კორონავირუსთან ბრძოლის 100 დღე პოლიტიკურ ჭრილში
ამირან სალუქვაძე

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დაწყებიდან 100 დღე გავიდა„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 27 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.

ამ დროიდან მოყოლებული, კორონავირუსთან ბრძოლა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ფონზე მიმდინარეობს. თავის მხრივ, ამ არჩევნებში გამარჯვება მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული „მთავარ ფრონტზე“ ბრძოლის შედეგზე: თუ ხელისუფლება  „კოვიდ-19“-ს მინიმალური ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგით გაუმკლავდება, მაშინ ის არჩევნების წინ სოლიდურ „ფორას“ მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში – ოპოზიციის შანსები გაიზრდება.

ასეთი „ვირუსულ-პოლიტიკური“ მოცემულობა მიმდინარე პროცესებზეც აისახება – მთავრობა ცდილობს,  სერიოზული შეცდომა არ დაუშვას და ბეწვის ხიდზე უხიფათოდ გაიაროს, „ჩასაფრებული“ ოპოზიცია კი ყურადღებით აკვირდება მმართველი გუნდის ქმედებებს და მის „გამოჭერაზეა“ ორიენტირებული.

თორნიკე შარაშენიძე

პანდემიასთან გამკლავების პირველ ეტაპზე ხელისუფლება მთლიანად იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ ჯანდაცვის სისტემას გამართულად ემუშავა და ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული. შეიძლება ითქვას, რომ მთავრობამ ამ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი და ამის დასტურად, სტატისტიკურ მაჩვენებლებთან ერთად, დადებითი საერთაშორისო შეფასებებიც (გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეისუსი და სხვა) გამოდგება. თუმცა, ოპოზიცია სხვაგვარად ფიქრობს და მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელ ეტაპზე ხელისუფლებამ  მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როდესაც ე.წ. სწრაფი ტესტირების მეთოდი მასობრივად არ გამოიყენა…

მოგვიანებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა უფრო თვალშისაცემი გახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და საკარანტინო წესების აღსრულების ეფექტურობის საკითხებზე, აგრეთვე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის საკვანძო მიმართულებებზე…

„კოვიდ-19“-თან ბრძოლის დაწყებიდან განვლილი 100 დღის პოლიტიკურ შეფერილობაზე და ამ ბრძოლის თანმხლებ პარტიულ კომპონენტებზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრობენ ანალიტიკოსები, ამირან სალუქვაძე და თორნიკე შარაშენიძე.

 

 

– კორონავირუსთან ბრძოლის საწყის ეტაპზე მთავრობის ქმედებებმა საზოგადოების უდიდეს ნაწილში დადებითი შეფასება დაიმსახურა. თუმცა, ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებდა კრიზისის მართვის მენეჯმენტს და გადაჭრით ითხოვდა პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის ტაქტიკის შეცვლას, კერძოდ, ე.წ. სწრაფი ტესტების ფართოდ გამოყენებას. რით იყო ნაკარნახევი ოპოზიციის ასეთი ქმედება: ეს იყო საკითხის ღრმა ანალიზზე დაფუძნებული რჩევა, თუ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გახმოვანებული პოპულისტური მოთხოვნაა?

– ამირან სალუქვაძე:  ე.წ. სწრაფი ტესტების მასობრივად გამოყენების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნა არანაირი ანალიზიდან არ გამომდინარეობს – ვირუსის უცნობი ბუნებიდან გამომდინარე, არათუ ქართულ ოპოზიციურ ძალებს, არამედ თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისაც კი არ გააჩნია მასთან ბრძოლის მწყობრი სტრატეგია (ამის დასტურად, ამ ორგანიზაციასთან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირისპირება შეიძლება დავასახელოთ). მეტიც: ოპოზიციურ პარტიებს კვალიფიციური სპიკერიც კი არ ჰყავთ, ვინც ამ თემაზე დამაჯერებლად ისაუბრებს. ერთადერთი, ვინც ჯანდაცვის სისტემასთან მეტნაკლებად ახლოს დგას, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილია და სამედიცინო განათლება მასაც კი არ გააჩნია.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მომუშავე ქართველ მედიკოსებს, ზურაბ გურული ეპიდემიოლოგი არ არის და მის მიკერძოებულ განცხადებებს დამაჯერებელი პასუხი გასცა ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ. ყველაფერს  თავი რომ დავანებოთ, ზურაბ გურულმა უხეშად დაარღვია ექიმების წრეში მიღებული ეთიკის ნორმები, რომელიც კოლეგებზე ღია კრიტიკის მიუღებლობას გულისხმობს.

