ANO - ახალი ჩეხური პროექტი

ფოტო გარეკანზე: japantimes.co.jp

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ძალების გამარჯვების შემდგომ, 22 ოქტომბერს ჩეხეთშიც მორიგმა ევროსკეპტიკოსმა და საიმიგრაციო პოლიტიკის შეზღუდვის მომხრე,ანტიისტებლიშმენტურმა ‘უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობამ’ იგივე ANO-მ და მისმა მილიარდელმა ლიდერმა ანდრეი ბაბიშმა ხმაურიან გამარჯვებას მიაღწიეს. მოძრაობის მიერ მიღებულ ხმათა 30% თითქმის სამჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს. მეორე ადგილიც ასევე მემარჯვენე ევროსკეპტიკოსმა სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტიამ (ODS) დაიკავა. ყოფილმა მმართველმა სოციალ-დემოკრატთა პარტიამ ხმათა მხოლოდ 7.4%-ის მოგროვება და მეშვიდე ადგილზე გასვლა მოახერხა, რაც მათთვის 1993 წლიდან მოყოლებული უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელია.

ყოფილი ფინანსთა მინისტრის ანდრეი ბაბიშის პერსონას ხშირად აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ადარებენ. ტრამპის მსგავსად ბაბიშიც მისი ბიზნეს გამოცდილების პოლიტიკაში გამოყენებას აპირებს, მათ შორის მთავრობის ბიზნესმენებით დაკომპლექტებას, ბიუროკრატიის შემცირებას და კორუფციასთან ბრძოლას. ANO-ს გამარჯვების მთავარი მიზეზი სწორედ ჩეხეთში შექმნილი კორუფციული პოლიტიკური სისტემაა, რომელიც მოსახლეობაში წლებია გაღიზიანებას იწვევს. ANO-ს მიერ პოლიტიკურ სისტემაზე მძაფრმა რეაქციამ და მისმა არაპარტიულმა, თავისუფალი მოძრაობის სახემ წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა. ამ კუთხით პარალელი შეიძლება საფრანგეთში ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატ ემანუელ მაკრონის მოძრაობა ‘წინთან’ (En Marche) გაივლოს. ტრამპის მსგავსად ბაბიშს ნეიტივისტური ხედვები აქვს. იგი მიგრანტების ჩეხეთში შესვლის წინააღმდეგია და ბრიუსელის მიერ შემუშავებულ მიგრანტთა კვოტებით გადანაწილების იდეას მხარს არ უჭერს. ამ ხედვით ჩეხეთიც ვიშეგრადის სხვა ქვეყნების ჯგუფში ერთიანდება. ამასთანავე, ბაბიში ქრისტიანული ღირებულებების მატარებელია და ჩეხეთში კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა სურს.

ანდრეი ბაბიშმა მისი მინისტრობის სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში საგადასახადო სისტემის გაჯანსაღება და გაციფრულება მოახდინა. მაგრამ იგი კორუფციულ სკანდალში მაინც გაეხვა. მას საკუთარი საკვების, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის და ქიმიური საწარმოებისთვის ევროკავშირიდან სუბსიდიის სახით ორი მილიონი ევროს უკანონოდ მიღებაში ადანაშაულებენ. მიუხედავად ამისა, იგი ჩეხეთში მაინც პოპულარულია. ამას განაპირობებს მისი კომპანიების ფართო ქსელი და მასში დასაქმებული მოქალაქეები. ამას გარდა იგი ჩეხეთში ორი ყველაზე პოპულარული გაზეთისმფლობელიცაა.

 

ბაბიში და ევროკავშირი

ჩეხეთი პოსტკომუნისტური ქვეყნებში ყველაზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყნად ითვლება. ცხოვრების სტანდარტიც ქვეყანაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ოფიციალური ბრიუსელის დახმარებით ჩეხეთმა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია და გაერთიანების სხვა ძველ წევრებსაც – პორტუგალია, საბერძნეთი – გადაუსწრო. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ევროპული კავშირის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და კავშირში მეტი ინტეგრაციის წინააღმდეგია. მათ არ სურთ ევროზონაში შესვლა, რადგან ამით ბრიუსელს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მიეცემა ჩეხეთის განვითარებაზე ზეგავლენა მოახდინოს ან შესაძლოა წარმოქმნას კრიზისები, რომელთაც უკვე ადგილი აქვს გაერთიანებაში. უნდა აღინიშნოს ის, რომ წინა მთავრობამ მოახერხა და უმუშევრობის დონე ევროპის მასშტაბით მინიმალურ ზღვარზე დაიყვანა და ამასთანავე, ეკონომიკის სტაბილურ ზრდას მიაღწია. მაგრამ ეს ჩეხი ამომრჩევლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან დასაქმება ძირითადად პრეკარიატული იყო, ხოლო ეკონომიკური ზრდა სოციალური უთანასწორობის შემცირებაზე არ ასახულა.

მიუხედავად ერთი შეხედვით ბაბიშისა და ANO-ს ხედვების პოლონეთისა და უნგრეთის მთავრობების პოლიტიკებთან მსგავსებისა, მოძრაობა და მისი ლიდერი მათ არალიბერალურ იდეოლოგიას არ იზიარებს. ბაბიშის თქმით, ჩეხეთი დარჩება გერმანიის მნიშვნელოვან მოკავშირედ, რადგან გერმანია ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია ოფიციალური პრაღა ვარშავა-ბუდაპეშტის, და ახლა უკვე ვენისაც,  ბრიუსელის საწინააღმდეგო ღერძს შეურთდეს. მიუხედავად გარკვეულ პოლიტიკებში თანხვედრის არქონისა, ბაბიში ევროპული გაერთიანების მხარდამჭერად მაინც რჩება.

პოლონეთის ხელისუფლებისგან განსხვავებით ბაბიშს ასევე სხვა დამოკიდებულება აქვს რუსეთთან. მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თბილი დამოკიდებულება აქვს. მიუხედავად ამისა, ANO-ს რუსეთის მიმართ გარკვეული, ცხადი პოლიტიკა არ გააჩნია, მაგრამ ყირიმის ოკუპაციას მაინც გმობს და ევროპული ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. ანდრეი ბაბიშის რუსეთის მიმართ ამგვარ ხედვებს მისი პრეზიდენტ მილოშ ზემანთან მეგობრობა მნიშვნელოვნად განაპირობებს. ჩეხეთის პრეზიდენტი ყველაზე პრორუსული მმართველია ევროპული ქვეყნების მასშტაბით. იგი ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების მოხსნის მომხრეა.

ჯერ კიდევ გაურკვევლია თუ რომელ პარტიებთან შექმნის ANO კოალიციას, მაგრამ ნათელია მხოლოდ ის, რომ ჩეხეთში პოლიტიკის განმსაზღვრელი ამიერიდან ეს მოძრაობა გახდება.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი