Karl Polanyi - დიდი ტრანსფორმაცია, თავი II

თავი II

კონსერვატიული 20-იანი და რევოლუციური 30-იანი წლები

საერთაშორისო ოქროს სტანდარტის ჩამოშლა წარმოადგენდა უხილავ კავშირს საუკუნის დასაწყისში დაწყებული მსოფლიო ეკონომიკის დაშლასა და 30-იან წლებში ცივილიზაციის ტრანსფორმაციას შორის. ამ ფაქტორის სასიცოცხლო მნიშვნელობის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია იმ მექანიზმის სწორად გაგება, რომელმაც ევროპას საკუთარი განადგურებისაკენ გაუკვალა გზა; ან თუნდაც იმ გარემოების აღქმა, რომელმაც ახსნა ის საკვირველი ფაქტი, რომ ცივილიზაციის ფორმა და შინაარსი მსგავს არასაიმედო საფუძვლებს უნდა დაეყრდნოს.

მხოლოდ სისტემის კრახის შემდგომ იქნა გააზრებული იმ საერთაშორისო სისტემის ჭეშმარიტი ბუნება, რომლის პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობდით. იშვიათად თუ ვინმეს ესმოდა საერთაშორისო მონეტარული სისტემის პოლიტიკური ფუნქცია. ამიტომაც, ტრანსფორმაციის სახიფათო მოულოდნელობამ მსოფლიო სრულიად გააოგნა. და მაინც, ოქროს სტანდარტი ტრადიციული მსოფლიო ეკონომიკის უკანასკნელი საყრდენი იყო; მის ჩამოშლას კი აუცილებლად მყისიერი ეფექტი ექნებოდა. ლიბერალური ეკონომისტებისთვის ოქროს სტანდარტი წმინდად ეკონომიკური ინსტიტუცია იყო; მათ იმაზეც კი უარი თქვეს, რომ ეს ინსტიტუცია სოციალური მექანიზმის ნაწილად მოეაზრებინათ. შესაბამისად, ისე მოხდა, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა, ყველაზე ბოლოს გაიაზრეს კატასტროფის ნამდვილი ბუნება და ყველაზე ნელი ტემპით შეებრძოლნენ მის შედეგებს. მაშინაც კი, როდესაც კატაკლიზმა თავს დაატყდათ, მათმა ლიდერებმა ვერ შენიშნეს, რომ საერთაშორისო სისტემის კოლაფსის უკან, ყველაზე პროგრესული ქვეყნების გრძელვადიანი განვითარება იდგა, რამაც ეს სისტემა ანაქრონისტული გახადა; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავად საბაზრო ეკონომიკის კრახი ლიდერებს გამორჩათ.

