„ქართული ოცნება“ ჰეთ-თრიკის მოლოდინში...
ზაზა შათირიშვილი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვეზე ნაკლები რჩება. თუმცა, დღემდე ჯერ საბოლოოდ არ არის გამოკვეთილი, როგორი იქნება საარჩევნო სისტემა, რომელი პარტიები გაერთიანდებიან საარჩევნო ბლოკებად და რომლები – „ინდივიდუალურად“ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ვინ იქნებიან ამა თუ იმ პარტიის „ახალი სახეები“…

მიუხედავად ასეთი ბუნდოვანებისა და გაურკვევლობისა,  წინასაარჩევნო ინტრიგებისა და დაძაბულობის ნაკლებობას საზოგადოება ნამდვილად არ უჩივის. მრავლად არიან „ნათელმხილველებიც“, რომლებიც არჩევნების შედეგებს უკვე დღესვე პროგნოზირებენ.

„ოპოზიცია არჩევნებს ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში მოიგებს“, – აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია.

ნიკა ჩიტაძე

თუმცა, ბევრი ავტორიტეტული ექსპერტი მათ ოპტიმიზმს  არ იზიარებს.

 „ძალიან ამბიციური მგონია ოპოზიციის განცხადება, რომ ხელისუფლებას უეჭველად დაამარცხებს. ამ უეჭველობას ვერ ვხედავ. მეტიც: ხვალ ან ზეგ რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, მას „ქართული ოცნება“ უეჭველად მოიგებს“, – მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

იგივე მოსაზრება აქვს ლადო პაპავასაც.

„ხვალ რომ ტარდებოდეს არჩევნები, საკონსტიტუციო არა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას გარანტირებული აქვს, მრავალი ფაქტორის გამო. ჯერ ერთი, მმართველი პარტია უფრო ორგანიზებულია, მობილიზებულია, ჭრელი ოპოზიცია კი ბოლომდე შეთანხმებული არ არის და საერთოდ, შეთანხმდება თუ არა – ესეც საკითხავია“, – აღნიშნავს პაპავა.

თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ღრმად არის დარწმუნებულები, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს და ამით ის საპარლამენტო არჩევნებში ჰეთ-თრიკს შეასრულებს.

„ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს რეალურად გამარჯვების შანსი, მოიპოვოს მყარი უმრავლესობა პარლამენტში, ესაა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, – აცხადებს მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე.

საქართველოში დღეს არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე, საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიების შანსებსა და შესაძლებლობებზე, საუბრობენ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.

 

– ქვეყნის მმართველი ძალის ვალდებულებაა, უზრუნველყოს არჩევნების მშვიდ გარემოში, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება. რამდენად არის მზად დღევანდელი ხელისუფლება, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩაატაროს?  მითუმეტეს, წინა არჩევნებთან დაკავშირებით, რიგ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს ჰქონდათ შენიშვნები და რეკომენდაციები?

ზაზა შათირიშვილი: მოდით, საკითხს უფრო მასშტაბურად შევხედოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, რომელიც დემოკრატიის ფლაგმანად და სამაგალითო ქვეყნად მიიჩნევა, ზოგჯერ ეჭვის ქვეშ დგება ხოლმე არჩევნების შედეგები და სამართლიანობა. ასე რომ, ამ პრობლემისგან დაზღვეული არავინ  არის. მით უფრო, რომ დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში ყოველთვის და ყველგან გამოჩნდება ძალა (ან ძალები), რომელიც ყველაფერს ეჭვის ქვეშ დააყენებს.

ამდენად, ჩვენს შემთხვევაში, ჩემთვის ყველაზე მთავარი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაა. პირდაპირ ვიტყვი – საარჩევნო უბნებზე ცემა-ტყეპა არ უნდა მიდიოდეს და ამომრჩეველს თავისი პოლიტიკური ნების გამოხატვაში ხელი არ უნდა ეშლებოდეს. თუ საარჩევნო უბნებზე მეტ-ნაკლებად სიმშვიდია, მაშინ არჩევნების ბედს უკვე მოსახლეობა, ამომრჩეველი წყვეტს და არა უხეში ძალა. შედარებისთვის: წინა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით, გამორჩეულად მშვიდი იყო.

სად ტარდება არჩევნები ყველაზე მშვიდ გარემოში? იქ, სადაც ხალხმა წესიერად არც კი იცის, როდის არის არჩევნები. როგორც გითხარით, მე ძალიან მარტივად ვუყურებ ყველაფერს – საარჩევნო კამპანიას თან არ უნდა სდევდეს ძალადობა, აგრესია,  ჩხუბი, ცემა-ტყეპა…  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამ თვალსაზრისით, სრული წესრიგი სუფევდა. როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ვისურვებდი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ასეთივე მშვიდი საარჩევნო გარემო იყოს.

