ოპოზიციის წინასაარჩევნო „ხმაური და მძვინვარება“ - ინტერვიუ ვაჟა ბერიძესა და გია ნოდიასთან
ვაჟა ბერიძე

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს 2020 წლის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ არჩევნების შედეგებმა უნდა განსაზღვროს ქვეყნის განვითარების კურსი მომავალი 4 წლის განმავლობაში. ასეთი ზოგადსახელმწიფოებრივი დატვირთვის გათვალისწინებით, სავსებით ბუნებრივია, რომ ქვეყანაში არსებული ყველა მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა აქტიურად ემზადება არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად.

გია ნოდია

მობილიზება და კონსოლიდირება განსაკუთრებით თვალშისაცემია ოპოზიციურ ფლანგზე. ხელისუფლების ოპონენტებმა უკვე განსაზღვრეს თავისი საბრძოლო სტრატეგია – სხვადასხვა კალიბრის 10-ზე მეტი ოპოზიციური პარტია რესურსების გაერთიანებას და საერთო ძალით მმართველი გუნდის დამარცხებას გეგმავს.

გაერთიანებულ ოპოზიციურ ბანაკში შექმნილ ვითარებაზე, მის შიგნით არსებულ „მრავალფეროვნებაზე“, ბრძოლის ფორმებსა და მეთოდებზე საუბრობენ პოლიტოლოგები, ვაჟა ბერიძე და გია ნოდია.

 

 

 

გაერთიანებული ოპოზიციის მიზანი ყველასთვის ცხადია – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება და ხელისუფლებაში მოსვლა. თუმცა, ძნელია იმის თქმა, რომ ოპოზიცია ერთიანია და ეს ერთობა შინაგანად მტკიცეა. რა საერთო პოლიტიკური პლატფორმა, ფასეულობები და ღირებულებები შეიძლება ჰქონდეთ ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეულ, რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ისეთ პოლიტიკოსებს, როგორებიც არიან, მაგალითად: რუსეთზე ორიენტირებული ნინო ბურჯანაძე და პროდასავლელი გიგა ბოკერია;  ბანკების მაგინებელ-მაწყევარი შალვა ნათელაშვილი და ცნობილი ბანკირი მამუკა ხაზარაძე; სხვადასხვა დროს ასლან აბაშიძე-სააკაშვილ-ივანიშვილის თანამებრძოლი  გუბაზ სანიკიძე და ბოლომდე ედპ-ს ერთგული ბაჩუკი ქარდავა…

როგორ უნდა იარონ საერთო მიზნისკენ ერთად ასეთმა ანტიპოდმა პერსონებმა და მათმა პოლიტიკურმა პარტიებმა?

ვ.ბ. საზოგადოებისთვის მართლა თვალშისაცემია, რომ ოპოზიციურ ბანაკში პოლიტიკოსები რაიმე კონცეფციის, იდეური პრინციპების გარშემო არ არიან გაერთიანებულნი. მათ  მხოლოდ ორი რამ აკავშირებთ:  ძალაუფლების წყურვილი და ბიძინა ივანიშვილის სიძულვილი. ამ ორი ფაქტორის გარდა, ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებს საერთო სხვა არაფერი აქვთ. რომ მოხდეს სასწაული და დღეს, უცებ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური თვალსაწიერიდან გაქრეს და მისი ფაქტორი დღის წესრიგიდან მოიხსნას, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური ერთობა იმწამსვე დაიშლება.

შექმნილი პოლიტიკური გარემო ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია – ქვეყნისთვის საფრთხეა არა მარტო სუსტი ხელისუფლება (საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კი, მართვის ხარისხით და თანმიმდევრულობით, ნამდვილად სუსტია!), არამედ სუსტი ოპოზიციაც, რომლის ცალკეულ, ამბიციურ სუბიექტებს არა აქვთ მკაფიო გეზი, პოლიტიკური პლატფორმა, პარტიული სტრუქტურები, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი…

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის სიძულვილმა ათიოდე თუნდაც ნიჭიერი ადამიანი, რაღაც ეტაპზე, შეიძლება გააერთიანოს, ეს მაინც ვერ გახდება ძლიერი ოპოზიციური კოალიციის შექმნის საფუძველი.

