ონკოლოგიური დაავადებები – ძვირადღირებული ჯანდაცვის ტვირთი
2014 წლის მონაცემებით, საქართველოში გარდაცვალების 94% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით. საერთო სიკვდილიანობის ყველაზე დიდი – 69 % მოდის გულსისხლძარღვთა დაავადებებზე. ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა კი – 14%-ია.
ონკოლოგიური დაავადებები, როგორც ცნობილია, მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემად არ ითვლება, ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ არა მხოლოდ დაავადებული პირის ჯანმრთელობაზე, არამედ მისი და მისი ოჯახის სოციალურ, ეკონომიკურ და მენტალურ მდგომარეობაზეც: ექიმები ხშირად საუბრობენ იმ შიშსა და შფოთვაზე, რაც თან ახლავს დაავადებებისათვის საჭირო ასტრონომიული თანხების გაგებას პაციენტის ოჯახის წევრებში.
სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ კიბოთი დაავადების დაახლოებით 70% ისედაც დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ვითარდება. ამ ქვეყნებში უფრო ხშირია ავადმყოფობის გვიანი გამოაშკარავება, არ არის ხელმისაწვდომი ადრეული დიაგნოზირება და საბოლოო ჯამში, ჯანდაცვისათვის ჯიბიდან გაწეული ხარჯებიც უფრო მძიმედ აწვებათ პაციენტებსა და მათ ახლობლებს, რადგან ეს ხარჯები მათი შემოსავლის უფრო დიდ პროცენტულ წილს წარმოადგენს და შესაბამისად, უფრო დიდია მათი მნიშვნელობა.
კიბოს ეკონომიკურ შედეგებზე მიუთითებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. მსოფლიო მასშტაბით, 2010 წლისათვის ონკოლოგიური დაავადებების წლიური საერთო ხარჯი დაახლოებით 1.16 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
საქართველოში კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებით შემდეგ პრობლემებზე საუბრობენ: თანხების ხელმისაწვდომობა, კლინიკების აღჭურვილობა, ექიმების კვალიფიკაცია და სერვისების არ არსებობა, რის გამოც ონკოლოგიური პაციენტები ხშირად ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ მიჰყავთ. საქართველოში არსებული კლინიკები ონკოლოგიურ დაავადებებს ჯეროვნად ვერ უმკლავდებიან, რიგ შემთხვევაში, სერვისები ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის, ხოლო სერვისების არსებობის შემთხვევაშიც კი, მათ მიმართ არ არსებობს მაღალი ნდობა, რის გამოც პაციენტთა დიდი ნაწილი მკურნლობისათვის საზღვარგარეთის კლინიკებს მიმართავს. ბოლო წლების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ დიაგნოზების რაოდენობა, რომელთა მკურნალობაც საზღვარგარეთ გახდა აუცილებელი, 200-ს აღწევს.
ის, თუ მთლიანობაში რა თანხა იხარჯება საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის, მარტივი დასადგენი არ არის, ვინაიდან მთლიანი ხარჯი ასევე მოიცავს როგორც სახელმწიფო და საქველმოქმედო ორგანიზაციების, ისე ჯიბიდან გადახდილ თანხებს, ეს ყველაფერი კი მთლიანობაში რთული დასათვლელია. მინისტრ სერგეენკოს განცხადებით, მაგალითად 2014 წელს, ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პროგრამების დასაფარად წელიწადში 120 მლნ ლარს ხარჯავდა, ხოლო 18,5 მლნ ლარი დამატებითი მკურნალობისთვის იყო გამოყოფილი. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, სახელმწიფო უწყებებიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის, თანხები გამოყოფილია თბილისის მერიასა და გამგეობებისაგან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური პროგრამებიდან.
რამდენი იხარჯება საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ:
1. მაგალითად, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს ონკოლოგიის მიმართულებით სამი მიზნობრივი და ასევე, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დაფინანსების პროგრამა აქვს.
მერია ონკოლოგიური (და სხვა) პრობლემების მქონე პაციენტთა სამედიცინო საჭიროებებს აფინანსებს როგორც საქართველოს ფარგლებში ისე საზღვარგარეთის კლინიკებში. ამისათვის საჭიროა, რომ პაციენტმა წარმოადგინოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს/პირის (შესაბამისი პროფილის ექიმი/ კონსილიუმი) დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სერვისის მიღება შეუძლებელია საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ სერვისი საქართველოში არ არსებობს. ან ცნობა იმის თაობაზე, რომ პაციენტისთვის აღნიშნული სამედიცინო მომსახურების მიღება რეკომენდებულია საზღვარგარეთ. თბილისის მერიის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ონკოლოგიური პრობლემებისათვის გაწეული ხარჯები შემდეგნაირად გამოიყურება:
1.1. სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დაფინანსების პროგრამები. ონკოლოგია (სიმსივნეები, კეთილთვისებიანი სიმსივნეები):
2015 | 2016 | 2017 | ||||
საქართველოში | საზღვარგარეთ | საქართველოში | საზღვარგარეთ | საქართველოში | საზღვარგარეთ | |
დაფინანსებული შემთხვევების რაოდენობა | 5 140 | 162 | 6 717 | 148 | 6 981 | 96 |
გადარიცხული თანხა (ლარი) | 5 325 673 | 2 115 715 | 4 871 841 | 1 765 485 | 4 102 339 | 950 270 |
1.2. ტრანსპლანტაციის პროგრამა
2015 | 2016 | 2017 | |
დაფინანსებულ პირთა რაოდენობა | 11 | 35 | 48 |
გადარიცხული თანხა (ლარი) | 1 750 399 | 3 969 311 | 4 649 991 |
1.3. ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა
2016 | 2017 | |
ბენეფიციართა რაოდენობა | 76 | 120 |
გადარიცხული თანხა (ლარი) | 1 316 688 | 3 232 663 |
წყარო: თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, 2018
2. 2013 წელს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის ამოქმედებიდან, ამ პროგრამით ონკოლოგიური დაავადებებისთვის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ანაზღაურდა შემდეგი რაოდენობის თანხები:
პერიოდი | ანაზღაურებული თანხა | |||||
2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | სულ | |
სხივური თერაპია | 1,021,592 | 7,841,439 | 11,228,473 | 12,935,735 | 18,740,240 | 51,767,480 |
ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია | 1,501,051 | 12,607,343 | 19,303,264 | 21,947,274 | 25,432,909 | 80,791,841 |
კეთილთვისებიანი ონკოლოგიური დაავადება | 730,850 | 6,338,048 | 7,857,745 | 9,768,706 | 10,238,024 | 34,933,374 |
ავთვისებიანი ონკოლოგიური დაავადება | 970,418 | 8,454,536 | 12,692,491 | 14,374,586 | 14,523,956 | 51,015,987 |
წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 2018
3. ,,ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების’’ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ,,ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობაზე’’ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეულმა საერთო ხარჯმა შეადგინა:
2013 წელს – 1 882 793,60 ლარი.
2014 წელს – 1 273 575,26 ლარი;
2015 წელს – 1 273 787,59 ლარი;
2016 წელს – 1 697 108,54 ლარი;
2017 წელს – 2 000 000 ლარი.
4. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს “რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება ასე გამოიყურება:
წლები | ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებული ონკოლოგიური პაციენტები | |||
დაფინანსებული პაციენტების რაოდენობა | გამოყოფილი დაფინანსება/ლარი | საზღვარგარეთ დაფინანსებული პაციენტების რაოდენობა | საზღვარგარეთ გამოყოფილი დაფინანსება/ლარი | |
2013 | 4533 | 7,084,870.04 | 78 | 275,915.00 |
2014 | 3421 | 6,224,276.82 | 125 | 1,856,602.67 |
2015 | 3112 | 6,350,000.00 | 147 | 2,132,517.67 |
2016 | 3293 | 6,660,858.23 | 229 | 3,141,589.36 |
2017 | 4399.00 | 7,561,735.65 | 174 | 1,612,378.88 |
2018 წლის მარტამდე | 977.00 | 1,509,772.60 | 33 | 313,500.00 |
სულ | 19735 | 35,391,513.34 | 579 | 5,067,468.24 |
წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 2018
სოლიდარობის ფონდი და ქველმოქმედება
სოლიდარობის ფონდმა, დაარსებიდან (2014 წლის ივნისიდან) დღემდე 492 ბავშვი და 22 წლამდე ახალგაზრდა დააფინანსა. აქედან 286 ბენეფიციარის მკურნალობა დაფინანსდა როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, ხოლო 206 ბენეფიციარის მკურნალობა დაფინანსდა მხოლოდ საქართველოში. ჯამში, სოლიდარობის ფონდში მობილიზდა 11 მილიონზე მეტი (წყარო: სოლიდარობის ფონდი; 2018).
გარდა ქველმოქმედების ამ ინსტიტუციური ფორმისა, ჩვენ ხშირად ვაწყდებით ყუთებით მდგარ ბავშვებს საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც მოქალაქეები ქველმოქმედებისათვის თანხებს წირავენ, რაც პოზიტიურია, და რაც გვიჩვენებს, რომ საზოგადოება ერთმანეთის მიმართ სოლიდარულად არის განწყობილი, და რომ ადამიანებს სურთ ერთმანეთის დახმარება. ამასთან, სავარაუდოდ უფრო მეტი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას ამ სოლიდარულ აქტებში ინფორმაციის უფრო მასიური ხელმისაწვდომობა რომ იყოს უზრუნველყოფილი.
მაგრამ ქველმოქმედების ამ პოზიტიურ ნაწილთან ერთად, არსებობს შეკითხვა, თუ რამდენად წარმოადგენს ჯანდაცვა თავისი არსით ქველმოქმედების საგანს? ისევ და ისევ ჯანდაცვის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქველმოქმედებისა და გაცემის ინდივიდუალური კულტურის დამკვიდრება დღეს კრიტიკის ქვეშ დგას: საუბარია არა იმაზე, უნდა გროვდებოდეს თუ არა თანხები საქველმოქმედო პროგრამებით ძვირადღირებული ოპერაციების დასაფინანსებლად, არამედ იმაზე, თუ რატომ ხდება ისე, რომ ონკოლოგიური თუ სხვა ძვირადღირებული სამედიცინო სერვისების საჭიროების მქონე პაციენტების ჯანდაცვა დამოკიდებულია სხვა ინდივიდების თუ ინდივიდთა ჯგუფის კეთილ ნებაზე, მორალსა და გულმოწყალებაზე, რის შედეგადაც, ჯანდაცვა აღარ წარმოადგენს სოციალურ უფლებას.
ქველმოქმედება საქართველოს რეალობაში აუცილებელი ხდება სიცოცხლეების გადასარჩენად. თუმცა, ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, თუ რა წარმოშობს ქველმოქმედების აუცილებლობას, პასუხობს თუ არა ჯანდაცვის სისტემის საფუძველში არსებულ სტრუქტურულ უსამართლობებს ქველმოქმედება, და გვთავაზობს თუ არა ის გამოსავალსა და ჯანდაცვის სისტემის იმგვარ რეორგანიზაციას, რომელიც ძვირადღირებულ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს აღმოფხვრიდა. დღევანდელი მოცემულობით, ეს ასე არ არის.
ჯანდაცვის პოლიტიკის მკვლევრები, ჯანდაცვის სექტორში ფილანტროპიის არსის მიმოხილვისას, ქველმოქმედების შემდეგ ისტორიას ყვებიან: ფილანტროპიული ორგანიზაციები, ჯანდაცვის სახელმწიფო სერვისების ხელშეწყობისა და დაფინანსების მეშვეობით, ყოველთვის ცდილობდნენ კაპიტალისტურ წარმოებასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიც არის შრომის პროდუქტიულობის გაზრდა, სამედიცინო ზრუნვის ხარჯების შემცირება, ინვესტორთა თუ მენეჯერთა უსაფრთხოება, კომპანიის იმიჯის გაკარგება, საზოგადოებრივი კეთილგანწყობის მოპოვება და ა.შ. მაგალითად, ამერიკული ინდუსტრიებისათვის, სხვა ქვეყნებში სამედიცინო პროგრამების დაფინანსება პირდაპირ იყო მიბმული მათ მოტივაციასთან, რომ მიეღწიათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნისათვის – ანუ შრომის ეფექტურობის გაზრდისათვის იმ ქვეყნებში, სადაც გაფართოებას გეგმავდნენ, მაგალითად – გლობალურ სამხრეთში. როკფელერების ფონდის საერთაშორისო მასშტაბის აქტიურობაც ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, სწორედ ამ მიზნით იხსნება ხოლმე. რაც უფრო ჯანმრთელია სამუშაო ძალა, მით უფრო პროდუქტიულია, ხოლო რაც უფრო პროდუქტიულია მუშახელი, მით უფრო სარფიანია ის კომპანიისთვის.
დასკვნის სახით
ჯანდაცვის უფლების ქველმოქმედების თუ ცალკეული სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების საგნად გადაქცევა, კონკრეტულ შემთხვევებში ეხმარება მოქალაქეებს, მაგრამ პრობლემის მოგვარების ამგვარი გზა არ უზრუნველყოფს იმას, რომ პრობლემები მომავალში არ წარმოიშობა. საკითხის მოგვარების ფუნდამენტური გზა კი ყოველთვის მისი სათავეების აღმოფხვრაა, რაც გულისხმობს იმგვარი ჯანდაცვის სამართლიანობის სისტემის დანერგვას, რაც ჯანდაცვის უფლებას საყოველთაო სოციალურ უფლებად აქცევს. ამის პრაქტიკულ პოლიტიკაში განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა საქართველოში ძლიერი ონკოლოგიური მკურნალობის სერვისების შექმნით, რაშიც ჩაიდებოდა მსხვილი ინვესტიცია, და რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად შეამცირებდა ძვირადღირებულ ჯანდაცვაში საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ გაწეულ ხარჯებს. მსგავსი ინიციატივის განხორციელების აუცილებლობა კი მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკური ნების საფუძველზეა შესაძლებელი. ჯანდაცვის სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით,მნიშვნელოვანია იმ სტრუქტურული გამოწვევის დაძლევაც რაც დღეს ქვეყანაში არსებობს: ძვირადღირებული ჯანდაცვის სერვისების ადგილობრივად განვითარება და ამით ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ფოტო: flickr.com
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.