ტრანსფორმაცია იმაზე უფრო მოულოდნელად მოხდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. პირველი მსოფლიო ომი და ომისშემდგომი რევოლუციები ჯერ კიდევ XIX საუკუნის ნაწილი იყო. 1914-18 წლების კონფლიქტმა მხოლოდ დააჩქარა და განუზომლად გააღრმავა ის კრიზისი, რომელიც საკუთრივ ამ კონფლიქტის არ წარმოუქმნია. თუმცა, იმ დროისათვის, დილემის წარმომავლობის გარკვევა ვერ ხერხდებოდა; ომიდან გადარჩენილთა გადმოსახედიდან, „დიადი ომის“ საშინელებები და ნგრევები, საერთაშორისო წესრიგის წინაშე მოულოდნელად აღმოცენებული დაბრკოლებების წყაროს ჩამოჰგავდა. ვინაიდან, უეცრად აღმოჩნდა, რომ არ ფუნქციონირებდა მსოფლიოს არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური სისტემები, ხოლო ამ სიტუაციის ახსნა პირველი მსოფლიო ომის მიერ კაცობრიობის არსისადმი მიყენებულმა საშინელმა ჭრილობებმა განავითარეს. სინამდვილეში, ომისშემდგომი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელისშემშლელი ფაქტორები, იგივე წყაროებიდან აღმოცენდა, საიდანაც წარმოიშვა თავად „დიადი ომი“. 1900 წელს დაწყებული მსოფლიო ეკონომიკური სისტემის ჩამოშლა პასუხისმგებელი იყო 1914 წელს ამოხეთქილ პოლიტიკურ დაძაბულობაზე. ომისა და დადებული ხელშეკრულებების შედეგებმა, დაძაბულობა ზედაპირულად კი შეამსუბუქა გერმანული კონკურენციის აღმოფხვრით, მაგრამ დაძაბულობის მიზეზები გაამწვავა და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზარდა მშვიდობის პოლიტიკური და ეკონომიკური ხელის შემშლელი ფაქტორები.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ხელშეკრულებები საბედისწერო წინააღმდეგობებს მალავდნენ. დამარცხებული ქვეყნების მუდმივმა ცალმხრივმა განიარაღებამ თავიდან აიცილა ძალთა ბალანსის სისტემის ნებისმიერი განახლება, ვინაიდან ძალა ამ სისტემისთვის აუცილებელ რეკვიზიტს წარმოადგენდა. ჟენევა ტყუილად ელოდა სისტემის აღდგენას ევროპის კონცერტის გაფართოებულ და გაუმჯობესებულ ვერსიაში, რომელსაც „ერთა ლიგა“ ერქვა; ფუჭი იყო ლიგის პაქტით გათვალისწინებული კონსულტაციისა და ერთობლივი ქმედებების შესაძლებლობები, რადგან ძალთა დამოუკიდებელი ერთეულებისათვის აუცილებელი წინაპირობები აღარ არსებობდა. ლიგის შექმნა რეალობაში ვერასდროს მოხერხდა; არც ხელშეკრულებების აღსრულების შესახებ მე-16-ე მუხლი და არც მათ მშვიდობიანი გადახედვის თაობაზე მე-19-ე მუხლი შესრულებულა. ამგვარად, მშვიდობის მწვავე პრობლემის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტა – ძალთა ბალანსის სისტემის აღდგენა –  სრულიად მიუწვდომელი იყო; იმდენად, რომ საზოგადოებამ, რომელიც არსებობას დაბნეულობის აღუწერელ მდგომარეობაში აგრძელებდა, ვერც კი გაიაზრა ოციანი წლების ყველაზე კონსტრუქციული სახელმწიფო მოღვაწეების ჭეშმარიტი მიზანი. ერების ერთი მხრივ, განიარაღებული ჯგუფისა და მეორე მხრივ, შეიარაღებული ჯგუფის შემაძრწულებელი ფაქტის შემხედვარე – სიტუაციისა, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერ კონსტრუქციულ ნაბიჯს მშვიდობის უზრუნველსაყოფად –  ემოციური განწყობა ბატონობდა, რომ ლიგა, რაღაც იდუმალი გზებით მშვიდობიანი ეპოქის გარანტორი იყო, რომელსაც მუდმივად არსებობისათვის მხოლოდ სიტყვიერი გამხნევება სჭირდებოდა. ამერიკაში გავრცელებული მოსაზრება იყო, რომ მხოლოდ ამერიკა რომ შეერთებოდა ლიგას, საქმე სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ე.წ. „ომისშემდგომი სისტემის“ ორგანული სისუსტეების გაგების უუნარობის სამტკიცებლად უკეთესი არგუმენტი ვერ მოიძებნებოდა; ე.წ. იმიტომ, რომ თუ სიტყვებს მნიშვნელობა გააჩნიათ, ევროპა ახლა ყოველგვარი პოლიტიკური სისტემის გარეშე იყო. მსგავსი გაშიშვლებული სტატუს-კვო მხოლოდ იმდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, რამდენიც – მხარეთა ფიზიკური გადაღლა. გასაკვირი არ არის, რომ XIX საუკუნის სისტემასთან მიბრუნება ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა. ამასობაში, „ლიგის საბჭოს“ შესაძლოა მინიმუმ ისე ეფუნქციონირა, როგორც ერთგვარ ევროპულ დირექტორატს, სწორედ ისე, როგორც ევროპის კონცერტი ფუნქციონირებდა მისი ზენიტისას, საბედისწერო ერთსულოვნების წესისამებრ, რომელმაც დაუმორჩილებელი პატარა ქვეყანა მსოფლიო მშვიდობის არბიტრად გაამწესა. დამარცხებული ქვეყნების მუდმივი განიარაღების აბსურდულმა წესმა გამორიცხა ყველა კონსტრუქციული გადაწყვეტა. ამ კატასტროფული მდგომარეობის ერთადერთი ალტერნატივა ორგანიზაციული ძალით დაჯილდოვებული საერთაშორისო წესრიგის დამყარება იყო, რომელიც გადაწონიდა ეროვნულ სუვერენიტეტს. თუმცა კი, მსგავსი კურსი სრულიად სცილდებოდა იმ პერიოდის თვალსაწიერს. არცერთი ევროპული ქვეყანა, რომ არაფერი ვთქვათ შეერთებულ შტატებზე, ასეთ სისტემას არ დაემორჩილებოდა.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ჟენევის პოლიტიკა – რომელიც მშვიდობის დაცვის მეორე ვარიანტად მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას უჭერდა მხარს, გაცილებით თანმიმდევრული იყო. მაშინაც კი, თუ ძალთა ბალანსის სისტემა წარმატებით აღდგებოდა, ეს სისტემა მშვიდობის სასარგებლოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებდა, თუ ძალთა ბალანსის სისტემასთან ერთად საერთაშორისო ფულადი სისტემაც განახლდებოდა. სტაბილური მიმოცვლისა და თავისუფალი ვაჭრობის არარსებობის პირობებში, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, წარსულის მსგავსად, მშვიდობას მინიმალური ინტერესით მოეკიდებოდნენ და მშვიდობისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იბრძოლებდნენ, თუ ის მათ უმთავრეს ინტერესებში არ ჩაერეოდა. იმ დროის სახელმწიფო მოღვაწეთა შორის, პირველმა ვუდრო უილსონმა გააცნობიერა მშვიდობისა და ვაჭრობის ურთიერთდამოკიდებულება, და გააცნობიერა არა მხოლოდ როგორც ვაჭრობის, არამედ ასევე როგორც მშვიდობის გარანტია. რა გასაკვირია, რომ ლიგა ჯიუტად ცდილობდა საერთაშორისო სავალუტო და საკრედიტო ორგანიზაციის აღდგენას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფის  ერთადერთ გარანტს, და რომ მსოფლიო, როგორც არასდროს, დამოკიდებული იყო საერთაშორისო ფინანსებზე, რომელიც ამჟამად, ნაცვლად ნ.მ. როტშილდისა, წარმოდგენილი იყო ჯ. პ. მორგანის მიერ.

XIX საუკუნის სტანდარტების მიხედვით, ომისშემდგომი პირველი ათწლეული რევოლუციურ ეპოქად გამოიყურებოდა; ჩვენს უახლეს გამოცდილებაზე დაყრდნობით კი, სწორედაც რომ პირიქით იყო: ეს ათწლეული ღრმად კონსერვატიული იყო და გამოხატავდა ლამის უნივერსალურ რწმენას, რომ 1914 წლამდე არსებული სისტემის „ამჯერად მყარ საფუძვლებზე“ აღორძინება, აღადგენდა მშვიდობასა და კეთილდღეობას. სინამდვილეში, წარსულში დაბრუნების ამ წარუმატებელი ძალისხმევის შედეგად დაიწყო ოცდაათიანი წლების ტრანსფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ომისშემდგომი ათწლეულის რევოლუციები და კონტრევოლუციები სანახაობრივი იყო, ისინი ან უბრალოდ სამხედრო მარცხის მექანიკურ რეაქციებს წარმოადგენდნენ, ან მაქსიმუმ – დასავლური ცივილიზაციისათვის ცნობილი ლიბერალური და კონსტიტუციონალისტური დრამის განმეორებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სცენაზე; მხოლოდ ოცდაათიან წლებში იყო, რომ სრულიად ახალმა ელემენტებმა იჩინეს თავი დასავლეთის ისტორიაში.

