საწამლავნარევი არჩევნები აფხაზეთში
პაატა ზაქარეიშვილი

მოვლენები აფხაზეთში მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარით ვითარდება. პოლიტიკური თრილერი კი აქ იმით დაიწყო, რომ 2019 წლის 21 ივლისისთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია სოხუმის ერთ-ერთ კაფეში მოწამლეს. იგი ჯერ სოჭის, შემდეგ კი მოსკოვის სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს. რუსეთის დედაქალაქში დასმული ოფიციალური დიაგნოზის მიხედვით, ბჟანიას ვირუსული პნევმონიის მძიმე ფორმა დაუდგინდა, თუმცა, მიუნხენში (გერმანია) ჩატარებული დამოუკიდებდელი ექსპერტიზის შედეგების თანახმად, იგი მძიმე ლითონებით მოიწამლა.

მომხდარის შემდეგ, ასლან ბჟანიას მომხრეების მოთხოვნით, ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები  აგვისტოსთვის გადაიდო, 2019 წლის 8 სექტემბერს კი, არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯინბამ ოპოზიციის კანდიდატი ალხაზ კვიცინია მცირე უპირატესობით დაამარცხა და სავარძელი შეინარჩუნა.

თუმცა, ხაჯინბას ზეობა დიდხანს არ გაგრძელდა – 2020 წლის იანვარში, ოპოზიციის აქციების ფონზე, სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ არჩევნების შედეგები ბათილად სცნო და დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა. ახალი ე. წ საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტისთვის დაინიშნა.

ამის შემდეგ მოვლენები წრეზე დატრიალდა: გამოჯანმრთელებულმა ასლან ბჟანიამ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა და კვლავ გამარჯვების ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა, მაგრამ 2 მარტს… ისევ საავადმყოფოში აღმოჩნდა (ამჯერადაც მოწამვლის ნიშნებით!).

ბჟანიას საარჩევნო შტაბის განცხადებით, თუ 22 მარტის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე მათი კანდიდატი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგება არჩევნების გადადების საკითხი.

ერთი სიტყვით, აფხაზური პოლიტიკური ბლოკპასტერი გრძელდება და მის ფინალურ სცენამდე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ  შორია…

აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მის სავარაუდო შედეგებსა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივებზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

 

 – ბატონო პაატა, ბოლო პერიოდში აფხაზეთში მოვლენები საკმაოდ დრამატულად განვითარდა: ორჯერ სცადეს ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატის მოწამვლა,  გადაიდო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, გადადგა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი, საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ  დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობაში, მოხდა ე.წ. კანონიერი ქურდების გახმაურებული მკვლელობები… ერთი სიტყვით, პოლიტიკური და კრიმინალური ინტრიგები ერთმანეთს გადაეჯაჭვა.

რა პროცესი მიმდინარეობს დღეს აფხაზეთში? თვისობრივად იცვლება რეალობა, რომელიც აქ ბოლო 25-30 წელიწადში ჩამოყალიბდა, თუ ეს არის მხოლოდ კლანებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომლითაც, საბოლოო ჯამში, არსებითად, არაფერი შეიცვლება?

– სიტუაცია, როგორც ჩანს, უფრო რეალობის შეცლისკენ მიდის. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ აფხაზეთში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. პოლიტიკაში მოდის ახალი თაობა, რომელსაც ქართველების წინააღმდეგ არ უბრძოლია – ისინი ომის დროს მცირეწლოვნები იყვნენ, ან საერთოდ არ იყვნენ დაბადებულნი. იწყება ახალი ეპოქა, პოსტსაბჭოთა ეპოქა და აფხაზეთის საზოგადოება ცვლილებების აუცილებლობის წინაშე დგას.

 აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ცვლილებებს თავად აფხაზები არ მართავენ. ცვლილებების პროცესი რუსეთიდან იმართება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ბავშვი რომ იზრდება, სრულწლოვნობის ასაკს აღწევს, მაგრამ მაინც მშობლების ნებას ემორჩილება. ამ დროს ბავშვში შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობს ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება, ეს რა ბრძოლაა…

აფხაზეთში, ახალი თაობის მოსვლასთან ერთად, უკვე ჩამოყალიბებული და სტრუქტურიზებულია კონსერვატიული „ინსტიტუტები“ – კლანები, კორუფცია, კრიმინალური ელემენტები, რომელიც თვისობრივ განახლებას ეწინააღმდეგებიან. ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, ხაზგასასმელია რუსეთის ნეოიმპერიული ინტერესები.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, უტიფრად და თავხედურად მიითვისა ყირიმი, რიგი აფხაზეთზე მიდგა. მოსკოვი ხედავს, რომ ნატო-მ უკვე „დაიპყრო“ შავი ზღვა – თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ნატო-ს წევრები არიან, უკრაინა და საქართველო კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ამბიციას არ მალავენ. ამიტომ, რუსეთი იმ ქურდივით იქცევა, ძარცვის დროს ყველაფრის წაღებას რომ ვერ ახერხებს და ცდილობს, რაღაცის მითვისება მაინც მოასწროს.

 სწორედ აფხაზეთის ანექსიაა ის, რისი მოსწრებისკენაც მოსკოვი ისწრაფვის. ამით რუსეთს, თითქოს, სურს, მსოფლიოს უთხრას – ნურას უკაცრავად, შავი ზღვა თქვენი არ არის!

ეს ყველაფერი აფხაზეთის დღევანდელ ცხოვრებაზე აისახება. ახალი თაობის მოსვლასთან ერთად, საზოგადოება იზრდება და ამ საზოგადოებას – ლეგიტიმურია ის თუ არალეგიტიმური, აღიარებულია თუ არაღიარებული, – თავისი ინტერესები უჩნდება. ეს ახალი საზოგადოება ხედავს და მტკივნეულად განიცდის, რომ მსოფლიო პროგრესის ფონზე, ის ძველ გამოწვევებსაც კი ვერ უმკლავდება. მაგალითად, მიიჩნევს, რომ თუ მის შვილებს ნორმალური ქვეყანა ექნებათ, უკეთეს განათლებას მიიღებენ და უკეთესად იცხოვრებენ, ახლა კი ცხოვრება უწევთ რუსულ, ნეოიმპერიულ სივრცეში, რომელსაც ისინი აშკარად უფრთხიან… ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, დღეს აფხაზეთში  რუსეთის მიმართ გარკვეული საფრთხეების განცდა ნამდვილად არსებობს.

აფხაზები ხაჯინბას გადადგომას ითხოვენ

ყოველივე ზემოთქმული, აფხაზეთსი ქმნის ახალ კონტექსტს და მისი ერთ-ერთი ნიშანი ისიც არის, რომ ძველი, პოსტსაბჭოთა თაობა პოლიტიკიდან ჯერ კიდევ არ არის წასული. ეს არის მისი სულის ღაფვა და 22 მარტის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, ამ თაობისთვის, ბოლო არჩევნები იქნება. მომდევნო არჩევნებში მონაწილე თაობა უკვე ხმამაღლა იტყვის – მერე რა, რომ მე ომში არ ვყოფილვარ?.. და ახალ რეალობას სწორედ ისინი, ახალი თაობის პოლიტიკოსები შექმნიან.

ჩვენ სწორედ ასეთი გარდამავალი ეპოქის სირთულეებს და კონვულსიებს ვადევნებთ თვალს. სამწუხაროდ, საქართველო ამის მხოლოდ მოწმეა, პროცესებში ვერ ერთვება, მაშინ, როდესაც გონივრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო – აფხაზეთში ეპოვა გარკვეული ძალები არა საქართველოს სასარგებლოდ, არამედ აფხაზეთის საზოგადოების და ქართულ-აფხაზური ინტერესების სამართავად.

 – ხშირად ამბობენ, რომ აფხაზეთს მართავენ არა პოლიტიკური ძალები, არამედ კლანები და კრიმინალური ავტორიტეტები. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს? თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– ჩემი აზრით, აფხაზეთში სიტუაციას კრიმინალური ავტორიტეტები არ მართავენ, თუმცა, მათი საქმიანობა ანგარიშგასაწევია როგორც კლანებისთვის, ისე პოლიტიკოსებისთვის. კრიმინალები პოლიტიკაში არ ერევიან, მაგრამ ქმნიან ისეთ რეალობას, რომ პოლიტიკა ვალდებულია, მათი ფაქტორი გაითვალისწინოს. თითქმის არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მე აფხაზეთში ვიცნობ, კრიმინალები გულზე არ ეხატება. პირიქით, როგორც კი შანსი მიეცემათ, ყველანაირად ცდილობენ, რომ ისინი შეავიწროვონ.

თუმცა, საქმე იმაშია, რომ აფხაზური კრიმინალი, ამა დროს, არის რუსული კრიმინალი. ამ კუთხით, შეიძლება პარალელის გავლება, თავის დროზე, კუბაში ამერიკელი განგსტერების თავშეყრასთან – აფხაზეთი სამხრეთის რეგიონია, სადაც სუფევს უკანონობა, არ „მუშაობს“ საერთაშორისო სამართალი… რუსეთმა, აფხაზეთის სახით, თავისთვის შექმნა უკანონო ოთახი, სადაც შეუძლია დამალოს იარაღი, აწარმოოს უკანონო პოლიტიკური პროცესები. კრიმინალი კი, როგორც ცნობილია, თავისი ბუნებით, პარაზიტული ორგანიზმია და კანონგარეშე, არალეგიტიმურ სტრუქტურებს კარგად ეგუება. შესაბამისად, პოსტსაბჭოთა რუსულმა კრიმინალმა აფხაზეთში მშვენივრად მოიკიდა ფეხი. ამიტომ, ამ პატარა რეგიონს ძალიან უჭირს უზარმაზარ კრიმინალურ იმპერიასთან გამკლავება და იძულებულია, მას ანგარიში გაუწიოს.

რაც შეეხება კლანებს, ისინი აფხაზეთში ნამდვილად არსებობენ, მაგალითად, ოჩამჩირის ან  გუდაუთის დაჯგუფებების სახით. მათ, ისევე როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს, ასევე არ მოსწონთ კრიმინალი, მაგრამ იძულებულნი არიან, აიტანონ სპილო ოთახში.

 – 22 მარტის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს:  ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია,  დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაპშიპა. რომელ მათგანს აქვს ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი?

– ლეონიდ ძიაპშიპა თავიდანვე უნდა გამოვრიცხოთ. ის დაახლოებით ისეთივე ფიგურაა, როგორიც ჩვენთან, თავის დროზე, ქართლოს ღარიბაშვილი იყო, რომელიც ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ყოველთვის ნულთან მიახლოვებულ პროცენტს იღებდა. ძიაპშიპა ორჯერ იყო აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი და კრიმინალი და კორუფცია, ორივეჯერ, როგორც იტყვიან, „გაიფურჩქნა“. ამიტომ, აფხაზურ საზოგადოებაში მის მიმართ უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს. ყველას უკვირს, რატომ მონაწილეობს ხოლმე ის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ასეა თუ ისე … ის მაინც მონაწილეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არჩევნებში შესაძლო გამარჯვებულების სიიდან შეგვიძლია, ძიაპშიპა ახლავე გამოვრიცხოთ.

ასლან ბჟანია

ამდენად, რჩება ორი რეალური კანდიდატი: ასლან ბჟანია, რომელიც დღეს ავად არის, მაგრამ საზოგადოებას აცნობა, რომ 22 მარტის ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს, და ახლადგამომცხვარი პოლიტიკოსი, არძინბას კლანის წარმომადგენელი, ეკონომიკის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი, ადგურ არძინბა.

ამ უკანასკნელს, ერთი შეხედვით, არჩევნებში მონაწილეობის შანსიც კი არ უნდა ჰქონოდა, რადგან არძინბას კლანში გაცილებით სერიოზული ფიგურები მოიძებნებიან. მაგალითად, სოხუმის მერი კან კვარჩია. აფხაზეთის კვალობაზე, სოხუმი რომ ყველაზე წარმატებული ქალაქია, ამაში ძალიან დიდია კვარჩიას დამსახურება, რომელიც  არძინბას კლანში ყველაზე პერსპექტიულ ფიგურად მოიაზრებოდა. თუმცა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მან თავისი კანდიდატურა არ დააყენა, რადგან, ეტყობა, ჩათვალა, რომ ასლან ბჟანიას დამარცხება გაუჭირდებოდა. ამიტომ, დასახელდა სხვა კანდიდატურა – უფრო გვარით დასამახსოვრებელი ადგურ არძინბა. ეს უკანასკნელი აფხაზური საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი არ არის. მას, ზოგჯერ, მეტად  უცნაური იდეები აქვს ხოლმე. მაგალითად, აფხაზეთში ბიტკოინების ფაბრიკის გახსნა…

თუმცა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი, ასლან ბჟანია დღეს ავად არის და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გაჩნდა აზრი: „მოწამლეს თუ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? რად გვინდა ავადმყოფი პრეზიდენტი!“…

ასეთმა განწყობამ, გარკვეულწილად, გაზარდა ადგურ არძინბას შანსები, თუმცა, – არა ავტორიტეტი.

არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საპრეზიდენტო მარათონში გამოკვეთილ ლიდერად მაინც ასლან ბჟანია რჩება. ის, ალბათ, არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ავადმყოფობის გამო, მის მიმართ ამომრჩევლის განწყობა თუ შეიცვალა, ბჟანია მეორე ტურში მაინც იზეიმებს წარმატებას.

 – აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში, ცხადია, ვერ გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოსკოვის მიერ არ იქნება მხარდაჭერილი. როგორც ცნობილია, აწ უკვე ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოსკოვის და პირადად პრეზიდენტ პუტინის მხრიდან, ბოლო დრომდე, საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა. რა შეიცვალა ბოლო დროს, რით გაანაწყენა ხაჯიმბამ მოსკოვი, რომ მის მხარდაჭერაზე უარი თქვა?

– ხაჯინბას მოსკოვი არ გაუნაწყენებია. პირიქით – როდესაც გასული წლის აგვისტოში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხაჯინბამ ერთობ საეჭვო ვითარებაში გაიმარჯვა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამას უმალ გამოეხმაურა და რაულ ხაჯინბას წარმატება მიულოცა. და ეს მაშინ, როდესაც უკვე სასამართლოში იყო შეტანილი სარჩელი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ სწორედ ამ პერიოდში  განხორციელდა აფხაზეთის დასახმარებლად განკუთვნილი ფულის გადარიცხვა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული იყო.

ამ ორი ქმედებით – მილოცვით და ფულის გადარიცხვით – პუტინმა დადასტურა, რომ რაულ ხაჯინბას პერსონა მისთვის მისაღები იყო.

– გამოდის, რომ ხაჯინბამ შიდააფხაზურ პოლიტიკურ კონკურენციას ვერ გაუძლო და ამიტომ დამარცხდა…

– სწორედ მაგაშია საქმე. რუსეთისთვის, ამა თუ იმ პოლიტიკურ ფიგურაზე მეტად, უფრო მნიშვნელოვანია აფხაზეთში სტაბილურობა.

 აფხაზეთში არ არსებობს პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ანტირუსი იქნება. ეს გამორიცხულია. ნებისმიერი ფიგურა, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში არა თუ გაიმარჯვებს, არამედ თუნდაც საარჩევნო რეგისტრაციას გაივლის, უკვე პრორუსია. ამ შემთხვევაში, გრადაცია ეხება იმას, ვინ უფრო მეტად პრორუსია და ვინ უფრო მეტად – პროაფხაზი.

აფხაზეთში დღეს ორი მთავარი პოლიტიკური ბანაკი არსებობს – უფრო კლანური არძინბას ბანაკი და ნაკლებად კლანური და შედარებით მეტად პოლიტიკური ანქვაბის ბანაკი.

აფხაზეთი

ასლან ბჟანია ანქვაბის დაჯგუფებიდანაა, რომელიც უფრო პროაფხაზურად მიიჩნევა (თუმცა, ამავე დროს – პრორუსულადაც), ხოლო არძინბას დაჯგუფება, რომელსაც ხაჯინბა წარმოადგენდა, უფრო პრორუსულად ითვლება.

სხვა საკითხია, რომ ეს ორივე ძალა ანგარიშს უწევს მოსახლეობაში არსებულ განწყობებს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ რუსეთმა, ვერც პირველ და ვერც მეორე ჯგუფზე დაყრდნობით, დღემდე ვერ მოახერხა მისთვის მნიშვნელოვანი ოთხი სტრატეგიული საკითხის მოგვარება.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – რუსეთმა ვერ მიაღწია იმას, რომ აფხაზეთმა უარი თქვას მიწის არათუ უცხოელებზე, არამედ საერთოდ ვინმეზე მიყიდვის აკრძალვაზე. მიწა დღემდე სახელმწიფო საკუთრებაში რჩება და თვით აფხაზებზეც კი არ იყიდება. მეორე საკითხი: რუსეთმა ვერც იმას მიაღწია, რომ აფხაზეთმა დაუშვას უძრავი ქონების (ბინები, შენობა-ნაგებობები) უცხოელების საკუთრებაში გადასვლა. მესამე საკითხი ეხება კოდორის ხეობაში ტრანსკავკასიური საავტომობილო გზის მშენებლობას, რომლის ხორცშესხმის შემთხვევაში, მთელი ჩრდილოკავკასიის მოსახლეობა აფხაზეთში „ჩამოიღვრება“. ამ პრობლემის გასანეიტრალებლად, აფხაზეთმა კოდორის ხეობა ეროვნულ ნაკრძალად გამოაცხადა და ამით რუსეთს ხელ-ფეხი შეუკრა (სამივე საკითხის ამ ფორმით გადაწყვეტა საქართველოსთვის მისაღებია). და ბოლოს, მეოთხე საკითხი: აფხაზეთის/საქართველოს სანაპირო ზოლში ნავთობის მარაგების დაზვერვითი სამუშაოების წარმოება. ამ საკითხში, როგორც ჩანს, ასლან ბჟანია, როგორც ჩანს, მაინც დათმობაზე წავა, რადგან, თავის დროზე, ანქვაბი, საკუთარი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, ამის მომხრე იყო…

ერთი სიტყვით, რუსეთი აფხაზეთში არ ეძებს პრორუსებს – ყველა აფხაზს პრორუსად თვლის. რუსეთი აფხაზეთში ეძებს სტაბილურობას. თუ აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი პრორუსია, მაგრამ არეული აქვს სიტუაცია, როგორც ეს ხაჯინბას შემთხვევაში მოხდა, ასეთი პრორუსი მოსკოვს არ სჭირდება. მოიტანს ასლან ბჟანია სტაბილურობას? არ ვიცი, მაგრამ იმაში კი ეჭვი არ მეპარება, რომ ის ანტირუსი არ იქნება.

 – ბატონო პაატა, რა შეიძლება შეიცვალოს 22 მარტის ე. წ.  აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოსთან მიმართებაში? ამ თვალსაზრისით, საინტერესოდ მოჩანს ასლან ბჟანიას განცხადება იმის შესახებ, რომ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა აუცილებელია. „ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს ხელს შეგვიწყობს პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკის სფეროში. უნდა ვნახოთ, რა შესაძლებლობები არსებობს თუნდაც კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობის კუთხით. თუ ამის გაკეთება შევძელით, ეს შესაძლებელს გახდის ჩვენ ხალხებს შორის ნდობის აღდგენას. ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ“, –  აცხადებს ბჟანია.

ასევე საინტერესოა აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერის, სერგეი შამბას განცხადება, რომ „საჭიროა საქართველოსთან დიალოგის დაწყება იმისთვის, რომ დამყარდეს ნორმალური ურთიერთობები. მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს“.