არც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მოთხოვნა ეყრდნობა რაიმე ანალიზს. ის და მისი თანამოაზრეები, ე.წ. სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით, მუდმივად იშველიებენ გერმანიისა და სამხრეთ კორეის მაგალითს, თუმცა, ამ ქვეყნების მაჩვენებლებს საქართველოს  შედეგები არაფრით ჩამოუვარდება…

ოპოზიციის ქმედებები რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს: თავდაპირველად თვალშისაცემი იყო აგრესია არა ჯანდაცვის მთლიან სისტემაზე, არამედ მის ცალკეულ ობიექტებზე – გაიხსენეთ თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანებში მიკროფონებით „შევარდნის“ ფაქტები. ასეთმა ქმედებებმა საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია, რის შემდეგაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოჩვენებით თანამშრომლობაზე წავიდა  – სამედიცინო დარგის ცნობილ მუშაკებს იწვევდნენ ოპოზიციური ტელევიზიების სტუდიებში,   ასხამდნენ ხოტბას და ა.შ. თუმცა, როდესაც ნათლად გამოჩნდა ჯანდაცვის სისტემის გამართული მუშაობა და კრიზისის მართვის ეფექტურობა, ოპოზიციამ ამაში  საფრთხე (თავისი თავის) დაინახა, ისევ შეცვალა ტაქტიკა და კვლავ შეტევაზე გადავიდა. სწორედ მაშინ გახდა „აქტუალური“ ე.წ. სწრაფი ტესტების გამოყენების მოთხოვნა…

ალბათ, თავად ოპოზიციისთვის   იქნებოდა უკეთესი, რომ მას პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, ხელისუფლებასთან დაპირისპირების სხვა სტრატეგია და ტაქტიკა აერჩია. მე მგონია, სჯობდა, ხელისუფლების გვერდით დამდგარიყვნენ, რათა ბოლოს ეთქვათ – ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ! შემდეგ კი, როდესაც კორონავირუსის შემოტევა ჩაცხრებოდა და შეზღუდვები მოიხსნებოდა, დაეწყოთ წინასაარჩევნო კამპანია და ხელისუფლების კრიტიკა. ეს გზა, ალბათ, უფრო პროდუქტიული იქნებოდა.

თორნიკე შარაშენიძე: ოპოზიციის ლიდერები, ერთდროულად, პოლიტიკოსებიც არიან და ამ ქვეყნის მოქალაქეებიც. ამიტომ, კორონავისთან ბრძოლის საწყის ეტაპზე, მათ ქმედებებში ორივე მომენტი ფიგურირებდა – ხელისუფლებისთვის რჩევების მიცემის გზით, ქვეყნისთვის სიკეთის კეთებაც და პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილიც.  ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერისთვის იბრძოლოს, ამას ვერავინ ვერავის აუკრძალავს.

რაც შეეხება ე.წ. სწრაფი ტესტირების მეთოდის დროულად და ფართოდ გამოყენებას, ამ საკითხში ყველა ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს.

– რა აჩვენა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის ეტაპმა, რომელი მიდგომა აღმოჩნდა სწორი – ხელისუფლებისა, რომელიც ბოლომდე ითვალისწინებდა ქართველი  მედიკოსების მაღალკვალიფიციურ რჩევებს, თუ ოპოზიციისა, რომლის რეკომენდაციებიც ცალკეული ქვეყნების ზოგად პრაქტიკაზე იყო დაფუძნებული?

– ამირან სალუქვაძე:  დღევანდელ ვითარებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის ფაქტორს. მხოლოდ ადმინისტრაციული ზომებით – საგანგებო მდგომარეობის შემოღებით და ჯარიმების დაწესებით – საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლებელია. ამიტომ, რომ არა ჯანდაცვის და ბიუროკრატიული სისტემების სწორი, დამაჯერებელი ქმედებები, მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი მაღალი ნდობა არ იარსებებდა.

რაც შეეხება თავად ხელისუფლებისადმი ნდობას, მისი ხარისხის დამდგენი კვლევის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა და ამდენად, ამ ეტაპზე მასზე მხოლოდ სოციალურ ქსელში არსებული განწყობების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ. ამ სურათის მიხედვით კი, ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხი იზრდება და ოპოზიციის მიერ თითიდან გამოწოვილი ბრალდებების მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ უარყოფითი ხდება იმ ადამიანების მხრიდანაც კი, ვინც აქამდე ხელისუფლებისადმი სიმპათიებში არ იყო „შემჩნეული“.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი მხრიდან მხოლოდ ე.წ. სწრაფ ტესტებზე აპელირება იყო ძალიან პრიმიტიული მიდგომა. მითუმეტეს, როდესაც  იცი, რომ მათ 100-პროცენტიანი სანდოობა არ გააჩნიათ და ცდომილების სხვადასხვა დონის რისკს შეიცავენ.

– თორნიკე შარაშენიძე: ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ ჯანდაცვის სფეროში პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გვყავს. გაგვიმართლა, რომ ამ სფეროში არც „ნაცებმა“ და არც „ქოცებმა“ ცხვირი არ ჩაყვეს და აქ თავისი პარტიული აქტივი არ დასვეს. შესაბამისად, გაგვიმართლა იმაშიც, რომ დღეს ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში მუშაობენ არა „ნაცები“ ან „ქოცები“, არამედ ზეპარტიული ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეს წესიერად აკეთებენ. ახლა, პანდემიური კრიზისის დროს, ეს ხალხი ქვეყნის და შეიძლება ითქვას, ხელისუფლების სამსახურში დგას.

დღეს ყველა (როგორც ყოფილი მმართველი ძალა, ისე დღევანდელი მმართველი პარტია) ცდილობს, რომ თავის თავზე მიიწეროს ლუგარის ლაბორატორიის გახსნა.  ბრძოლა და ჭიდაობა  მიდის იმაზე, თუ ვისი დამსახურებაა ამ ლაბორატორიის წარმატებული ფუნქციონირება…

პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე და ამირან გამყრელიძე

ვიმეორებ, რომ ჩვენს ქვეყანას და მთავრობას ზემოთ აღნიშნულ საკითხებში  გაუმართლა.

გამართლების ხარჯზე მოხდა, რომ მთავრობის რეიტინგმა აიწია. ჯანდაცვის სფეროში ვიღაც რომ კარგად მუშაობს, რამდენად არის ეს მთავრობის დამსახურება და  ხელისუფლებამ ამაში ქულები უნდა ჩაიწეროს თუ არა, ეს ცალკე საკითხია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  „ქართული ოცნების“ მთელი მმართველობის პერიოდში, ქვეყანას, ამ ეტაპზე, ყველაზე ნორმალური პრემიერ-მინისტრი ჰყავს.

– ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თაობაზე ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმებამ, რაც მათ (ოპოზიციის) მიერ საგანგებო მდგომარეობის დარღვევად და ეპიდაფეთქების საფრთხეზე წაყრუებად შეფასდა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამ საფრთხემ უკვე ჩაიარა, მაგრამ არსებობდა თუ არა კორონავირუსის მასობრივად გავრცელების რეალური საშიშროება? სწორედ მოიქცა თუ არა ხელისუფლება, რომ ეკლესიასთან რადიკალურ დაპირისპირებაზე არ წავიდა?

– ამირან სალუქვაძე:  კატეგორიულად მიღებელია ორკესტრირებული შეტევა როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ასევე სხვა კონფესიებზე. ეს ჩვენ ქვეყანაში პერიოდულად ხდება და ამას ერთი და იგივე ძალები აკეთებენ. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა მიზეზით დაარტყამენ ეკლესიას. ამჯერად ეს შეტევა კორონავირუსთან ბრძოლას დაემთხვა. დავამარცხებთ „კოვიდ-19“-ს? გავა დრო და ეკლესიაზე შეტევისთვის ისინი სხვა მიზეზს მონახავენ.

როცა ერთი და იგივე პოლიტიკოსები წირვის და ლიტურგიის ჩატარებას აპროტესტებს, ბევრი ხალხი ერთად არ შეგროვდესო, რამდენიმე დღის შემდეგ კი იგივე ადამიანები, კატეგორიულად ითხოვენ, შეზღუდვები და აკრძალვები გაუქმდესო – სად არის აქ ლოგიკა? საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს და იმახსოვრებს. დღეს, ინტერნეტისა და ინფორმაციის ეპოქაში, მხოლოდ გლუვტვინიანი ვერ გაიხსენებს, რას ამბობდა ესა თუ ის პოლიტიკოსი რელიგიური დღესასწაულების წინა დღეებში და რას – მათი დასრულებიდან რამდენიმე დღის მერე.

იმ ხალხს, ვინც  ეკლესიაში მრევლის არმისვლის მიზნით, სოციალური ქსელებიდან, ბრიფინგებით, მედიასაშუალებებით და ა.შ. საპატრიარქოზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო, ალბათ, უჯობდა, ამის ნაცვლად, შეექმნა ჯგუფი, რომელიც პატრიარქს შეხვდებოდა მოსალაპარეკებლად. რა, ადრე არ მომხდარა ასეთი რამ და ახლა უთხრეს  შეხვედრაზე უარი?.. თუ პრემიერ-მინისტრი მივიდა პატრიარქთან, ოპოზიციის ლიდერებსაც შეეძლოთ იგივე. მეტიც: ხელისუფლებისთვი  დასწრებაც  კი შეეძლოთ…

ცხადია, ეკლესიის შიგნით უამრავი ხარვეზია (რაც თავად უნდა გამოასწოროს), მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიწასთან გავასწოროთ. მისი ისტორიული როლის დაკნინება დაუშვებელია. თუ ჩვენს ეკლესიას დავაკნინებთ, მის ადგილს სხვები დაიკავებენ, ხოლო ვინ არიან ეს „სხვები“, ეს ცალკე თემაა.

ვისაც სურს ეკლესიაში დღეს არსებული პრობლემების გამოსწორება, ეკლესიას კი არ უნდა შეუტიოს, არამედ უნდა ელაპარაკოს. მავანნი, ვიდრე ხელისუფლებაში არიან, სადღესასწაულო წირვა-ლოცვას, ანთებული სანთლებით ხელში, მუდმივად ესწრებიან, მაგრამ როგორც კი ოპოზიციაში გადავლენ, ეკლესიაზე იერიში მიაქვთ და ამისთვის ნებისმიერ მიზეზს იყენებენ.

– თორნიკე შარაშენიძე: ხელისუფლება  ეკლესიასთან რადიკალურ დაპირისპირებას მოერიდა, რის შემდეგაც ხელისუფლებას გაუმართლა. გაუმართლა იმაში, რომ ის კორონავირუსის პრევენციის სანახევრო ზომებს დასჯერდა და ამის მიუხედავად, დიდ ეპიდაფეთქებას მაინც გადავურჩით.

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არსებობდა ეკლესიასთან უფრო ხისტი პოზიციის გამოჩენის შანსი. ამ „შანსში“ვგულისხმობ შემდეგს:

საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და ამდენად, აქ მთავარი სიტყვა უნდა ეთქმოდეს თავად სახელმწიფოს, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას და არა ეკლესიას. ამჯერად კი ყველამ ვნახეთ, რომ ეკლესიამ თავისი გაიტანა. ეს სეკულარული სახელმწიფოსთვის, რომელსაც დემოკრატიის მშენებლობაზე აქვს პრეტენზია, კარგი ნამდვილად არ არის.

– კორონავირუსის ფართოდ გავრცელების საშიშროება, რელიგიური დღესასწაულების პერიოდის გარდა, სხვა დროსაც შეიქმნა. მაგალითად, 22 აპრილს მარნეულში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლის დროს, სადაც სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნებით დაწყებულმა აქციამ პოლიტიკური შეფერილობა მიიღო.   ხელისუფლებამ მომხდარში „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დაადანაშაულა, თუმცა, მასობრივ კანონდარღვევაზე სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია. „ჯგუფური“ კანონდარღვევა 26 მარტსაც მოხდა, როდესაც ზუგდიდში, „ნაცმოძრაობის“ მიერ პირბადეების დარიგების დროს, მოსახლეობის მასობრივ თავშეყრას ჰქონდა ადგილი. საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  რამდენად არის გამართლებული ასეთი პოლიტიკური აქტიურობა?

– ამირან სალუქვაძე:  საგანგებო მდგომარეობის დროს, მსგავსი პოლიტიკური აქტივობები, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. პანდემიაც რომ არ იყოს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სანქცირების გარეშე მიტინგებისა და თავყრილობების მოწყობა  კანონდარღვევას წარმოადგენს. მეტიც: სანქცირება საგანგებო მდგომარეობის არარსებობის დროსაც კი აუცილებელია. დღეს კი, როდესაც ორივე ფაქტორი (საგანგებო მდგომარეობა და პანდემია) ერთდროულად მოქმედებს, ის, რაც მარნეულსა და ზუგდიდში მოხდა, ძალიან რბილად რომ ითქვას, უპასუხისმგებლობა იყო.

ყველამ ვნახეთ, რომ მარნეულში დაცული არ იყო სოციალური დისტანცია, აქციის მონაწილეებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ჰქონდათ პირბადეები და ამასთან, კარგად ჩანდა, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული თავყრილობა – წარმოუდგენელია, რომ რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ აქციის ჩატარება და ერთ გეოგრაფიულ წერტილში თავმოყრა ერთდროულად გადაწყვიტა…

საპროტესტო აქცია მარნეულში

ამიტომ, ხელისუფლების ლოიალობას არ ვამართლებ და მიმაჩნია, რომ უმკაცრესი ზომები იყო გასატარებელი. ხელისუფლება ყველას ერთნაირად უნდა მიუდგეს და კანონმა ყველასთვის ერთნაირად უნდა „იმუშავოს“. თუ, მაგალითად, მე დეკრეტის მოთხოვნები დავარღვიე და 3000 ლარით დამსაჯეს, რატომ არ უნდა მოეთხოვოთ პასუხი იმათ, ვინც მასობრივი აქცია ჩაატარა და ამით ჩემსავით დაარღვიეს დეკრეტი?

არადა, მარნეულში აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები  საერთოდ არ გამოკვეთილან და არ დასჯილან. ჯგუფური, მასობრივი დასჯის მომხრე არ ვარ  და რამდენიმე სოფლის ყველა მოსახლეს ერთდროულად ვერც დასჯი (მითუმეტეს, ამან შეიძლება პროტესტის უფრო დიდი ტალღა ააგოროს), მაგრამ აქციის ორგანიზატორების ვინაობა და როლი რომ გამოსაკვლევი იყო, ეს უდავოა.

– თორნიკე შარაშენიძე: მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, მარნეულში გამართული საპროტესტო აქცია რამდენად იყო  ოპოზიციის მიერ ორგანიზებული. თუ ეს მართლა ასე იყო, ამ ფაქტს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავამართლებ.

რაც შეეხება ზუგდიდში პირბადეების მასობრივ დარიგებას, აშკარად გამოჩნდა, რომ ეს იყო სერიოზული შეცდომა და თუ არ ვცდება, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა ლიდერმაც აღიარა.

– საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის სოლიდური ფულადი ჯარიმის დაწესების მიუხედავად, სამართალდამცველები ყოველდღე ასეულობით კანონდარღვევას აფიქსირებენ. რით ახსნით ამ ფაქტს – ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების უპასუხისმგებლობის გამოვლინება თუ სადამსჯელო სანქცია არასწორედ არის შერჩეული?