რუსეთის გამოკლებით, 1917-1920 წლების ძვრები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მათი სცენარის მიუხედავად, ბრძოლის ველზე დანებებული რეჟიმების გადაწყობისთვის უბრალოდ შემოვლით გზებს წარმოადგენდნენ. როდესაც კონტრრევოლუციური კვამლი გაიფანტა, აღმოჩნდა, რომ ბუდაპეშტის, ვენისა და ბერლინის პოლიტიკური სისტემები დიდად არ განსხვავდებოდნენ მათი ომამდელი მდგომარეობისგან. ოციანი წლების შუა პერიოდამდე, დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ფინეთზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, პოლონეთზე, ავსტრიაზე, უნგრეთზე, ბულგარეთზე, და თვით იტალიისა და გერმანიაზეც კი. ზოგიერთ ქვეყანაში, ეროვნული თავისუფლებისა და მიწის რეფორმის თვალსაზრისით დიდი წინსვლა ჰქონდათ – მსგავსი მიღწევები ევროპისათვის 1789 წლიდან იყო დამახასიათებელი. ამ მხრივ, არც რუსეთი წარმოადგენდა გამონაკლისს. იმ დროების ტენდენციას წარმოადგენდა ისეთი სისტემის დამყარება (ან აღდგენა), რაც ჩვეულებრივ, ინგლისის, ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციების იდეალებთან ასოცირდებოდა. არამარტო ჰინდერბურგი და უილსონი, ლენინი და ტროცკიც კი, ფართო გაგებით, დასავლური ტრადიციის გამზიარებლები იყვნენ.

ადრეულ ოცდაათიან წლებში ცვლილებები მოულოდნელად დაიწყო. მის გარდამტეხ მომენტებს წარმოადგენდნენ: დიდი ბრიტანეთის მიერ ოქროს სტანდარტის დატოვება; რუსეთის ხუთწლიანი გეგმა;  “ახალი გარიგების” (New Deal) – ჩაშვება; ნაციონალურ-სოციალისტური რევოლუცია გერმანიაში; და ლიგის დაშლა ავტარქისტული იმპერიების სასარგებლოდ. მაშინ, როცა XIX საუკუნის იდეალები „დიადი ომის“ ბოლოსთვის უმაღლესი ღირებულება იყო და მათი გავლენა მომდევნო ათწლეულშიც დომინირებდა, 1940 წლისთვის საერთაშორისო სისტემის ყველა ნარჩენი გამქრალი იყო და გარდა ზოგიერთი ანკლავისა, სახელმწიფოები სრულიად ახალ საერთაშორისო გარემოში ცხოვრობდნენ.

ჩვენი მტკიცებით, კრიზისის საფუძველი საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის საფრთხის შემცველი დაცემა იყო. ეს სისტემა საუკუნის დასაწყისიდან ხარვეზებით მუშაობდა, ხოლო „დიადმა ომმა“ და ხელშეკრულებებმა ის საბოლოოდ ჩამოშალეს. ეს ფაქტი ცხადი ოციანი წლებიდან გახდა, როდესაც ევროპაში ისეთი შიდა კრიზისიც კი ძლივს მოიძებნებოდა, რომელმაც თავის პიკს საგარეო ეკონომიკის საკითხთან დაკავშირებით არ მიაღწია. პოლიტიკის მკვლევრებმა ახლა უკვე სხვადასხვა ქვეყნები არა კონტინენტების მიხედვით, არამედ მყარი ვალუტისადმი მათი ერთგულების ხარისხის მიხედვით დააჯგუფეს. რუსეთმა მსოფლიო გააოცა რუბლის განადგურებით, რომლის ღირებულებაც ინფლაციის პრიმიტიული გზით ფაქტობრივად ნულამდე შემცირდა. ეს სასოწარკვეთილი სიმამაცე გერმანიამ გაიმეორა იმისათვის, რათა ხელშეკრულების მხარეები გაეცურებინა; რანტიეების კლასისთვის საკუთრების ექსპროპრიაციამ საფუძველი დაუდო ნაცისტურ რევოლუციას. ჟენევის პრესტიჟი დამოკიდებული იყო მის წარმატებაზე, ავსტრიასა და უნგრეთს ვალუტების აღდგენაში დახმარებოდა, ხოლო ვენა გახდა ლიბერალური ეკონომისტების მექა ავსტრიულ კრონაზე წარმატებით ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის გამო, რომლის პაციენტიც, სამწუხაროდ, ვერ გადარჩა. ბულგარეთში, საბერძნეთში, ფინეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, პოლონეთსა და რუმინეთში ვალუტის აღდგენამ კონტრრევოლუცია გამოიწვია ძალაუფლებაში მოსვლის მოთხოვნით. ბელგიაში, საფრანგეთსა და ინგლისში მემარცხენეები თანამდებობებიდან მყარი მონეტარული სტანდარტების სახელით გაყარეს. სავალუტო კრიზისების თითქმის უწყვეტმა ჯაჭვმა ღარიბი ბალკანელები საერთაშორისო საკრედიტო სისტემის მოქნილობის საშუალებით შეძლებულ შეერთებულ შტატებს დააკავშირა, რომელმაც არასრულად აღდგენილი ვალუტები ჯერ აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპაში გადაისროლა, ხოლო იქიდან – შეერთებულ შტატებში. საბოლოოდ, შეერთებული შტატები თავად მოემწყვდია ევროპული ვალუტების უმწიფარი სტაბილიზაციის ყურეში. საბოლოო ჩამოშლა დაწყებული იყო.

პირველი შოკი ეროვნული დონის სფეროებში გაჩნდა. ზოგიერთი ვალუტა, მაგალითად რუსული, გერმანული, ავსტრიული და უნგრული –  ერთ წელიწადში გაქრა. ვალუტათა ღირებულების უპრეცედენტო ცვლილების მიღმა, ის გარემოებაც სახეზე იყო, რომ ეს ცვლილება სრულად მონეტარიზებულ სისტემაში მოხდა. ადამიანთა საზოგადოება უჯრედული პროცესების წინაშე დადგა, რომლის შედეგებიც სცდებოდა არსებული გამოცდილების ფარგლებს. როგორც შიგნიდან, ისე გარედან, გაუფასურებულ ვალუტებს საყრდენი ეცლებოდათ. სახელმწიფოებმა მეზობლებისგან განცალკევება იგრძვნეს, თითქოს უფსკრული ყოფდეთო. ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის სხვადასხვა ფენაზე ამ ყველაფერს სულ სხვაგვარი, ხშირად საწინააღმდეგო გავლენა ჰქონდა. ინტელექტუალური საშუალო ფენა ფაქტობრივად პაუპერიზდა; ფინანსურმა ზვიგენებმა აურაცხელი ქონება დაახვავეს. სცენაზე უთვალავი მაინტეგრირებელი თუ დეზინტეგრაციის ხელშემწყობი ძალები გამოჩნდენ.