ნიკა ჩიტაძე: ხელისუფლება ბოლომდე არ არის მზად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად. ამას მაფიქრებინებს 2016 წლის არჩევნების მწარე გამოცდილება, როდესაც ხელისუფლებამ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი და 73-ვე საარჩევნო ოლქში თავისი კანდიდატი გაიყვანა. სამეგრელოში ასევე ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთების გატაცებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსური რესურსები თანაბრად არ იყო გადანაწილებული – საარჩევნო შემოწირულობების 90 პროცენტზე მეტი სწორედ სახელისუფლებო პარტიაზე მოდიოდა.

კიდევ უფრო მეტი დარღვევებით ჩატარდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ზემოთ აღნიშნულ დარღვევებს დაემატა ისიც, რომ საარჩვევნო უბნებთან, „ვითარების გასაკონტროლებლად“, შეინიშნებოდა კრიმინალური ელემენტების თავშეყრა.

ძნელი სათქმელია, რამდენად იქნება მზად ხელისუფლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად. მითუმეტეს, რომ დღევანდელი მმართველი გუნდი ძალაუფლების დაკარგვას, ოპოზიციის ხელში მის გადასვლას, ტრაგედიად მიიჩნევს.

მეორე მხრივ, ისიც აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაზე იზრდება დასავლეთის ზეწოლა  და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეებისგან აუცილებლად იქნება წამოყენებული პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.

– როდესაც მშვიდ საარჩევნო გარემოზე ვსაუბრობთ, ალბათ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ოპოზიციის ქმედებებიც, რომელიც, სავარაუდოდ, შეეცდება, შექმნას დაძაბული, მწვავე და აგრესიული ფონი როგორც  წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. ამის საფუძველს იძლევა ბოლო პერიოდში ოპოზიციის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯები. მათ შორის: პარლამენტის პიკეტირება, ქუჩების გადაკეტვა, ადმინისტრაციული შენობების „დაბოქლომება“, საკანონმდებლო ორგანოში ფეკალიების სუნის მქონე ნივთიერებების გაშვება, „შავი სიების“ შედგენა და გამოქვეყნება… რამდენად უწყობს ხელს ასეთი ქმედებები მშვიდი საარჩევნო გარემოს შექმნას და შენარჩუნებას?

ზაზა შათირიშვილი:  გასული, 2019 წლის ყველაზე რთული, კულმინაციური მომენტი იყო 20-21 ივნისი, ე. წ. „გავრილოვის ღამე“. მაშინ ხელისუფლებამ, მთლიანობაში, აჩვენა, რომ დაძაბული ვითარების განმუხტვა შეუძლია. მართლაც, ამის შემდეგ ოპოზიციური მუხტი საგრძნობლად შესუსტდა და დაძაბულობის მრუდი დაღმა წავიდა.

თავად ოპოზიციური სპექტრი ძალიან ჭრელია. მის შიგნით ყოველთვის არსებობდნენ და არსებობენ რადიკალური ძალები. გასათვალისწინებელია ამ ძალების ფსიქოლოგია – მათ აქვთ თავიანთი ქმედებების აბსოლუტური სისწორის, ჭეშმარიტების და პროგრესულობის განცდა. სხვათა შორის, საფრანგეთის რევოლუციიდან დაწყებული, რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის ჩათვლით, სწორედ ასეთი (პროგრესის, აუცილებლობის, ჭეშმარიტების) განცდა ჰქონდა ყველა რევოლუციონერ ლიდერს. ასეთივე განცდა აქვთ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის ლიდერებსაც.

რევოლუციის მოსახდენად, მისი მოსურნეების განცდები საკმარისო არ არის. ამისთვის აუცილებელია, ხალხსაც ჰქონდეს ძალიან დიდი უსამართლობის განცდა. მხოლოდ ამ ორი ელემენტის შერწყმით და თანხვედრით ხდება რევოლუცია. ჩვენთან დღეს ასეთი თანხვედრა არ არსებობს – მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არა აქვს ისეთი უსაზღვრო უსამართლობის განცდა, როგორივ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჰქონდა.

ამიტომ, შესაძლოა, წინასაარჩევნო პერიოდში, ან არჩევნების შემდეგ ექსცესები მოხდეს და ამან  საარჩევნო გარემო დააზიანოს, მაგრამ ასეთი პროტესტით მმართველობის სისტემის რყევა ვერ მოხერხდება. ამის მაგალითია საფრანგეთში ე. წ. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობაც.

