რუსეთი - ისლამური რევოლუციის გუშაგი?!

ირანში საპროტესტო გამოსვლებს სხვა საერთაშორისო აქტორებს შორის რუსული მხარეც გამოეხმაურა. რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ თეოკრატიული რეჟიმის პოზიცია დაიკავა და ირანის სულიერ ლიდერ ალი ხამენეისაც დაეთანხმა იმაში, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ხელშეწყობა გარე ძალების სურვილია.

აიათოლა ხამენეი მასშტაბურ დემონსტრაციებს პირველად საკუთარი Twitter-ით გამოეხმაურა. მისი მესიჯიდან უკვე ნათლად ირკვეოდა, რომ იგი პროტესტის წარმოქმნას საერთაშორისო აქტორებს აბრალებდა და მათკენ იშვერდა ხელს. ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ალი შამხანი უფრო კონკრეტული აღმოჩნდა და ეს აქტორები პირდაპირ დაასახელა: აშშ, საუდის არაბეთი და დიდი ბრიტანეთი. ქვეყნის პრეზიდენტი ჰასან როჰანი კიდევ უფრო აგრესიული იყო – მან აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანელი ხალხის მტერი უწოდა, რომელსაც უფლება არ აქვს ირანელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადოს. ირანული პოლიტიკური ელიტისგან ამგვარი რეაქციული პასუხები დონალდ ტრამპისა და შემდგომ უკვე ვიცე-პრეზიდენტ პენსის ტვიტებმა გამოიწვია, რომლებიც ირანელ ხალხს ცვლილებებისკენ მოუწოდებდა და ამისათვის მათ ამერიკულ დახმარებას აღუთქვამდა.

კრემლში ოფიციალური თეირანის პოზიცია გაიზიარეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიბაკოვმა აშშ და დონალდ ტრამპი ირანის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. რიბაკოვის თქმით, ტრამპი ცდილობს ირანის ბირთვულ შეთანხმებას ძირი გამოუთხაროს და ამისათვის ყველა საშუალებას იყენებს. 5 იანვარს ამერიკული მხარის ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭო მოიწვიეს, სადაც ირანული პროტესტი ერთ-ერთი განხილვის საკითხი უნდა ყოფილიყო. ირანის შიდა პოლიტიკური სიტუაციის განხილვის კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდა რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია. მან აშშ უშიშროების საბჭოს პლატფორმის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

არსებობს რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უჭერს მხარს რუსეთი ირანში თეოკრატიულ რეჟიმს და რატომ არ შედის მისი დამხობა რუსულ ინტერესებში.

 

მიზეზები

რუსეთს ირანის სტაბილურობა ესაჭიროება არამხოლოდ იმიტომ, რომ ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური სისტემები საკმაოდ მსგავსია – ორივე ავტორიტარულ, პატერნალისტურ მიდგომებს ეფუძნება, არამედ იმიტომ რომ ვლადიმერ პუტინს ირანის სიმყარით საკუთარი მმართველობის შიდა და გარე ეფექტურობის გაზრდა სურს.

რაში გამოიხატება ეს?

რუსეთი და ირანი სირიის სამოქალაქო ომში მოკავშირეები არიან. მათ საერთო ინტერესი ამოძრავებდათ – სირიის ხელისუფლებაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დარჩენა. რუსეთი სამხედრო კუთხით, ძირითადად საავიაციო დახმარებით, ამ მიზანს ჯერჯერობით აღწევს, მაგრამ ირანი საკუთარი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დანაყოფების და მისგან დაფინანსებული ლიბანური ჰეზბოლას მეშვეობით, ასადის სამთავრობო ძალებს სახმელეთო სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფს. ამისათვის ირანი ყოველწლიურად 6 მილიარდ დოლარს ხარჯავს.

სირიის კონფლიქტში ჩართვით რუსეთის ამოსავალი მიზანი ყირიმის ანექსიის შედეგად მასზე დაწესებული სანქციების შემდგომ გლობალურ არენაზე დაბრუნება და ნდობის მოპოვება იყო. თუკი ირანში თეოკრატიული რეჟიმი დაემხობა, სირიაში რუსეთს მთავარი მოკავშირე დაეკარგება. ასადი დაკარგავს სახმელეთო სამხედრო დახმარებას და მხოლოდ საავიაცო დახმარებით მისი სამთავრობო ძალები დიდხანს ვერ გაძლებს. შესაბამისად, ამგვარი სცენარით რუსული მიზანი მიუღწეველი დარჩება და მისი, როგორც საერთაშორისო აქტორის რეპუტაცია კიდევ უფრო შეირყევა. სირიული კრახი რუსეთზე მნიშვნელოვნად გაზრდის არსებულ საერთაშორისო ზეწოლას, რომელიც მასზე ყირიმის ანექსიის, უკრაინის კრიზისისა და საქართველოს ოკუპაციის გამო ხორციელდება.

ამას გარდა, ირანში არსებული რეჟიმის ჩამოშლა ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის და დასავლეთის, კონკრეტულად კი, აშშ-ის გავლენას კიდევ უფრო გაზრდის, მათ შორის სამხრეთ კავკასიაშიც. სირიაში სამხედრო კამპანიის წამოწყებით რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პირველად ჩაერთო ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში. რეგიონში მისი არსებობის თითქმის ერთადერთი ძლიერი ლეგიტიმატორი სწორედ ირანია – მის გარეშე კი რუსეთის ახლო აღმოსავლური პოლიტიკა პრაქტიკულად დასრულდება.