„კაპიტალის ფრენა“            ახალი ხილი იყო. არც 1848 წელს, არც 1866 წელს, და 1871 წელსაც კი, მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. და მაინც, აშკარა იყო მისი გადამწყვეტი როლი საფრანგეთის ლიბერალური მთავრობების ჩამოგდებაში 1925 და მოგვიანებით ისევ 1938 წელს, ისევე როგორც გერმანიის ფაშისტური მოძრაობის განვითარებაში 1930 წელს.

ვალუტა ეროვნული პოლიტიკების საყრდენი წერტილი გახდა. თანამედროვე ფულის ეკონომიკის პირობებში არავის უნდა განეცადა მარცხი და გამოეცადა ფინანსური ტარიფების ყოველდღიური შემცირება თუ გაფართოება. მოსახლეობები ვალუტაში გაცნობიერდნენ; რეალურ შემოსავალზე ინფლაციის გავლენა წინასწარ იყო გათვლილი და შემოსავლიდან ჩამოწერილი მასების მიერ; კაცებიც და ქალებიც სტაბილურ ფულს ადამიანთა საზოგადოებაში უზენაეს საჭიროებად განიხილავდნენ. მაგრამ ასეთი გაცნობიერებულობა იმის აღიარებასაც ნიშნავდა, რომ ვალუტა შესაძლოა ეროვნულ საზღვრებს მიღმა არსებულ პოლიტიკურ ფაქტორებზე ყოფილიყო დამოკიდებული. შესაბამისად, სოციალურმა გადატრიალებამ, რომელმაც ნდობა შეარყია მონეტარული საშუალებების თანდაყოლილი სტაბილურობისადმი, ასევე დაამსხვრია ურთიერთდამოკიდებულ ეკონომიკაში ფინანსური სუვერენიტეტის გულუბრყვილო კონცეფცია. აქედან გამომდინარე, ვალუტასთან დაკავშირებული შიდა კრიზისი მნიშვნელოვან საგარეო პრობლემებს გამოიწვევდა.

ოქროს სტანდარტისადმი რწმენა ეპოქის რწმენა იყო. ზოგთან ეს რწმენა გულუბრყვილო იყო, ზოგთან კრიტიკული, სხვებთან – ეშმაკეული კრედოთი გამოხატული, რომელიც გულისხმობდა ხორციელად მიღებას და სულიერად უარყოფას. თუმცა, თავად რწმენა ერთნაირი იყო, და სახელდობრ შემდეგს გულისხმობდა: ბანკნოტებს აქვთ ღირებულება, რადგან ისინი წარმოადგენენ ოქროს. მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ თავად ოქროს რატომ ჰქონდა ღირებულება: სოციალისტები როგორც ამბობდნენ, შრომას რომ განასახიერებდა იმიტომ, თუ როგორც ორთოდოქსული დოქტრინა ამტკიცებდა, სასარგებლო და იშვიათი რომ იყო იმ მიზეზის გამო. სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის ბრძოლამ უგულვებელყო ფულის საკითხი, რამაც კაპიტალისტები  და სოციალისტები სასწაულებრივად გააერთიანა. სადაც რიკარდო და მარქსი ერთმანეთს ეთანხმებოდნენ, მეცხრამეტე საუკუნე ეჭვს ვერ შეიტანდა. ბისმარკი და ლასალი, ჯონ სტიუარტ მილი და ჰენრი ჯორჯი, ფილიპ სნოუდენი და ქელვინ ქულიჯი, მიზესი და ტროცკი – ყველანი თანაბრად დანებდნენ ბედს. კარლ მარქსმა უდიდესი ტკივილები გაიარა იმისათვის, რათა ეჩვენებინა, რომ პრუდონის უტოპიური ჩანაწერები შრომაზე (რომელიც ვალუტის ჩანაცვლებას ეხებოდა) საკუთარი თავის მოტყუებას ემყარებოდა; და „კაპიტალი“ (Das Kapital) გულისხმობდა ფულის სასაქონლო თეორიას, რიკარდოსეული ფორმით. რუსი ბოლშევიკი სოკოლნიკოვი იყო პირველი ომისშემდგომი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ვალუტა ოქროს პირობებით აღადგინა; გერმანელმა სოციალ-დემოკრატმა ჰილფერდინგმა საფრთხეში ჩააგდო საკუთარი პარტია მყარი სავალუტო პრინციპების ერთგული ადვოკატირებით; ავსტრიელი სოციალ-დემოკრატი ოტო ბაუერი მხარს უჭერდა მონეტარულ პრინციპებს კრონის აღდგენის ხაზგასმით, რაც მისი შეუვალი ოპონენტის, ზაიპელის მიერ იყო ასევე ნაცადი; ინგლისელი სოციალისტი, ფილიპ სნოუდენი ლეიბორისტების წინააღმდეგ გამოვიდა, როდესაც ირწმუნა, რომ ფუნტი სტერლინგი მათ ხელში უსაფრთხოდ ვერ იქნებოდა; ხოლო დუჩემ ლირა ოქროსთან მიმართებაში 90-ზე დაამკვიდრა, რაზეც დაიფიცა, რომ თავსაც გასწირავდა მისი სიმყარის დასაცავად. ამ საკითხზე რთული იქნებოდა რაიმე ტიპის წინააღმდეგობის მოძებნა ჰუვერისა და ლენინის, ჩერჩილისა და მუსოლინის გამონათქვამებს შორის. მართლაც, ოქროს სტანდარტის მნიშვნელობა საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებისთვის ერთადერთი დოგმა იყო იმ დროში ყველა ერის, კლასის, რელიგიური მრწამსისა და სოციალური ფილოსოფიის ადამიანისთვის. ეს უხილავი რეალობა იყო, რომელზედაც სიცოცხლის სურვილს ჩაბღაუჭება შეეძლო, როდესაც კაცობრიობა ემზადებოდა მისი დაფშვნილი არსებობის აღსადგენად.