თუმცა, საბჭოთა კავშირში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ტარდებოდა, მაგრამ ის მაინც არალეგიტიმური იყო. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობდა კონკურენცია – მხოლოდ ერთი, ხელისუფლების მიერ დასახელებული კანდიდატი იყრიდა კენჭს. 1937 წელს სტალინს რომ არჩევნები ჩაეტარებინა, ის აუცილებლად გაიმარჯვებდა, რადგან არ არსებობდა კონკურენტული გარემო. სწორედ კონკურენცია განაპირობებს დაძაბულობას. როდესაც ვამბობთ, რომ ესა თუ ის რაღაც დემოკრატიულია, ეს ნიშნავს, რომ ის, ამავე დროს, კონკურენტულია, კონკურენცია კი, თავის თავში აუცილებლად გულისხმობს დაძაბულობას.

ნიკა ჩიტაძე: თავის დროზე, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები თვითონ იყვნენ ოპოზიციაში, ძალიან ჩვეულებრივ ქმედებად მიიჩნევდნენ, მაგალითად, იმას, რომ რუსთაველის პროსპექტი სამი თვით ჰქონდათ გადაკეტილი, ხდებოდა პრეზიდენტის სასახლის და თქვენი ტელევიზიის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პიკეტირება. მაშინ ასევე ისმოდა მათი განცხადებები, რომ გადააყენებდნენ პრეზიდენტს, 26 მაისს ხელისუფლებას არ მისცემდნენ აღლუმის ჩატარების საშუალებას და ა.შ. ამიტომ, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება  ოპოზიციის ნაბიჯებით აღშფოთებას გამოთქვამს, ვურჩევ, ჯერ თავის წარსულს გადახედოს და გაიხსენოს, თავად როგორი „პასუხისმგებლიანი“ ოპოზიცია იყო.

ზოგადად, ორმაგი სტანდარტი მიუღებელია – როდესაც ხელისუფლება აღშფოთდება ხოლმე 7 ნოემბრის აქციაზე (და ამ აღშფოთებისთვის საფუძველი ნამდვილად არსებობს!), მაშინ, ის ასევე უნდა აღშფოთდეს 20-21 ივნისის მოვლენებზეც.

ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციის მოვალეობაც არის, რომ მის საპროტესტო აქციებს მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდეს. პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს. ხელისუფლების ფუნქცია მართლწესრიგის უზრუნველყოფაა, ოპოზიციის მოვალეობა კი – აქციების მშვიდობიანად ჩატარება.

– არჩევნებამდე 7-8 თვით ადრე, მთლიანობაში, როგორ წინასაარჩევნო გარემოა შექმნილი ქვეყანაში?

ზაზა შათირიშვილი: ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქის და ფილოსოფოსის თვალსაწიერიდან, მკაფიოდ ვხედავ, რომ დღეს საქართველოში სულაც არ არის დაძაბული საარჩევნო გარემო. განსხვავებით, 2012 წლისგან, როდესაც არჩევნები გვიახლოვდებოდა და არ ვიცოდით, რა უბედურება მოხდებოდა…

 საკმაოდ ახლო შეხება მაქვს უბრალო ხალხთან – დავდივარ ბაზარში, ვმგზავრობ ტაქსით, ავტობუსით, სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ დაძაბულ საარჩევნო გარემოს  ვერ ვგრძნობ.

კიდევ ერთ შედარებას გავაკეთებ 2012 წლის არჩევნებთან: მაშინ, არჩევნებამდე 7-8 თვით ადრე, „მარშრუტკაში“ თუ ბაზარში, ყველა პოლიტიკაზე საუბრობდა. დღეს ასე ნამდვილად არ არის.

ნიკა ჩიტაძე: სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში საკმაოდ დაძაბული საარჩევნო გარემოა. ცხადია, პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება უნდა არსებობდეს, მაგრამ მას კონფრონტაციული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.

ერს  სჭირდება ერთობა და ჯანსაღი პოლიტიკური ბრძოლა. ჩვენი მთავარი ტკივილი აფხაზეთი და სამაჩაბლოა. იმისთვის, რომ საქართველოს ამ ორი ისტორიული რეგიონის დაბრუნება მოხდეს მშვიდობიანი გზით, მათ უნდა მივცეთ მაგალითი და მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ საქართველო იქნება დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო. როდესაც ქართველები ერთმანეთს მწვავედ, აგრესიული ფორმით ვუპირისპირდებით,  ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ამას ბუნებრივია, თვალსა ადევნებენ და ცხადია, ამით კარგ მაგალითს ნამდვილად ვერ ვიძლევით.

