უნდობლობის პრობლემა აქ “გადაიჭრება” ოლიგარქებთან ასოცირებული პარტიების მხრიდან ამომრჩეველთა “გულის მოგებით” და პოლიტიკოსების მოსყიდვით, რომლებიც ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში შედარებით იაფია და ცხადია, უფრო იაფია, ვიდრე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეფორმები.

ახლადაღმოცენებული კლეპტოკრატიული რეჟიმის კონკურენტული, მმართველი და საბოლოო ჯამში კაპიტალისტური კლასის (გარკვეული ნაწილის) კაპიტალის დაგროვების ამბიციები სპეციალურად შექმნილი პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული სერვისები იყო (D’Anieri, 2007; Wilson, 2005). ამ ორივეს (პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების) გადარჩენა დამოკიდებული იყო ვირტუალურ პოლიტიკაზე და შემდეგი ორი მითის მატერიალიზებაზე – მითი “ორი უკრაინის” შესახებ, და მითი “სხვის” (“the other”) შესახებ. პარტიებს შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებები, რომლებიც მმართველი და კაპიტალისტური ბლოკის ნაწილებთან ასოცირდებოდა, ხელოვნურია და მას თავისი წვლილი შეაქვს დემოკრატიის მითის შექმნასა და შენარჩუნებაში. ეს ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვის მისცემ ხმას, მაინც მარკეტიზაციასა და კლეპტოკრატიას მიიღებ, უბრალოდ სახეები შეიძლება შეიცვალოს.

ადრეული 1990-იანებიდან, უკრაინის პოლიტიკურ სცენაზე, მრავალ ფრაქციას შორის, რამოდენიმე დომინირებდა, რომელთაც მათი რეგიონალური აფილიაციის, წარმომავლობისა და მათი აქტივების ლოკაციის მიხედვით მოიხსენიებდნენ: ესენი იყო დნეპროპეტროვსკი და დონეცკი. 2014 წელს, იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდეგ, ეს ორი ბლოკი უფრო მრავალფეროვანმა მმართველმა ბლოკმა ჩაანაცვლა. ბლოკებს შორის ძალაუფლება რამოდენიმეჯერ გადანაწილდა და ეს პროცესი შეიძლება რამოდენიმე პედიოდად შეჯამდეს.

პირველი პერიოდი – 1991-1998(9) წლები – უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო და ხასიათდებოდა დნეპროპეტროვსკის ბლოკის აშკარა დომინაციით, ორი პრეზიდენტით – კრავჩუკი (1991-1994) და კუჩმა (1994 წლიდან მოყოლებული) – და პრემიერ-მინისტრ ლაზარენკოთი. ეს ბლოკი მოიცავდა წევრებს ახალი ნომენკლატურიდან (neo-nomenklatura) და ჩამოყალიბების პროცესში მყოფ კაპიტალისტებს, რომლებიც კრიმინალურ-პოლიტიკური ნაზავის გარემოდან და ასევე “კომსომოლიდან” (საბჭოთა კავშირის საკავშირო მასშტაბის კომუნისტური ახალგაზრდული კავშირი) მოდიოდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში, პირველი ოლიგარქები აღმოცენდნენ გაზის, ნავთობის, ლუბრიკანტებისა და საწვავის ვაჭრობით, ლაზარენკოს, ტიმოშენკოსა და პინჩუკის წინამძღოლობით (კომპანიები KUB  და შემდეგ უკვე YeESU). ამავდროულად, კონკურენტული ჯგუფი ვითარდებოდა დონეცკის ოლქში და ხასიათდებოდა დაგროვების, ისევე როგორც რესურსებისა და კომპანიების ექსპროპრიაციის ძალადობრივი მეთოდებით. დამოუკიდებელი უკრაინის კონსტიტუცია ბოლოს და ბოლოს 1996 წელს მიიღეს, რომელმაც ქვეყანა საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკად აქცია და ამდენად, ხელი შეუწყო კუჩმას საპრეზიდენტო ადმინისტრაციისა და მისი დნეპროპეტროვსკელი გულითადი მეგობრების მიერ ცენტრალიზებული კონტროლის დამყარებას.

