კორონავირუსით „დაინფიცირებული“ საპარლამენტო არჩევნები
ლადო ბოჟაძე

2020 წლის დასაწყისში, ყველაზე უსაზღვრო ფანტაზიის მქონე ჩვენი თანამოქალაქეც კი, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ საპარლამენტო არჩევნების „სამკვდრო-სასიცოცხლო“ საკითხი სულ ცოტა ხანში საერთოდ დაკარგავდა აქტუალურობას და მისი მოახლოვება თითქმის აღარავის გაახსენდებოდა.

თუმცა, მოხდა ისე, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში და, ბუნებრივია, საქართველოშიც ცხოვრების ჩვეული რიტმი და დღის წესრიგი მთლიანად შეცვალა.

შესაბამისად, დღეს ჩვენი საზოგადოების (როგორც ამომრჩევლის, ისე ასარჩევების) ყურადღება მთლიანად COV

ზვიად აბაშიძე

ID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისკენ არის მიმართული. თუმცა, ადრე თუ გვიან, ყველაფერი მთავრდება – კორონავირუსის „ეპოქაც“ აუცილებლად დასრულდება და მაშინვე ყველას უმალ „გაგვახსენდება“, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ისეთივე გარდაუვალობაა, როგორც სიკვდილი და გადასახადები…

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის სპეციფიკურ ხასიათზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრობენ ექსპერტები: „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი ლადო ბოჟაძე და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ზვიად აბაშიძე.

 

– რამდენად დააზიანა კორონავირუსის პანდემიამ  წინასაარჩევნო გარემო საქართველოში? რამდენად შეეშალათ ხელი პოლიტიკოსებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული გეგმებისა და გათვლების რეალიზებაში? კორონავირუსის საფრთხის პირობებში, როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, ამომრჩევლებთან შეხვედრების ჩატარება ან სხვა აქტივობების განხორციელება?

ლადო ბოჟაძე: კორონავირუსის პანდემიამ წინასაარჩევნო გარემო და საარჩევნო პროცესები სერიოზულად დააზიანა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 25-ზე მეტმა ქვეყანამ საერთოდ გააუქმა არჩევნები, რადგან ბევრმა მათგანმა, ისევე როგორც საქართველომ, საგანგებო მდგომარობა გამოაცხადა, ასეთ პირობებში კი არანაირი არჩევნები არ ტარდება. ამ ქვეყნებში არჩევნების გაუქმება იმანაც განაპირობა, რომ საარჩევნო პროცესი ძალიან საშიშია კორონავირუსის ფართოდ გავრცელების თვალსაზრისით, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების დღეს მილიონობით ადამიანი ჯგუფდება კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად. ამიტომ, ბევრმა სახელმწიფომ სხვადასხვა დონის არჩევნები პანდემიის დასრულებამდე გადადო.

კორონავირუსის საფრთხის კონტექსტში, ძალიან ნიშანდობლივია საფრანგეთის მაგალითი. ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ საკუთარი კალმებით მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც განთავსებული იყო სადეზინფექციო საშუალებები. მიუხედავად ამ და სხვა წინასწარ მიღებული ზომებისა, საფრანგეთში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ 15 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის ჩატარება მიიჩნევა, რის გამოც 28 მარტისთვის დანიშნული არჩევნების მეორე ტური საერთოდ გაუქმდა.

რაც შეეხება საქართველოს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო,  საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი ჩვენთან  დაპაუზებულია და ის საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ განახლდება. საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე. წ. „შერეული საარჩევნო სისტემის“ შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გულისხმობს, ცვლილებებია შესატანი საარჩევნო კოდექსშიც და ამ შემთხვევაშიც, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას უნდა დაველოდოთ.

უშუალოდ საარჩევნო პროცესის (საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადება, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრების ჩატარება და ა.შ.) სტარტიც ასევე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების თარიღზეა დამოკიდებული. თუმცა, თუ საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, მაგრამ დარჩა გარკვეული შეზღუდვები (მაგალითად, ხალხმრავალი შეხვედრების აკრძალვა), ეს საარჩვენო პროცესს მაინც დააზიანებს.

ზვიად აბაშიძე: კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში შეცვალა ცხოვრების მიმდინარეობა და, ბუნებრივია, პანდემიამ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტზეც  მოახდინა გავლენა. რამდენად დააზიანა მან ეს ლანდშაფტი, სხვა საკითხია – ცხადია, დააზიანა იმ თვალსაზრისით, რომ შეიზღუდა პოლიტიკური, პარტიული ძალების თავისუფლება. საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის პირობებში, ისინი ვეღარ ახერხებენ საკუთარ მხარდამჭერებთან პირდაპირ კომუნიკაციას, ხოლო რამდენად წაადგებათ მათ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებები, ძნელი სათქმელია, რადგან მოსახლეობის ნაწილს ელექტრონულ კომუნიკაციასთან წვდომა არა აქვს.

თუმცა, მეორე მხრივ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, კორონავირუსმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რაღაც დადებითიც მოიტანა.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს მწვავე დაპირისპირება, რომელიც არც თუ კორექტულ ფორმებში გამოიხატება, რაც რიგითი ამომრჩევლისთვის ნამდვილად არ არის მოსაწონი და მისაღები.

კორონავირუსის პანდემიამ ეს ტენდენცია შეცვალა. შექმნილი სიტუაცია პოლიტიკურ ძალებს კარნახობს, რომ ბრძოლის არაკორექტული ფორმების ნაცვლად, მომავალ არჩევნებთან დაკავშირებულ პროგრამულ დოკუმენტებზე გაამახვილონ ყურადღება. მოსახლეობის განწყობაც შეიცვლა: წვრილმანი კინკლაობის ნაცვლად, დღეს მას ის უფრო აინტერესებს, როგორ პროგრამას, გეგმას და გამოსავალს შესთავაზებს მას ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ კორონავირუსმა შეიძლება დადებითი კორექტივები შეიტანოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მიუხედავად იმისა, დღევანდელი მთავრობა მოგვწონს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ყოჩაღად უძღვება კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებს. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს ტელეეკრანებიდან უფრო ხშირად გვესმის მეცნიერების, ექიმების, სპეციალისტების შეხედულებები და დახვეწილი აზრები, ვიდრე პოლიტიკოსების პოპულისტური განცხადებები. ასეთმა შეცვლილმა გარემომ მოსახლეობის მოწონება დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ამომრჩევლის გემოვნება იხვეწება და უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება მაღალპროფესიონალ, საქმესთან ახლოს მდგომ მოღვაწეებზე და არა პოპულისტ პერსონებზე.

ეს დადებითი ტენდენცია, იმედია, მყარად დამკვიდრდება კორონავირუსის დამარცხების შემდგომ პერიოდშიც.

– მოახდენს თუ გავლენას კორონალური „პოლიტიკური გარემო“ არჩევნების საბოლოო შედეგებზე? შეიძლება თუ არა ამომრჩევლის განწყობა შეიცვალოს იმის მიხედვით, როგორ მოახერხებს (ან ვერ მოახერხებს) მმართველი გუნდი ვირუსულ „გამოწვევასთან“ გამკლავებას? უხეშად რომ ვთქვათ, ვისთვის უფრო მომგებიანია შექმნილი ექსტრემალური მდგომარეობა – ხელისუფლებისთვის თუ ოპოზიციისთვის?

ლადო ბოჟაძე: როდესაც ქვეყანაში ასეთი არაორდინალური პრობლემები ჩნდება, როგორც წესი, წინა პლანზე გადმოდის ხელისუფლების როლი და პასუხისმგებლობა. ამიტომ არის, რომ  პოლიტიკურ სივრცეში ოპოზიცია დღეს, ფაქტობრივად, აღარ ჩანს. და თუ მაინც ჩანს – მათი მხრიდან წამოსული მოწოდებები თუ ხელისუფლების კრიტიკა ამომრჩევლის მიერ უარყოფითად აღითქმება, ვინაიდან ყველა ხედავს, რომ ახლა პოლიტიკური პაექრობისა და დივიდენდების მოპოვების დრო არ არის.