რას უნდა ნიშნავდეს ბჟანიას და შამბას   განცხადებები? ეს მხოლოდ წინასაარჩევნო რიტორიკაა გალის ქართული მოსახლეობის ხმების მისაღებად, თუ ახალი რეალობისთვის მზადყოფნის სურვილი?

– უფრო ახალი რეალობისთვის მზადყოფნის სურვილი. თანაც, ასეთი განცხადებები აფხაზეთიდან ყოველთვის ისმოდა. მართალია, ბჟანიასგან ნაკლებად, მაგრამ შამბასგან – ყოველთვის. ის კარგად ჩამოყალიბებული, თვითკმარი პოლიტიკოსია, რომელიც თბილისშიც იყო ჩამოსული. მისი პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო, როდესაც მოძრაობა „აიდგილარას“ ხელმძღვანელობდა. ამასთან, ის არის აფხაზეთის „სახელმწიფოებრიობის“ დაფუძნების ერთ-ერთი გმირი და ამიტომ, ქართველებზე საუბრისას, სხვებზე თამამია და არავისი ეშინია, რადგან იცის, რომ  ვერავინ ვერაფერს დააბრალებს.

აფხაზები ქართველებთან დიალოგის წინააღმდეგნი არასდროს ყოფილან, ამიტომ, მე ცოტა არ იყოს, მიკვირს ხოლმე, როდესაც მავანნი ამას სიახლედ აღვიქვემენ.

თქვენს კითხვაში მოყვანილი ბჟანიას ციტატით, მან (ბჟანიამ) გაიმეორა და დაადასტურა ანქვაბის გუნდის პოზიცია, რომ აფხაზებს ქართველებთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. „არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებულები მხოლოდ რუსეთზე, თუნდაც ძლიერზე და კეთილშობილზე. კეთილი უნდა ვინებოთ და ამ რეალობას თვალი გავუსწოროთ“, – ასეთია ანქვაბის გუნდის ზოგადი მიდგომა.

ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ასეთი გამოწვევისთვის, სამწუხაროდ, მზად არ არის. მითუმეტეს, მას წინ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გვაქვს. ასეთ ვითარებაში, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის გადმოტანა იმის შესახებ, რომ აფხაზური მხარე არაფერს წარმოადგენს და კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მხოლოდ რუსეთს უნდა ველაპარაკოთ.

სხვათა შორის, როდესაც „ქართული ოცნება“ კოალიციურად მართავდა ქვეყანას, მაშინ იყო აფხაზებთან ორმხრივი კონტაქტების დამყარების მცდელობები, მაგრამ შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა…

თუ 22 მარტის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბჟანია გაიმარჯვებს (და როგორც ჩანს, ასეც მოხდება), მაშინ მე ველოდები ცვლილებებს გალის მიმართულებით. აფხაზები შეცვლიან პოლიტიკას და გალში მცხოვრები ქართველების მიმართ უფრო ლოიალურები გახდებიან. როდესაც ანქვაბისა და არძინბას გუნდებს შორის პრინციპულ განსხვავებებზე ვსაუბრობთ, ესეც უნდა გავითვალისწინოთ: არძინბას გუნდის წარმომადგენელი რაულ ხაჯინბა გალელებს აფხაზეთის მტრად მიიჩნევს, ანქვაბის გუნდი და მისი სახით, ბჟანია – თავის მოსახლეობად.

„ეს ხალხი 30 წელია ჩვენს გვერდით ცხოვრობს. ვინც წამსვლელი იყო, წავიდა, ვინც მებრძოლი იყო – გავიდა და აქ აღარ არის. ვინც დარჩა, ლოიალური, ჩვენი მოქალაქეები არიან“, – ასეთია ანქვაბის ბანაკის პოზიცია.

თავის დროზე, ანქვაბმა 24 ათას გალელს მისცა ე. წ. აფხაზური პასპორტები, რითაც გალის მოსახლეობა, გარკვეულწილად, გაუთანაბრა აფხაზებს. ხაჯინბას მოსვლის შემდეგ კი,  გალელებს ეს პასპორტები, მართალია, არ წაართვეს, მაგრამ ვადის გასვლის შემდეგ, ვადა აღარ გაუგრძელეს. დღეს გალის რაიონში მხოლოდ 1500-მდე ქართველი ცხოვრობს, რომელსაც ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს.

ეს 1500 ადამიანი ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების ბედს ვერანაირად ვერ გადაწყვეტს. ამიტომ, არა მგონია, ქართველების მიმართ ასლან ბჟანიას ლოიალური განწყობა მხოლოდ გალის მოსახლეობის საარჩევნო ხმების მიღების სურვილით იყოს განპირობებული.