  – ამირან სალუქვაძე:  სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. პირველი და არსებითი არის ადამიანების მოუწესრიგებლობა და კანონის უპატივისმცემლობა. ზოგს, როგორც ჩანს, მოსწონს და სიამოვნებს, რომ სხვა სახლში ზის და კანონის მოთხოვნებს ემორჩილება, თვითონ კი მათზე „მაგარია“. გააჩნია იმასაც, ვის და რატომ აჯარიმებენ – გაცილებით მტკივნეულია, როდესაც მატერიალურად გაჭირვებული მოქალაქე ჯარიმდება. კანონის ასეთ დამრღვევს, ადამიანურად, კიდევ გავუგებ, მაგრამ ახალი მოდელის ჯიპში რომ ზის პირი და პოლიცია აჯარიმებს, მასზე ვერავინ იტყვის, უჭირდა კაცს და ლუკმა-პურის საშოვნელად დაარღვია კანონიო… არადა, სწორედ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ კანონის დაცვის მაგალითის მიმცემნი და სოლიდარულები მათ მიმართ, ვისაც მატერიალურად უჭირს.

რაც შეეხება კანონის განმეორებითი დარღვევისას საპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ამით, შეიძლება ციხეები გავავსოთ და ელემენტალური დამრღვევისგან კრიმინალური ელემენტი შევქმნათ. ციხეში გაშვება ყოველთვის ვერ იქნება პრობლემის სწორი გადაწყვეტა. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობისა და ეპიდემიის პირობებში კანონის არაერთგზის დარღვევით, სხვა ადამიანების სიცოცხლეს უქმნი საფრთხეს და სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი.

– თორნიკე შარაშენიძე: ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ ქართულ დაუდევრობასთან გვაქვს საქმე. ასეთი რამ ჩვენ, ზოგადად, გვახასიათებს. როდესაც გეუბნებიან, რომ ეს არის კანონდარღვევა და ამისთვის დაჯარიმდები, გაფრთხილება უნდა გაითავლისწინო. თუმცა, საქართველოში კვლავ არის შემორჩენილი მიდრეკილება, რომ კანონს გვერდი აუარო და „საქმის ჩაწყობით“ შენი გაიტანო.

– ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას. ამის მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ ჰქონდა წარმოდგენილი. რამდენად გონივრული იყო ოპოზიციის ასეთი ქმედება იმის გათვალისწინებით, რომ საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტით გაიზრდებოდა ეპიდემიური აფეთქების საფრთხე?

– ამირან სალუქვაძე:  ანტიკრიზისული გეგმა ღონისძიებების ორ ჯგუფს მოიცავს. პირველი შეეხება მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერას, მეორე – ბიზნესის მხარდაჭერას. საგანგებო მდგომარეობის მიზანთან კი (პანდემიის შეკავება) არც ერთი მათგანი შემხებლობაში არ არის.

მთავრობამ დღესვე რომ გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური ზომების გატარება ხომ მაინც გაგრძელდება? ამიტომ, სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებებისა და საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც ოპოზიციამ გააკეთა, კატეგორიულად მიუღებელია.

აქ უამრავი სხვა კითხვაც ჩნდება: როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი პარლამენტში  პირველად შევიდა დასამტკიცებლად, ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხომ უპირობოდ დათანხმდა? ოპოზიციამ მაშინ რატომ არ მოითხოვა ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა? როდესაც საქმე საგანგებო მდგომარეობის მხოლოდ გაგრძელებას ეხება, რატომღა ითხოვ ანტიკრიზისულ გეგმას?..

ჩემთვის გასაგები იქნებოდა, ანტიკრიზისული გეგმის განსახილველად, ოპოზიციას პლენარული სხდომის ცალკე ჩატარება რომ მოეთხოვა. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა იქნებოდა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება რა კავშირშია სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან,  ამას ვერ ვხვდები. ეს იგივეა, ომის დაწყების გამო, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა რომ გამოაცხადოს, ეს ომი 10 დღეში ვერ დამთავრდეს და საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების წინაპირობად ოპოზიციამ ამ ომის ეკონომიკური დანახარჯების წარდგენა მოითხოვოს…

ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას,მის ინტერესებს არ უნდა ებრძოდნენ. ხელისუფლებასთან ბრძოლა და მოსახლეობის ინტერესებთან ბრძოლა ერთმანეთისგან უნდა განასხვავონ. სამი თვეა, ვუყურებ, როგორ ებრძვიან ისინი პროფესიონალებს  – ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს, მარინა ეზუგბაიას, ლევან რატიანს… ებრძვიან მორალურად, ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებენ. ეს კი ნიშნავს, რომ ამით რიგითი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესებსაც ებრძვიან.