ასეთ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება მომგებიან სიტუაციაშია, რადგან ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება დღემდე ბრწყინვალედ უმკლავდება ორივე ურთულეს გამოწვევას – კორონავირუსთან ბრძოლას და მისგან მომდინარე სხვადასხვა სოციალ-ეკონომიკური პრობლემებს. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება უფრო მეტი „დამსახურებებით“ წარდგება ამომრჩევლის წინაშე, ვიდრე ოპოზიცია, რომელიც ტელესივრციდან ლამის მთლიანად არის გამქრალი.

ზვიად აბაშიძე: ჩემი აზრით, კორონავირუსის პანდემია საპარლმენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.

შექმნილ ვითარებას მთავრობა ცუდად არ უძღვება, მაგრამ მას წინ ახალი გამოცდა ელოდება – მდგომარეობა მალე, სავარაუდოდ, ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება. თუ ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც ეფექტურად იმოქმედებს, დიდწილად სწორედ ეს გახდება  არჩევნების შედეგების განმსაზღვრელი.

ასევე მნიშვნელოვანია, შექმნილ ვითარებაში როგორ წარმოჩინდებიან ოპოზიციური პარტიები. თუმცა, მთავრობის შესაძლო წარუმატებლობის შემთხვევაში კი, თუ ოპოზიციური ძალები შეძლებენ საკუთარი თავის ღირსეულად წარმოჩენას, ეს მაინც ვერ იქნება  ხელისუფლებაში მათი მოსვლის გარანტია – ამომრჩეველმა კარგად იცის, რას წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლება, ამიტომ, თუ მან ამ მთავრობაზე უკეთესი ალტერნატივა ვერ დაინახა, ახალ ძალას ხმას არ მისცემს.

დაველოდოთ, როგორ გაუმკლავდება ხელისუფლება დღევანდელ ვირუსულ და ეკონომიკურ გამოწვევებს, მოახერხებს თუ არა ის ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებას ან მის მსუბუქად გადატანას. თუ მან ეს წარმატებით მოახერხა, მაშინ მთავრობა ორმაგ პლუსს (კორონავირუსის გამკლავება და ეკონომიკური პრობლემების დაძლევა) ჩაიწერს.

ამდენად, შექმნილი ექსტრემალური მდგომარეობა, საარჩევნო კონტექსტში, ხელისუფლებისთვის უფრო „მომგებიანია“, რადგან მას ეძლევა შანსი, უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. პარალელურად, ოპოზიციასაც აქვს შანსი საზოგადოებას დაანახოს, შეუძლია თუ არა, პოლიტიკურ კინკლაობაზე მაღლა დადგეს და საერთო ეროვნული საკითხების გადაწყვეტაში, კრიზისის თანამართვაში ჩაერთოს.

ასე რომ, დღეს არსებული მდგომარეობა ორივე დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკს აძლევს შესაძლებლობებს. თუ ერთი მხარე წაიფორთხიალებს, ამით მეორე მხარეს გამარჯვების უკეთესი შანსი მიეცემა, და პირიქით – პირველის წარმატებები  მეორის შანსებს შეამცირებს.

– თუ ხელისუფლება წარმატებით და ეფექტურად იმოქმედებს კორონავირუსთან ბრძოლაში, რამდენად გაზრდის ეს მის რეიტინგს და შესაბამისად – არჩევნებში წარმატების შანსებს? და პირიქით: თუ მმართველი გუნდი მდგომარეობაზე კონტროლს დაკარგავს და პანდემია საქართველოში ფართო მასშტაბს მიიღებს, შეიძლება თუ არა გახდეს ეს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობა?

ლადო ბოჟაძე:  როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ეტაპისთვის ხელისუფლება წარმატებით უმკლავდება მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ კოროვარუსთან ბრძოლაში მდგომარეობა უკონტროლო გახდა, ხელისუფლებას ეს ნაკლებად დაბრალდება, რადგან ყველა ვხედავთ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ბევრი ჩვენზე უფრო წარმატებული სახელმწიფოც კი უძლურია.

ამიტომ, ხელისუფლება, ყველა შემთხვევაში, ალბათ, უფრო  „მომგებიან“ მდგომარეობაშია (თუ ამას შეიძლება „მომგებიანი“ ეწოდოს!), ვინაიდან, თავისი შეცდომებითა თუ დამსახურებებით,  სწორედ ის არის საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი და არა ოპოზიცია.

შესაბამისად, კორონავირუსთან წარმატებით გამკლავება მმართველი გუნდისთვის იქნება ძალიან დიდი პოლიტიკური პლუსი, წარუმატებელი სცენარი კი მას არსებითად არ დააზარალებს, რადგან ამ შემთხვევაში  საქმე გვექნება უცნობ გამოწვევასთან და არა მმართველობის სფეროში დაშვებულ შეცდომებთან. ოპოზიციას კი, ამ კუთხით, არაფერი მოეთხოვება და ამდენად, მისი საქმიანობის შეფასება საერთოდ არ დადგება ამომრჩევლის დღის წესრიგში.

ზვიად აბაშიძე: პოლიტიკური შანსები და შესაძლებლობები შეიძლება ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს. ამის მაგალითად გამოდგება ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდ წარმატებას მიაღწია უმუშევრობასთან ბრძოლის საკითხში, მისი მაჩვენებელი არნახულად დაბალ ნიშნულამდე დასწია და ამით მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევა თითქოს გაინაღდა. მაგრამ კორონავირუსთან ბრძოლაში მან ერთგვარად წაიბორძიკა და ამან ტრამპის მომხრეთა ბანაკში   უმუშევრობის შემცირებით მოპოვებული „ფორის“ დაკარგვის შიში წარმოშვა.

მსგავსი ვითარება შეიძლება საქართველოშიც შეიქმნას. თუ საზოგადოებაში დამკვიდრდება აზრი, რომ ექსტრემალურ პირობებში მთავრობამ, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გააკეთა, მაშინ მმართველი ძალის რეიტინგი და ავტორიტეტი (შესაბამისად – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსები) გაიზრდება, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ მთავრობა ცუღლუტობს და ცრუობს – მისი ავტორიტეტი შეილახება. თუმცა, ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს.

– ავიღოთ ასეთი შესაძლო მოცემულობა: ხელისუფლებამ მეტ-ნაკლებად წარმატებით გაართვა თავი კორონავირუსთან ბრძოლას, მაგრამ რაღაც ვერ გათვალა და შეცდომები დაუშვა. ოპოზიცია, ალბათ,  წარმატებების იგნორირებას და შეცდომების გამუქებას შეეცდება… ანუ, შეიძლება თუ არა მოხდეს ისე, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში წარიმართოს?

ლადო ბოჟაძე: თუ კორონავირუსთან ბრძოლა ზაფხულში არ დასრულდა და ეს პროცესი არჩევნების თარიღთან – 31 ოქტომბერთან „ახლოს მივიდა“, მაშინ საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბუნებრივია, სწორედ კორონავირუსთან გამკლავება-ვერგამკლავების კონტექსტში წარიმართება. ასეთ ვითარებაში, ოპოზიცია შეეცდება რაღაც „კოზირების“ გათამაშებას. ახლაც ვხედავთ, რომ ხელისუფლების ოპონენტები როგორი დაჟინებით ცდილობენ ე. წ. „სწრაფი ტესტების“ საკითხით სპეკულირებას და ამ საკითხის ასე წარმოჩენას, თითქოს, მთავრობა ისე არ მოქმედებს, როგორც საჭიროა.

თუმცა, დარწმუნებული ვარ, არჩევნების დროს ამომრჩეველი სწორ დასკვნებს გააკეთებს და ბევრი მათგანი, ვინც კრიზისულ ვითარებამდე ხელისუფლებას, სხვადასხვა გადაცდომის გამო, სამართლიანად აკრიტიკებდა, გაითვალისწინებს ექსტრემალურ ვითარებაში მყოფი მმართველი გუნდის გადადგმულ ნაბიჯებს და ისე გამოხატავს თავის პოლიტიკურ ნებას. მითუმეტეს, დღეს ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს შესაძლო კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და ამ მიზნის მისაღწევად მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იყენებს, როგორც უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის, ისე შესაძლო სოცილურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის მიმართულებით.

ზვიად აბაშიძე: არ გამოვრიცხავ, რომ მთელი წინასაარჩევნო ბრძოლა კორონავირუსთან გამკლავების კონტექსტში წარიმართოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტი. მთავარია, ეკონომიკურ კოლაფსში არ აღმოვჩნდით.

თუ მთავრობამ წარმატებით გაართვა თავი კორონავირუსთან ბრძოლას, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავების საკითხში, ამან შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. ასე რომ, კორონავირუსთან ბრძოლა არ იქნება ერთადერთი მსაზღვრელი. ის იქნება მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ მას აუცილებლად ექნება ეკონომიკური თანმდევი.

– შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ხელისუფლებას ძველი „ცოდვები“ თუ შეცდომები („გავრილობის ინციდენტი“, დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკულ წერილებში დაყენებული პრობლემები და სხვა) „ჩამოეწერება“ და არჩევნების ბედი კორონავირუსთან ბრძოლის „ფრონტზე“ გადაწყდება?

ლადო ბოჟაძე:  ძველი შეცდომები ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ვერ „ჩამოეწერება“, თუმცა, საარჩევნო კაბინაში შესული ამომრჩევლისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ როგორ გაუმკლავდა მმართველი ძალა კორონავირუსის საფრთხეებს, კრიზისულ პერიოდში როგორ იმუშავეს სახელმწიფო სტრუქტურებმა, რა ზომებს იღებს მთავრობა ამ კრიზისის შედეგების დასაძლევად… ამომრჩეველს ნაკლებად ააღელვებს ახლო წარსული, მაგალითად, საარჩევნო სისტემის ირგვლივ გამართული დაპირისპირების პერიპეტიები.

საინტერესოა, რომ ოპოზიციური ტელეარხების მიერ ავტორიტეტული საერთაშორისო სოციოლოგიური კომპანიებისთვის შეკვეთილი კვლევის შედეგების (კვლევის პერიოდი: 2019 წლის მაისი – 2020 წლის თებერვალი) მიხედვით, სახელისუფლებო პარტიას რეიტინგის თითქმის 100-პროცენტიანი ზრდა აქვს. და ეს მოხდა „გავრილოვის ინციდენტისა“ და ხელისუფლების იმიჯის დამაზიანებელი სხვადასხვა პროცესის მიუხედავად. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთივე წინსვლა აქვს ოპოზიციას, უფრო ზუსტად, მის ერთ-ერთ სუბიექტს – „ნაციონალურ მოძრაობას“…

ამომრჩეველი ყველაფერს ვერ დაივიწყებს, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც კორონავირუსთან ბრძოლას ექნება და არა იმას, რა ხდებოდა მანამდე და დასავლეთიდან ვინ რამდენი წერილი გამოაგზავნა.

ზვიად აბაშიძე: თუ საქართველო კორონავირუსთან ბრძოლას წარმატებით გააგრძელებს, მისი საერთაშორისო ავტორიტეტი უდავოდ გაიზრდება. ყველა ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, უცხოურ გამოცემებში გამოჩნდა დადებითი სტატიები საქართველოს შესახებ და თუ ასე გაგრძელდა, დღევანდელი ხელისუფლების საერთაშორისო რენომე უფრო ამაღლდება.

მართალია, წინა პერიოდში მთავრობას შეცდომები და გადაცდომები ჰქონდა, მაგრამ ჩვენი პარტნიორები ახლა ამაზე აღარ გაამახვილებენ ყურადღებას. ისინი ჩათვლიან, რომ კრიზისულ, გადამწყვეტ მომენტში საქართველოს ხელისუფლება იყო ადეკვატური. ამდენად, ძველი, წარსული ამბები  შეიძლება მეორე პლანზე გადავიდეს და მომავალში ის მხოლოდ მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის იყოს საინტერესო.

– არჩევნები, როგორც წესი, საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, კორონავირუსი კი აუცილებლად „დაარტყამს“ ყველა პარტიის ჯიბეს და, შესაბამისად, საარჩევნო ბიუჯეტს. რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტორი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე?

ლადო ბოჟაძე: პოლიტიკური პარტიები ორი სახის დაფინანსებას იღებენ. პირველი არის სახელმწიფო დაფინანსება, რომლის მიღებაზე, ჯერჯერობით, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას  არ უთქვამს უარი იმ მიზნით, რომ ეს სახსრები კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარებოდა. ამიტომ, ალბათ, მოხდება ამ თანხების აკუმულირება და  საარჩევნო მიზნებისთვის მისი გამოიყინებს.

მეორე გზაა იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, კერძო შემოწირულობების სახით, სახსრების მოძიება. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთი შემოწირულობების ოდენობა, რა თქმა უნდა, ამჯერად გაცილებით ნაკლები იქნება, რამაც, შესაძლოა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „გააიაფოს“. საარჩევნო კამპანიის ხარჯებს მეტნაკლებად შეამცირებს ისიც, თუ გარკვეული დროის განმავლობაში ძალაში დარჩება საგანგებო მდგომარეობითა და საკარანტინო წესებით გათვალისწინებული შეზღუდვები, ვინაიდან ამ შემთხვევაში შეიზღუდება ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და სხვა წინასაარჩევნო აქტივობების განხორციელების შესაძლებლობა. ასეთ პირობებში, ამომრჩევლისთვის ხმის მისაწვდენად, ფინანსური სახსრების დიდი ნაწილი დაიხარჯება სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ- რეკლამებზე.

ასეთი შედარებით „იაფი“ წინასაარჩევნო კამპანია, სხვა ყველაფერთან ერთად, ცხადია, არჩევნების შედეგებზეც აისახება.

ზვიად აბაშიძე: უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ფინანსები ძალიან დიდ როლს თამაშობენ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში. თუმცა, გვქონია შემთხვევები, როდესაც დიდი ფინანსური რესურსების არმქონე ძალებსაც, მონდომებისა და სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ პრობლემისთვის წარმატებით გაურთმევიათ თავი.

ამიტომ, იმ პარტიებს, რომლებიც დიდი ხანია არსებობენ და ფუნქციონირებენ, აგრეთვე   გამართული რეგიონული ინფრასტრუქტურა გააჩნიათ, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ პიროვნული, პარტიული ავტორიტეტი და თავდადება შეიძლება ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ფინანსები.

ასე რომ, მატერიალური მხარე ანგარიშგასაწევია, მაგრამ მას თუ არ დაემატა პიროვნული მონდომება, ინიციატივები და ამომრჩევლის მიმართ გარკვეული ინოვაციური მიდგომები, არჩევნების მხოლოდ ფულით მოგება შეუძლებელი იქნება.

ეს მმართველ გუნდსაც შეეხება, რომლის უკანაც მსხვილი ფინანსები დგას, მაგრამ თუ ეს გუნდი მხოლოდ ამ ფინანსებს დაეყრდნობა და საზოგადოებას რაიმე სიხლეს არ შესთავაზებს, არჩევნებში გამარჯვებისთვის მხოლოდ მატერიალური რესურსი შეიძლება არასაკმარისო აღმოჩნდეს. მითუმეტეს, კორონავირუსთან ბრძოლისა და შესაძლო ეკონომიკური სიძნელეების პირობებში, შესაძლოა, საარჩევნო „ბაზარზე“ დიდი ფული არც კი გამოჩნდეს. ეს სოლიდურ პოლიტიკურ ძალებს აძლევს შანსს, საკუთარ პროგრამებსა და ხედვებზე დაყრდნობით მიაღწიონ არჩევნებში წარმატებას.

– კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, ხელისუფლება უამრავ მოქალაქეს (ამომრჩეველს) დაეხმარება. უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო დაფარავს კომუნალური გადასახადების მნიშვნელოვან ნაწილს, გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ უმუშევრად დარჩენილი ადამიანები… აძლევს თუ არა ეს „ფორას“ ხელისუფლებას? მართალია, ოპოზიცია დღეს ასეთ ნაბიჯებს მხარს უჭერს, მაგრამ ხელისუფლების ქმედებები არჩევნების წინ „ამომრჩევლის მოსყიდვად“  ხომ არ შეფასდება?

ლადო ბოჟაძე:  2012 წლიდან დღემდე ჩატარებულ ყველა არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, ოპოზიციური ძალების ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათი წარუმატებლობა ამომრჩევლის მოსყიდვამ და დაშინებამ განაპირობა და არა მათმა არასწორმა საარჩევნო კამპანიამ, ან პოლიტიკურმა წარსულმა და ბუნდოვანმა პოლიტიკურმა მომავალმა.

ეს „თეორია“ მივისმინეთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც, როდესაც ოპოზიციამ  ხელისუფლების მიერ მოქალაქეთა ნაწილისთვის ვალების განულება ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა. თუმცა, არა მგონია, ოპოზიციამ იგივე გაბედოს და კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მოსახლეობისთვის გაწეული მატერიალური დახმარება თუ შეღავათები კვლავ „ამომრჩევლის მოსყიდვად“ მონათლოს. ასეთი ქმედებით, ოპოზიცია შეურაცხყოფას მიაყენებს ათიათასობით ამომრჩეველს, ვისაც რეალურად შეექმნა პრობლემები – ამ პრობლემების გადაწყვეტას გასაჭირში ჩავარდნილი ხალხის „მოსყიდვასთან“ საერთო არაფერი აქვს.

31 ოქტომბერს ამომრჩეველს ხელისუფლებისთვის მხარის დაჭერის უფრო მეტი მოტივაცია და საფუძველი ექნება, ვიდრე მხარის არდაჭერის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხალხი ამ არჩევნებში ხელისუფლებას ხმას მხოლოდ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე გაწეული შეღავათის გამო მისცემს, ეს ამომრჩეველზე არასწორი წარმოდგენა იქნება.

ზვიად აბაშიძე: შეიძლება იყოს მცდელობა, რომ გარკვეული ეკონომიკური ბერკეტები საარჩევნო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. თუმცა, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება სათქმელი, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, უცხოეთშიც ასევე მოიქცნენ. მმართველ ძალას შეეძლება თავი იმართლოს, რომ ეს ვერ იქნება ამომრჩევლის მოსყიდვა, რადგან, ისევე როგორც საზღვარგარეთ, კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის კომპენსაცია გაიცა. გააჩნია იმასაც, როგორ მოახერხებს ოპოზიცია ამ ბერკეტის სათავისოდ გამოყენებას.

თუმცა, აქ შეიძლება წამოიჭრას მეორე საკითხი – ხელისუფლების მიერ გაცემული კომპენსაცია რამდენად საკმარისი აღმოჩნდება მოსახლეობისთვის. მითუმეტეს, საზოგადოებაში უკვე შეიმჩნევა გარკვეული უკმაყოფილება – ვიღაცეებს თუ დაუფარეს კომუნალური ხარჯები, მე რატომ არ დამიფარეს, უმუშევარი დავრჩი და გადახდის საშუალება აღარ მაქვსო.