ძალისხმევა, რომელიც ჩაფლავდა, ყველაზე მასშტაბური იყო რაც კი მსოფლიოს უნახავს. ავსტრიაში, უნგრეთში, ბულგარეთში, ფინეთში, რუმინეთსა და საბერძნეთში, განადგურებული ვალუტების დასტაბილურება მხოლოდ რწმენის აქტი კი არ იყო ამ პატარა და სუსტი სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილობდნენ ოქროს სანაპიროების მისაღწევად, არამედ ამან მათი ძლიერი და მდიდარი სპონსორები – დასავლეთ ევროპელი გამარჯვებულებიც მკაცრი გამოცდის წინაშე დააყენა. სანამ გამარჯვებულთა ვალუტები მერყეობდა, დაძაბულობა თვალშისაცემი არ გამხდარა; ისინი ისევ ისე აგრძელებდნენ საზღვარგარეთ გასესხებას, როგორც ომამდე, და ამდენად, ხელს უწყობდნენ დამარცხებული ერების ეკონომიკების შენარჩუნებას. მაგრამ როდესაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ოქროს მიუბრუნდნენ, მათ მიერ სტაბილიზებულ მიმოცვლაზე არსებული წნეხი პრობლემური გახდა. საბოლოო ჯამში, ფუნტზე საიდუმლო შფოთვამ წამყვან ოქროს ქვეყნამდე – შეერთებულ შტატებამდეც მიაღწია. ამ წუხილმა, რომელიც ატლანტიკის სივრცეში ტრიალებდა, მოულოდნელად ამერიკა საფრთხის ზონაში გადაიყვანა. ეს ტექნიკურ ნაწილად გამოიყურება, მაგრამ კარგად უნდა იქნას გააზრებული. 1927 წელს, ამერიკის მიერ ფუნტი სტერლინგის მხარდაჭერა გულისხმობდა დაბალ საპროცენტო განაკვეთებს ნიუ-იორკში. ეს იმ მიზნით ხორციელდებოდა, რათა მას თავიდან აერიდებინა მსხვილი კაპიტალის მოძრაობა ლონდონიდან ნიუ-იორკამდე. ფედერალური სარეზერვო საბჭო ინგლისის ბანკს შეჰპირდა, რომ დაბალ საპროცენტო განაკვეთს შეინარჩუნებდა, მაგრამ ამ პერიოდში, თავად ამერიკა მაღალ განაკვეთებს საჭიროებდა, ვინაიდან მისი ფასების სისტემაში სახიფათო ინფლაცია დაიწყო (ეს მოვლენა სტაბილური ფასების სისტემის არსებობამ შეაჩერა, რაც ღირებულების უზარმაზარი ვარდნის მიუხედავად შენარჩუნდა).

როდესაც ქანქარას მოსალოდნელმა ცვლილებამ, შვიდწლიანი კეთილდღეობის შემდეგ, 1929 წელს კარგა ხნით გადავადებული ფასების ვარდნა გამოიწვია, სიტუაცია უკვე უკიდურესად იყო დამძიმებული კრიპტოინფლაციის არსებული მდგომარეობით. დეფლაციის გამო წონადაკარგული მოვალეები გაუფასურებული კრედიტორების კოლაფსს უყურებდნენ. ეს ავისმომასწავებელი იყო. ამერიკამ, გათავისუფლების ინსტინქტური ჟესტით, ოქროსგან 1933 წელს დააღწია თავი და ამით, ტრადიციული მსოფლიო ეკონომიკის უკანასკნელი კვალიც გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ  განვითარებული მოვლენების სიღრმისეულ მნიშვნელობას იმ დროისათვის ძნელად თუ ამჩნევდა ვინმე, ისტორიამ არსებული ტენდენციები უცაბედად შემოაბრუნა.

ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ოქროს სტანდარტის აღდგენა მსოფლიო სოლიდარობის სიმბოლო იყო. ბრიუსელიდან სპასა და ჟენევაში, და ლონდონიდან ლოკარნოსა და ლოზანაში, აურაცხელი კონფერენციები ჩატარდა სტაბილური ვალუტების პოლიტიკური წინაპირობების შესამუშავებლად. თავად ერთა ლიგას შრომის საერთაშორისო ოფისი ნაწილობრივ იმ მიზნით დაამატეს, რომ ერებს შორის კონკურენციის პირობების გათანაბრება მომხდარიყო ისე, რომ ვაჭრობა გათავისუფლებულიყო ცხოვრების სტანდარტის გაუარესების გარეშე. ვალუტა წარმოადგენდა ვოლ სტრიტის მიერ ამუშავებული კამპანიების მთავარ საკითხს. ეს კამპანიები მიზნად ისახავდნენ ტრანსფერის პრობლემის დაძლევას და პირველ რიგში, რეპარაციების კომერციალიზებას, და შემდგომ კი – მათ მობილიზებას. რეაბილიტაციის პროცესის დამფინანსებლის როლს ჟენევა ასრულებდა, ხოლო ამ პროცესში, „ლონდონ სიტისა“ და ვენის ნეოკლასიკური მონეტარული პურისტების კომბინირებული წნეხი ოქროს სტანდარტის სამსახურში იყო ჩამდგარი. ყველა საერთაშორისო მცდელობა საბოლოოდ ამ მიზნისკენ იყო მიმართული, და ეს მაშინ, როდესაც ეროვნული მთავრობები, როგორც წესი, საკუთარ პოლიტიკებს ვალუტის შენარჩუნებისაკენ მიმართავდნენ: განსაკუთრებით კი იმ პოლიტიკებს, რომლებიც ეხებოდა საგარეო ვაჭრობას, სესხებს, საბანკო საქმიანობას, და მიმოცვლას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანხმდებოდა, რომ სტაბილური ვალუტა ვაჭრობის გათავისუფლებაზე იყო დამოკიდებული, თავისუფალი ვაჭრობის დოგმატიკოსების გარდა ყველამ იცოდა, რომ აუცილებელი იყო ისეთი ზომების მყისიერად მიღება, რომლებიც ყოველ მიზეზს გარეშე შეზღუდავდა უცხოურ ვაჭრობას და უცხოურ გადახდებს. იგივე გარემოებების გასამკლავებლად, უმრავლეს ქვეყნებში შეიმუშავეს კვოტები იმპორტზე, მორატორიუმები და შემაჩერებელი ხელშეკრულებები, ანგარიშსწორების სისტემები და ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები, ბარტერის ზომები, ემბარგოები კაპიტალის ექსპორტზე, უცხოური ვაჭრობის კონტროლი, და მიმოცვლის გამათანაბრებელი ფონდები. მაგრამ თვითკმარობის კოშმარი მუდმივად თან სდევდა ვალუტის დასაცავად გადადგმულ ნაბიჯებს. მაშინ, როდესაც ვაჭრობის გათავისუფლება იყო მიზანი, შედეგად მის შებოჭვას იღებდნენ. მსოფლიო ბაზრებზე წვდომის მოპოვების ნაცვლად, მთავრობები, საკუთარი ქმედებებით, თავიანთ ქვეყნებს ყოველგვარ საერთაშორისო კავშირებს უკრძალავდნენ: მუდმივად მზარდი მსხვერპლი იყო საჭირო იმისათვის, რომ ვაჭრობა მინიმალურად მაინც შენარჩუნებულიყო. ვალუტის საგარეო ღირებულების, როგორც საგარეო ვაჭრობის მედიუმის დაცვისკენ მიმართულმა გიჟურმა ძალისხმევებმა, ხალხი, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ავტარქიზებულ ეკონომიკაში ჩაითრია. მთელი რიგი შემზღუდველი ზომები, რომლებმაც ტრადიციული ეკონომიკიდან რადიკალური ჩამოშორება განაპირობეს, სინამდვილეში კონსერვატიული თავისუფალი ვაჭრობის შედეგი იყო.