ამ მიმართულებით, ხელისუფლება სხვა  სამწუხარო შეცდომებსაც უშვებს. ის საზოგადოებას დაჰპირდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული წესით ჩაატარებდა, მაგრამ შემდეგ ამაზე უარი თქვა. არადა, მმართველ გუნდს დანაპირები რომ შეესრულებინა, დღეს ქვეყანაში ასეთი დაძაბული მდგომარეობა ნამდვილად არ გვექნებოდა. თუმცა, ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, დასავლეთი პროცესებში აქტიურად ჩაერთო და იმედს ვიტოვებ, რომ ეს გარკვეულ შედეგს გამოიღებს.

– წინასაარჩევნო პერიოდს წითელ ხაზად გასდევს ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. რამდენად განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს თავად საარჩევნო მოდელი? აძლევს თუ არა შერეული სისტემა უპირატესობას ხელისუფლებას, პროპორციულთან შედარებით?

ზაზა შათირიშვილი: საარჩევნო საკითხების ექსპერტი არა ვარ, მაგრამ თავად ამ საკითხში ღრმად ჩახედული ადამიანებიც კი ლამის ერთხმად აცხადებენ, რომ ყველა საარჩევნო სისტემა ლეგიტიმურია – მაჟორი ტარულიც, შერეულიც და პროპორციულიც. ამ შემთხვევაში, მთავარი ის არის, რომ არჩევნების წინ, არჩევნების პროცესში და არჩევნების შემდეგ საარჩევნო გარემო დემოკრატიული იყოს.

საარჩევნო მოდელის შერჩევა ფეხსაცმელის შერჩევას და ფეხზე  მორგებას ჰგავს. ამ დროს შეიძლება შეცდომა დავუშვათ და იდეალური არჩევანი ვერ გავაკეთოთ. ასევეა საარჩევნო მოდელის შემთხვევაშიც – მისი შერჩევისას, შეიძლება, ხალხიც შეცდეს და ელიტაც. სახარებისეული ისტორია ამის არაჩვეულებრივი მაგალითია – ხალხიც შეცდა, ელიტაც და უდანაშაულო ადამიანი ჯვარს აცვეს, რამაც, სხვათა შორის, შემდგომში სისტემის მთლიანად შეცვლა გამოიწვია. ეს ბუნებრივიც იყო – იმ დროისთვის საუკეთესო, რომაულმა სამართალმა უდანაშაულოს დასჯა დაუშვა.

ეს შედარება იმიტომ მოვიყვანე, რომ ხაზი გავუსვა უმთავრესს, რაც ამ პროცესებს განსაზღვრავს. ეს არის ხალხის ნება, რომელიც ისეთივე მეტაფიზიკური კატეგორიაა, როგორც ღვთის ნება – როგორც ღმერთი არავის უხილავს, ისე „ხალხიც“ არავის უნახავს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი რამ ინტუიციურად წყდება.

ნიკა ჩიტაძე: დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც  კანონის უზენაესობაა, ყველა სახის საარჩევნო სისტემა წარმატებით ფუნქციონირებს. მაგალითად, მაჟორიტარული სისტემა – ამერიკის შეერთებულ შტატებში, შერეული სისტემა – გერმანიაში, პროპორციული სისტემა – ბელგიაში, ისრაელში…

საქართველოს შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კანონის უზენაესობა, რაც ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, ყველა საარჩევნო ოლქში თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გაიყვანოს. მსგავსი პრობლემა, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა – 2008 წლის არჩევნებში, 73-ვე საარჩევნო ოლქში, მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი მაჟორიტარები გაიყვანა.

დემოკრატიის განვითარებისთვის, ეს, ცხადია, კარგი არ არის. ამიტომ, ვიდრე საქართველოში კანონის უზენაესობა არ იქნება, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, იქნება ეს „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“, საშუალება მიეცემა,  ძალაუფლების უზურპაცია მოახდინოს, უმჯობესია, არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

– თქვენი აზრით, რატომ წაიღო უკან ხელისუფლებამ თავისივე დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და რამდენად დააზიანა ამან არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ იმიჯი საზოგადოების თვალში?

ზაზა შათირიშვილი: ჩემი აზრით, არსებობს რაღაც შეთანხმება ოპოზიციასა და ისტებლიშმენტს შორის, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ. ვინაიდან ოპოზიციას  საკმარისო ხალხის მხარდაჭერა არა აქვს, მას სჭირდება სასათბურე საარჩევნო პირობები – მზის ქვეშ მასაც ხომ უნდა ადგილი! ამიტომ, შეიძლება სწორედ საარჩევნო სისტემა გახდა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და ხელისუფლება ოპოზიციას საარჩევნო მოდელის შეცვლას შეჰპირდა. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ კი, მმართველმა ძალამ ჩათვალა, რომ შინაგანი ლეგიტიმაცია მოიპოვა და ოპოზიციას უფრო „მკაცრად“ მოექცა. ეს, თავისთავად, კარგი არ არის, მაგრამ რეალობაა.

