სკოლები საზოგადოებრივი ფუნქციის გარეშე

ფოტო: https://goo.gl/5a466D

 

სკოლა ის სარეკლამო სააგენტოა, რომელიც გვაჯერებს, რომ საზოგადოება იმ სახით გვჭირდება, როგორითაც იგი დღეს არსებობს.

ავსტრიელი ფილოსოფოსი და განათლების კრიტიკოსი ივან ილიჩი

 

პირველ დეკემბერს, თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც სკოლის  ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, და რომელშიც ძირითადად, სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, პოლიტიკისა და საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიაპყრო იმ საკითხებს, თუ რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში არსებულ სკოლებში, რას წარმოადგენს სკოლების საზოგადოებრივი დაპირება და რა მიმართულებით ვითარდება ქვეყნის ზოგადი განათლების პოლიტიკა დღეს.

განათლების პოლიტიკა, როგორც ცნობილია, ის ერთ-ერთი ფუნდამენტური კეთილდღეობის ტიპია, რომელსაც სოციალური სახელმწიფო მოქალაქეს აწვდის სოციალური პოლიტიკების მოშვეობით, კონკრეტული სახელმწიფო სააგენტოებისა თუ ინსტიტუტების მექანიზმების გამოყენებით.

განათლების, როგორც ერთ-ერთი სოციალური პოლიტიკის განვითარებაზე საუბარი პირობითად, რამოდენიმე მიმართულებით იშლება: ერთი მიმართულება ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის განათლების ხელმისაწვდომობა, საჯარო სიკეთეებისა და რესურსების ყველასათვის თანაბრად გადანაწილება, საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსური გაძლიერება, პედაგოგთა მაღალი ანაზღაურება და ინფრასტრუქტურული სტანდარტების განვითარება: თანაბარი შესაძლებლობები და შედეგის თანასწორობის უზრუნველყოფის პრინციპი განათლების სწორედ ის უნივერსალური ფუნქციებია, რაც ყველაზე მეტად განაპირობებს ამ პოლიტიკის სოციალურობას ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოს კონტექსტში.  

მეორე მიმართულება ეხება იმ კონცეპტუალურ-იდეოლოგიურ ჩარჩოს, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებას ფუნქციასა და დანიშნულებას ანიჭებს. ხოლო ამ ჩარჩოს მიხედვით, შემდგომში უკვე სახავს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. აქ  საუბარია სახელმწიფოს შიგნით გამომუშავებულ და საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებულ კონცეფციაზე იმის შესახებ, თუ რას უნდა ემსახურებოდეს ესა თუ ის საგანმანათლებლო ინსტიტუტი.

ზოგადი განათლების შემთხვევაში, ეს კონცეპტუალური ხედვა იძლევა სისტემურ პასუხებს იმგვარ კითხვებზე, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა, რა ფუნქციები უნდა ენიჭებოდეს მას, და საერთოდ, საით მიემართება სასკოლო განათლების პრიორიტეტები მოცემულ ისტორიულ კონტექსტში.

საქართველოს ზოგადი განათლების შემთხვევაში, ამ იდეოლოგიურ-კონცეპტუალური ჩარჩოს წერილობითი ვერსიის შექმნის მცდელობას წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ 2004 წლის 18 ოქტომბერს მიღებული განკარგულება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესახებ.“  

14 წლის წინ შექმნილ ამ ოთხგვერდიან დოკუმენტში, რომელიც დღესაც სკოლებისა და ზოგადი განათლების ფუნქციის განმსაზღვრელად მოიაზრება, გაწერილია აბსტრაქტული და ზედმიწევნით ზოგადი პრინციპები იმის შესახებ, თუ რა მიზნებს ისახავს ქვეყანაში ზოგადი განათლების სისტემა. დოკუმენტში განსაზღვრული პრინციპები შემდეგში მდგომარეობს: სკოლამ უნდა შექმნას პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი და თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის, განუვითაროს მოსწავლეებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში, რის შედეგადაც, მოზარდმა სხვა დანარჩენ უნარებთან ერთად უნდა შეძლოს, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ, ინტელექტუალური და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება და ანალიზი, და კანონმორჩილ და ტოლერანტულ მოქალაქედ იქცეს.

ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ჩამოყალიბებული დებულებები იმდენად ზოგადი პოსტულატებია, რომ ისინი არაფრის მთქმელ, ცარიელ აღმნიშვნელებს წარმოადგენენ. შესაბამისად, საზოგადოებისათვის უცნობია, თუ  რა მიზანს უსახავს სახელმწიფო ზოგად განათლებას და რა დაპირებას იძლევა სკოლა, როგორც ზოგადი განათლების საყოველთაო ინსტიტუტი. ბუნდოვანია მიზნებში ნახსენები რიგი დებულებების შესახებ. მაგალითად, არ ვიცით, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ან საკუთარი სახელმწიფოს წინაშე უფლება-მოვალეობები, რის გაცნობიერებაშიც მოსწავლეს, დოკუმენტის მიხედვით, სკოლა უნდა დაეხმაროს. ამდენად, ამ დებულებების სუბიექტური ინტერპრეტაციისათვის უამრავი სივრცე რჩება და ყველა საკუთარ პასუხს ვქმნით იმის შესახებ, თუ რა ფუნქცია უნდა შეასრულოს სკოლამ. ამ საკითხის ინტერპრეტაციის ღიად დატოვება კი ფაქტორბივად, გულისხმობს სკოლის ფუნქციონირებაში ჩართული ნებისმიერი მონაწილისათვის იმ თავისუფლების მინიჭებას, რომ მათ თავად და დამოუკიდებლად განსაზღვრონ მნიშვნელობები: პოზიტიური შინაარსისაგან დაცლილი კონტექსტი მნიშვნელობებს თავად, ინდივიდუალურად და ანარქიულად იძენს: ძალადობასა და ჩაგვრაზე ორიენტირებული მენტალობაც, რომელიც პირველ დეკემბერს სკოლაში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, ამის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ.

ის, თუ რა ამოცანას უსახავს სახელმწიფო და საზოგადოება სკოლას, შეუძლებელია განყენებული იყოს ზოგადად, ქვეყნის ამოცანებისა და განვითარების პერსპექტივისაგან. სასკოლო განვითარება იმ დიდი პროგრამული ხედვის ნაწილია, რომელიც ეხმიანება ქვეყნის განვითარების პერსპექტივას და იმ ხედვას, თუ როგორი საზოგადოების შენება გვსურს და რა წარმოდგენებისა თუ ღირებულებრივი ჩარჩოების საფუძველზე. ასეთი ხედვის საფუძველზე მოდის განათლების პოლიტიკა ქვეყნის განვითარების კონცეფციასთან ჰარმონიაში.

ამ მხრივ, მნიშვნელოვან აცდენებს ვხედავთ საქართველოს, როგორც ქვეყნის განვითარებისა  და სკოლების განვითარების ხედვებს შორის: მმართველმა გუნდმა, “ქართულმა ოცნებამ”, ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა ევროპული ტიპის სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში სწრაფვის სურვილი. ტრადიციული ევროპული ტიპის სოციალ-დემოკრატიული წესრიგი, განათლების პოლიტიკაშიც გულისხმობს ისეთი სოციალური ღირებულებების წინ წამოწევასა და პოლიტიკის გატარებას, როგორიც არის შესაძლებლობების თანასწორობა, თანამშრომლობაზე, სოლიდარობასა და ნდობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო მუშაობის პრინციპი. ამ გაგებით, სკოლები არა მხოლოდ საბაზისო ცოდნისა და სააზროვნო უნარების გადამცემნი არიან, არამედ მათ ისეთი ღირებულებების გადაცემაც ეკისრებათ, როგორიც არის ნდობა, თანამშრომლობა და სოლიდარულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პრინციპები. ეს კი მხოლოდ ინდივიდუალურ  ინტერესებსა და კონკურენციაზე მორგებულ იდეებს სოციალურ ალტერნატივას უპირისპირებს და საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანია. ამდენად, მნიშვნელოვანია სკოლისა და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტების აღიარება სოციალიზაციის ადგილადაც, სადაც მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლებლების ერთიანი ჩართულობით ხდება ღირებულებებისა და კულტურული ცოდნისა და კაპიტალის ინტენსიური და ყოველდღური  ურთიერთგაცვლები და ასევე გადაცემა სხვადასხვა თაობებსა და კომპეტენციებს შორის. ამ პროცესის ხელახალი რეფორმირება კი, როგორც მინიმუმ, მასწავლებელთა როლისა და ავტორიტეტის დაბრუნებითა და გაძლიერებით უნდა დაიწყოს. დღევანდელ სასკოლო სისტემაში არსებული სურათი, მასწავლებელთა განვითარების სქემებითა და იმ დამკვიდრებული სოციალური ურთიერთობებით, რაც მასწავლებლებს არ წარმოაჩენს ავტორიტეტულ ფიგურად, რეალურად სეგრეგაციისა და კარიერული კონკურენციების სქემების წინ წამოწევის ფუნქციას ასრულებს და მასწავლებლებს აქცევს ტექნო-მერიტოკრატულ სისტემაზე დაქვემდებარებულ სუბიექტებად, რომელთაც იშვიათად შეუძლიათ კრიტიკული პედაგოგიკის აგენტის როლის შესრულება. აქედან გამომდინარე, განათლების პოლიტიკის დღევანდელ პარადიგმაში დარჩენა არ შეიძლება ჩავთვალოთ პროგრესულ ფაქტორად განათლების პოლიტიკის განვითარების სამომავლო პერსპექტივაში.