მეორე პერიოდში – 1998(9)-2004 წლები – უკრაინის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში შესამჩნევი გახდა დონეცკის ბლოკის მზარდი ბერკეტები. ეს მოიაზრებდა რამოდენიმე უმაღლესი დონის სახელმწიფო თანამდებობის პირის, მათ შორის პრემიერ-მინისტრების აზაროვისა და შემდგომში – იანუკოვიჩის დანიშვნას. კაპიტალისტური კლასის ფრაქციები ჩამოყალიბდა სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი (SOEs) საწარმოების პრიმიტიული დაგროვებითა და ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფში (FIGs) კაპიტალის კონცენტრაციით, რა პროცესშიც დონეცკელი ძალები დომინირებდნენ. გვიანი 1990-იანებისათვის ეს ძალები აღმოცენდნენ, როგორც თავისთვის არსებული ფრაქცია-კლასები და ჩამოაყალიბეს “რეგიონების პარტია” – და სხვა პარტიებიც – იმისათვის, რათა საკუთარი ინტერესები ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში პირდაპირი მონაწილეობით გაეტარებინათ. დნეპროპეტროვსკის ახალი ნომენკლატურიდან დონეცკის ფრაქციაზე ძალაუფლების თანდათანობითი გადასვლა დაიწყო ლაზარენკოსთან დაკავშირებული ფულის გათეთრების სკანდალით, ტიმოშენკოსა და YeESU-ს მიერ გაზის ბაზარზე კონტროლის დაკარგვითა და კუჩმასა და პინჩუკის კლასის ფრაქციის კომპრომისით დონეცკელ ძალებთან. 2004 წლის მიწურულს, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ,  – ანუ “ნარინჯისფერი რევოლუციის” პერიოდში – საკონსტიტუციო რეფორმა იქნა მიღებული, რომელმაც ძალაუფლება პარლამენტს გადასცა, რათა არჩევნებში იანუკოვიჩის დამარცხების შემთხვევაში უზრუნველეყო რეგიონების/დონეცკის პარტიის ბერკეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მესამე პერიოდი –  2004-2007 წლებში –  იყო მცირე “უმეფობის ხანა,” ე.წ. “ინტერრეგნუმი”. 2004 წლის ბოლოს, მეტოქე კაპიტალისტური ფრაქციებს შორის ძალაუფლებრივი ბრძოლა საპრეზიდენტო არჩევნებში ორთვიანი სამოქალაქო პროტესტით დასრულდა, რომელიც ისტორიაში “ნარიჯისფერი რევოლუციის” სახელით შევიდა. ის მიჰყავდა საპრეზიდენტო კანდიდატ იუშჩენკოს  – და მის მხარდამჭერ ტიმოშენკოს. მათ მხარს უჭერდნენ დონეცკის ფრაქციები (ტარუტასა და მკრტჩიანის კორპორაცია “დონბასის ინდუსტრიული კავშირი” – ISD), დნეპროპეტროვსკული კაპიტალი (კოლომოისკისა და ბოგოლიუბოვის “პრივატ გრუფი”), და უკრაინის დასავლელი პარტნიორები – ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ეს პროტესტი დონეცკის ბლოკის წარმომადგენელი იანუკოვიჩის მიერ არჩევნების გაყალბებაზე რეაქცია იყო, რომლის კანდიდატურასაც მხარს უჭერდა მიმავალი პრეზიდენტი კუჩმა, ახმეტოვის “სისტემ კაპიტალ მენეჯმენტ” (SCM) ჯგუფი, პინჩუკის “ინტერ-ფაიფ გრუპი” (Inter-pipe Group), და რუსეთი. შედეგად, ხავერდოვანი ჯგუფის შიგნით მყოფმა  მეტოქე ძალებმა ვერ შეძლეს ფართო კოალიციიის ფორმირება ძალაუფლების სხვადასხვა განშტოებებს შორის. ამდენად, პოლიტიკური კომპრომისის ძიება სხვაგან დაიწყო, იანუკოვიჩის ბლოკისა და “რეგიონების პარტიის” ელემენტებთან ერთად. საპარლამენტო კონფლიქტში დომინირებდნენ ოპოზიციური პარტიები და მათთან ასოცირებული კონკურენტული კაპიტალისტური კლასის ფრაქციები; ხოლო პრეზიდენტი იუშჩენკოს უუნარობამ, რომ ერთგულება შეენარჩუნებინა მის ძველ მხარდამჭერებთან, ტიმოშენკოს ძალაუფლების დაკარგვა და პრემიერ-მინისტრად იანუკოვიჩის დანიშვნა გამოიწვია. პარტიები, რომლებიც იუშჩენკოსა და ტიმოშენკოსთან ასოცირდებოდნენ, სწრაფად კარგავდნენ მხარდაჭერას, და 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში “რეგიონების პარტიის” გამარჯვებამ მათ საპარლამენტო უმრავლესობა მოუტანა. ეს მოვლენა გახდა დონეცკის ბლოკის ძალაუფლების ფორმალური ცენტრალიზაციის დასაწყისი.

