თურქული გამბიტი

 

25 ოქტომბერს ევროპის კავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ – ევროპულმა საბჭომ ევროპული ინტეგრაციის სტრატეგიის განხილვისას მიანიშნა, რომ გაერთიანებას თურქეთისთვის გაწევრიანებამდე გამოყოფილი თანხების შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა სურს. გაერთიანების წევრი ქვეყნების განცხადებით, თურქეთში ბოლო დროინდელმა მოვლენებმა საკმაოდ შეასუსტა კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტები, რაც მანამდე არსებობდა ქვეყანაში. დროში გაწელილი ეს გარემოებები ევროპულ მხარეს საშუალებას აღარ აძლევს თურქეთს აქამდე არსებული პოლიტიკით მიუდგეს და თვალი დახუჭოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან შეფერხებაზე. ევროკავშირის თურქეთისადმი კიდევ ერთი შენიშვნა თურქეთის მიერ საბაჟო კავშირის ნორმების უპატივცემულობაში გამოიხატებოდა. როგორც ჩანს, თურქეთი ბერძნულ კვიპროსთან 1995 წელს გაფორმებული საბაჟო შეთანხმების გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიანიშნა იმაზეც, რომ მან ევროპულ კომისიას გაერთიანების მიერ თურქეთისათვის გაწევრიანების მოსამზადებლად გამოყოფილი თანხების რაციონალური შეზღუდვისკენ მოუწოდა. ეს თანხა 2014-2020 წლების გეგმისთვის 4.5 მილიარდ ევროს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ევროპული კავშირი თურქეთთან მიღწეულ მიგრანტთა შეთანხმებას ძალაში დატოვებსდა მისით გათვალისწინებული თანხების თურქეთისთვის გადარიცხვას გააგრძელებს.

მერკელისა და დონალდ ტუსკის რიტორიკა შედარებით რბილი იყო. ისინი ცდილობენ  თურქეთთან ხიდები არ დაწვან და ცივილურ ფორმებში შეინარჩუნონ ინტერესთა კონფლიქტი. კანცლერმა იდეის სახით თურქეთისთვის ახალი ფორმატის მოფიქრებაც შესთავაზა კოლეგებს, რომლის მიხედვითაც, თურქეთს სპეციალური პარტნიორის სტატუსი მიენიჭება და გაწევრიანების გეგმები დროებით შეჩერდება.

გერმანიის და ნიდერლანდების დიპლომატიური პოზიციებისგან გასხვავებით, საკმაოდ მკაცრი რიტორიკა აქვს ავსტრიასა და დანიას. ქვეყნები თურქეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ. რაც შეეხება საფრანგეთს, იტალიას და საბერძნეთს, მათ ანკარასთან მოლაპარაკებების გაგრძელება და სტატუს კვოს შენარჩუნება სურთ.

ჯერ კიდევ ივნისში ევროპის პარლამენტმა თურქეთთან მოლაპარაკებების შეჩერებას დაუჭირა მხარი და ქვეყანაში აპრილში ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმი გააკრიტიკა, რომელიც საკუთრივ ძალაუფლების კონცენტრაციას პრეზიდენტის ხელში მაქსიმალურად ახდენს. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა თურქი დიპლომატებისგან, რომელთაც ევროპული მხარე თურქი მოქალაქეების პოლიტიკური ნების ნიველირებასა და შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. რამდენიმე დღის წინ კი, თურქეთის ლიდერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირი ‘აღარ სჭირდება’.

მთავარი, რასაც ევროპული მხარე თურქეთს ედავება კავშირში გასაწევრიანებლად საჭირო კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაუკმაყოფილებაა. კრიტერიუმები სამ ნაწილად, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ ნაწილებად იყოფა. პოლიტიკურ ნაწილში თურქეთი არღვევს იმ ინსტიტუციების სტაბილურ განვითარებას, რომელთაც ქვეყანაში კანონის უზენაესობა, ადამიანთა და სხვადასხვა ტიპის უმცირესობათა უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყონ. კრიტერიუმების ეკონომიკური ნაწილი კანდიდატი ქვეყნისგან საბაზრო ეკონომიკის, საბაზრო ძალებისა და კონკურენციის ხელშეწყობას გულისხმობს. ადმინისტრაციული მხარე კანდიდატი ქვეყნისგან გაწევრიანებით აღებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებას ითხოვს.

თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ჯერ კიდევ 1963 წელს მიაღწია. 1995 წელს თურქეთის საბაჟო კავშირის წევრი გახდა, ხოლო ოთხი წლის შემდგომ მას ოფიციალურად ევროპული გაერთიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. თურქეთის ევროკავშირთან სწრულფასოვან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, მაგრამ ქვეყანაში პერიოდულად განვითარებული პოლიტიკური კრიზისების გამო მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება.