საპროტესტო აქცია სოხუმში

მე ვფიქრობ,  ე. წ. პრეზიდენტად ასლან ბჟანიას არჩევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, აღდგება თუ არა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, ის თავის „მოქალაქეებს“ – გალელებს – მეტ უფლებებს მისცემს. ალბათ, აღარ იქნება ისეთი სისასტიკე და ფაშისტური რეჟიმი, რომელიც ხაჯინბამ და მისმა ხელის ბიჭმა, გალის დე ფაქტო გამგებელმა, თემურ ნადარაიამ გალის რაიონის სკოლებში დაამყარეს. ეს უკანასკნელი იმდენად ამაზრზენად იქცეოდა, რომ გასული წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხაჯინბა იძულებული გახდა, ნადარაია თანამდებობიდან გაეწვია…

მე მგონია, რომ ასლან ბჟანია გალის რაიონში შექმნილ  მძიმე მდგომარეობას შეარბილებს, რაც მისი მხრიდან იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი. მხოლოდ მივესალმები, თუ საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს უნარს, რომ ეს სიგნალი მიიღოს, დაამყაროს პირდაპირი კონტაქტები სოხუმთან და ადგილობრივ ხელისუფლებას დაელაპარაკოს. მხოლოდ მოსკოვთან დიალოგით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი თაობა მოდის. ამ განცხადების ფონზე, უცნაურად არ გეჩვენებათ ის ფაქტი, რომ გასულ წელს აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე 9 კანდიდატიდან 8 პირი გასული საუკუნის 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე იყო? გამოდის, რომ ანტიქართველობა, ქართველთმოძულეობა დღესაც აფხაზეთის ხელისუფლებაში ყოფნის აუცილებელი წინაპირობაა?

– ანქვაბი არ ითვლებოდა ანტიქართველ პოლიტიკოსად. ის ერთადერთი ე.წ. პრეზიდენტია, რომელიც ისე წავიდა პოსტიდან, რომ არ დამარცხებულა – ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, არძინბას კლანთან ბრძოლაში პატიოსნად გაიმარჯვა, შემდეგ კი ხელისუფლებიდან გააგდეს. გააგდეს სწორედ ქართველთმოძულეებმა. ამიტომ, მე ვერ ვიტყოდი, რომ აფხაზეთს ყოველთვის ანტიქართველი, ქართველთმოძულე პოლიტიკოსები მართავდნენ.

ის, რომ ანქვაბის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული რაულ ხაჯინბა გალის რაიონში აღვირახსნილ ანტიქართულ პოლიტიკას ატარებდა, თავად აფხაზებისთვისაც მიუღებელი იყო – ყოველ კვირას, აფხაზეთის ტელევიზიით მიდიოდა განხილვები და გამოითქმებოდა უკმაყოფილება: „ასე რატომ ვექცევით ჩვენს თანამოქალაქეებს?“…

სხვათა შორის, აფხაზებს ჰყავთ საკმაოდ ძლიერი სახალხო დამცველი, რომელიც გალელების უფლებებისთვის მედგრად იბრძოდა. ასეთივე პოზიცია ჰქონდა აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებასაც. ამიტომ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ აფხაზების დიდი ნაწილი ხაჯინბას ანტიქართულ პოლიტიკას ემხრობოდა.  შეიძლება პირიქით ითქვას: ისინი ამ პოლიტიკას არ ეთანხმებოდნენ და არასწორად მიაჩნდათ.

ასეთ ფონზე, თუ 22 მარტის ე.წ. არჩევნებში ასლან ბჟანია გაიმარჯვებს, ქართველებთან კარგი ურთიერთობის პოლიტიკით, ის თავის პოზიციებსაც გაიმყარებს.

თავად რაულ ხაჯინბა კი ერთობ უცნაური ფიგურაა და მისი კარიერა პოლიტიკურ ახსნას არ ექვემდებარება – მან თავისი წინამორბედი თანამდებობიდან გააგდო და ე.წ. პრეზიდენტის პოსტი გამარჯვების გარეშე დაიკავა, შემდეგ კი თვითონაც „გაგდების გზით“ წავიდა ხელისუფლებიდან…

ის ფაქტი, რომ გასულ წელს აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე 9 კანდიდატიდან 8 პირი 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე იყო, უდავოა. თუმცა, ყველა აფხაზ მებრძოლზე ვერ ვიტყვით, რომ ის აუცილებლად ქართველთმოძულეა. მათი ლოგიკა ასეთია: „შევარდნაძის დროს ქართველები თავს დაგვესხნენ და ჩვენ მათ გავუმკლავდით“…

არაერთი აფხაზისგან გამიგია: „ქართველები ჩვენი მტრები არ არიან, ჩვენი მტერი ქართული პოლიტიკაა“. რამდენად სწორია ასეთი მსჯელობა, სხვა საკითხია, მაგრამ ნამდვილად შეიძლება მუშაობა იმ მიმართულებით, რომ წარსული და დღევანდელი რეალობები ერთმანეთისგან გაიმიჯნოს.

– ბოლო 25-30 წლის განმავლობაში, ქართულ საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ წრეებში განიხილებოდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების სხვადასხვა მოდელი, ფედერაციული მოწყობიდან კონფედერაციით დამთავრებელი. რაღაც ეტაპებზე მხარეები, თითქოს, ახლოს იყვნენ კომპრომისთან და შეთანხმებასთან, მაგრამ ბოლოს ყველაფერი უშედეგოდ მთავრდებოდა. კიდევ თუ არსებობს ქართულ-აფხაზური მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივა?