ასე რომ, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება ხელისუფლებისთვის დივიდენდების მომტანი იქნება, მაგრამ, ამავე დროს, მას გარკვეულ გამოწვევებს, პრობლემებსაც შეუქმნის. მითუმეტეს, თუ ეს საბიუჯეტო სახსრები არაეფექტურად დაიხარჯა და საზოგადოებამ მისგან სიკეთე არსებითად ვერ იგრძნო.

– კორონავირუსის საქართველოში გავრცელების წინ, ხელისუფლება და ოპოზიცია ე. წ. „შერეულ საარჩევნო სისტემაზე“ შეთანხმდნენ. ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ არჩევნების მონაწილე ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის „ბრძოლის პირობები“ მისაღებია და დამარცხებულები „დისკრიმინაციულ საარჩევნო პირობებზე“ ვეღარ ისაუბრებენ?

ლადო ბოჟაძე: როგორც კი დასრულდება საგანგებო მდგომარეობა, დარწმუნებული ვარ, შესაძლებელი გახდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რაც ოპოზიციას ხელიდან გამოაცლის სათქმელს, რომ „უსამართლო საარჩევნო სისტემას“ ემსხვერპლა.  შესაბამისად, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვეღარავინ დააყენებს. ამის საფუძველი ხელისუფლების ოპონენტებს ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებამდე გამოეცალათ, როდესაც ე. წ. „შერეული საარჩევნო სისტემის“ თაობაზე მოხერხდა შეთანხმების მიღწევა. ამით ყოველგვარ რევოლუციურ სცენარებს საფუძველი გამოეცალა.

ზვიად აბაშიძე: როდესაც შეთანხმება ხდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ორივე მხარე რაღაცას თმობს და საერთო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. შეთანხმების შემდეგ კი, როგორც წესი, წუწუნი მიუღებელია.

ამიტომ, ორივე მხარემ გულწრფელად უნდა აღიაროს, რომ, მართალია, ეს შეთანხმება მისთვის ბოლომდე მისაღები არ არის, მაგრამ მისი შესრულებისთვის მზად არის და შემდგომში საკუთარ წარუმატებლობას საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებას არ დააბრალებს.

კორონვირუსის პანდემია შეამცირებს თუ არა წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში დესტაბილიზაციის საფრთხეს, რომელიც მაღალი პოლიტიკური ტემპერატურიდან გამომდინარე, შეიძლებოდა შექმნილიყო  ქვეყანაში?

ლადო ბოჟაძე: სარჩევნო მოდელზე შეთანხმებამ თავისთავად გამოიწვია პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა. ამის გათვალისწინებით, კორონავირუსის პრობლემა რომც არ ყოფილიყო, მაინცადამაინც ცხელი პოლიტიკური ზაფხული ისედაც აღარ გველოდებოდა. კორონავირუსმა კი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, საპროტესტო მიტინგებს, პიკეტებს და ა.შ. საბოლოდ გამოაცალა საფუძველი – პანდემიის დაწყებისთანავე ნათლად გამოჩნდა, რომ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთმანეთის მიმართ გაცილებით ლოიალურები გახდნენ.

ასე რომ, ჩემი აზრით, წინ სერიოზული პოლიტიკური ბრძოლები გველოდება, მაგრამ ექსცესებისა და სერიოზული გართულებების გარეშე.

ზვიად აბაშიძე:  ვფიქრობ, კორონავირუსი, გარკვეულწილად, დააცხრობს მომეტებულ პოლიტიკურ ვნებათღელვას. ეს ვნებათღელვა დღეს მინავლებულია და მის აღდგენას გარკვეული დრო და ენერგია სჭირდება. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ შედარებით სტაბილური წინასაარჩევნო და საარჩევნო გარემო გვექნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური კონკურენცია აღარ იარსებებს.

 

რესპონდენტებს ესაუბრა გიორგი ასანიშვილი