2007-2013(4) წლებში დონეცკის ბლოკი ქვეყანაში ძალაუფლებას ინარჩუნებდა. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და იუშჩენკოს პარტია “ჩვენი უკრაინას”-სთან კოალიციის შექმნამ, ტიმოშენკო ხელახლა გახადა პრემიერ-მინისტრი. როგორც კი გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა უკრაინასაც დაარტყა, ტიმოშენკოს მტრობა ფირტაშთან, რომელიც გაზის ბაზრებთან იყო დაკავშირებული, რუსეთთან ე.წ. “გაზის ომებში” გადაიზარდა (ეს ის ეპიზოდებია, როდესაც გაზის მომარაგება წყდება და გაზის ფასი რუსეთის მიერ მის უკრაინასთან ურთიერთობაში გეოპოლიტიკური შანტაჟის ფორმად გამოიყენება). ამან ტიმოშენკოს, როგორც პრემიერ-მინისტრს სახალხო მხარდაჭერა გამოაცალა. ეს ყველაფერი იანუკოვიჩს 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოგებაში დაეხმარა, რაც “რეგიონების პარტიის” საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, დონეცკის ბლოკს აძლევდა კონტროლს ძალაუფლების როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო შტოებზე. ძალაუფლების ცენტრალიზაცია ახლა კიდევ უფრო განმტკიცდა, და სხვა საკითხებთან ერთად, 2004 წელს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფორმის საშუალებით, მოიაზრებდა პრეზიდენტის ხელში ძალაუფლების ვერტიკალურ კონცენტრაციას. ეს ასევე ნიშნავდა სასამართლო სისტემაზე კონტროლის გავრცელებას 2010 წლის ივლისში მიღებული კანონის საფუძველზე. ეს კანონი სამართლებრივ სისტემასა და სასამართლოებს შეეხებოდა და “ერთდროულად წარმოადგენდა როგორც პრეზიდენტის მიერ სასამართლოებზე ძალაუფლების განხორციელების ინსტრუმენტს, ისე სამართლის ადმინისტრაციის გაუმჯობესების მცდელობას” (Solomon, 2011).