ოქროს სტანდარტის საბოლოო დაცემით, ეს ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა. მსხვერპლი, რომელიც მის აღსადგენად იქნა გაღებული, ახლა კიდევ უნდა განხორციელებულიყო ამჯერად იმისათვის, რათა ოქროს სტანდარტის გარეშე ცხოვრება გამხდარიყო შესაძლებელი. იგივე ინსტიტუტები, რომლებიც სტაბილური ვალუტების სისტემების შესანარჩუნებლად ცხოვრებისა და ვაჭრობის შესაბოჭად მოიფიქრეს, ახლა იმისთვის გამოიყენებოდა, რომ ინდუსტრიული ცხოვრება შეეგუებინა მსგავსი სისტემის სამუდამო გაქრობისათვის. თანამედროვე ინდუსტრიის მექანიკური და ტექნოლოგიური სტრუქტურა შესაძლოა სწორედ იმიტომ გადაურჩა ოქროს სტანდარტის დაცემას, რომ ამ ინსტიტუტის შენარჩუნებისათვის ბრძოლის პროცესში, მსოფლიო ქვეცნობიერად ემზადებოდა ისეთი ქმედებისა და ისეთი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც მისთვის აუცილებელი გახდებოდა ოქროს სტანდარტის გაუქმების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ახლა საპირისპირო განზრახვა არსებობდა; ქვეყნებში, რომლებმაც მიუღწეველი საწადელისათვის გაჭიანურებულ ბრძოლაში ყველაზე მეტად იზარალეს, უკან დახევის პროცესში ტიტანური ძალები იქნა გაშვებული. არც ერთა ლიგას, და არც საერთაშორისო ფინანსებს არ უარსებია ოქროს სტანდარტზე მეტ ხანს; მის გაქრობასთან ერთად, ლიგის ორგანიზებული მშვიდობის ინტერესიც და მისი უზრუნველყოფის უმთავრესი ინსტრუმენტებიც – როტშილდები და მორგანები – პოლიტიკიდან გაქრნენ. ოქროს ძაფის გაწყვეტა მსოფლიო რევოლუციის ნიშანი იყო.

მაგრამ ოქროს სტანდარტის მარცხს ბევრი არაფერი გამოუწვევია გარდა იმისა, რომ  ამ მოვლენამ მონიშნა იმ ღონისძიების თარიღი, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ოქროს სტანდარტის მარცხს შეეძლო გამოეწვია. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, კრიზისს თან მოჰყვა –  არც მეტი, არც ნაკლები – XIX საუკუნის ეროვნული ინსტიტუტების სრული ნგრევა. ამ ინსტიტუტებს ყველგან რადიკალურად ცვლიდნენ და ახალს აყალიბებდნენ. ბევრ ქვეყანაში, ლიბერალური სახელმწიფო ჩაანაცვლა ტოტალიტარულმა დიქტატურებმა, ხოლო საუკუნის უმთავრესი ინსტიტუტი – თავისუფალ ბაზრებზე დაფუძნებული წარმოება – ეკონომიკის ახალი ფორმებით ჩანაცვლდა. მაშინ, როდესაც დიდი სახელმწიფოები თავიდან იაზრებდნენ მათი აზროვნების საწყისებს, და მსოფლიოს დამორჩილების მიზნით ერთვებოდნენ ომებში სამყაროს ბუნების აქამდე გაუგონარი კონცეფციების სახელით, კიდევ უფრო დიდი სახელმწიფოები თავისუფლების დაცვისკენ ისწრაფოდნენ, რამაც მათ ხელში ასევე აქამდე გაუგონარი მნიშვნელობა შეიძინა. საერთაშორისო სისტემის მარცხი, მიუხედავად იმისა, რომ ამან ტრანსფორმაცია გამოიწვია, ვერ ახსნიდა ამ ცვლილების სიღრმესა და შინაარსს. მართალია ჩვენთვის ცნობილია, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი ასე სწრაფად, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით იმის შესახებ, თუ საერთოდ რატომ მოხდა ეს.