ისე, ოპოზიციის გულისწყრომაც გასაგებია: როდესაც 9 წელიწადი ხელისუფლებაში ხარ და კიდევ 30 წელი ფიქრობ ძალაუფლების შენარჩუნებას, როდესაც დასავლეთის გარკვეული ძალების მხარდაჭერა გაქვს, ასეთ დროს, ძალიან გწყინს, რომ ვიღაც „გოიმები“ ასე გექცევიან.

ნიკა ჩიტაძე: ჩემი აზრით, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ის  კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებოდა და გარკვეულ დათმობებზე წასვლით, ვითარებას განმუხტავდა. თუმცა, შემდგომში სოციოლოგიური კვლევებით დაინახეს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემოდა – „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი დაახლოებით 20 პროცენტი იყო. ასეთ პირობებში, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, შერეული საარჩევნო სისტემა შეენარჩუნებინა.

– დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ ორპოლუსიანი („ქართული ოცნება“ vs „ნაციონალური მოძრაობა“) პოლიტიკური გარემო უნდა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს „მესამე პოლიტიკური ძალა“, რაც არსებითად შეცვლის პარტიულ ლანდშაფტს და საზოგადოებას უფრო უკეთესი პოლიტიკური არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს. რატომ ვერ ხერხდება ეს დღემდე, რა უშლის ხელს „მესამე ძალის“ ჩამოყალიბების პროცესს?

ზაზა შათირიშვილი: მრავლად არის ისეთი ქვეყანა, სადაც უამრავი პოლიტიკური პარტია არსებობს, მაგრამ მათგან მხოლოდ ორია დომინანტი. მაგალითად, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები აშშ-ში.  გარკვეულწილად, ასეა დიდ ბრიტანეთში… მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს.

ფართო გაგებით, ყველგან ასეა: არიან კონსერვატორები და არიან ლიბერალები, არიან პროგრესისტები და არიან შედარებით რეაქციონერები. ანუ, არსებობს ორი პოლუსი (უფრო რევოლუციური და უფრო ევოლუციური) და ამას ვერ გავექცევით.

მათემატიკური „გაგებით“, თუ არის ორი, ეს უკვე სიმრავლეს ნიშნავს.

ნიკა ჩიტაძე: ამისთვის საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ფინანსურ და  ინტელექტუალურ რესურსთან ერთად, ხალხის ფართო მხარდაჭერა ექნება. ჯერჯერობით, გამოკვეთილად, საქართველოში ასეთი პოლიტიკური ძალა არ არსებობს.

„მესამე ძალად“ შეიძლება ჩავთვალოდ პრორუსული მიმართულების „პატრიოტთა ალიანსი“. ამავე კონტექსტში, ახლახან შექმნილ „ლელოზეც“ შეიძლება საუბარი, მაგრამ მისი რეიტინგი ჯერ კიდევ არ იძლევა „მესამე ძალად“ მისი მოაზრების საშუალებას. სხვა მხრივ, ქართული პოლიტიკური სპექტრი, დღეს, მთლიანობაში, მაინც ორპოლუსიანია.

– სახელისუფლებო გუნდი ბოლო პერიოდში დატოვა რამდენიმე ცნობადმა პოლიტიკურმა სახემ. ასევე რეზონანსული იყო ამერიკელი კონგრესმენების და ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოგზავნილ კრიტიკული პათოსის მქონე წერილები. რამდენად აისახება ეს „დარტყმები“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგებზე?

ზაზა შათირიშვილი: დღეს ძნელია ამის თქმა – წიწილებს ხომ შემოდგომაზე ითვლიან!  წინაწარმეტყველება და პროგნოზი უმადური საქმეა. მაგრამ მაინც გავბედავ და ვიტყვი: არა მგონია, რომ ეს ამბები „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგს ძალიან დაეტყოს, რადგან საქართველოში ამომრჩეველი, უკვე დიდი ხანია, ხმას აძლევს არა რაღაცისთვის, არამედ – რაღაცის წინააღმდეგ.

დაახლოებით 2007 წლიდან დღემდე, ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას წითელ ხაზად გასდევს „ნაციონალური მოძრაობის“ აჩრდილი. აქედან გამომდინარე, რაც უფრო დიდი იქნება ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების შიში, მით უფრო გაიზრდება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. დღეს შეიქმნა მდგომარეობა, როცა მმართველ პარტიას, პრაქტიკულად, ხელის განძრევა არ სჭირდება – რაც უფრო იაქტიურებს რადიკალური ოპოზიცია, მით მეტი ხალხი მივა არჩევნებზე და „ქართული ოცნებას“ მისცემს ხმას.

ეს იმის შედეგია, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე, პოლიტიკური ძალების მიერ საზოგადოებისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება ვერ ხერხდება.

ნიკა ჩიტაძე: თქვენი შეკითხვის კონტექსტში, მე ოპოზიციასთან უფრო მაქვს კითხვები. მაგალითად, რატომ არის მათ გვერდით ეკა ბესელია, რატომ გახდა ის ტელეარხ „მთავარის“ ხშირი და საპატიო სტუმარი. მანამდე ეს ტელეარხი მის სამსართულიან სახლს აჩვენებდა და ხაზს უსვამდა, როგორი კორუმპირებილი იყო, დღეს კი უცებ, როგორც ვთქვი, ის „მთავარის“ ხშირი და საპატიო სტუმარია.

 რაც შეეხება სხვებს, მაგალითად, თამარ ჩუგოშვილს, სოფიო ქაცარავას, ზვიად ძიძიგურს და ა.შ, – ისინი კვირიკაშვილის გუნდის წევრებად მოიაზრებიან და სახელისუფლებო გუნდიდან მათი წასვლა, ალბათ, ლოგიკური იყო.

მე მგონია, რომ მათი განდგომა აუცილებლად დაეტყობა მმართველ გუნდს, რადგან მას („ქართულ ოცნებას“) კვალიფიციური კადრი აღარ დარჩა.

ამ ფონზე, სულ უფრო მატულობს ხელისუფლების კრიტიკა დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან და ამ კრიტიკამ უკვე ღია, საჯარო ფორმა მიიღო. ეს კრიტიკა, საბოლოო ჯამში, აიძულებს ხელისუფლებას, დასავლეთის აზრს ანგარიში გაუწიოს.

– თუ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში 50 პროცენტზე ნაკლებ ხმას მიიღებს და საბოლოო გამარჯვებისთვის სხვა პარტიის მხარდაჭერა, მასთან კოალიციაში შესვლა დასჭირდება, ამ შემთხვევაში, ვინ შეიძლება გახდეს „ოცნების“ მოკავშირე და მაშველი ძალა?

ზაზა შათირიშვილი: მეტ-ნაკლებად საკუთარი სახე დღეს რამდენიმე პარტიას გააჩნია. ესენია: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“ და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“. დიდი რეფლექსია არ სჭირდება იმას, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაცმოძრაობა“ რადიკალურად დაპირისპირებული ძალები არიან, ხოლო „ოცნება“ და ხაზარაძე – სადღაც, შუაში. ამის გათვალისწინებით, თუ საჭიროება შეიქმნება, „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლელო“ შევლენ – „პატრიოტთა ალიანსი“ აიძულებს ოცნებას, უფრო ზომიერი იყოს, რადგან თავად პაპზე უფრო კათოლიკეები არიან. რაც შეეხება „ლელოს“, მას „ნაცმოძრაობის“ მსგავსი წინაისტორია არა აქვს, მოსახლეობას მის მიმართ მკვეთრად უარყოფითი განწყობა არ გააჩნია (თუ ხაზარაძის, როგორც ბანკირის, რეპუტაციას გამოვრიცხავთ) და ლიბერალურ (მაშასადამე, მისაღებ) ძალას წარმოადგენს.

ნიკა ჩიტაძე: ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ასეთ ძალად, ამ ეტაპზე,  შეიძლება მოვიაზროთ „პატრიოტთა ალიანსი“, თუ ის 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, გადალახავდა თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ საარჩევნო ბარიერს და მაშინ მან ეს „ქართული ოცნების“ დახმარებით მოახერხა.

„ქართულ ოცნებას“ დღესაც აწყობს „პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსი ოპოზიციის არსებობა, რადგან, მის ფონზე, უფრო პროდასავლურ, პროგრესულ ძალად წარმოჩინდება. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გვერდით კი, ის ასეთ ძალად არ ჩანს.

 ამდენად, სრულიად ბუნებრივი იქნება, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ მთავრობის ფორმირებაში დაეხმაროს, ისევე, როგორც „პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლების მიერ გამოყენებული იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, როდესაც „ალიანსმა“ ღიად მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა.

31 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მესამედ შეეცდება საპარლმენტო არჩევნებში გამარჯვებას და თავისი მმართველობის კიდევ 4 წლით გახანგრძლივებას. აქვს თუ არა მას რეალური შანსი, რომ საპარლამენტო არჩევნებში მესამედ გამარჯვებით, „ჰეთ-თრიკი შეასრულოს“?

ზაზა შათირიშვილი: ამაში ეჭვიც არ მეპარება, იმიტომ კი არა, რომ „ოცნებაა“ ძალიან ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ მას ძალიან სუსტი ოპოზიცია ჰყავს. როდესაც მხოლოდ უცხოელი პოლიტიკოსების მხარდაჭერის იმედი გაქვს, ვერაფერი გიშველის. საკუთარ ხალხთან ლაპარაკი რადიკალურ ოპოზიციას არ შეუძლია, რადგან მას ეს ხალხი ეზიზღება, როგორც „ჩამორჩენილი“ და „რუსეთუმე“.

ნიკა ჩიტაძე: საპარლამენტო არჩევნებში მესამედ გამარჯვების შანსი ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს. ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა, მან იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პირობებში, ჰეთ-თრიკის შესრულება ძალიან გაუჭირდება. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთჯერადად კი არ მოისყიდოს ამომრჩეველი, არამედ რეალურად რაღაც დადებითი გააკეთოს მოსახლეობისთვის. მაგალითად, ფონდ „ქართუს“ მეშვეობით, რეგიონებში განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები  და ამ გზით, დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. დღემდე ეს, სამწუხაროდ, არ ხდება. მართალია, გარკვეული პროექტები ხორციელდება, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი, რომლებმაც შეიძლება ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე არსებითი გავლენა მოახდინოს.

თუმცა, შესაძლებელია, ხელისუფლებამ გარკვეული ბერკეტები აამუშავოს, ისეთ მეთოდებს მიმართოს, როგორიც მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოიყენა, როდესაც ამომრჩეველთა დიდ მასას საბანკო დავალიანებები დაუფარა და ამით არჩევნებში მათი მხარდაჭერა მოიპოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამომრჩეველთა 40 პროცენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვის მისცემს ხმას. ესეც გარკვეული საარჩევნო რესურსია.

– ოპოზიციას თუ აქვს 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი?

ზაზა შათირიშვილი: დასავლელი პოლიტიკოსებისგან ყველაზე დიდი კარტ-ბლანში დღეს გიგა ბოკერიას აქვს (ოპოზიციურ სპექტრს ვგულისხმობ). მიხეილ სააკაშვილი დასავლეთისთვის მაინც უფრო ირაციონალურ და გაუთვლელ ძალას წარმოადგენს, რომელსაც შინაგანი საყრდენი არ გააჩნია – თავის დროზე, ხან პატრიოტი იყო, ხან – ნიჰილისტი, ხან – პროდასავლელი, ხან – მართლმადიდებელი… ერთი სიტყვით, ყველაფერი იყო იმის მიხედვით, როდის რა სჭირდებოდა.

 ბოკერია მისგან ძალიან განსხვავდება. ის მე მაგონებს ახალგაზრდა ლენინს თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ტროცკის მაინც. თუმცა, ტროცკის უბრალო ხალხის მიმართ ემპათია მაინც ჰქონდა, რაც ბოკერიას არ გააჩნია. ვიტყოდი, რომ ბოკერია არის პინოჩეტი საქართველოში, ხალხისა და ეკლესიის გარეშე. ჩემი აზრით, ასეთ ლიდერებს არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი არა აქვთ. მითუმეტეს, როდესაც  ქვეყანაში კრიტიკული მასა არ არსებობს.

ნიკა ჩიტაძე: ოპოზიციას გამარჯვების შანსი აქვს, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი სტრატეგიისა და ტაქტიკის განხორციელების შემთხვევაში. კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ უნდა იმუშავონ იმ მიმართულებით, რომ მათ წინააღმდეგ აგორებული ჭორები გაფანტონ.

ბევრი რამ არის გაბერილი ე. წ „სისხლიან რეჟიმთან“ დაკავშირებით. მაგალითად, ტყუილია და არ მტკიცდება ზურაბ ჟვანიას და რაფაელიანცის მკვლელობა, ასევე ტყუილია და არ მტკიცდება, რომ, თითქოს, ყოველი გაყიდული 1 ლიტრი ბენზინიდან 1 ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა, საქართველოში 26 ათასი ადამიანი გააუპატიურეს და ა.შ. ასეთი ტყუილები ბევრი აგორდა და ხალხის მეხსიერებაში ისინი, როგორც რეალური ამბები, ისე დაილექა. ამიტომ, ხალხი ასე ფიქრობენ: „ქართული ოცნება“ არის უუნარო, მაგრამ ბოროტი არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პროექტებთან ერთად (მაგალითად, პროექტი „აღმაშენებელი“), რომელსაც ოპოზიცია საზოგადოებას სთავაზობს, მან ზემოთ მოყვანილი ეჭვებიც უნდა გაფანტოს. კერძოდ, მან უნდა თქვას, რომ შეცდომა დაუშვა 7 ნოემბერს; რომ სასამართლო სისტემა არ იყო დამოუკიდებელი და ა.შ. მაგრამ ის, რომ აქვთ სისხლიანი პოლიტიკოსების სახელი, დღევანდელი ხელისუფლების აგიტაცია-პროპგანდის შედეგია.