ეს ოპოზიციისთვისაც, საზოგადოებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც არის ცუდი და საგანგაშო. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია ზის „ტიტანიკში“, რომელიც ფსკერისკენ მიექანება. ასეთი ოპოზიციის პირობებში, დღევანდელი ხელისუფლება ფუფუნებაშია.

– თორნიკე შარაშენიძე: ოპოზიციას სურს, რომ უფრო ქმედითი, რეალური ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა იხილოს. მე ეკონომისტი არ ვარ და ამიტომ, ხელისუფლების წარმოდგენილ გეგმას შეფასებებს ვერ მივცემ. ოპოზიციას ჰყავს შესაბამისი სფეროს სპეციალისტები და ამას ისინი გააკეთებენ.

რამდენად იმუშავებს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა, დამოკიდებულია იმაზე, რა მოცულობის ფინანსურ რესურსს მოიძიებს პარტნიორი ქვეყნებისგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. თუ ეს თანხა იქნება 2 მილიარდი დოლარი, მაშინ ჩვენ გვექნება კრიზისიდან გამოძრომის შანსი, სხვა შემთხვევაში ამის გაკეთება ძალიან გაგვიჭირდება.

– ოპოზიციამ ხელისუფლებას ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმაც დაუწუნა და  ის არჩევნებზე მორგებულ დოკუმენტად შეაფასა. „დაგვიანებული, ზედაპირული და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე“, – ასე შეაფასა ანტიკრიზისული გეგმა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. დოკუმენტი ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც გააკრიტიკეს. თუმცა, პარლამენტის ექს-სპიკერი ირაკლი კობახიძე  ოპონენტებს არ დაეთანხმა და  შეახსენა მათ, რომ ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება სოციალურ დახმარებებზე, ორ მილიარდზე მეტი – ეკონომიკის სტიმულირებაზე, 350 მილიონი ლარი კი ჯანდაცვას  მოხმარდება. მან მოუწოდა ოპონენტებს, რომ ეს მონაცემები სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს შეადარონ, რათა დარწმუნდნენ, რომ „დახმარება არის უპრეცედენტო“… თქვენ როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ სამოქმედო გეგმას?

– ამირან სალუქვაძე: გაიხსენეთ ოპოზიციის ლიდერთა ბრიფინგები, რომელზეც ისინი დაჟინებით ითხოვდნენ, მოსახლეობისთვის სასწრაფოდ დაერიგებინათ 1000-1000 ლარი. ითხოვდნენ ისე, რომ არანაირი ეკონომიკური გათვლები და დასაბუთება არ ჰქონდათ. ხელისუფლებას მათთვის რომ დაეჯერებინა და ერთი მილიარდი ლარი ერთბაშად გაეცა, ეს 1000-ლარიანი დახმარება, ლარის კურსის კატასტროფული ვარდნის გამო, უცებ 200 ლარზე ნაკლები გახდებოდა…

როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე 30-40 მილიონიან ინტერვენციას ახორციელებს, ეს ლარის კურსზე სერიოზულად აისახება. ახლა  წარმოიდგინეთ, ერთი მილიარდი ლარის ბაზარზე ერთბაშად გაშვების შემთხვევაში, როგორი პანიკა და უმართავი პროცესები დაიწყებოდა? ამას დაუმატეთ ეპიდემია, საგანგებო მდგომარეობა, ეკონომიკის გაჩერება…

სხვათა შორის, იგივე ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ზედაპირულ წინასაარჩევნო დაპირებებს იძლეოდნენ – ზოგი ამბობდა, რომ პენსიას 50 ლარი უნდა მომატებოდა, ზოგი აცხადებდა, რომ პენსია 400 ლარამდე უნდა გაზრდილიყო და ა.შ. და ეს მაშინ, როდესაც პენსიის მატების საკითხი საერთოდ არ შედიოდა პრეზიდენტის კომპეტენციაში.

– თორნიკე შარაშენიძე: ამ კითხვაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ირაკლი კობახიძეს ოპონენტების (და არა მხოლოდ ოპონენტების) მიმართ ძალიან ცინიკური, ქედმაღლური დამოკიდებულება ახასიათებს, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს, არანაირად არ ამშვენებს.