 

გაწევრიანებამდელი დახმარების ინსტრუმენტი (IPA)

IPA წარმოადგენს ევროკავშირის საშუალებას ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიოს კანდიდატ ქვეყანას, რათა ის შემდგომში სრულფასოვნად შეხვდეს გაერთიანების წევრობას. ამჟამად პროგრამის მეორე ნაწილი ხორციელდება. IPA I 2007-2013 წლებში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში კანდიდატი ქვეყნებისთვის ოფიციალურმა ბრიუსელმა 11.5 მილიარდი ევრო გამოყო. პროგრამის მეორე ნაწილი 2014 წლიდან ამოქმედდა და მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი ბიუჯეტი 11.7 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია რამდენიმე ძირითადი მიმართულება, საითკენაც ფინანსების უნდა მიემართოს. მათ შორის არიან საჯარო მმართველობის რეფორმის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარება.

IPA II-ის ფარგლებში თურქეთისთვის 4.5 მილიარდი ევროა გამოყოფილი, რომელიც რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით უნდა გაიხარჯოს: დემოკრატია და მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კონკურენცია და ინოვაციების ხელშეწყობა, განათლება და სოციალური პოლიტიკები, სოფლის მეურნეობა და რურალური განვითარება.

პროგრამა უკვე სამი წელია რაც ხორციელდება და გეგმით 2020 წლამდე უნდა გაგრძელდეს. თუკი ბრიუსელში პროგრამის გაწერილი თანხების შემცირებას და/ან მისი გადარიცხვის შეწყვეტას გადაწყვეტენ, ბუნებრივია, IPA II თურქეთისთვის დასრულდება. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად ბრიუსელში კონსენსუსის მიღწევაა საჭირო, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის თურქეთის მეზობლები სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერენ.

 

შიდა პოლიტიკა – კარგი პარტია

25 ოქტომბერს თურქეთის მმართველი პარტიისთვის კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტი მოხდა. ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მერალ აკშენერმა ოპოზიციური ‘კარგი პარტია’ (Iyi Parti) ჩამოაყალიბა და მომავალში მთავარ ანტიერდოღანულ მოძრაობად ჩამოყალიბებას გეგმავს. აკშენერი და მისი პარტია 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოემზადება და ერდოღანის მმართველობის დასრულებას შეეცდება. პარტია ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელია და მკვეთრ ოპონირებას უწევს აპრილის რეფერენდუმის შედეგებს, რომელმაც თურქეთის პოლიტიკური სისტემა შეცვალა. პარტიის მთავარი მიზანი თურქეთის კვლავ საპარლამენტო რესპუბლიკად ქცევაა.

პარტიის პროგრამის მიზნების მიხედვით, აკშენერს სურს თურქეთი მსოფლიო ტოპ 10 ეკონომიკაში შეიყვანოს, შეამციროს უმუშევრობა 8%-მდე, ქალებში წერა კითხვის მაჩვენებელი 100%-მდე აიყავანოს, სასკოლო განათლება 11 წლიანი გახადოს, განახორციელოს ევროპის კავშირის მიერ მედიის თავისუფლების ნორმების დაცვა და თურქეთის პასპორტი ღირებული და პატივსაცემი გახადოს.

აკშენერი ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) ყოფილი წევრია, საიდანაც ის მხარდაჭერას ელის. მისი ყოფილი პარტიიდან მის ახალ პარტიაში უკვე გადავიდნენ პოლიტიკოსების ნაწილი. კარგი პარტიის წევრები გახდნენ დემოკრატიული მემარცხენე (DSP) და მთავარი ოპოზიური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წარმომადგენლებიც. ‘კარგ პარტიას’ თურქეთის პარლამენტის ხუთი დეპუტატიუკვე შეურთდა. აკშენერს რადიკალ მემარჯვენეების, ანტიერდოღანისტი მემარცხენეების, ქალების და იმ ამომრჩევლების ხმების მოზიდვა მოუწევს, რომელიც არჩევნებში პასიურია. მემარჯვენე-ცენტრისტული ნიშა ერდოღანს და მის სამართლიანობის და განვითარების პარტიას აქვს დაკავებული და მათი ხმების მოპოვება ყოფილ შსს მინისტრს გაუჭირდება.

თურქეთში თვლიან, რომ 2019 წლისთვის აკშენერი ერდოღანის მთავარი მეტოქე იქნება და შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემებიც კი შეუქმნას მას.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.