– არჩევნების შემდეგ რა არსებით ცვლილებებს შეიძლება ველოდეთ ქვეყანაში?

ზაზა შათირიშვილი: ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ცვლილებები. ისტორიაც ცვლილებების ჯაჭვია. სხვა საქმეა, რამდენად ვგრძნობთ ისტორიის სულს, რამდენად განვსაზღვრავთ მას და რამდენად ვრეაგირებთ, ან არ ვრეაგირებთ მასზე.

ამიტომ, არჩევნების შემდეგ რაღაც ცვლილებები აუცილებლად იქნება. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნებში გამარჯვებულ ძალას რამდენად ექნება განცდა იმისა, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა. დღევანდელი სამყარო გლობალურია და ამას ალტერნატივა არა აქვს. თუმცა, სამყარო გლობალურია, მაგრამ არა – ერთიანი. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ექნება იმის განსაზღვრას, სად ვართ და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი მომავალი. ამის შემდეგ, უკვე ადვილი იქნება სწორი საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ. მიმართულებების ჩამოყალიბება.

ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში მოვიდა. ის მკვეთად დაუპირისპირდა საბჭოთა იმპერიას, მაგრამ ბოლოს მაინც ემსხვერპლა მას. შემდეგ მოვიდა შევარდნაძე, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ბალანსირების პოლიტიკა აირჩია. როდესაც ასეთმა პოლიტიკამ თავისი თავი ამოწურა, მომდევნო მმართველი – მიხეილ სააკაშვილი, ორპოლუსიანი მოცემულობის პირობებში, ერთი კონკრეტული ძალის მხარეზე დადგა და  მეორე მხარეს დაუპირისპირდა. ეს ეპოქაც უკვე დამთავრდა. თანამედროვე სამყარო, როგორც ჩანს, მრავალმხრიან ძალთა ბალანსისკენ მიდის. ჰოდა, ჩვენც, ალბათ, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ.

ნიკა ჩიტაძე: არჩევნების შემდეგ მოვლენები რამდენიმე სცენარით შეიძლება განვითარდეს. პირველი სცენარი: თუ დღევანდელი ხელისუფლება დამარცხდება, მაგრამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ამ შემთხვევაში, ქვეყანაში კრიზისული ვითარება შეიქმნება. მეორე სცენარი: თუ ხელისუფლება, დამარცხების შემთხვევაში, ოპოზიციას მშვიდობიანად გადააბარებს ძალაუფლებას, ამით ის გარკვეულ ქულებს დაიწერს, როგორც ეს 2012 წელს მოხდა. ეს ქვეყნის ინტერესებზე და იმიჯზე დადებითად აისახება, რადგან დადასტურდება, რომ ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა შესაძლებელია. მესამე სცენარი: ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება, მის შიგნით როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება, მიხეილ სააკაშვილსაც მოუნდეს საქართველოში დაბრუნება და ხელისუფლებაში მოსვლა… ამიტომ, ოპოზიცია ახლავე უნდა ჩამოყალიბდეს არჩევნების შემდეგ მოვლენების შესაძლო განვითარებაზე.

ყველაზე ოპტიმისტური სცენარი შეიძლება იყოს ის, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, არც „ქართულ ოცნებას“, არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც „ევროპულ საქართველოს“ არ  ექნება მნიშვნელოვანი უპირატესობა, ძალები შედარებით თანაბრად გადანაწილდება და პლურასტული პოლიტიკური გარემო შეიქმნება. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის უკეთესია.

არსებობს კიდევ ერთი სცენარი, – არჩევნებში იმარჯვებს დღევანდელი სახელისუფლებო გუნდი…

ნიკა ჩიტაძე: იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ის არ იქნება ისეთი მყარი, როგორიც იყო, მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მისი რეიტინგი 54-დან 63 პროცენტამდე ავიდა. წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მას ასეთი მაღალი რეიტინგი აღარ ექნება და აქედან გამომდინარე, ნაკლებად შეეძლება ძალაუფლების უზურპაცია.

და მაინც, თუ საპარლამენტო არჩევნებში „ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ქვეყნის მოსახლეობა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მზად არ არის. შედეგად, ყველა სფეროში მდგომარეობა გაურესდება, რასაც ჩემი ქვეყნისთვის ნამდვილად არ ვისურვებ.

 

რესპონდენტებს ესაუბრა გიორგი ასანიშვილი