– მე ამისი მჯერა და ამიტომაც ვარ დღემდე ჩართული ამ პროცესებში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია საერთო ენის გამონახვა. მითუმეტეს, ყველა ვხედავთ, როგორ ძლიერდება რუსეთი, როგორც ნეოიმპერიული სახელმწიფო და ეს აფხაზებს სულაც არ უხარიათ. ნათლად იკვეთება, რომ დროთა განმავლობაში რუსეთი სულაც არ გახდება დემოკრატიული ქვეყანა – დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებიდან ჩანს, რომ მოსკოვი მიდის არა დემოკრატიზმის, არამედ ავტორიტარიზმის მიმართულებით. ეს კი ვერ იქნება საუკეთესო ვარიანტი მცირერიცხოვანი ხალხებისთვის, მათ შორის – აფხაზებისთვის.

 ასეთ პოლიტიკურ ფონზე, აფხაზებთან ურთიერთობების დალაგების შანსი, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ ამ საკითხზე ჯერ შიგნით უნდა ჩამოვყალიბდეთ. არადა, შექმნილია შთაბეჭდილება, თითქოს, ქართველები დიალოგისთვის მზად ვართ და ახლა უკვე აფხაზებმა უნდა გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი.

რისთვის ვართ ჩვენ მზად, ვერ გეტყვით. რას და როგორ სახელმწიფოში ცხოვრებას ვთავაზობთ აფხაზებს, – ყველაფერი ეს ფურცელზე დაწერილი და დროში გაწერილი უნდა გვქონდეს.

როდესაც სახელმწიფო მოხელე ვიყავი და პარლამენტში ანგარიშით გამოვედი, ასეთი რამ ვთქვი: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ და აფხაზებს ერთ სახელმწიფოში არ გვიცხოვრია და როდესაც ერთიან სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ, ასეთ რამ არც ქაღალდზე და არც ბუნებაში არ არსებობდა“… ამ გამონათქვამისთვის მაშინ მთელმა საქართველომ „გადამიარა“. ასეთი რეაქცია, ალბათ, იმან გამოიწვია, რომ ჟურნალისტებმა ჩემი ნათქვამიდან ამოიღეს ფრაზა „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“ და ამით ისე გამოვიდა, თითქოს მხოლოდ ის ვთქვი, რომ „ჩვენ და აფხაზებს ერთ სახელმწიფოში არ გვიცხოვრია“…

გამაგებინეთ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა პაატა ზაქარეიშვილის გამოთქმები უნდა შეაფასონ თუ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები? თქვენი შეკითხვის შინაარსიც ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით (ქართულ-აფხაზური ურთიერთობები მაქვს მხედველობაში) პრობლემა ნამდვილად გვაქვს და პირველ რიგში, ის არის მისახედი.

რაც შეეხება თავად პრობლემას, – ზემოთ დავასახელე ოთხი საკითხი, რომლებზეც რუსეთმა აფხაზებთან კონსენსუსს ვერ მიაღწია. ამის საპირწონედ, მოდით, ქაღალდზე დაიწეროს და საქართველოს პარლამენტმა გამოხატოს ქართული მხარის პოზიცია ამ საკითხებზე.  ხმამაღლა და ღიად ვთქვათ, რომ, მაგალითად, „თუ აფხაზეთი იქნება საქართველოს შემადგენლობაში, ჩვენ, ქართველები, აფხაზი მოსახლების ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვართ, რომ მიწის საკუთრება აფხაზეთში იყოს განსხვავებული, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე“. ასევე შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია მოქალაქეობის საკითხზეც და განვაცხადოთ, რომ მოქალაქეობა იქნება არა ორმაგი, არამედ ორჯერადი. კერძოდ, დავადასტუროთ, რომ „აფხაზეთის ყოველი მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე, მაგრამ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე ავტომატურად ვერ მიიღებს აფხაზეთის მოქალაქეობას და ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული პროცედურების გავლა“. ამასთან, ხაზი გავუსვათ, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ დევნილების დაბრუნების შემდეგ…

ასევე უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დეპუტატები ავტომატურად ჩაითვლებიან თუ არა საქართველოს პარლამენტის წევრებად; შემოგვაქვს თუ არა ქვეყანაში ორპალატიანი პარლამენტის და შესაბამისად, სენატის ინსტიტუტი; მზად ვართ თუ არა იმისთვის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აფხაზებს მივცეთ საკუთარი სეგმენტი და ადგილი…

სულ ახლახანს მსჯელობა იყო საარჩევნო მოდელზე და გადაწყდა, რომ ქვეყანაში 30 მაჟორიტარი დეპუტატი გვყავდეს. მაგრამ საკითხავია: ამ 30-ში ვდებთ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კვოტას? თუ არ ვდებთ, ეს ძალიან ცუდია. თუ ისე გაწუწკდებიან პოლიტიკოსები, რომ იფიქრებენ, რა დროს აფხაზეთი და ოსეთია, არიქა, პარლამენტში ერთი მანდატი არ დავკარგოო, – ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოზე არ ვფიქრობთ. ამდენად, უპრიანი იქნებოდა, დღეს 28 მაჟორიტარულ მანდატზე ვლაპარაკობდეთ და არა 30-ზე – საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დეპუტაციის ადგილი, სიმბოლურად მაინც, აუცილებლად უნდა იყოს. მაგრამ ამაზე დღეს არავინ საუბრობს, რაც ნათლად აჩვენებს, როგორ შორს ვართ კონფლიქტების მოგვარებისგან.