– კორონავირუსის გავრცელების პრევენციის დაწყებიდან 100 დღის შემდეგ,  როგორ შეაფასებთ, მთლიანობაში, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ოპოზიციის მიერ არჩეულ ტაქტიკას?

– ამირან სალუქვაძე: ზემოთ ვთქვი, რომ პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ოპოზიციამ  ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში აირჩია, მთლიანობაში, არის წამგებიანი. რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი გაკრიტიკება ადვილია, როდესაც ურემი გადაბრუნდება. ის, რაც 100 დღის წინ უცნობი იყო, ბევრი რამ დღეს უკვე შესწავლილი და გამოკვლეულია. არადა, თავიდან უამრავი სირთულე არსებობდა: არ ვიცნობდით კორონავირუსთან ბრძოლაში სხვა ქვეყნების გამოცდილობას, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები…

ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ საკმაოდ საკმაოდ დროული და გეგმაზომიერი ნაბიჯები გადადგა. თუმცა, ალბათ, შესაძლებელი იყო, ზოგიერთი ნაბიჯი უფრო ადრე გადადგმულიყო. ამასთან, კრიზისულ ვითარებაში, ოპოზიცია ხელისუფლებას რქებით რომ არ დატაკებოდა და მასთან კონსტრუქციულად ეთანამშრომლა, ამით, საბოლოო ჯამში, ორივე მხარე, პლუს მთელი საზოგადოება მოიგებდა.

არა მხოლოდ ოპოზიციისგან, არამედ ხელისუფლებისგანაც უფრო მეტს ველოდები. მმართველმა ძალამ ისე უნდა წარმართოს თავის პოლიტიკურ ოპონენტებთან ოპონირება, რომ ოპოზიციაც ფორმაში ამყოფოს. ოპოზიციის ჩაძირვა თავად ხელისუფლებისთვის არ არის მომგებიანი, მაგრამ ხშირად ისიც უძლურია – კაცი რომ კისერზე ქვას ჩამოიკიდებს და დასახრჩობად გარბის, როგორ უნდა უშველო?..

ამირან გამყრელიძე

„კოვიდ-19“-თან ბრძოლის დაწყებიდან გასულ 100 დღეში ხელისუფლების ყველაზე დიდ ნაკლოვანებად მიმაჩნია მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფის შედარებით დაბალი ხარისხი. მაგალითად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი პროფილაქტიკური ზომების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ტელევიზიების სარეკლამო ბლოკიდან კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ საინფორმაციო გამოშვების დასაწყისში, რადგან რეკლამის დაწყებისთანავე, ბევრი ტელევიზორს სხვა არხზე რთავს ან რეკლამის დროს, ტელევიზორის ეკრანს შორდება.

ამიტომ, როდესაც პროფილაქტიკური ზომების შესახებ ამ დროს ხდება მოსახლეობის ინფორმირება, ჩათვალეთ, რომ ეს ინფორმაციები მოქალაქეებისთვის, დიდწილად,  დაკარგულია. ალბათ, ეს არის ხელისუფლების ანტიპანდემიური პოლიტიკის ყველაზე სუსტი ადგილი.

– თორნიკე შარაშენიძე: კორონავირუსთან ბრძოლის დაწყებიდან განვლილი 100 დღის განმავლობაში, ხელისუფლება წარმოჩინდა ერთიან ძალად, რომელსაც, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების სახით, გვერდში უდგას კარგი, კვალიფიციური გუნდი. გავიმეორებ – ამაში ხელისუფლებას ნამდვილად გაუმართლა.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი რიგები მრავალფეროვანია.

ზოგი ოპოზიციური ლიდერი გამოირჩეოდა რადიკალური, შეურიგებელი განცხადებებით, ზოგმა კი უფრო კონსტრუქციული კრიტიკის გზა აირჩია. ამასთან, ზოგჯერ ადგილი ჰქონდა ზედმეტ კრიტიკას, რაც ჩასაფრებულის პოზიციიდან შეტევის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

 

 

რესპონდენტებს ესაუბრა გიორგი ასანიშვილი