შემთხვევითი არ იყო, რომ ტრანსფორმაციას თან დაერთო უპრეცედენტო მასშტაბის ომები. ისტორია სოციალური ცვლილებით აღიჭურვა; სახელმწიფოთა ბედი დაუკავშირდა მათ როლს ინსტიტუციურ ტრანსფორმაციაში. ასეთი სიმბიოზი საკითხთა ბუნებაში ძევს; მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული დონის ჯგუფებსა და სოციალურ ინსტიტუციებს საკუთარი საწყისები გააჩნიათ, გადარჩენისთვის ბრძოლის პროცესში ისინი ერთმანეთს ეხმარებიან. ასეთი სიმბიოზის ცნობილმა მაგალითმა კაპიტალიზმი ატლანტიკის სანაპიროს ქვეყნებს დაუკავშირა. კომერციული რევოლუცია, რომელიც ასე მჭიდროდ იყო დაკავშირებული კაპიტალიზმის აღზევებასთან, გახდა პორტუგალიის, ესპანეთის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, ინგლისისა და შეერთებული შტატების ძალაუფლების საშუალება. თითოეულმა მათგანმა სარგებელი ნახა ფართო და ღრმად ფესვებგამდგარი მოძრაობით, მაშინ როდესაც, მეორე მხრივ, თავად კაპიტალიზმი სწორედ ამ ამომავალი ძალების საშუალებით იმკვიდრებდა თავს პლანეტაზე.

ეს წესი საპირისპიროდაც მოქმედებს. გადარჩენისათვის ბრძოლაში სახელმწიფო შესაძლოა იმის გამო აღმოჩნდეს უუნარო, რომ მისი ინსტიტუტები, ან ზოგიერთი მათგანი  დასუსტებულია  – მეორე მსოფლიო ომის დროს, ოქროს სტანდარტი მაგალითი იყო ასეთი მოძველებული მოწყობისა. მეორე მხრივ, ქვეყნები, რომლებიც საკუთარი მიზეზებით, სტატუს-კვოს ეწინააღმდეგებიან, სწრაფად აღმოაჩენდნენ არსებული ინსტიტუციური წესრიგის სისუსტეებს და მოიფიქრებდნენ ისეთი ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც უკეთ მოერგებოდა მათ ინტერესებს. მსგავსი ჯგუფები ხელს კრავენ ხოლმე ისეთებს, რომლებიც ისედაც წაქცევის პირას არიან, ხოლო იკავებენ მათ, რომლების საკუთარი ორთქლით ისედაც აგრძელებენ არსებობას. ამიტომაც, შესაძლოა ისე ჩანდეს, თითქოს მათ წამოიწყეს სოციალური ცვლილების პროცესი მაშინ, როდესაც სინამდვილეში, მისი ბენეფიციარები იყვნენ და შესაძლოა ტენდენციას ცვლიდნენ კიდევაც იმისათვის, რომ ამ ტენდენციას მათი მიზნებისათვის ემსახურა.

ამდენად, წაგების შემდეგ, გერმანია იმ პოზიციაზე იყო, რომ შეეძლო შეემჩნია XIX საუკუნის წესრიგის ფარული ხარვეზები და ეს ცოდნა წესრიგის ჩამოშლის დასაჩქარებლად გამოეყენებინა. 30-იან წლებში, გერმანიის იმ სახელმწიფო მოღვაწეთაგან, ვინც ამგვარი ნგრევისაკენ მიმართა გონება, ავისმომასწავებელი ინტელექტუალური უპირატესობა იგრძნობოდა. ეს ამოცანა ხშირად გულისხმობდა ფინანსების, ვაჭრობის, ომისა და სოციალური ორგანიზების საკითხებში ახალი მეთოდების განვითარებას, რა დროსაც ეს მოღვაწეები საკითხების საკუთარი პოლიტიკებისათვის სასიკეთოდ მომართვას ცდილობდნენ. თუმცა, თავად ეს პრობლემები არ იყო განზრახ შექმნილი მთავრობების მიერ, რომლებმაც ისინი თავიანთთვის სასარგებლო პრობლემებად აქციეს; ეს რეალური, ობიექტურად არსებული პრობლემები იყო, და ასევე დარჩებოდნენ მიუხედავად ცალკეული ქვეყნების ბედისა. ისევ და ისევ, განსხვავება პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის თვალსაჩინოა: პირველი, ჯერ კიდევ შეესატყვისებოდა XIX საუკუნის ომებს  – ეს იყო ძალთა უბრალო კონფლიქტი, რომელიც ძალთა ბალანსის სისტემის შეცდომის გამო გაჩაღდა; ხოლო მეორე უკვე დიდწილად ქმნიდა მნიშვნელოვან სოციალურ ცვლილებებს მსოფლიოში.

ამ ყველაფერის გაგებამ უნდა შეგვაძლებინოს ამ პერიოდის მტკივნეული ეროვნული ისტორიების განსხვავება იმ სოციალური ტრანსფორმაციისაგან, რომელიც უკვე მიმდინარეობდა. ამის შედეგად, გამარტივდება იმის დანახვა, თუ როგორ შეუწყო ან შეუშალა ხელი უმთავრეს სოციალურ პროცესებთან კავშირმა ძალაუფლების აქტორებს – გერმანიასა და რუსეთს, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს. მაგრამ იგივე შეიძლება ვთქვათ თავად სოციალურ პროცესებზეც: ფაშიზმმა და სოციალიზმა გზა იმ ცალკეული ძალების აღმავლობაში გამონახეს, რომლებიც მათ თავიანთი მრწამსის გავრცელებაში დაეხმარნენ.  შესაბამისად, გერმანია და რუსეთი გახდნენ ფაშიზმისა და სოციალიზმის წარმომადგენლები მსოფლიო მასშტაბით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ სოციალური მოძრაობების ნამდვილი მასშტაბი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიზომოს, თუ მათ ტრანსცენდენტულ ხასიათს გავაცნობიერებთ და მას იმ ეროვნული ინტერესებისაგან განყენებულად აღვიქვამთ, რომლებიც ამ მოძრაობების სამსახურში იყვნენ მობილიზებულნი.