სკოლების კონცეპტუალური ხედვით დატვირთვის აუცილებლობა ერთია, თუმცა მეორეა ის საკითხი, რომ უთანასწორო საზოგადოებებსა და ეკონომიკებში, სკოლების ფუნქცია ვერ იქნება თანასწორი საზოგადოების შექმნა. უთანასწორო საზოგადოებებში სკოლები მოზარდებს მხოლოდ იმისათვის მოამზადებენ, რომ მათ ამ უთანასწორობაში მოახერხონ საკუთარი ადგილისა და პოზიციის მოძებნა ინდივიდუალური ძალისხმევის მეშვეობით. სასკოლო განათლების ამ ხედვას სკოლის რეპროდუქციულ ხედვას უწოდებენ და მას სოციოლოგები სიმბოლურ ძალადობადაც მოიხსენიებენ, რომელიც ასეთ უთანასწორო სისტემებში პედაგოგიური ქმედების საშუალებით ხორციელდება. საქართველოსათვის, დღევანდელ პარადიგმაში დარჩენა – სადაც მოქმედ მთავრობას საზოგადოებრივი დოვლათის შექმნა “ვარდების რევოლუციის” დანატოვრით –  ეკონომიკის განსაკუთრებული დერეგულირებით ესახება, რამაც თავის მხრივ, უკვე წარმოქმნა სკოლები წარუმატებელი მოსწავლეებითა და შრომის ბაზრისათვის შეუსაბამო ახალგაზრდებით და გაზარდა ძვირადღირებული ელიტური კერძო სკოლების რიცხვი –  სავარაუდოდ, ისევ სკოლის მიერ უთანასწორობის რეპროდუქციის გაგრძელებასა და გაძლიერებას ნიშნავს.

სკოლის ფუნქციასა და მიზნებზე მსჯელობისას მზა რეცეპტზე საუბარი რთული და უტოპიურია, თუმცა, აქ მინიშნება ზოგადი განათლების იდეის ხელახალი წარმოსახვის საჭიროებასა და ალტერნატიული ხედვის გამომუშავების მნიშვნელობაზეა, რომელიც ზოგადი განვითარების სისტემური ხედვის ნაწილი უნდა იყოს და რომელზეც პასუხის გამოძებნა განათლების სისტემის ახალი მესვეურის პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა იქნება. დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, ხშირად ვხვდებით ტენდენციას, რომ განათლება სულ უფრო და უფრო მეტად იქცევა ბიზნესად და მისი წესებით მუშაობს. სკოლებში ხდება ისეთი პრინციპების წინა პლანზე წამოწევა, როგორიც არის კონკურენცია, ეკონომიკური ლიდერობა და სტაბილურობა, ამ იდეოლოგიურ პარადიგმაში, ხშირია საუბარი წვრილ-წვრილი საკითხების ამოხსნასა და რეფორმებზე, თუმცა, გადაულახავი რჩება სხვა დანარჩენი და ფუნდამენტური პრობლემები. პასუხი იმ კითხვაზე, თუ რა მიზანი უნდა დავუსახოთ სკოლას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი ტიპის განათლება და საგანმანათლებლო ინსტიტუტები გვსურს, ისეთი, სადაც ადამიანი თავისი ცალკეული კვალიფიკაციებით, პირველ რიგში, მოწოდებული და იძულებული იქნება იმისკენ, რომ სამუშაო ძალა და საკუთარი განათლება ბაზარზე გაასაქონლოს, თუ ისეთი, სადაც ღირებული იქნება მთლიანი ადამიანი  თავისი სისუსტეებითა და ძლიერი მხარეების კომპლექსურობით.

 

სტატიაში გამოთქმული აზრები ნაწილობრივ ეყრდნობა მაია რაზმაძის  სადოქტორო ნაშრომში გამოქვეყნებულ ხედვებს.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.