გ.ნ.გაერთიანებული ოპოზიცია“ არ არსებობს. ამ ეტაპზე, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ მხოლოდ თემატური ერთობა საარჩევნო კანონმდებლობის გარშემო, ანუ ყველა მათგანს უნდა, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ეს არის და ეს. ამის სურვილს კი  საერთო პოლიტიკური პრინციპები და ღირებულებები არ სჭირდება. საარჩევნო რეფორმის გარდა, ოპოზიცია, სხვა თვალსაზრით, დღეს გაერთიანებული არ არის.

თუმცა, მეორე მხრივ, საუბრობენ იმაზე, რომ მართალია, ყველა არა, ვინც საარჩევნო საკითხების გარშემო დღეს არის გაერთიანებული, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც, შეიძლება შეთანხმდეს იმაზე, რომ რიგ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები დააყენონ. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ მაჟორიტარების ხარჯზე აპირებს „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგებას, ვინაიდან პროპორციული მოდელით წარმატების მიღწევა არ შეუძლია. ამდენად, არჩევნების მაჟორიტარულ „ნაწილში“ შეიძლება მოხდეს ოპოზიციის უდიდესი ნაწილის გაერთიანება საერთო კანდიდატების მხარდასაჭერად.

არა მგონია, რომ ოპოზიციის დღევანდელი თემატური ერთობა საბოლოოდ საარჩევნო ბლოკის სახით ჩამოყალიბდეს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ერთიანი პარტიული საარჩევნო  სია შედგება. იმის პერსპექტივას ვერ ვხედავ და რამდენადაც ვიცი, ამის შესახებ დღეს არავინ საუბრობს.

როგორ ფიქრობთ, ასეთი სიჭრელე ადრე თუ გვიან არ იჩენს თავს ოპოზიციის შიგნით? რამდენად სავარაუდოა, რომ უმტკივნეულოდ მოხდება შეთანხმება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მაგალითად, საერთო საარჩევნო პარტიული სიის ფორმირებაზე, ამ სიებში ცალკეული პარტიების კვოტებზე?

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა შეკრება

ვ.ბ.  საერთო პარტიული სიის ფორმირება ძალიან სერიოზული საკითხია და ამ საკითხზე ერთობის მიღწევა ოპოზიციისთვის მეტად რთული იქნება. ეს უკვე იმითაც დადასტურდა, რომ ამ დღეებში გამოქვეყნებული საერთო მაჟორიტარული კანდიდატურების ირგვლივ დიდი აურზაური ატყდა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ საკითხებზე (საერთო პარტიული სიები, კვოტები) მსჯელობა ჯერ ნაადრევია.

გ.ნ. როგორც უკვე ვთქვი, საერთო ოპოზიციური პარტიული სიის არსებობა მე ვერ წარმომიდგენია.

„პატრიოტთა ალიანსი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კავშირებს ერიდება. რა ადგილი უკავია ამ პოლიტიკურ ჯგუფს ოპოზიციურ ფლანგზე? „პატრიოტთა ალიანსი“ ე. წ „კონსტრუქციულ ოპოზიციას“ მიეკუთვნება, თუ მისი ქმედებები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს?

ვ.ბ. „პატრიოტთა ალიანსი“ წარმოადგენს სტაბილური ელექტორატის მქონე  ძალას, რომელსაც, ძირითადად, მხარს უჭერენ ჭარმაგი, პოლიტიკურად იმედგაცრუებული ადამიანები, ის ხალხი, ვისაც უნდა, რომ მათი ხმაც ესმოდეს საზოგადოებას. ასეთი ადამიანები ჩვენი საზოგადოების 5-10 პროცენტს შეადგენენ.

„პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი ნაკლი ის არის, რომ საკუთარ ელექტორატს რეალურად ვერაფერს სთავაზობს. ის, გარკვეულწილად, მაინც „ქართული ოცნების“ მოკავშირედ მოიაზრება. განსაკუთრებით – სოციალური პრობლემებისადმი მგრძნობელობის თვალსაზრისით. ოღონდ, საკითხავია, მასთან პარტნიორობაზე თავად მმართველი პარტია რამდენად დათანხმდება – ამ შემთხვევაში, პროდასავლური ოპოზიცია პრორუსულ პლატფორმაზე გადასვლაში დასდებს ბრალს.

გ.ნ. „პატრიოტთა ალიანსი“ თავის თამაშს თამაშობს. მას საკუთარი ინტერესები აქვს. საარჩევნო კანონმდებლობის თემებზე ის, გარკვეულწილად, რაღაც ზომით, თანამშრომლობს ოპოზიციასთან, თუმცა, ცალკეულ საარჩევნო ოლქებში საერთო კანდიდატების შერჩევის საკითხში მას (დანარჩენ ოპოზიციას) არ შეუერთდება.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილს –  ჩემთვის ძნელია, მას ნამდვილი ოპოზიცია ვუწოდო. ის უფრო მეტად არის „ოპოზიციის ოპოზიცია“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ უფრო ებრძვის, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. თუ დღევანდელ მმართველ პარტიას პარტნიორი დასჭირდება, შეუძლია, მშვიდად იყოს – „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერა მას გარანტირებული ექნება.

ვინ არის დღეს ოპოზიციური ფლანგის რეალური ლიდერი? მიხელ სააკაშვილი? გრიგოლ ვაშაძე? თუ რომელიმე სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი?

ვ. ბ. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელი გაერთიანებული ოპოზიციის (პლუს, „ევროპული საქართველოს“) მომხრეების ნახევარზე მეტი პირადად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. აქვე აღვნიშნავ, რომ სააკაშვილი, მის განკარგულებაში, მისი კონტროლის ქვეშ არსებულ ფინანსურ რესურსებს, პოლიტიკური პროცესებისთვის, ძალიან ძუნწად ხარჯავს. ეს სახსრები ერთობ მიზერულია იმასთან მიმართებაში, რაც ოპოზიციის „გაცოცხლებას“ სჭირდება.

ვიტყვი იმასაც, რომ სააკაშვილი საკმაოდ შორსმჭვრეტელი ადამიანია.

ხელისუფლებაში დაბრუნება მიხელ სააკაშვილის სადღეისო ამოცანა არ არის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი მიზანია ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გამარჯვება, გარდა „ქართული ოცნებისა“. ამ შემთხვევაში, მას საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კი სააკაშვილს ექნება ხელისუფლებაში დაბრუნების მკაფიო პრეტენზია.

გ.ნ. ვინაიდან ერთიანი ოპოზიცია არ არსებობს, შეუძლებელია, მას ერთიანი ლიდერი ჰყავდეს. ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ საარჩევნო საკითხებზე გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები და „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შექმნილი გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, რომელიც თავს „გაერთიანებულ ოპოზიციას“ უწოდებს. ამ უკანასკნელის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მითუმეტეს, მის ორბიტაზე არსებული სხვა პარტიების ყველა მოთამაშე უსიტყვოდ დაემორჩილება და შეასრულებს იმას, რასაც სააკაშვილი იტყვის.

ხელისუფლების ცალკეული გადაწყვეტილებები რამდენად აძლიერებს ოპოზიციას? მაგალითად, პროპორციულ საარჩევნო სასტემაზე გადასვლის დაპირება და შემდეგ ამ დაპირების უკან წაღება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, გავრილოვის ინციდენტი და ა.შ. ? რა შანსს აძლევს ოპოზიციას ხელისუფლების ასეთი პოლიტიკური გადაცდომები?

ვ.ბ. ოპოზიციისთვის ხელისუფლების ნებისმიერი შეცდომა არის ახალი იმპულსი და შესაძლებლობა, პოლიტიკური ტემპერატურის აწევისკენ წაიყვანოს სიტუაცია. ამიტომ, საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებამდე, ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ასეთი ნაბიჯის შესაძლო შედეგების პროგნოზირება – არ შეიძლება, აღელვებულ ხალხს პროპორციულ არჩევნებს დაპირდე და მას შემდეგ, როდესაც გათვლი, რომ ამით შენი საარჩევნო შანსები მცირდება, დაპირების შესრულებაზე უარი თქვა. ეს არის მიუტევებელი შეცდომა, რომლისთვისაც შეიძლება საარჩევნო ურნასთან აგო პასუხი, თუ ხალხიც ამას უპატიებელ შეცდომად მიიჩნევს.

იგივე შემიძლია ვთქვა 20-21 ივნისის ღამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც, როდესაც შშს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაინიშნა (ჩემი აზრით, ეს სწორი ნაბიჯი იყო). ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან გამოხატავს თავის აზრს და გადაწყვეტს, სწორედ მოიქცა თუ არა გახარია, როდესაც პარლამენტში შევარდნის მცდელობა რეზინის ტყვიების გამოყენებით აღკვეთა.

გ.ნ. ეს გადაცდომები და სხვა პრობლემები, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, ოპოზიციას, რა თქმა უნდა, აძლიერებს. ის, რაც ხალხში, საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი ნდობის შემცირებას იწვევს, ოპოზიციას მეტ შანსებს აძლევს. ეს ყველგან და ყოველთვის ასეა.

ოპოზიციის სტრატეგია და ტაქტიკა მწვავე, რიგ შემთხვევებში აგრესიულ ქმედებებზეა გათვლილი – პარლამენტის პიკეტირება, ქუჩების გადაკეტვა, ადმინისტრაციული შენობების „დაბოქლომება“, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფეკალიების სუნის მქონე ნივთიერების გაშვება, „შავი სიების“ შედგენა… ამ კონტექსტში, ნიშანდობლივია ისიც, რომ ციხიდან გამოსვლისთანავე, ვანო მერაბიშვილმა ხელისუფლების „დამხობა“ ახსენა. ბოლო პერიოდში ოპოზიციამ ასევე „მოასწრო“ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება, სახელოვანი ქართველი სპორტსმენების შეურაცხყოფა (შალვა ნათელაშვილი: „არ გვჭირდება კუნთიანი, სულამოცლილი ჩემპიონები“)…

რამდენად მომგებიანია ოპოზიციისთვის რადიკალური ასეთი ნაბიჯების გადადგმა?

პროკურატურის “დაბოქლომება”

ვ.ბ. ასეთი ქმედებები ოპოზიციისთვის წამგებიანია, მაგრამ მას სხვა გამოსავალი არა აქვს. რადიკალური ნაბიჯების ყველაზე აქტიური მომხრე და მიმდევარი ოპოზიციის ფაქტობრივი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. მას მიაჩნია, რომ ენის მოჩლექით ხელისუფლებასთან დიალოგით, ოპოზიციას არჩევნებში არანაირი შანსი არ ექნება. სააკაშვილი, წინა არჩევნების დროსაც, რევოლუციური სცენარისკენ მოუწოდებდა თანამებრძოლებს. მას ინტუიცია და ალღო არ ღალატობს, სათანადო გამოცდილებაც აქვს და კარგად ესმის, რომ მშვიდობიანი მეთოდებით ოპოზიცია მიზანს ვერ მიაღწევს.

გ.ნ. დავიწყებ იმით, რომ ვანო მერაბიშვილის გამონათქვამს სერიოზული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, რადგან შემდეგ მან გასაგებად განმარტა, რომ მხოლოდ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას გულისხმობდა.

რაც შეეხება ჰეპენინგის ტიპის ქმედებებს (ფეკალიების სუნის მქონე ნივთიერების გაშვება, საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება, შენობებისთვის ბოქლომების დადება და ა.შ.), ეს მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სახელისუფლებო პარტიამ ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა „გადააგდო“. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ჰეპენინგური ქმედებებით, ოპოზიციას სურდა ეჩვენებინა ყველასთვის, რომ ხელისუფლება დელეგიტიმიზებულია.

რამდენად მოსწონს ეს ხალხს, მე არ ვიცი. ეს გამოკითხვებმა უნდა აჩვენოს. ჩემი აზრით კი, ოპოზიციისთვის მომგებიანი ნამდვილად არ არის ის იმიჯი, რომლის შექმნასაც  ხელისუფლება ცდილობს. ეს მცდელობა ოპოზიციის „ამრევებად“ და „რევოლუციის მოსურნეებად“  წარმოჩენას გულისხმობს.

რეალურად, ოპოზიცია ცდილობს, ერთი მხრივ, თქვას, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქმედებს და მხოლოდ არჩევნების გზით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. მეორე მხრივ, ასეთი მძაფრი სტილის აქციებით, სურს წარმოაჩინოს, რომ მმართველ ძალას სახელი აქვს გატეხილი და დისკრედიტირებულია.

ბოლო პერიოდში რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი – ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა – დააპატიმრეს ან შინაპატიმრობა მიუსაჯეს, მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის საქმე კი სასამართლო განხილვის პროცესშია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამერიკელმა კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლება „ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, პოლიტიკური ნიშნით, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაში“ დაადანაშაულეს.

რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალდება? ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, პოლიტიკურ რეპრესიებთან გვაქვს საქმე თუ დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიტიკური სარჩულით ცდილობენ  სასჯელის თავიდან აცილებას?

ვ.ბ. ალბათ, ერთდროულად, ორივე მომენტთან გვაქვს საქმე. ჩემი აზრით, როდესაც არჩევნებამდე ცოტა დრო არის დარჩენილი, ოპოზიციის ლიდერებად წოდებული ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით არ უნდა დააპატიმრონ, ან სასამართლოს წინაშე არ უნდა წარადგინონ იმ სტრუქტურებმა, რომლებიც ხელისუფლების სრულ დაქვემდებარებაში არიან. როდესაც პროკურატურას და სასამართლოს მთლიანად აკონტროლებ, ყოველთვის დაგადანაშაულებენ იმაში, რომ ამ სტრუქტურებს პოლიტიკური წნეხისთვის იყენებ.

სხვა საქმეა, რომ ყველანი კარგად ვხედავთ, თუ როგორი უხეში გადაცდომები ხდებოდა გიგი უგულავას მერობის დროს. მაგრამ როდესაც მოლაპარაკების მაგიდიდან წაიყვან უგულავას ციხეში, ვერც ამერიკას და ვერც ევროპას ვეღარ დაარწმუნებ, რომ მას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის აგებინებ პასუხს.

გ.ნ. ამ შემთხვევებში, ყველასთვის ცხადია, რომ რეპრესიებთან გვაქვს საქმე. თანაც, რეპრესიები ეხება, არა მარტო ოპოზიციას, არამედ დამოუკიდებელ მედიასაც, იმ დამოუკიდებელი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს, ვის მიმართაც დევნა მიმდინარეობს: ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთელს…

უკვე ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ხელისუფლება ცდილობს, თავისი კონტროლი დაამყაროს  სამართალდამცავ სისტემაზე, სასამართლოზე და ისინი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ზემოთ მოყვანილი ფაქტების გარდა, ამისი ირიბი დადასტურებაა ხელისუფლების რიტორიკა იმის შესახებ, რომ მისი (ხელისუფლების) მთავარი შეცდომა კოჰაბიტაცია იყო.

2012 წლისოქტომბრიდან დღემდე, ცხადია, არანაირი კოჰაბიტაცია არ ყოფილა. რასაც ხელისუფლება „კოჰაბიტაციას“ უწოდებს, მისი აზრით, ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას შეუძლია, ლეგალური მეთოდებით ებრძოლოს ხელისუფლებას და მან (ხელისუფლებამ) ეს არ უნდა დაუშვას. თავის მხრივ, ოპოზიციის საქმიანობის არდაშვებას კი რეპრესიები სჭირდება.

საერთაშორისო წრეებიდან წამოსული საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა რამდენად აძლიერებს ოპოზიციის პოზიციებს და ართულებს მმართველი გუნდის მდგომარეობას?

ვ.ბ. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „შინაომი აქვს“ გაჩაღებული თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ ომში ჩვენი ოპოზიციის მთავარი მოკავშირე პოლიტიკოსები ტრამპის მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩნდნენ. ამდენად, ბუნებრივია, რომ ამერიკის ისტებლიშმენტის ნაწილი აქტიურად უჭერს მხარს „ჩვენ“ ოპოზიციას, იზიარებს მის ხედვებს და აქედან გამომდინარე, კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ჩვენ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის მდგომარეობას ართულებს – ასეთი სიტუაციები გლობალური პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ამბავია.

გ.ნ. არა მგონია, ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყოს და ამით შეიძლება ოპოზიცია გაძლიერდეს. თანაც, პრობლემა ის კი არ არის, ოპოზიცია ძლიერდება თუ არა, არამედ ის, რომ, საქართველო, როგორც  სახელმწიფო სუსტდება, რადგან ჩვენ დასავლეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა გვჭირდება. ცხადია, როდესაც ჩვენი ქვეყნის იმიჯი უარესობისკენ იცვლება იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარულ მეთოდებს იყენებს, ეს ქვეყნისთვის, ზოგადად, ცუდია.

ოპოზიცია ამაყობს, რომ ევროპარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაციის ჩაგდება მოახერხა. როგორ შეფასებდით თავად ამ ფაქტს და რამდენად შედის მომხდარი  საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში?

ვ.ბ. ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, დეკლარაციის ჩავარდნა, ცხადია, არ იყო მართებული და ეს ფაქტი მიუღებელია. თუმცა, გარკვეულწილად მესმის, რომ საქმე ეხება შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ევროპულ არენაზე გადატანის მცდელობას და დაპირისპირებულ მხარეებს ამისთვის მკაცრად არ გავკიცხავ. თუმცა, ვიმეორებ, მომხდარი შემთხვევა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი იყო.

გ.ნ. არა მგონია, ოპოზიციას ასეთი დოკუმენტის ჩაგდება შეეძლოს. ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატების აქტივობამ, შესაძლოა, გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ მისი როლი გადამწყვეტი ვერ იქნებოდა. ოპოზიცია ყველა ქვეყანაში არსებობს და მათმა წარმომადგენლებმა შეიძლება მკვეთრად ნეგატიური განცხადებები გააკეთონ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ და ევროპარლამენტარებს მიაწოდონ ამ ხელისუფლების არასწორი ქმედებების დამადასტურებელი ფაქტები და ინფორმაცია. მთავარი ეს არ არის. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ევროპარლამენტარებმა დაიჯერეს. მითუმეტეს, საქართველოდან ჩასული ოპოზიცია არ არის მათი ინფორმაციის მთავარი წყარო. მათ საკუთარი წყაროები აქვთ და ამ წყაროებზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება.

ცხადია, ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ძალიან ცუდია, მაგრამ ეს არ არის ოპოზიციის ბრალი. ეს არის ხელისუფლების ბრალი.

ხელისუფლების მხარდამჭერების მტკიცებით, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე ახალგაზრდული მოძრაობები და არასამთავრობო ორგანიზაციები   ნეიტრალურ, მიუკერძოებელ პლატფორმაზე კი არ დგანან, არამედ ოპოზიციის ფლაგმანის, „ნაცმოძრაობის“ დაწერილი სცენარით მოქმედებენ და მათ ინტერესებს ატარებენ. რამდენად ახლოს არის ეს რეალობასთან? 

ვ.ბ. ერთი მხრივ, ბოლოდროინდელი საპროტესტო მოძრაობის ლიდერთა შორის ძალიან ბევრი გონიერი, განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდაა. მეორე მხრივ, ეს ახალგაზრდული მოძრაობები ოპოზიციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ამ შეფასებაში ორიგანალური რომ არ ვარ, ორტეგა ი გასეტის დავესესხები: „ადრე თუ გვიან, ყველა ახალგაზრდული მოძრაობა რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ ექცევა, რადგან ახალგაზრდებს არ შეუძლიათ დიდი პოლიტიკური მიზნების დასახვა და მიღწევა, დემოკრატიული საზოგადოების პირობებშიც კი“.

ეს ახალგაზრდებები, მომავალში, შეიძლება წარმატებულ პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ახლანდელ ვითარებაში ვურჩევ, ამ საპროტესტო მოძრაობაში საკუთარ როლს ნუ გააზვიადებენ.

გ.ნ. ეს ორგანიზაციები პოლიტიკურად ნეიტრალურები არ არიან და არც უნდა იყვნენ. ადამიანები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში, პოლიტიკურ გულგრილობას ვერ გამოიჩენენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ იმართებიან. „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაარწმუნოს ყველა, რომ ვინც მისი მომხრე არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეზეა და მისი კონტროლის ქვეშ იმყოფება.

შეიძლება, საპროტესტო აქციების ზოგიერთი  მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს, მაგრამ ბევრი ორგანიზაცია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, ამავე დროს, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აკრიტიკებს და მათთვის ეს უკანასკნელიც მიუღებელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციის მონაწილე ორგანიზაციების დღის წესრიგს არ ადგენს. სხვა ამბავია და სრულიად ბუნებრივია, რომ ზოგიერთი ეს ორგანიზაცია თანამშრომლობდეს, ზოგადად, ოპოზიციასთან და არა ცალკე აღებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა და  აგრესიული მუხტი, ალბათ, კიდევ უფრო მოიმატებს. არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ოპოზიცია, ალბათ, შეეცდება, ეჭვის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა. ამ შემთხვევაში, რამდენად დიდია საფრთხე, რომ მოვლენები უმართავი გახდეს და პოლიტიკური დაპირისპირება კონტროლიდან გავიდეს?

ვ.ბ. არა თუ არჩევნების შემდეგ, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც არ არსებობს იმის გარანტია, რომ პროცესები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის, რადგან

გაერთიანებული ოპოზიციის წამყვანი ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ – კარგად აცნობიერებს, რომ, საარჩევნო კანონმდებლობის ტრანსფორმირების შემთხვევაშიც კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. ამ ძალას კარგად აქვს გააზრებული, რომ მხოლოდ პროცესების ქუჩაში გადატანით, ექსცესების მოწყობით, ხმაურიანი შეხლა-შემოხლით და სიტუაციის დაძაბვით შეუძლია ხელისუფლებაზე ისეთი ზეგავლენის მოხდენა, რაც მას (ოპოზიციას) სასურველ შედეგამდე მიიყვანს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება და საზოგადოება გაერთიანებული ოპოზიციის აგრესიული რიტორიკის და ქმედებების მძევალი არ აღმოჩნდეს.

ოპოზიციის საპროტესტო მიტინგი

ვითარების ხელოვნურად დაძაბვას თავიდან იმ შემთხვევაში ავიცილებთ, თუ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები, როგორც შუამავლები, თავიანთ როლს ღირსეულად შეასრულებენ. ეს უმართავ პროცესებს თავიდან აგვაცილებს. სხვა შემთხვევაში, ოპოზიციური სპექტრის რადიკალური ფრთა მისთვის მიუღებელი არჩევნების შედეგების მასშტაბურად გაპროტესტებას შეეცდება, მიუხედავად იმისა, რომ ამის რესურსი მას არა აქვს.

გ.ნ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია ეჭვის ქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს, ეს არ იქნება იმის წინაპირობა, რომ ქვეყანაში არეულობა დაიწყება. საქართველოში „წესია“ და ყველა არჩევნების შემდეგ ისე ხდება, რომ ოპოზიციას ეჭვი შეაქვს არჩევნების ლეგიტიმურობაში, მაგრამ ეს უმართავ პროცესებს არ იწვევს. იმისთვის, რომ არჩევნებს მართლა სერიოზული გართულებები მოჰყვეს, ოპოზიციის დაეჭვება საკმარისი არ არის. ასე რომ მოხდეს, არჩევნების ლეგიტიმურობაში ხალხი უნდა დაეჭვდეს. ეს კი, თავის მხრივ, მაშინ მოხდება, თუ დარღვევებს მასობრივი ხასიათი ექნება.

ჯერ, ალბათ, ადრეა არჩევნების შედეგების პროგნოზირება, მაგრამ მაინც: გამარჯვების რა შანსები აქვს ოპოზიციას 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში?

ვ.ბ. ზემოთ ნათქვამს გავიმეორებ: თუ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა, გამოირიცხა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სხვა გადაცდომები, ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ხოლო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ოპოზიციასაც გაუჩნდება გარკვეული შანსი.

გ.ნ. თუ ოპოზიციური ძალები წარმატებით ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, ჩემი აზრით, მათი გამარჯვება საკმაოდ რეალურია. ოპოზიციას, მთლიანობაში, თუ მას თუნდაც „პატრიოტთა ალიანსს“ და ნინო ბურჯანაძის პარტიას გამოვაკლებთ, მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, ოპოზიციის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ხარისხი გამარჯვებისთვის გადამწყვეტია.

 

რესპონდენტებს ესაუბრა  გიორგი ასანიშვილი

დატოვე კომენტარი