უსინათლოთა მდგომარეობა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში

ჟურნალი “42-ე პარალელი” წარმოგიდგენთ “სოციალური პოლიტიკის მეხსიერების” სერიის მეორე ისტორიას, რომელიც მოგვითხრობს უსინათლოთა მდგომარეობის, მათზე ზრუნვის ინსტიტუტებისა და არსებული სოციალური პოლიტიკის მიდგომების შესახებ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში. სერიის პირველი ისტორია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულში. 

ინტერვიუ დავით ბიბილეიშვილთან

დავით ბიბილეიშვილი არის სამართალმცოდნეობის მაგისტრი, რომელიც მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე. აგრეთვე, ის არის  საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრი.

ნინო ხ. რა ისტორია აქვს საქართველოს უსინათლოთა კავშირს? 

დავით ბ. ორგანიზაციას უსინათლოთა კავშირი 1990-იანი წლებიდან ჰქვია, თუმცა ეს არის 1926 წელს შექმნილი უსინათლოთა საზოგადოების ინსტიტუციური სამართალმემკვიდრე, რომელიც შექმნიდანვე თავად უსინათლოების მიერ იყო მართული. საბჭოთა კავშირის პერიოდში, ის დაახლოებით ისეთი ტიპის ავტონომიური სტრუქტურა იყო, როგორიც მწერალთა სახლი და მისი საზოგადოება და აღსანიშნავია, რომ ეს იყო შშმ პირთა პირველი ორგანიზაცია საქართველოში. მოგვიანებით შეიქმნა ყრუთა კავშირი და სხვა ორგანიზაციები, მაგრამ უსინათლოთა საზოგადოება მნიშვნელოვანია იმით, რომ ის ძლიერი ორგანიზაცია იყო და მაღალი ავტონომიით გამოირჩეოდა. 

ეს იყო მრავალმხრივი ორგანიზაცია, რომელიც თავისი წევრებისათვის უზრუნველყოფდა სამუშაო ადგილებს, საცხოვრებელ ბინებს და მათ რეალიზაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ორგანიზაციაში ჩართული იყვნენ წევრები, რომლებიც დაბადებიდან ან ბავშვობიდან უსინათლონი ან მცირემხედველნი იყვნენ და აგრეთვე ისინი, ვინც შემდგომ, შუა ხნის ასაკში, ან ტრავმის შედეგად გახდნენ უსინათლონი. იმასაც კი ამბობენ, რომ საქართველოს საზოგადოება საბჭოთა კავშირის ცენტრალურ უსინათლოთა საზოგადოებაზე მდიდარი იყო. აი, დიდუბეში რომ სამთო ქიმიის შენობა დგას, ეს უსინათლოთა საზოგადოებამ ააშენა და შემდგომ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. თავიდანვე ასე იყო განზარახული, რომ შენობა, რომელიც აშენდებოდა, სამთო ქიმიისათვის გადაეცათ. საზოგადოებას ჰყავდა ათეულობით ათასი წევრი. დღეს, დაახლოებით 3000 წევრამდეა დარჩენილი, მაგრამ იყო დრო, როდესაც 10 000-ზე მეტი წევრიც კი იყო საქართველოს უსინათლოთა საზოგადოებაში. 

თბილისი, სამთო-ქიმია, 1973

ორგანიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი ჰქონდა ფილიალები და არა მხოლოდ. მის დაქვემდებარებაში იყო დასასვენებელი სახლები წყალტუბოში, ბახმაროსა და ციხისძირში. ამათგან, ზოგიერთი დასასვენებელი სახლი დღესაც მოქმედებს, ზოგს რეაბილიტაციაც ჩაუტარდა. მაგრამ აქ მაინც უმთავრესი ის არის, რომ უსინათლოთა საზოგადოების ბაზაზე არსებობდა სხვადასხვა საწარმოები, მაგალითად, ე.წ. “ჩოთქების,” ანუ  სხვადასხვანაირი ჯაგრისების დამამზადებელი საწარმო, სადაც თავად უსინათლოები მუშაობდნენ როგორც მუშებად, ისე ორგანიზაციის მმართველებად და დირექტორებად. ამ ბაზაზე იყო ქილის სახურავების დამამზადებელი ქარხანა და ბევრი სხვა სახის საწარმო. ამ “ცეხებში” მუშაობდნენ როგორც მხედველები, ასევე უსინათლოებიც. მაგრამ მათ აუცილებლად მართავდნენ უსინათლოები. 

უსინათლოთა საზოგადოების ქუთაისის ფილიალში, საბჭოთა კავშირის დროს 300-ზე მეტი უსინათლო ადამიანი მუშაობდა. საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქუთაისის ფილიალი თანამშრომლობდა ქუთაისის ავტომშენებელ, საკონსერვო, ლაქ-საღებავების მწარმოებელ ლიტოფონის, და სხვა ქარხნებთან და უსინათლოები აქ ნაწარმოები პროდუქციის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას. დღეს კი, 300 უსინათლოც არაა დასაქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეტიც, ჯამში, ყველა ტიპის დარღვევის მქონე სტაბილურად დასაქმებული 300 შშმ ადამიანი თუ იქნება, ესეც საკითხავია. 