როლები, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში გერმანია და რუსეთი, იტალია და იაპონია, ან დიდი ბრიტანეთი თუ შეერთებული შტატები თამაშობენ, უნივერსალურ ისტორიას კი ქმნიან, მაგრამ ამ წიგნის უშუალო ინტერესი მათი შესწავლა არ არის; თუმცა, ფაშიზმი და სოციალიზმი, ინსტიტუციურ ტრანსფორმაციაში – რომელიც წიგნისათვის მთავარ საკითხს წარმოადგენს –  ცოცხალი ძალები იყვნენ. სასიცოცხლო ძალამ (Élan vital), რომელმაც გაუგებარი ბიძგი წარმოქმნა გერმანელ, რუს და ამერიკელ ხალხში, რამაც მათ კაცობრიობის ისტორიაში უფრო დიდი წვლილის აღიარება მოათხოვნინა, ნაწილობრივ აყალიბებს იმ წინაპირობებს, რომლის კონტექსტშიც ჩვენი ამბავი ვითარდება. ხოლო ფაშიზმისა და სოციალიზმის, ან თუნდაც ე.წ. „new deal”-ის იდეა თავად ამბის ნაწილია.

აშშ, სოციალური დაზღვევის საინფორმაციო პლაკატი, 30-იანი წლები
სოციალური დაზღვევის საინფორმაციო პლაკატი, აშშ, 30-იანი წლები

ამას კი მივყავართ ჩვენს მთავარ თეზისამდე, რომელიც ჯერ კიდევ დამტკიცებას საჭიროებს: კატაკლიზმის წყარო იყო ეკონომიკური ლიბერალიზმის უტოპიური მცდელობა, რომ თვითრეგულირებადი საბაზრო სისტემა შეექმნა. ასეთი თეზისი, სისტემას თითქმის მითიურ ძალებთან ერთად წარმოგვიდგენს; ესენია ძალთა ბალანსი, ოქროს სტანდარტი, და ლიბერალური სახელმწიფო; XIX საუკუნის ცივილიზაციის ეს საფუძვლები, საბოლოო ჯამში, ერთი საერთო მატრიცის – თვითრეგულირებადი ბაზრის მიერ იყო შექმნილი.

ეს მტკიცება შოკისმომგვრელად თუ არა, ექსტრემალურად მაინც გამოიყურება. მაგრამ იმ ცივილიზაციის თავისებურება, რომლის დაცემასაც ჩვენ მოვესწარით, სწორედ ის იყო, რომ ის ეკონომიკურ საფუძვლებს ეყრდნობოდა. სხვა საზოგადოებები და ცივილიზაციებიც ყოფილან შეზღუდული მათი არსებობის მატერიალური პირობებით – ეს ადამიანთა ცხოვრების მახასიათებელი თვისებაა; და საერთოდ, ეს ყველანაირი ცხოვრების მახასიათებელია – რელიგიურის თუ არარელიგიურის, მატერიალისტურის თუ სულიერის. ეკონომიკური ფაქტორებით შეზღუდულია ყველა ტიპის საზოგადოება. მხოლოდ XIX საუკუნის ცივილიზაცია იყო ეკონომიკური ბუნების სრულიად განსხვავებული და გამორჩეული აზრით, ვინაიდან მან საკუთარი თავი იმგვარ მოტივზე დააფუძნა, რომელიც იშვიათად თუ იყო დასაბუთებულად მიჩნეული ადამიანთა საზოგადოებების ისტორიაში. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანამდე, ცივილიზაცია იმ დონემდე არ მისულა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ქცევა და ქმედება, კონკრეტულად კი, მოგებისაკენ სწრაფვა გაემართლებინოს. თვითრეგულირებადი საბაზრო სისტემა ერთადერთი იყო, რომელიც ამ პრინციპიდან ამოიზარდა.

მექანიზმი, რომელმაც მოგების ინტერესი აამოძავა, თავისი ეფექტურობით მხოლოდ რელიგიური სიფიცხის ყველაზე ძალადობრივ აფეთქებას შეიძლება შევადაროთ. ერთ თაობაში, მისი შეუქცევადი გავლენა ადამიანთა მთელს სამყაროს შეეხო. როგორც ყველასთვის ცნობილია, ის XIX საუკუნის პირველ ნახევარში, ინდუსტრიული რევოლუციის დროს, ინგლისში მომწიფდა. კონტინენტამდე და ამერიკამდე მან დაახლოებით 50 წლის შემდეგ ჩააღწია. საბოლოოდ, ინგლისში, კონტინენტზე თუ თავად ამერიკაშიც, მსგავსმა ალტერნატივებმა პრაქტიკად აქციეს ყოველდღიური საკითხები, ხოლო ამ ახლადდამკვიდრებული პრაქტიკის მახასიათებლები დასავლური ცივილიზაციის ყველა ქვეყანაში იდენტური იყო. ამგვარად, კატაკლიზმის საწყისების გამოსავლენად,  საბაზრო ეკონომიკის აღმავლობასა და მარცხს უნდა მივუბრუნდეთ.

საბაზრო საზოგადოება ინგლისში დაიბადა, თუმცა, მისმა სისუსტეეების ყველაზე ტრაგიკული სირთულეები კონტინენტზე გამოიხატა. იმისათვის, რომ გავიგოთ გერმანული ფაშიზმი, რიკარდოს ინგლისს უნდა დავუბრუნდეთ. გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ XIX საუკუნე ინგლისის საუკუნე იყო. ინდუსტრიული რევოლუცია ინგლისური მოვლენა იყო. საბაზრო ეკონომიკა, თავისუფალი ბაზარი, და ოქროს სტანდარტი, ინგლისური გამოგონებები იყო. 20-იან წლებში ეს ინსტიტუტები ყველგან ჩამოიშალნენ, მაგრამ გერმანიაში, იტალიასა და ავსტრიაში, ეს მოვლენები უბრალოდ უფრო დრამატული იყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა სცენარითა და ტემპერატურით განვითარდა საბოლოო მოვლენები, გრძელვადიანი ფაქტორები, რომლებმაც ამ ცივილიზაციის მარცხი განაპირობეს, ინდუსტრიული რევოლუციის დაბადების ადგილზე, ანუ ინგლისში უნდა იქნას შესწავლილი.

პუბლიკაცია ითარგმნება platforma.ge-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი პუბლიკაციის კომერციული მიზნებით გამოყენება, იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.