კონფლიქტების მოგვარების გზების ძიებისას, ძირითადად, კონფედერაცია-ფედერაციაზე კი არ უნდა გვქონდეს მსჯელობა, არამედ იმაზე, რეალურად, რას ვთავაზობთ, რას ვაძლევთ აფხაზებს და ამას მერე გინდ კონფედერაცია დავარქვათ, გინდ – ფედერაცია… მე მაინც მგონია, რომ ზემოთ განხილული საკითხები უფრო ფედერაციული მოწყობის სფეროს განეკუთვნება, ვიდრე კონფედერაციულის.

საარჩევნო საკითხებზე დისკუსიამ ისიც ნათლად აჩვენა, მოლაპარაკებების როგორი კულტურა გვაქვს – რომ არა ელჩები და საერთაშორისო თანამეგობრობა, ქართველებს ერთმანეთთან შეთანხმება არ შეგვიძლია. შიდაქართული კონტექსტი რომ არა გვაქვს, სწორედ ეს არის ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი.

 – უცნაურად არ გეჩვენებათ ის, რომ ქართული საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული აფხაზეთში არსებული მდგომარეობის და შიდა პროცესების შესახებ? აფხაზეთით, როგორც წესი, მაშინ ვინტერესდებით ხოლმე, როდესაც იქ რაღაც განსაკუთრებული, გამორჩეული პოლიტიკური მოვლენა ხდება და ნაკლებად ვიცით, რა ვითარებაა, მაგალითად, სოციალური, ეკონომიკური ან კულტურული ცხოვრების კუთხით? მეტიც: ჩვენი საზოგადოება ხშირად უკეთ ერკვევა სირიაში, ერაყში ან ავღანეთში მიმდინარე მოვლენებში, ვიდრე აფხაზეთში არსებულ ვითარებაში?

აფხაზეთი “წითელ ზონად”

– გეთანხმებით. ჩვენ, სამწუხაროდ, მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციებზე ვართ „მორგებულნი“. მაგალითად, მე არ მახსენდება, ვინმეს დაეწეროს, რომ ვთქვათ, გალის რაიონში შეიქმნა ამდენი ახალი ოჯახი, დაიბადა ამდენი ბავშვი, სოხუმის თეატრში მოეწყო ამა და ამ სპექტაკლის პრემიერა… კარგით, სოხუმს თავი დავანებოთ, გალის ამბებზეც კი არაფერს ვლაპარაკობთ. არადა, მიუხედავად იმისა, რომ აქ სერიოზული პრობლემებია, გალი მაინც ერთ-ერთი იშვიათია რაიონია საქართველოში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. გალის სკოლები „გარუსულდა“ და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ამ სკოლებში უფრო მეტი ბავშვი სწავლობს, ვიდრე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში. სამწუხაროდ, ასეთ დინამიკაზე არავინ ლაპარაკობს.

გალელებს, როგორც ვთქვი, პრობლემები აქვთ, მაგრამ, ამავე დროს, ისინი თხილს, მანდარინს ყიდიან და მდიდრდებიან. ჩავიდეს ვინმე და ნახოს, როგორი ძვირადღირებული მანქანებით გადმოდიან ისინი ენგურზე!.. ცუდზე და პრობლემაზე, რა თქმა უნდა, უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ, მოდით, კარგზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა!

ის, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართებს ავლებენ, ექიმ გაფრინდაშვილს აპატიმრებენ და თავის ყანაში მომუშავე მოხუც გლეხს იტაცებენ – ეს ყველაფერი კონფლიქტის ნაწილია. მაგრამ კონფლიქტი მხოლოდ ასეთი შემთხვევების დროს არ უნდა გვახსენდებოდეს – ვთქვათ, ხვალ და ზეგ რუსმა ჯარისკაცმა ადმინისტრაციული საზღვრის პირას მცხოვრები მოხუცი ქართველი გლეხი აღარ გაიტაცა, განა, ამით უფრო ბედნიერები ვიქნებით? ამით მოგვარდება კონფლიქტი? ცხადია, არა! ვიდრე კონფლიქტი არ მოგვარდება, ასეთი შემთხვევები ყოველთვის იქნება! კონფლიქტის მოსაგვარებლად კი მზად რეცეპტი არ არსებობს, ამისთვის ყოველდღიური მუშაობაა საჭირო.

რესპონდენტს ესაუბრა გიორგი ასანიშვილი