როგორც ყველა იმდროინდელ ორგანიზაციას, უსინათლოთა კავშირსაც ჰქონდა ბინათმშენებლობის ფონდი და თავის წევრებს უზრუნველყოფდა ბინებით. თავდაპირველად, ამგვარი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა ქვემო ფონიჭალაში, სოღანლუღში. ამ ადგილს “უსინათლოთა დასახლებასაც” ეძახდნენ. ამ ტერიტორიაზე იყო სახლებიც, საწარმოებიც და ამ ორგანიზაციების ადმინისტრაციული შენობებიც. გარდა ამისა, აქ განთავსებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო და სახელოვნებო სივრცეებიც. ამ შენობების 51 %-იანი წილი სულ რამდენიმე წლის წინ გასხვისდა. იქ ახლა, თუ არ ვცდები, კერძო სკოლა, კოლეჯი თუ უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. ახლა, ამ ინფრასტრუქტურის 49% ეკუთვნის უსინათლოთა კავშირს, რომელიც, როგორც ვახსენე, 90-იან წლებში გახდა უსინათლოთა საზოგადოების სამართალმემკვიდრე. ამ საზოგადოების უძრავ-მოძრავი ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ მან დაიკანონა. ამაზე კიდევ ვისაუბრებ, მაგრამ ახლა ისევ ისტორიას დავუბრუნდეთ: 1968 წლამდე, ქვემო ფონიჭალის ეს ტერიტორია შემოსაზღვრული იყო და იქ უსინათლოებისთვის მოხერხებული გარემო იყო შექმნილი. დღეს, ასეთ კომპლექსებს შესაძლოა გეტოს ან სეგრეგაციას უწოდებდნენ, მაგრამ ეს იმ დროისათვის პროგრესული იყო და აი, რატომ: ამ პერიოდში, მაგალითად ფაშისტურ გერმანიაში, შშმ პირებს კლავდნენ, საკონცენტრაციო ბანაკებში უშვებდნენ, მოძველებული გემებით ვითომ სამოგზაუროდ და დასასვენებლად აგზავნიდნენ და შემდგომ ზღვაში ძირავდნენ. ამავე პერიოდის საბჭოთა სინამდვილეში კი შშმ პირებს სამსახურითა და ბინით უზრუნველყოფდნენ და მათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას უქმნიდნენ. 1968 წლიდან ეს გამყოფი კედელიც დაინგრა და  უკვე არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, არამედ, საცხოვრებელი კორპუსები თბილისის მასშტაბით შენდებოდა: მაგალითად, ვარკეთილში, ისანში, და ა.შ. უსინათლოთა საზოგადოებას უკვე სხვადასხვა უბანში ჰქონდა დაწესებულება, მაგალითად, მეტროს სადგურ 300 არაგველთან, იქ დღეს “უსინათლოთა კავშირის” ცენტრალური ოფისია; ასევე ორთაჭალაშიც, ახლა ზუსტად არ ვიცი, გაყიდულია თუ არა, მაგრამ საბურთალოზეც იყო. ბევრი რამ 90-იანებში გასხვისდა, გაიყიდა და დაიკარგა, ზოგი განადგურდა, ზოგიც კავშირმა ვერ დაიმტკიცა. 

საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნამდეც არსებობდა უსინათლოთა სპეცალიზებული სკოლა, რომელიც 1888 წელს შეიქმნა. ეს ხის სკოლა ავლაბრის ტერიტორიაზე იყო და 1800-იანების ბოლოს დაიწვა.  დაახლოებით 1910 წლისთვის, ავლაბარში, დღევანდელ შერატონ მეტეხ პალასთან, გუთნის ქუჩაზე, დაფუძნდა სკოლა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ამჟამად ამ სკოლას რესტავრაცია უტარდება და უსინათლო მოსწავლეები დროებით გაყვანილი ჰყავთ, მაგრამ სკოლა დღემდე ინარჩუნებს იმ თავის პირვანდელ სახესა და ფუნქციას და აქ დღესაც სწავლობენ უსინათლო და მცირემხედველი ბავშვები. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება და მოსწავლეები, რესტავრაციის შემდე, სკოლას დაუბრუნდებიან. ანუ შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ამ სკოლას თავისი ფუნქცია არ შეცვლია. 1918-21 წლებშიც კი, პირველმა რესპუბლიკამ, სკოლას გარკვეული თანხა გამოუყო, ხოლო შემდეგ, საბჭოთა პერიოდში, სკოლა უფრო გაძლიერდა და გაიზარდა. მაშინ იქ 100-ზე მეტი მოსწავლე  ცხოვრობდა და სწავლობდა. აქ ჩამოდიოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან: კახეთიდან, იმერეთიდან, აჭარიდან, აფხაზეთიდან და ა.შ. თანამედროვე სტანდარტებით, ეს დიდი სკოლა არ არის, მაგრამ სამსართულიანი სკოლაა დამატებითი ფლიგელებით და ასე ვთქვათ, განათლების მიღების შესაძლებლობას დღესაც იძლევა. სხვათა შორის, სკოლის შენობა არქიტექტურულადაც ღირსშენანიშნავია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 

იმ პერიოდში, ეს სკოლა სასწავლო კურიკულუმს მთლიანად ფარავდა და სრულ საშუალო განათლებას აძლევდა მოსწავლეებს. სკოლის დამთავრების შემდგომ კი, მოსწავლეები აბარებდნენ უნივერსიტეტებში და იღებდნენ უმაღლეს განათლებას. დღემდე არსებობს ეს პრაქტიკა. მე, პირადად, მასწავლიდა უსინათლო მასწავლებელი ქალბატონი ლეილა ბირკაძე, რომელსაც ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული და ჩვენთან ასწავლიდა უცხო ენებს. ის უკვე ასაკოვანი პედაგოგი იყო, რომელიც 60-იანი წლებიდან ასწავლიდა სკოლაში. მარტო ეს მასწავლებელი კი არა, სხვებიც იყვნენ. ანუ უსინათლოები, პედაგოგიური განათლების მიღების შემდეგ, სკოლაში მასწავლებლებად ბრუნდებოდნენ. სკოლა უზრუნველყოფდა, რომ ისინი დასაქმებულიყვნენ და თავიანთი ცოდნა და გამოცდილება მომავალი თაობებისთვის გადაეცათ. სკოლაში დაბრუნების ეს ტრადიცია გრძელდება. დღემდე იქ ასწავლიან სხვადასხვა თაობის პედაგოგები, რომლებსაც განათლება საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდშიც აქვთ მიღებული და უნივერსიტეტის შემდეგ სკოლაში დაბრუნებულან. მაგალითად, დღეს დირექტორის მოადგილეა მარიამ მიქიაშვილი, მაგრამ ეს უკვე 35 წლამდე ადამიანია და სკოლის ადმინისტრაციაშია დასაქმებული. 

ეს სახელმწიფო სკოლა იყო, რომელიც განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა და მჭიდრო კავშირი ჰქონდა უსინათლოთა საზოგადოებასთან; ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, წიგნების დაბეჭდვა თუ ა.შ. აქვე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ თავად უსინათლოთა საზოგადოებას ჰქონდა სტამბაც, სადაც ბეჭდავდნენ ბრაილის შრიფტზე და აუდიო კასეტებზე იწერდნენ ლიტერატურას. 1953 წლიდან 19

2021 წელს ბრაილის შრიფტით გამოცემული საქრთველოს კონსტიტუცია

91 წლამდე, ბრაილის შრიფტით, ქართულად, დაბეჭდილია 20 000-ზე მეტი წიგნი. ეს ის პერიოდია, როდესაც დაიხვეწა ბრაილის შრიფტი და შესაძლებელი გახდა ქართული ბრაილის შრიფტის სტამბურად გამოცემა, თორემ რუსულად ბრაილზე წიგნები მანამდეც იბეჭდებოდა. პარადოქსია, რომ 1991 წლიდან დღემდე, ძალიან ცოტა წიგნი დაიბეჭდა საქართველოში. ფაქტობრივად, ეს არის თითზე ჩამოსათვლელი მხატვრული ლიტერატურა. სულ რამდენიმე წლის წინ ქართული სასკოლო წიგნები ბრაილზე სრულად დაიბეჭდა. ასევე შეივსო სასწავლო მასალები, თორემ, როცა მე სკოლაში ვსწავლობდი, ბრაილზე ქართული სახელმძღვანელოების მხოლოდ ნაწილი იყო დაბეჭდილი.

1991 წელს, როგორც ყველაფერი სხვა, უსინათლოთა საზოგადოებაც მოიშალა და გაპარტახდა. შემდგომში, ნელ-ნელა კი აღიდგინა ძალები და რაღაც ნაწილში ფუნქციონირება დაიბრუნა, მაგრამ ის ძველი სახე, რაც ადრე ჰქონდა, რა თქმა უნდა, აღარ აქვს; მოხდა ზოგიერთი ქონების პრივატიზაცია, ზოგი მთლიანად, ზოგი კი ნაწილობრივ გაიყიდა და ა.შ. მაგრამ რაღაც დონეზე, ის დღესაც, მეტ-ნაკლებად, თვითკმარი ორგანიზაციაა, რადგან ის ქონება, რაც საბჭოთა კავშირის დროს დაუგროვდა, დღეს ფართების სახით გაქირავებული აქვს და აქედან შემოსული თანხით ხდება მისი ყოველწლიური ბიუჯეტის შევსება. ორგანიზაცია თვითკმარია, რამდენადაც უცხოურ დონორებზე და საგარეო დაფინანსებაზე დამოკიდებული არ არის. დაფინანსების დიდი ნაწილი მოდის თავისივე საწარმოებიდან და ქონებიდან მიღებული შემოსავლისაგან; მაგალითად, ციხისძირისა და ბახმაროს დასასვენებელი სახლები და სასტუმროები ქირავდება ნებისმიერ პირზე. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ციხისძირის დასასვენებელი სახლი გარემონტდა, მისი ფასი გაიზარდა და რიგით უსინათლოს, მიუხედავად იმისა, რომ 40%-იანი ფასდაკლება აქვს, დღეს იქ დასვენებაზე ხელი არ მიუწვდება, რადგან დღეს უსინათლოებისთვისაც არსებობს უმუშევრობა, მათაც მწირი შემოსავლები აქვთ და ის სოციალური პაკეტი, რასაც სახელმწიფოსგან იღებენ, მიზერულია. უსინათლოები ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მოწყვლადები არიან. 

ნინო ხ. სოციალური პაკეტი რომ ახსენეთ, როგორი იყო უსინათლოებისთვის სოციალური პაკეტი ადრე და რისგან შედგება ის დღეს? 

დავით ბ. სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი სიღრმისეულად შესწავლილი არ მაქვს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ უსინათლოთა საზოგადოება მაშინ მთლიანად სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა და დიდი იყო ხელშეწყობა თითოეული ადამიანის მიმართ და მათ შორის, უსინათლოების მიმართაც. როდესაც ბინით და სამსახურით უზრუნველყოფა ხდებოდა და ამას ე.წ. პენსიაც ემატებოდა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში იძლეოდა იმას, რომ ამ ადამიანებს ეკონომიკური მდგრადობა და დამოუკიდებლობა ჰქონდათ. აი, მაგალითად, დღეს ჩავალთ მიწისქვეშა გადასასვლელებში, თუ მეტროს სადგურებსა და  ვაგონებში, და შევხვდებით უსინათლოებს, რომლებიც პირდაპირი გაგებით, მოწყალებას ითხოვენ. ეს იმ პერიოდში არ ხდებოდა. არანაირად არ ხდებოდა, რადგან მათ ეკონომიკურად არ ჰქონდათ იმის გაჭირვება, რომ ქირა გადაეხადათ და ამაზე ენერვიულათ. მუდმივი ფინანსური დამოუკიდებლობა და მდგრადობა მათ იმის საშუალებას აძლევდა, რომ ერთი მხრივ, დამოუკიდებლად ეცხოვრათ და მეორე მხრივ, დასვენების შესაძლებლობაც ჰქონოდათ. ცნობილია, რომ უსინათლოთა საზოგადოება უზრუნველყოფდა ე.წ. “პუწიოვკებს” ანუ დასასვენებელ საგზურებს, რომელთა საშუალებითაც ისვენებდნენ. კულტურულ ნაწილში, არსებობდა ასევე უსინათლოთათვის მორგებული შაშისა და ჭადრაკის წრეები, რაც, თუ არ ვცდები, დღესაც შენარჩუნებულია. ეწყობოდა ამიერკავკასიის, საკავშირო და შიდა ჩემპიონატები. უსინათლოებს შორის საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები იყვნენ, ზოგიერთი ოსტატობის კანდიდატიც არის. ზოგიერთი, თუ სწორად მახსოვს, მხედველთა ჩემპიონატებზეც გამოდიოდა. ასევე არსებობდა პოეზიისა და ფოლკლორის, მუსიკისა და სიმღერის წრეები. კულტურულ და სახელოვნებო ნაწილს დიდი ყურადღება ექცეოდა და იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე დღეს ექცევა. კულტურის ცენტრი დღესაც არსებობს, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება მისი ადრინდელი და დღევანდელი მდგომარეობის, რადგან ყველაფერი, ცხადია, ფინანსებზეა დამოკიდებული. დღეს, კულტურის ცენტრს ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებს კულტურის სამინისტროს მეშვეობით, ნაწილობრივ კი –  უსინათლოთა კავშირი, მაგრამ კულტურის ცენტრსაც აქვს გამოწვევები, რაც ბუნებრივია, მეტ დაფინანსებას და გაძლიერებას საჭიროებს.

ნინო ხ. როგორ ფუნქციონირებს უსინათლოთა კავშირი დღეს, რა აქტივობებით არის დაკავებული და როგორ უჭერს მხარს მის წევრებს? 

დღეს უსინათლოთა კავშირი ფუნქციონირებს როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია და შემდეგ აქტივობებს ახორციელებს: აქვს სოციალური ხელშეწყობა თავისი წევრების მიმართ; სოციალურად დაუცველ უსინათლო წევრებს სახელმწიფოს სოციალურ პაკეტს დამატებითი პაკეტით უზრუნველყოფს, ანუ უსინათლოებს პენსიაზე გარკვეული დანამატი აქვთ; ან მაგალითად, თუ ოჯახში რამდენიმე უსინათლოა, ან  უსინათლო მარტოხელაა, ორგანიზაცია ასეთ წევრებს ეხმარება. მართალია, ეს ძალიან მიზერულია, მაგრამ ამ ადამიანების ხელშეწყობაში მაინც თავისი წვლილი შეაქვს. ვინ რამდენით ფინანსდება და რა პრიციპით, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ზოგადი სიტუაცია ასეთია: დაფინანსებისათვის პიორიტეტია უსინათლოთა სოციალური მდგომარეობა, ვისაც მეტად უჭირს, იმას ეხმარება კავშირი. 

გარდა ამისა, კავშირი ეხმარება უსინათლო სტუდენტებს და ასევე, საუკეთესო უსინათლოებს უზრუნველყოფს სტიპენდიით. ეს ერთგვარი მოტივაციაც არის მათთვის, რომ კარგად ისწავლონ. სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმებიც გაწერილია, მაღალი სტიპენდია მაღალქულიანებს აქვთ. თუმცა, თუ უსინათლო სტუდენტი ხდება, როგორც ვიცი, მინიმალური სტიპენდია მომენტალურად ენიშნება. მაგალითად, მე სტუდენტი რომ ვიყავი და ნიშნების ფურცელი მიმქონდა, უმაღლეს სტიპენდიას მაძლევდნენ. მაშინ ეს ყოველთვიურად 125 ლარი იყო და სემესტრულად გამოიანგარიშებოდა წინა სემესტრის ნიშნებზე დაყრდნობით. ეს სტიპენდია არ არის ბმაში სახელმწიფოს პენსიასთან, ეს უსინათლოთა კავშირის მიერ ცალკეა გამოყოფილი უნივერსიტეტის უსინათლო და მცირემხედველი სტუდენტების წასახალისებლად. მაგრამ უსინათლოთა კავშირის წევრი სტუდენტების რაოდენობა ძალიან ცოტაა, შეიძლება 10-მდეც კი არ იყოს. 

ამ კავშირის ბაზაზე, დღეს ასევე არსებობს გამცილებლის სერვისი, რომელსაც თბილისის მერია და სხვა ქალაქის მერიები უზრუნველყოფენ. ბუნებრივია, გამცილებლის სერვისის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო, მაგრამ ახორციელებს უსინათლოთა კავშირი. კიდევ არის მაგალითად სხვადასხვა, მათ შორის ბიზნეს პროექტების დაფინანსება უსინათლოებისათვის; ასევე იაფი და თითქმის უპროცენტო სესხები დაახლოებით 5000 ლარის ფარგლებში. 

ნინო ხ. ზოგადად, როგორ შეაფასებდით უსინათლოთა მიმართ დღევანდელ სოცალურ პოლიტიკას და მიდგომებს? ვგულისხმობ სახელმწიფო პოლიტიკას, თუმცა, არა მარტო.  

ხშირ შემთხვევაში, უსინათლოთა მხარდაჭერის არსებული პროგრამები არის პოლიტიკის წარმოება სოცალური მოდელის გაუთვალისწინებლად. ეს ე.წ. “სოციალური მოდელიც” რომ განვმარტოთ: ზოგადად, შშმ პირთა მიმართ, საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მიდგომები არსებობდა. მაგალითად, არსებობდა რელიგიური მიდგომა, რითაც საუკუნეების წინ ხელმძღვანელობდნენ და რომლის მიხედვითაც, შეზღუდული შესაძლებლობა ცოდვის შედეგი, ან შეცოდებისათვის განკუთვნილი სასჯელია: ეს არის ამქვეყნიური ტანჯვა, რომ შემდგომ, ზეციურ სამოთხესა და საიქიოში ხსნა იყოს. ამგვარ სიუჟეტებს ვხვდებით ბიბლიაში და სხვადასხვა რელიგიურ ტექსტებსა და იგავებში, რომ მაგალითად, ვიღაც “დაბრმავდა,” ან “თვალი აეხილა,” ან, “კეთროვანი განიკურნა” და “სარეცელზე მიჯაჭვული წამოაყენეს” და ა.შ. 

თბილისის №202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან ხდება ე.წ. “სამედიცინო მოდელის” ფორმირება. სამედიცინო მოდელის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობა არის დარღვევა, და ეს უნდა გამოვასწოროთ. მეოცე საუკუნის განმავლობაში და დღესაც კი, საქართველოში სამედიცინო მოდელის კრიტერიუმებით ხდება შშმ პირის სტატუსის განსაზღვრა, ხოლო ამ სტატუსით მეშვეობით –  სოციალური პაკეტის განსაზღვრაც. სამედიცინო მოდელი, როგორც ვახსენე, გულისხმობს, რომ ეს მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ, რაც მუდმივი თერაპიული და ქირურგიული ჩარევებით შეიძლება განხორციელდეს. 

კიდევ არსებობს საქველმოქმედო მოდელი, რომ შშმ პირებს უნდა დავეხმაროთ. საქველმოქმედო მოდელი დღესაც არსებობს, მაგრამ სამედიცინო მოდელი და საქველმოქმედო მოდელი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და მათ შეუძლიათ პარალელურადაც თანაიარსებონ ისე, რომ ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოვიდნენ. ისინი თანაარსებობენ იმდენად, რამდენადაც სამედიცინო მოდელის საშუალებთ განისაზღვრება, თუ ვის უნდა მიეცეს საქველმოქმედო დახმარებები. 

რაც შეეხება სოციალურ მოდელს, ამისათვის რამდენიმე ფაქტორია საჭირო. ერთი, ეს არის ჯანმრთელობის დარღვევა, რაც არის ერთ-ერთი ფაქტორი, მეორე – გარემოში არსებული ბარიერები, და მესამე კი – არსებული დამოკიდებულებები, სტერეოტიპები და განწყობები შშმ პირთა მიმართ. ანუ, სოციალური მოდელის კრიტერიუმებით ეს სამი კომპონენტი კუმულატიურად არის საჭირო.  

სოციალური მოდელი არის ინდივიდზე დაფუძნებული მოდელი, ანუ მას მეორენაირად ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მოდელსაც უწოდებენ და ეს გულისხმობს, რომ თითოეული ადამიანი შეფასდეს ინდივიდუალურად და არა სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით. მაგალითად, შეიძლება ორ ადამიანს ჰქონდეს ჯანმრთელობის იდენტური დარღვევა, მაგრამ ისინი სხვადასხვა ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობების იყვნენ. რა იგულისხმება ამაში: მაგალითად თუ ადამიანი ცხოვრობს მისთვის მორგებულ გარემოში, უწევს გადაადგილება მის საჭიროებებზე მორგებულ გარემოში, მატერიალურად უზრუნველყოფილია და მის გარშემო განწყობებიც არ არის ნეგატიური – ანუ ეს პირი არ არის მიუღებელი –  მისი შეზღუდული შესაძლებლობის ხარისხი კლებულობს იმასთან შედარებით, ვინც მაგალითად, რეგიონში ან სოფელში ცხოვრობს, სადაც არც მასზე მორგებული გარემო არ არის, არც მატერიალურად არის უზრნველყოფილი და სტერეოტიპები და განწყობებიც არ არის კეთილგანწყობილი ამ პირის მიმართ. ეს ყველაფერი მის შეზღუდულ შესაძლებლობას უფრო ამძიმებს. გაეროს 2006 წლის კონვენციაც განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა გამოწვეულია მყარი ფიზიკური, სენსორული, მენტალური ან ფსიქიკური დარღვევებისა და გარემო ბარიერების ურთიერთქმედებისაგან. სოციალური მოდელი, მეტწილად, მემარცხენე ხედვისგან შეიქმნა და ის მარქსიზმის პრინციპებზეც კია დაფუძნებული. ეს იმას გულისხმობს, რომ ადამიანი, როგორც ინდივიდი და მისი საჭიროება უნდა იყოს უზრუნველყოფილი როგორც ფინანსურად, ისე იმ გარემო ფაქტორების თვალსაზრისით, სადაც ამ ადამიანს უწევს ცხოვრება. ერთ-ერთი მემარცხენე შშმ პირი ამბობდა, რომ ჩვენ იმიტომ ვართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომ ჩვენი გარემო ჩვენთვის მიუწვდომელიაო, მაგალითად, სამუშაო ადგილები, საწამოები, ოფისები, საგანმანათლებლო სივრცეები, სამედიცინო დაწესებულებები, სამედიცინო სერვისის გამწევი კლინიკები – ეს ყველაფერი ჩვენზე არ არის მორგებული, და სწორედ ეს არამორგებული გარემო განსაზღვრავს ჩვენი შესაძლებლობის შეზღუდულობას და არა მხოლოდ კონკრეტული ჯანმრთელობის დარღვევებიო. 

ანუ, ერთია ეკონომიკური ფაქტორით განპირობებული ხელმისაწვდომობა, მაგრამ ამას ემატება გარემოში არსებული ბარიერები: მაგალითად, შშმ პირი შეიძლება ეკონომიკურად ძლიერი იყოს, მაგრამ თუ მას გარემო ბარიერები აქვს, შეიძლება ეკონომიკური სიძლიერის მიუხედავად, სოციალიზაციაში ხელი ძალიან შეეშალოს. მაგრამ, რასაკვირველია, თუ შშმ პირი დღეს ეკონომიკურად ძლიერია, მისი შეზღუდულობის ხარისხი კლებულობს და ის ნაკლებ ჩაგვრას განიცდის, ვიდრე, ეკონომიკურად სუსტი შშმ პირი. ეკონომიკურად ძლიერი შშმ პირების წილი ძალიან ცოტაა. ეკონომიური სიძლიერე, როგორც წესი, ოჯახიდან გამომდინარეობს: თუ მათი ოჯახი ეკონომიკურად ძლიერია, ეს მეტწილად განსაზღვრავს მის ეკონომიკურ სიძლიერეს. არიან, ცხადია, ისეთებიც, ვინც რეალიზებულები და დასაქმებულები არიან, მაგრამ მათი წილი მინიმალურია. ასეთები 1%-ზე ნაკლები არიან შშმ პირთა ჯგუფში. 

პრინციპში, უკვე დროა, რომ გადავიდეთ სოციალურ მოდელზე, მაგრამ ჯერჯერობით, სოციალური მოდელის მხოლოდ საპილოტე ვერსიები გვაქვს და ის შემუშავების პროცესშია. საბჭოთა კავშირში სოციალური მოდელის ელემენტები არსებობდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სრულყოფილი არ ყოფილა. თანამედროვე მოდელი განსხვავდება და უფრო მეტ კომპონენტს მოიცავს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური მოდელის გარკვეული ელემენტები არსებობდა. მაგალითად, მართალია, მხოლოდ ფონიჭალაში იყო უსინათლოთათვის მისაწვდომი გარემო, მაგრამ იმ საცხოვრებელ სივრცეში უსინათლოთა საჭიროებები მეტნაკლებად დაკმაყოფილებული იყო. თანამედროვე გაგებით, ეს უკვე უნდა იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. უნივერსალური დიზაინი სწორედ ამას გულისხმობს, რომ შენობები, სარეკრეაციო სივრცეები, საჯარო ტრანსპორტები და ქუჩები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ყველასთვის მისაწვდომი იყოს ეს სივრცე, ხოლო თუ მისაწვდომი არ არის, მაშინ უნდა მოხდეს ადაპტაცია ანუ მორგება. მაგალითად, თუ შენობა არ არის უნივერსალური დიზაინით დაპროექტებული, მისი მოდიფიცირება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ ეს სივრცე ყველასთვის გახდეს მისაწვდომი: დამონტაჟდეს პანდუსები, ეტლით მოსარგებლეთათვის განკუთვნილი ამწეები, უსინათლოებისთვის შეიქმნას ტაქტილური ყვითელი ბილიკები, ხმოვანი შუქნიშნები, გახმოვანდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. 

სოციალური მოდელის თვალსაზრისით, იმ ე.წ. “შეღავათებს,” რითაც დღეს შშმ პირები სარგებლობენ,  “შეღავათები” არ ჰქვია, ამას ეწოდება “ეკონომიკური გათანაბრების მექანიზმები.” ეს იმიტომ, რომ მაგალითად, თუ არა-შშმ პირს ნაკლებად ესაჭიროება ტაქსით გადაადგილება, შეიძლება ეს შშმ პირს მეტად ესაჭიროებოდეს, ვინაიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მათთვის მისაწვდომი ან არ არის, ან ნაწილობრივ არის მისაწვდომი. ან, მაგალითად, როდესაც შშმ პირი სახლში მეტ დროს ატარებს, ის მეტ რესურსს მოიხმარს, ვიდრე არა შშმ პირი, რომელიც სამსახურში გადის და მუშაობს. ეს ცხადია, ზრდის კომუნალური გადასახადების ხარჯებს. ვინაიდან, დანახარჯი ასეთ პირს მეტი აქვს, ის საჭიროებს ეკონომიკურ გათანაბრებას. თანამედროვე გაგებით, ამ ზედმეტი საჭიროებების აღმოფხვრას ეკონომიკურ გათანაბრებას უწოდებენ. ადრე, სამედიცინო მოდელით, ამას ერქვა “დახმარება” და “დახმარების მიღება”.  თუ გვინდა პარადიგმა შევცვალოთ, უნდა დავნერგოთ ეკონომიკური გათანაბრების მექანიზმი. სოციალური პაკეტი მხოლოდ ე.წ. პენსია არ არის, სოციალურ პაკეტში ეს ყველაფერი უნდა შედიოდეს. 

მე რომ ნარჩენი მხედველობის მქონე და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი ვარ, ეს არსებული სისტემის დამსახურება არ არის. განათლების მიღება ერთი მხრივ, ჩემს ოჯახთან იყო დაკავშირებული და მეორე მხრივ, სამეგობრო-საახლობლოსთან და სკოლასთან. ადრეული წლებიდან ვთანამშრომლობდი სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ამან, გარკვეულწილად უზრუნველყო ის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ვიღებ მონაწილეობას. მე პროფესიით იურისტი ვარ, ბაკალავრისა და მაგისტრატურის ხარისხები სამართალმცოდნეობაში მაქვს მიღებული და ვინაიდან, კანონთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან მეტი შეხება მაქვს, ამან, რა თქმა უნდა, ხელი შემიწყო და დღევანდელი ჩემი მდგომარეობა ამითაც არის განპირობებული. 

ნინო ხ. რა პოლიტიკა არსებობს დღს შშმ პირების დასაქმების მხრივ? 

დავით ბ. დასაქმების მხრივ, სახელმწიფოს პოლიტიკა ის არის, რომ 2020 წელს მიიღეს კანონი შშმ პირთა უფლებათა დაცვის შესახებ, რამაც გააუქმა კანონი შშმ პირთა სოციალური დაცვის შესახებ, სადაც უფრო მეტი სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა იყო გათვალისწინებული. ვგულისხმობ ძველ, 1990-იანი წლების კანონს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი კარგად არ ფუნქციონირებდა და არ ჰქონდა განხორციელების მექანიზმები, კანონის დონეზე მაინც, იქ უფრო მეტი სოციალური და ეკონომიკური დაცვის მექანიზმი იყო გათვალისწინებული, ვიდრე დღევანდელ კანონში. ეს კანონი სოციალური და ეკონომიკური დაცვის თვალსაზრისით გაუარესდა, მაგრამ გაუმჯობესდა უფრო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მაგრამ ვნახოთ რა წერია კანონში სოციალურ დაცვაზე: ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ხელს უწყობს შშმ პირების სოციალურ დაცვას და წერტილი. თუ სახელმწიფო როგორ უწყობს ხელს და რა მექანიზმებით, ან  ხელშეწყობა რაში ვლინდება, ამაზე კანონში არაფერია ნათქვამი. ხომ არ სჯობს ეწეროს, რომ “უზრუნველყოფს,” ხელს უწყობსო რომ წერია, არასამთავრობო ორგანიზაცია ხომ არ არის?  კანონში არ დევს დაცვის მყარი მექანიზმები. ასევე წერია ასეთი დეკლარაციული ტიპის წინადადებება, რომ “სახელმწიფო ხელს უწყობს შშმ პირთა დასაქმებას.” როდესაც საკომიტეტო განხილვაზე ერთ-ერთმა დამსწრემ  თქვა, რომ ეს კანონი მეტწილად დეკლარაციული ხასიათის იყო, მინისტრის მოადგილემ, ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა, რომ კანონი დეკლარაციული უნდა იყოს, აბა როგორო. ბუნებრივია, დეკლარაციული უნდა იყოს, მაგრამ პირველ რიგში, კანონი უნდა იყოს ქმედითი და გამჭვირვალე. დასაქმების მიმართულებით, ასევე არსებობს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული დასაქმების სააგენტო, სსიპ-ი, რომელიც თითქოს ხელს უწყობს შშმ პირების დასაქმებას. წელიწადში მათ შეიძლება დაასაქმონ 20, 25, ან 50 შშმ პირი. ეს ძალიან ცოტაა. ოფიციალურად, დღეს, 150 000 მდე შშმ პირია რეგისტრირებული, რაშიც, მხოლოდ უსინათლო პირები არ მოიაზრება, მაგრამ რეალურად, გაეროს სტატისტიკას თუ ვენდობით, ქვეყანაში 450-500 000 მდე შშმ პირი არსებობს. განვითარებად ქვეყნებში, 10-15%-მდე მერყეობს მოსახლეობის მთლიან წილთან შშმ პირთა რაოდენობა, ხოლო განვითარებად ქვეყნებში, ეს მაჩვენებელი უფრო დიდია. 

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ვისაც შშმ პირთა ოფიციალური სტატუსი ჰქონდა, მათი რიცხვი თავდაპირველად 450 000-მდე იყო. უცებ, ბევრს სტატუსი შეუწყვიტეს და ეს რიცხვი 145-150 000-მდე ჩამოიყვანეს. ამ საშინელი გადაწყვეტილების გამამართლებელი ახსნა ის იყო, რომ თითქოს ვიღაცებს ტყუილუბრალოდ ჰქონდათ მიღებული სტატუსები და კორუფციული მექანიზმები იყო. თუ კორუფცია არსებობს, ის უნდა აღმოფხვრა, ამ არგუმენტით პოლიცია ხომ არ გაუუქმებიათ, მისი რეფორმირება უზრუნველყვეს. ამ გადაწყვეტილებით, ასობით ათას ადამიანს, ფაქტობრივად, ის მინიმალური სოციალური პაკეტიც წაერთვა, რაც მანამდე ჰქონდა. თუ ამ სოციალური პაკეტის მიმღებთ შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც არ ეკუთვნოდათ, იმათი საქმე ინდივიდუალურად უნდა შესწავლილიყო და უნდა გამოეკვლიათ, რადგან ასე, ერთი ხელის მოსმით, ამდენი ადამიანისათვის სტატუსის გაუქმება გაუმართლებელია. ამდენად, იმდროინდელი მმართველობის ნეოლიბერალური ხედვების განხორციელება მწვავედ აისახა შშმ პირების უფლებებზეც. 

უსინათლოთა კავშირი, მეტნაკლებად, ცდილობს დასაქმებისა და სხვა სოციალური თემების წინ წამოწევას, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ იმდენად ძლიერად ვერ, რამდენადაც შეიძლება. უსინათლოთა კავშირი არის ე.წ. DPO, Dissability People’s Organization  – ანუ შშმ პირთა ორგანიზაცია, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი სხვადასხვანაირი ოგანიზაციები არსებობს: ცალკე არსებობს სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები და ცალკეა უფლებებზე მომუშავე, აქტივისტური ორგანიზაციები, რომლებიც უფლებების ლობიზმს ცდილობენ. სხვადასხვა ორგანიზაციას განსხვავებული მიზანი აქვს. შეიძლება შშმ პირთა ორგანიზაცია იყოს და აწარმოებდეს თეთრ ხელჯოხს, და მისი მიზანი ბიზნეს ინტერესი უფრო იყოს: კი, შესაძლოა, ეს ბიზნესი მართული იყოს შშმ პირთა მიერ, მაგრამ მათი მიზანი ბიზნესის წარმოება და მოგების ნახვა იქნება. 

ნინო ხ.  რა შეგიძლიათ თქვათ შშმ პირების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით იმ ფონზე, როდესაც ზოგადი კონტექსტი ისეთია, რომ ძირითადი აქცენტი გადატანილია ხოლმე სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე და ხდება სოციალური და ეკონომიკური უფლებების იგნორირება. თუ ახერხებენ შშმ პირები დღეს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გამოყენებას? 

დავით ბ.  ჩვენ, ანუ შშმ პირებს,  თუ სოციალური და ეკონომიკური უფლებები არ გვექნა დაკმაყოფილებული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ჰაერში გამოკიდებული დარჩება. მაგალითად, თუ მე არ მექნა ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, როგორ მოვახერხებ პარლამენტში წასვლას და   რაიმეს მოთხოვნას, ან არჩევნებში  მონაწილეობის მიღებას, ან რაიმეს ორგანიზებაში ჩართვას და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გამოყენებას. ანუ, პირველ პირში რომ ვისაუბრო, თუ სოციალურად და ეკონომიკურად არ გავძლიერდები, ჩემი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზება გამიჭირდება. ეს თითქმის შეუძლებელიცაა. ეს უფლებები ცალ-ცალკე  არ უნდა იყოს განხილული, არამედ, ერთიანობაში უნდა გაანალიზდეს და ერთმანეთს უნდა ავსებდეს. ამ უფლებების დაყოფა მე არასწორად მიმაჩნია. თუ ადამიანს არ აქვს ეკონომიკური შესაძლებლობა და გარანტია, რომ მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კონკრეტული მანიპულაციები ჩაიტაროს, რა თქმა უნდა, მის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებზე საუბარი ფუჭია. 

ნინო ხ. დიდი მადლობა 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.