ის პრობლემები, რის გამოც ირანში მასობრივი სახალხო გამოსვლები დაიწყო – ეკონომიკური სტაგნაცია, სოციალური შეჭირვება და სისტემური კორუფცია – სიმპტომატურია რუსეთისთვისაც. საერთაშორისო სანქციებმა, როგორც ირანულ, ასევე რუსულ ეკონომიკაზე იმოქმედა და ტვირთის უმეტესი ნაწილი კვლავ საშუალო და დაბალშემოსავლიან ფენას დააწვა. როგორც ირანში, ასევე რუსეთშიც თვლიან, რომ საბიუჯეტო სახსრები მოსახლეობაზე ადეკვატურად არ იხარჯება და მისი დიდი ნაწილი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ამბიციებს ხმარდება. ირანულ საპროტესტო აქციებზე ხშირად გაისმოდა შეძახილები ღაზის სექტორისა და ლიბანის სამხედრო-ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტისკენ. ამგვარივე განწყობა ბოლო პერიოდია, მნიშვნელოვნად იზრდება რუსულ საზოგადოებაშიც. Levada Center-ის მონაცემებით, სულ უფრო მეტ რუსს სურს რუსეთის სირიაში ინტერვენცია დასრულდეს. ამასთანავე, ოპოციზიური პარტია იაბლოკოს დათვლებით, სირიულ კამპანიაში რუსეთმა უკვე 2.5 მილიარდი დოლარი დახარჯა, ხოლო ოფიციალური მონაცემებით 40 ჯარისკაცი დაკარგა.

თუკი ამ მოტივებით ირანის თითქმის 40 წლიანი თეოკრატია დამარცხდება, მაშინ რუსეთის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც პუტინის მმართველობის წინააღმდეგ პროტესტი გააჩნია, მოტივაცია მიეცემა მის წინააღმდეგ კიდევ უფრო აქტიურად იბრძოლოს. პუტინის მთავრობა ამ სცენარის განვითარებას უნდა უფრთხოდეს – მხოლოდ გასულ წელს რამდენიმე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია უკვე მოხდა რუსეთის არაერთ ქალაქში. ყველაზე დასამახსოვრებელი მარტის აქციები იყო, როდესაც ერთდროულად 95 ქალაქში დემონსტრანტები ქუჩაში გამოვიდნენ.

ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ ორ ქვეყანაში მზარდი ახალგაზრდობის, ახალი თაობის წილი. ირანში პროტესტის მთავარი მონაწილეები სწორედ ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანაში დაუსაქმებელნი არიან და მომავლის პერსპექტივა არ გააჩნიათ. მსგავსი სურათია რუსულ საზოგადოებაშიც. დღეს პუტინის მმართველობას საფრთხეს არც კომუნისტები და არც ლიბერალები უქმნიან – მისთვის მთავარი საფრთხე ახალი თაობაა, რომელსაც ჯერჯერობით, არ ეშინია რეპრესიული ხელისუფლების და მის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსი გააჩნია. ეს ტენდენცია ნათლად გამოვლინდა ზემოთ ნახსენები გასული წლის მარტის აქციებზე, როდესაც დემონსტრანტთა უმრავლესობა თინეიჯერი ან სტუდენტი იყო.

თუკი ირანული თეოკრატია სოციო-ეკონომიკური მიზეზებით დაიშალა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ირანზე არსებულმა საერთაშორისო სანქციებმა საკუთარ მიზანს მიაღწია. ამ ინსტრუმენტის ეფექტურობის დამტკიცება გამოიწვევს იმას, რომ დასავლეთი კიდევ უფრო გააფართოებს და გააქტიურებს ამგვარ რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ მანამ, სანამ რუსეთი საკუთარ საერთაშორისო ქცევას არ შეცვლის – არ მოახდენს ყირიმის დეანექსიას, არ შეწყვეტს უკრაინაში სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერასა და საქართველოს დეოკუპაციას.

 

დასკვნის მაგიერ

ირანში არსებული რეჟიმის შენარჩუნება რუსული ინტერესების ნაწილია. აიათოლა ხამენეის ხელისუფლების სიმყარე გარკვეულწილად განსაზღვრავს რუსეთის საერთაშორისო იმიჯს და შიდაპოლიტიკურ სტაბილურობას. ირანში პოლიტიკური დესტაბილიზაციის გაღრმავების და საბოლოოდ, რეჟიმის დამარცხების შემთხვევაში რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების წნეხის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდება – შესაძლოა ირანული სენი რუსეთშიც გადადინდეს, რადგან ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოების სტრუქტურა საკმაოდ წააგავს ერთმანეთს.

თუმცა, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მსგავსებებისა რუსეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი და ირანი შინაარსობრივად მაინც განსხვავებული ქვეყნები არიან: ირანი მკვეთრად იდეოლოგიზირებული ქვეყანაა, რაც რუსეთზე ნაკლებად ითქმის; ირანს მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების მდიდარი გამოცდილება აქვს, რაც ასევე ნაკლებად დამახასიათებელია რუსეთისთვის. ამიტომ ბუნებრივია, რუსეთისთვის არსებობს გარკვეული სახის რისკები, მაგრამ ირანის პოლიტიკური სისტემის შერყევა მასზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

 

ფოტო გარეკანზე: english.khamenei.ir

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.