შემდეგი პერიოდი, რომელიც 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში დაიწყო, ხასიათდება აჯანყებით, ყირიმის ანექსიით, სამოქალაქო ბრძოლების გახშირებითა და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებით. ეს უკანასკნელი “ორი უკრაინისა” და “სხვის” შესახებ ნაწარმოები მითების პირდაპირი შედეგია, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატიზმი. ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის დროის მოახლოებასთან ერთად, კუჩმას მიერ წამოწყებული მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა პიკს უახლოვდებოდა. სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სტრუქტურულ რეფორმებთან დაკავშირებული სესხების (SALs) ლობირებამ არ გაჭრა, ეს საქმე უნდა დაემთავრებინათ და ტრანსნაციონალური კაპიტალის შესვლა და ფუნქციონირება უფრო კომფორტული უნდა გაეხადათ ვალით დისციპლინირებას და ევროკავშირთან “ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმების” (DCFTA) უხვ მექანიზმებს. ეს ხელშეკრულება უპრეცედენტო იყო მისი მასშტაბითა და სიღრმით სამი კონკრეტული მახასიათებლის გამო: “მისი დეტალურობითა და ყველა ელემენტის მოცვით, კომპლექსურობით, და პირობითობებით” (Petrov et al., 2015: 2 et passim). ეკონომიკა დასუსტებული იყო შეიარაღებული კონფლიქტისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ინდუსტრიული წარმოების დანაკარგის გამო. 2014 წლის ბოლოსკენ, ეს დანაკარგი 7-8 მილიარდ დოლარად შეფასდა, რაც მშპ-ს დაახლოებით 6 პროცენტს შეადგენდა (Havlik, 2014). საგარეო ვალზე მძიმე დამოკიდებულებამ და მუდმივი დეფოლტის ზღვარზე მყოფმა სახელმწიფო ბიუჯეტმა იანუკოვიჩის ადმინისტრაცია შეუძლებელი არჩევანის წინაშე დააყენა. დონბასის ინდუსტრიის მფლობელი ოლიგარქების წნეხის ქვეშ მყოფმა იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე სამიტზე, რომელიც ვილნიუსში, 2013 წლის ნოემბერში გაიმართა. უკრაინის პოლიტიკის მოკლევადიანი მიდგომების გრძელვადიანი შედეგები უკვე იზრდებოდა ყველაზე ღრმა და მრავალშრიან კრიზისში რაც კი ქვეყანას განუცდია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი შიმშილის შემდეგ.

დონეცკის ბლოკის წევრების მოშორებამ (რაც ხშირად მათივე გადაწყვეტილება იყო) და 2014 წელს, “რეგიონების პარტიის” ეფექტურმა დაშლამ, დანარჩენ კაპიტალისტურ ფრაქციებს შორის მეტოქეობა ინტენსიურ ფაზაში შეიყვანა. დემოკრატიული მანდატის არ არსებობის პირობებში, პრეკარული “ახალი” მმართველი ბლოკი უფრო მეტად დაეყრდნო საზოგადოების დაყოფას –  “ორი უკრაინის” შესახებ მითს და თითოეულის მეორესათვის “სხვად” აღქმას. საზოგადოების ასეთი ღრმა პოლარიზება  სამოქალაქო კონფლიქტის პირობებში შეიძლება დაიჯაბნოს მხოლოდ ძალადობრივი იძულების წესით, რომელსაც, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ლეგიტიმაცია მიღებული აქვს იმავე კონფლიქტისაგან, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს. თუმცა, პოლარიზების რიტორიკის ქვეშ, ყოველდღიური სოციო-ეკონომიკური ბრძოლა ისაა, რაც ბევრ უკრაინელს აერთიანებს. ამ გარემოების აღიარება პრეკარული მმართველების ერთ-ერთ ყველაზე დიდ შიშად იქცა. მათი პოლიტიკური ცხოვრების ვადა ახლა უკვე პირდაპირ იყო დამოკიდებული იმ კონფლიქტის სიცოცხლისუნარიანობაზე, რომლის დაწყებაც მათ დაუშვეს. პოროშენკოს მიერ ნაციონალისტური რიტორიკის ადაპტირება და მისი უადგილო ფლირტი ნეო-ნაცისტებთან – რომელიც საჯარო დისკურში მათთან დისტანცირებით იცვლებოდა ხოლმე – ყველაფერი ეს ამ დამოკიდებულების და კლეპტოკრატიული რეჟიმის სისუსტის მანიშნებელი იყო, რამაც გზა გაუკვალა მმართველი ბლოკის ყველაზე ბოლო პერიოდის ტრანსფორმაციას.

2019 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო პერიოდი დაიწყო, როდესაც ქვეყანამ უარი თქვა პოროშენკოს ნაციონალისტურ შემობრუნებასა და პოროშენკოს სლოგანზე “არმია, ენა და რწმენა” და მის ნაცვლად, აირჩია მისი პირველი “კოლექტიური პრეზიდენტი,” რომელსაც შემდგომ ნაწილში უფრო დეტალურად განვიხილავ.

წინამდებარე სტატია პირველად გამოქვეყნდა 2021 წლის სექტემბერში გამოცემულ კრებულში: “აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ეკონომიკა “ტრანზიციაში” ყოფნის 30 წლის თავზე”  (Palgrave macmillan, 2021)

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი