ბავშვზე ზრუნვის საბჭოთა ინსტიტუტები: მოგონებები საგურამოს სანატორიული სკოლა-ინტერნატიდან

შესაძლოა დღეს ბევრმა არ იცის, რომ საგურამოში, საბჭოთა 80-იან წლებში არსებობდა სასუნთქი გზებით დაავადებულ ბავშვთა სანატორიული სკოლა-ინტერნატი, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოყვანილი, ძირითადად, ასთმიანი ბავშვები სწავლობდნენ. მოსწავლეები სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვისა და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. შაბათ-კვირას ან სასკოლო არდადეგებზე ისინი  საკუთარ სახლებში ბრუნდებოდნენ. 1990-იანი წლებიდან, როგორც ბევრი სხვა რამ, ბავშვებზე ზრუნვის ეს  ინსტიტუტიც მოიშალა და დღეს, სანატორული სკოლა-ინტერნატის უზარმაზარი ინფრასტრუქტურიდან ერთ, მაშინდელ საძინებელ ნაწილში, ცხინვალიდან დევნილი ადამიანები ცხოვრობენ. თავად სკოლის შენობა, სპორტული დარბაზი და სტადიონები, მოუვლელი და მიტოვებულია. სკოლა-ინტერნატის ყოფილ სასადილოში კი, სხვადასხვა უცხოური დონორების მიერ დაფინანსებული შშმ პირებზე ზრუნვის დღის ცენტრი ფუნქციონირებს. 

დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ხმაურიანი დისკუსია მიმდინარეობს ბავშვთა ზრუნვის ინსტიტუტებზე, მათ რეფორმირებასა და სამომავლო გარდაქმნებზე, ამ დისკუსიაში ხშირად არ ფიგურირებს და სულაც იგნორირებულია  ის გამოცდილება, რაც ჩვენს ქვეყანას უახლოეს წარსულში გააჩნდა. ინსტიტუციური გამოცდილება, რომელიც საგურამოს სკოლა-ინტერნატის მსგავსმა დაწესებულებებმა შექმნეს, თითქმის მთლიანად იქნა დავიწყებული. მასთან ერთად, დავიწყებას მიეცა სოციალური დაცვისა და ზრუნვის ის ფუნქციები, რაც სახელმწიფოს გააჩნდა სულ რამდენიმე ათწლეულის წინ. 

სწორედ ამ ინსტიტუციური მეხსიერების აღსადგენად, საგურამოს სასუნთქი გზებით დაავადებულ ბავშვთა სანატორიული სკოლა-ინტერნატის ორ კურსდამთავრებულს, ქ-ნ ლანა ბენიასა და ქ-ნ ხათუნა დოლიძეს ვესაუბრეთ, რომლებიც საგურამოში თითქმის შვიდწლიანი სასკოლო ცხოვრების შესახებ  გვიყვებიან. 

 

 

               რამდენი ბავშვი ცხოვრობდა საგურამოს სკოლა-ინტერნატში თქვენი სწავლის პერიოდში? 

ლანა ბ. დაახლოებით 130-140 ბავშვამდე ვიყავით. თვითონ სკოლა ძალიან დიდი იყო და ფართობიც უზარმაზარი ჰქონდა. არც ერთ კლასში არ ყოფილა ორი ან სამი ბავშვი, დაწყებითებში უფრო მეტი იყო. მაგრამ იყო კლასები, სადაც ოცი ბავშვიც კი ირიცხებოდა. 

ხათუნა დ. დიახ, ბევრნი არ ვიყავით, ზოგ კლასში 10 ბავშვი იყო, ზოგში – 15, ზოგში უფრო მეტი. ჩვეულებრივ სკოლებში მაშინ კლასში 40-45 ბავშვი სწავლობდა. 

ლანა ბ. ამ მხრივ ჩვენთან ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ყურადღების ქვეშ ვიყავით, კლასშიც კი ყოველდღიურად გვიწევდა გამოკითხვა. ამისთვის დღეს ფული უნდა იხადო და კერძო სკოლაში უნდა ატარო ბავშვი, რომ ეს კომფორტი შეუქმნა. 

სკოლა-ინტერნატის გარემონტებული საძინებელი კორპუსი, სადაც ცხინვალიდან დევნილები ცხოვრობენ.

თავად სკოლას სანატორიული იმიტომ ერქვა, რომ ჩვენზე, ბავშვებზე, პირველ რიგში, გათვლილი იყო მკურნალობა, ჩვენ გვმკურნალობდნენ ექიმები, გვყავდა მთავარი ექიმი, მორიგე ექიმები, და თუ ასთმური შეტევა ჰქონდა ვინმეს, რომელსაც ადგილზე  ვერ უვლიდნენ, გადავყავდით ათარბეგოვის საავადმყოფოში ან სხვაგან. მაგრამ ყველა სხვა ტიპის მკურნალობა ჩვენთან ხდებოდა. გვქონდა ფიზიოკაბინეტები, შესაძლებელი იყო გადასხმების გაკეთება, იყო იზოლირებული პალატებიც გრიპიანი ბავშვებისათვის. პირველი სართული მთლიანად იზოლირებულ ოთახებად იყო დაყოფილი, სპეციალური ოთახები იყო ასთმური შეტევის მქონე, ან სიცხიანი და მწვავე რესპირატორული დაავადების მქონეთათვის და ა.შ. ასეთ ბავშვებს სპეციალიზებულ მკურნალობას უტარებდნენ, იყვნენ მორიგე ექიმები, მორიგე ექთნები და ასევე დღის ექიმებიდა დღის მთავარი ექიმი. ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ჩვენ ერთი წუთითაც არ ვიყავით.

სკოლის საძინებელი კორპუსი

ხათუნა დ. როგორც საავადმყოფოშია ჩვეულებრივი მორიგეობა, დილიდან დილამდე, და ცალკე არიან დღის ექიმები, ისე იყო ჩვენთანაც: იყვნენ დღის ექიმებიც, და დილიდან დილამდე მორიგე ექიმებიც – ორივე ერთად იყვნენ დღის განმავლობაში, შემდეგ ერთი მიდიოდა, და მეორე რჩებოდა. მე კარგად მახსოვს, ჩვენს კორპუსში, სადაც ვიძინებდით, პირველ სართულზე სამედიცინო იზოლატორები იყო. ექიმები ყოველდღე მოდიოდნენ, და სამედიცინო კაბინეტებში გვამოწმებდნენ. ვისაც სჭირდებოდა დანიშნულებებსაც უნიშნავდნენ, ხან ფიზიოს და ხან სხვადასხვა კურსებს. კომისია ამ ყველაფერს სისტემატურად ამოწმებდა, და კომისია რომც არ ყოფილიყო, ისედაც სისტემატური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით.

საგურამოს სანატორიული სკოლა-ინტერნატის სასადილო, სადაც ამჟამად შშმ პირებზე ზრუნვის დღის ცენტრი ფუნქციონირებს

                  როგორ ხვდებოდნენ ბავშვები ამ სკოლაში? 

ლანა ბ. საგურამოში სპეციფიკური სკოლა იყო და ვინც იცოდა, რომ ასთმიანებისთვის სასარგებლო იყო, ისინი ირიცხებოდნენ. ზოგი მშობელი შესაძლოა ბავშვს გამოსაგზავნად ვერ იმეტებდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ ჯანმრთელობის გამო. სკოლაში ჩასარიცხად მშობლები მიდიოდნენ სამინისტროში, და იქ აკვალიანებდნენ, რომ ერთი ასეთი სანატორიუმი არსებობდა ცემში, ხოლო მეორე – საგურამოში. ზოგჯერ ექიმები ურჩევდნენ მშობლებს. ჩვენც ერთმა მშობელმა გვირჩია, როდესაც სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიწექი. იქ იყო  მშობელი გალის რაიონის სოფელი წარჩედან, რომლის შვილიც ჩემთან ერთად იწვა, ხოლო მეორე შვილი საგურამოში სწავლობდა. ის მშობელი მოუყვა ბებიას, რომ საგურამოში სპეციალიზებული სკოლა არსებობდა და ძალიან კარგიაო. შემდეგ ექიმებმაც დაგვიდასტურეს. ამის შემდეგ სამინისტროში წავედით საბუთების მოსაგვარებლად. მე ბებიამ გადამაწყვეტინა იქ წასვლა და სწავლის გაგრძელება. 

ხათუნა დ. მეც ნათესავისგან გავიგე, რომელიც იქ სწავლობდა. 

 

                    თუ არსებობდა რაიმე სპეციფიკური გადასახადი სკოლაში? 

ხათუნა დ. სკოლა-ინტერნატი სახელმწიფო დოტაციაზე იყო და ჩვენ სწავლისა და ცხოვრების საფასურს არ ვიხდიდით. ოთხჯერადი კვება გვქონდა, საუზმე, შემდეგ მეორე საუზმე 12 საათზე,  შემდეგ სადილი და ბოლოს 8 საათზე ვახშამი. ყველაფერი მართლა ძალიან კარგი ხარისხის იყო. ჩვენ გუშინ ვიხსენებდით, რომ მაინც ვარჩევდით საჭმელს (იცინის). დიახ, ძალიან ვარჩევდით: წვნიანი ჩვენც არ გვიყვარდა და ვცდილობდით გადაგვესხა, მაგრამ თავზე გვადგნენ აღმზრდელები, რომ ყველას გვეჭამა. კარაქი, ყველი, თაფლი, ყველაფერი საუკეთესო ხარისხის იყო. 

სკოლა-ინტერნატის სასადილო

ლანა ბ: სკოლაში მენიუს მთავარი ექიმი ადგენდა. საუზმე ფაფის გარეშე არ იყო. ეს ფაფაც აუცილებლად კარაქიანი იყო, აუცილებელი იყო ჩაის დალევა მორთმეულ ჯემიან ან თაფლიან პურთან ერთად. შემდეგ 12-ის ნახევარზე გვქონდა კაკაო ან კისელი, თან აუცილებლად ორცხობილით, ფუნთუშით, ან კარტოფილის ღვეზელით. სკოლიდან გამოსულები სასადილოში რომ შევდიოდით, ყველაფერი დალაგებულ-დაწკრიალებული გვხვდებოდა. სადილზე აუცილებლად იყო სხვადასხვანაირი წვნიანი, მეორე იყო კატლეტი, ან შემწვარი ქათმის ხორცი, ან თევზი  გარნირით. ყოველთვის იყო კომპოტი, ან კიდევ გვასმევდნენ ახალშემოსულ ყურძნის წვენს. ის წვენები მაშინ სხვაგან არსად იყიდებოდა და ჩვენ კი გვქონდა. ახალი რაც შემოდიოდა, ჩვენთან პირველ რიგში მოჰქონდათ. სადილის შემდეგ, ცოტა ხანი ვითამაშებდით, და ხუთ საათზე გვეწყებოდა მეცადინეობა მომდევნო დღისთვის. 8 საათზე კი  სასადილოში სავახშმოდ შევდიოდით . 

ხათუნა დ. როგორ გვიხაროდა ხოლმე ჩვენი საწყობის მანქანა რომ შემოვიდოდა, რადგან ვიცოდით, რომ ახალი პროდუქტები შემოჰქონდა. ყველაფერი ვიცოდით, საწყობში სად რა იყო, ყველაფერს ვაკონტროლებდით (იღიმის). ეს სკოლა მეცხრე კლასის ჩათვლით იყო, ჩვენ როდესაც ვამთავრებდით, ქართულის გამოცდიდან გამოსულებს, ჩვენმა დირექტორმა, დათო ციხელაშვილმა დაგვიძახა და გვკითხა, “რას აპირებთ, გინდათ  აქ სწავლის გაგრძელება”-ო, ჩვენ მხრებს ვიჩეჩავდით, არ ვიცოდით რა უნდა გვეპასუხა, ერთმანეთს შეჩვეულები ახლა უნდა  დავშლილიყავით და  ჩვენს რაიონებში წავსულიყავით, ლანა – გალში, მე – ბათუმში, სხვებიც – სხვაგან. რა თქმა უნდა,  არ გვინდოდა შეთვისებულ გარემოსთან  დაშორება და დარჩენის გადაწყვეტილება სიხარულით მივიღეთ. სკოლის ადმინისტაციის ძალისხმევით, მართლაც, იმ წელს გაიხსნა დამამთავრებელი კლასები. სამი დამამთავრებელი წლის განმავლობაში, სასადილოს ჩვენ ვაკონტროლებდით (იღიმის). მორიგეები ვიყავით ხოლმე სამზარეულოში, სპეციალური საჭრელებით კარაქს და პურს ვჭრიდით, ყველასთვის თანაბრად რომ გადაგვენაწილებინა. თავი უკვე  ძალიან დიდები გვეგონა (იღიმიან).

ლანა ბ. ანუ სამი წელიწადი ჩვენ ვიყავით უფროსკლასელები და გათამამებულებიც ვიყავით, რადგან პრივილეგიები გვქონდა (იღიმის). ახლა რომ ვუკვირდები, მაშინ ზედმეტი უფლებები მოგვცეს, მაგრამ ეს მაშინ გვიხაროდა და პასუხისმგებლობასაც მივეჩვიეთ. 

 

                როგორი იყო თქვენი დღის წესრიგი, ყოველდღიურობა?

ლანა ბ. დილას ჩვენთან მოდიოდა აღმზრდელი, რომელსაც ძიძა  (რომელიც მთელი ღამე ჩვენთან იყო), ჩაგვაბარებდა. აღმზრდელს მივყავდით სასადილოში. ძიძის გარდა, ღამე ჩვენთან რჩებოდა სამედიცინო პერსონალი,  ექიმი  და ექთანი, და გარეთ კი დარაჯი. დილის 8-ის ნახევარზე ჩვენ მზად ვიყავით, 8 საათზე უკვე საუზმე გვქონდა, სადაც აღმზრდელს გავყავდით. სასადილოდან მათ ავყავდით სკოლაში და გვაბარებდნენ სკოლის პერსონალს. 9-ის ნახევარზე სწავლა გვეწყებოდა. 12-ის ნახევარზე გვქონდა მეორე საუზმე, სადაც უკვე სკოლის მასწავლებლებს გავყავდით და შემდეგ გაკვეთილებზეც ისინი გვაბრუნებდნენ. გაკვეთილები ორ საათზე დაგვიმთავრდებოდა თუ არა, კვლავ აღმზრდელი მოდიოდა და წაგვიყვანდა საძინებელში, სადაც გამოვიცვლიდით  სკოლის ტანსაცმელს და უკვე ოთხის ნახევრამდე, ანუ სადილამდე, შეგვეძლო გართობა. თუ კარგი ამინდი იყო გარეთ ვიყავით სტადიონზე, წვიმიან-თოვლიანი ამინდისას სპორტდარბაზში ვთამაშობდით. ყველა კლასს თავისი აღმზრდელი ჰყავდა. 5 საათზე იცვლებოდნენ ისინი და უკვე საღამოს ცვლის აღმზრდელები მოდიოდნენ, ანუ სკოლაში, ჩვენთვის, ყოველდღე მუშაობდა ორი აღმზრდელი, ღამის ძიძა, დღის და ღამის ექიმი და ექთანი და  ცხადია, სკოლის მასწავლებლები. ასევე მუშაობდნენ მზარეულები და მათი დამხმარეები სასადილოში, მრეცხავები სამრეცხაოში და დამლაგებლები, რომლებიც დილით ადრე მოდიოდნენ და საღამოს 5 საათამდე იქ იყვნენ. ასევე გვყავდა საწყობის უფროსიც. 8 საათზე, ვახშმის შემდეგ, შეგვეძლო ფილმების ყურება ან მხატვრული ლიტერატურის კითხვა. ამის შემდეგ კი საძინებელ ოთახში ვბრუნდებოდით.

               

                   როგორ და ვის მიერ კონტროლდებოდა მთელი ეს პროცესი?

სკოლის დარბაზის შესასვლელი ამჟამად

ლანა ბ. განათლების სამინისტროდან რეგულარულად მოდიოდნენ სასწავლო პროცესის შესამოწმებლად. სკოლის მუშაობა ასევე მოწმდებოდა მცხეთის განათლების განყოფილებიდან. სკოლაში ტარდებოდა ძალიან ბევრი სასწავლო-აღმზრდელობითი ღონისძიება, სადაც მოწვეულები იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, ე.წ. “ჩინოვნიკები,” ცეკას მაშინდელი პირველი მდივნის, ჯუმბერ პატიაშვილის სტუმრობაც კი გვახსოვს. იწვევდნენ ასევე მწერლებსა და პოეტებს. ანა კალანდაძე და მუხრან მაჭავარიანი ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან, ჩვენზე გაზეთებშიც წერდნენ და ტელევიზიითაც კი გაგვაშუქეს. მაშინ, თუ სწორად მახსოვს, ილია ჭავჭავაძის 150 წლის იუბილე იყო. ამ თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩაატარა საგურამოს სანატორიულმა სკოლა-ინტერნატმა.  

ხათუნა დ. როგორ მახსოვს, პიონერთა ყელსახვევები გვეკეთა, მესურათემ აქეთ-იქეთ გვატრიალა და ისე მოხდა, რომ მე მუხრანის გვერდით აღმოვჩნდი და ისე მიხაროდა, ჭკუაზე არ ვიყავი (იღიმის).

ლანა ბ. მეც, მუხრანმა თავზე ხელი გადამისვა და სიხარულისგან წელში ისე გამართული ვიდექი, რომ ანა კალანდაძეს ჩემზე უკითხავს, მოცეკვავე ხომ არ არისო, ალბათ, ვცდილობდი თავი გამომეჩინა (იღიმის). 

ხათუნა დ. ისე რა კარგი იყო, მაშინ ხომ მშობლებისგან შორს, მარტო ვცხოვრობდით, ახლა გასახსენებლად და მოსაყოლად  კარგია ყველაფერი, დადებითი ბევრი გვახსენდება, მაგრამ მაშინ, პატარები, ცოტა “დაგრუზულებიც” ვიყავით. აი, ძალიან რთულია გარდატეხის ასაკში ოჯახისგან  მოშორებით ყოფნა. მე 11 წლის ვიყავი იქ რომ გადავედი და მართლა ძნელი იყო ჩემთვის. თავიდან დავითრგუნე კიდეც, მაგრამ იმ მზრუნველ გარემოში ძალიან ბევრი რამეც ვისწავლე, თავდაცვის უნარიც გამომიმუშავდა და თანდათან შევეჩვიეთ ერთმანეთს. ჩვენ ოთხნი დავდიოდით ერთად და “ოთხ მუშკეტერს” გვეძახდნენ. ოთხნი თუ არ ვიყავით, ჩვენ ორნი, მე და ლანა სულ ერთად ვიყავით. ასე გრძელდება დღემდე.

ლანა ბ. მაგრამ რა გვასწავლა იცით, ერთგულება გვასწავლა ამ ყველაფერმა. ამის გარდა, უაღრესად ძვირფასი მასწავლებლები გვყავდა. აი, მართლაც ძალიან ძვირფასი. არ ვიცი დღევანდელ დღეს როგორ უნდა დაგაჯეროთ, რადგან მე მგონია, დღეს ამის დეფიციტია. ასეთი მასწავლებლები რომ არ გვყოლოდა, ჩვენ იქ ნამდვილად ვერ გავძლებდით. მე, მაგალითად, მეოთხეკლასელ პატარას, რომელსაც, რომ იტყვიან, ბებიაჩემი ზედ დამკანკალებდა და ეზოს გარეთ არ მიშვებდა,  ამ დროს მომიწია ოჯახს გარეთ, განსხვავებულ გარემოში ყოფნა. მაგრამ ისეთი მხარდაჭერა იყო მასწავლებლებისგან, აღმზრდელებისგან, ძიძებისგან, რომ წარმოუდგენელია ამის სიტყვებით გადმოცემა. ძიძებს რამდენჯერ ღამე გაუთენებიათ ჩვენთვის, ასევე ექიმებსაც. მახსოვს ერთხელ, 39 მქონდა სიცხე და ვბოდავდი თურმე, და როცა თვალი გავახილე, დავინახე ჩვენი მთავარი  ვერა  ექიმი ზის ჩემს თავთან და მეფერება და მეუბნება,-“ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო.” დაუვიწყარია მათი ამაგი და ახლა, ამ ყველაფრისთვის მადლობას ვეუბნები თითოეულ მათგანს. 

ხათუნა დ. მოსწავლეები ვგრძნობდით ამ დიდ სითბოს და ჩვენდამი ზრუნვას.

ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილი კაბინეტი

ლანა ბ. ვგრძნობდით, ნამდვილად, ამ სითბოს ძალიან ვგრძნობდით. ბავშვები ხომ იცით, როგორი მგრძნობიარეები არიან. ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი გვყავდა – აი, რომ იტყვიან, დედისგან არ ვარჩევდით – ჩვენი მფარველი ანგელოზი იყო ქალბატონი მანანა სართანია. მე ახლაც ვინახავ მის გამოგზავნილ წერილებს, რომელსაც სკოლის დამთავრების შემდეგ მიგზავნიდა. მასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია. ძალიან გული მწყდება, რომ მანანა მასწავლებელი სულ ახლახანს გარდაიცვალა და პანდემიის გამო მას ვერ გამოვემშვიდობე. ნათელში იყოს მისი სპეტაკი სული, მე იგი მუდამ მემახსოვრება. ნამდვილი სათნოება იყო და დაუვიწყარი. მართლაც, სასწაულ გაკვეთილებს გვიტარებდა. მანანა მასწავლებელს სახლიდანაც კი  მოჰქონდა ჩვენთვის სხვადასხვა სასუსნავი, რაც იქ გვენატრებოდა, და რაც ჩვენს მენიუში არ იყო. იმიტომ, რომ ჩვენი კვების რაციონი ექიმის დანიშნულების მიხედვით იყო გაწერილი.  ჩვენ კი ისეთი საჭმელები გვენატრებოდა, მაგალითად ტყემალი, რომელიც იქ არ გვქონდა.

ხათუნა დ. როგორ მახსოვს, ლანას ბაბუას ჩამოტანილ აჯიკას რომ ვინახავდით, და ცარიელ აჯიკას კანფეტივით ვლოკავდით, ისე გვსიამოვნებდა მწარე (იცინიან). პირველად საგურამოში ჩუმად გავსინჯე “კილკის” კონსერვი და უმი ძეხვი, იმიტომ რომ სახლში არავინ გვაჭმევდა და ჩვენც ეს საოცრება გვეგონა. 

 

                 რამდენად ხშირად ხვდებოდით მშობლებს? 

ლანა ბ. მშობლებს ჩამოსვლა ნებისმიერ დროს შეეძლოთ, აკრძალული ან ლიმიტირებული არ ჰქონდათ არაფერი. ვინც თბილისთან ახლოს ცხოვრობდა, პარასკევს მიჰყავდათ ხოლმე სახლში ორშაბათამდე. დილით ავტობუსი რომ გაჩერდებოდა, ან  როცა მატარებელი ჩამოდგებოდა,  იქით გაფაციცებით ვიყურებოდით. ყველას მშობელს ვიცნობდით, ვიცოდით, ვის ვინ აკითხავდა და რომ ჩამვიდოდნენ,  მათ შესახვედრად ჩვენც გავრბოდით. 

ხათუნა დ. სანამ არდადეგები დაიწყებოდა, ერთი ან ორი კვირით ადრე  ვასწრებდით ერთმანეთს  სახლში წასვლას, და ერთი სული გვქონდა, პირველი ვინ წავიდოდა სახლში. მერე უკვე გვიან გვინდოდა სწავლის დაწყება (იცინიან). ჩვენ თვითონ ვცდილობდით არდადეგების გაგრძელებას. სახლს მონატრებულები ვიყავით და იქაც განსაკუთრებული სითბო რომ  გვხვდებოდა, უკან  წამოსვლა აღარ გვინდოდა. მშობლების და შინაურების სითბოს დანატრებულებს,  უკან დაბრუნება გვეზარებოდა.

ლანა ბ. პირადად ჩემთვის, ყოველთვის არასასიამოვნო  იყო წასვლა-მოსვლა. სახლიდან წამოსვლა მაინც ძალიან მიჭირდა. ერთხელ სიცხემ ამიწია 39-მდე. ბაბუამ ასეთ მდგომარეობაში სად წავიყვანოო, და ერთი კვირა სახლში ვიწექი, ბედნიერი. ამ დროს გაკვეთილები მიცდებოდა. მაშინ არც ტელეფონები იყო, და სასწავლო ნაწილმა ჩამომაკითხა, რა სჭირს ბენიას, გამაგებინეთო (იღიმის). დირექტორმა და მასწავლებლებმა ყველა მოსწავლის სახელი და გვარი იცოდნენ. ბავშვებიც, პირველი კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით,  ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. 

 

 

               იმ დროს რომ ეკითხათ სკოლა-ინტერნატზე თქვენი მოსაზრება, რას ფიქრობთ, რას უპასუხებდით? 

ხათუნა დ.  მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ასე ერთად რომ მოვხვდებით ხოლმე და რომ ვიგონებთ იმ წლებს, ძალიან კარგად გვახსენდება, ბოლო სამი წელი განსაკუთრებით, იმიტომ რომ უფროსები ვიყავით და სხვა პოზიცია გვქონდა. პატარები რომ ვიყავით, მაშინაც არ გვქონდა დაჩაგვრის მომენტი, ეგ ბიჭებთან უფრო იყო ალბათ, ასაკის “მამლაყინწობები” და უბნის ბიჭებთან ურთიერთობების დალაგება. მაგრამ ჩვენთან, გოგოებთან, ასე არ იყო. ჩვენ უფრო თავდაცვის მომენტი გამოვიმუშავეთ, რომ აი, ბიჭები არიან, უნდა გავაკონტროლოთ. ამ მხრივ, მართლა ბევრი რამე ვისწავლეთ და მე პირადად, ძალიან ბევრ რამეშიც გამომადგა იქაური გამოცდილება. როცა მეუბნებიან ჩემები, რომ შენ ძლიერი ხარ, მე ვეუბნები, რომ ჭიპლარიდან ეს არ დამყოლია. საგურამოში გატარებულმა სკოლის წლებმა და განვლილმა ცხოვრებამ გამაძლიერა. სკოლის მერე მე არ გამჭირვებია უმაღლესში ჩაბარება, არ გამჭირვებია არც ცალკე ცხოვრება. ზოგადად ასეა, სკოლას რომ დაამთავრებენ, მერე უჭირთ ხოლმე დამოუკიდებელი ცხოვრება, ჩვენ არ გვქონია ეს მომენტი, იმიტომ რომ ეს უკვე გამოვლილი გვქონდა სკოლაში. აქ საოცარი შრომსუნარიანობა გამოვიმუშავეთ და მოდუნების უფლება არ მიგვიცია საკუთარი თავისთვის. 

ლანა ბ. ნებისმიერ საგანმანათლებლო სისტემაში მინუსები და პლიუსები ყოველთვის არის. განსაკუთრებით ისეთ სისტემაში, სადაც 24 საათს ატარებს მოზარდი. უფრო ადრეული ბავშვობა, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო რთული იყო. მაგალითად, “ბულინგის” თემაც იყო მომენტებში. ბავშვები ერთმანეთთან რაღაცაზე ვკინკლაობდით და ყველაფერს მასწავლებელთან ვერ ვიტყოდით, მაგრამ ეს არ იყო  სკოლის ან მასწავლებლის ბრალი, იმიტომ, რომ მასწავლებელი თუ ამას ხედავდა, და ეს საგრძნობი იყო სხვებისთვის, ის ცდილობდა, რომ ეს ან არ მომხდარიყო, ან თუ მოხდებოდა, მშვიდად და წყარად განეტვირთა სიტუაცია, ასეთი შემთხვევები ოჯახშიც ხდება. მაგრამ  ხომ ხდება  ისეთი რაღაცები, რომ  არ გინდა “ჩაუშვა,” არ გინდა თქვა, ასეთი მომენტები, რა თქმა უნდა, იყო. 

ხათუნა დ. ჩვენ მხოლოდ თანაკლასელები კი არ ვყოფილვართ, სულ ვამბობ, რომ ჩვენ ოჯახივით ვიყავით, და-ძმებივით ვუყურებდით ერთმანეთს. იმ დროს, ქორწილშიც კი ვართ ნამყოფი. როცა უკვე დიდი გოგოები ვიყავით, ჩვენმა ფიზიკის მასწავლებელმა და უფროსმა აღმზრდელმა, ნინო ციხიშვილმა თავისი ქალიშვილის ქორწილში დაგვპატიჟეს. ამ ქორწილში ვიყავით მიწვეული სტუმრები, აბა როგორ, მათ ქორწილი ჰქონოდა ოჯახში და ჩვენ არ წავსულიყავით? (იცინიან). 

ლანა ბ. ასევე დათო კოკაიას, ჩვენი მათემატიკის მასწავლებლის დაბადების დღეზეც ვიყავით, ახლაც კარგი ურთიერთიერთობა მაქვს მის ოჯახთან, მეუღესთან და შვილებთან. ერთხელ ავად რომ გავხდი და ათარბეგოვზე საავადმყოფოში დამაწვინეს, სანახავად მომაკითხეს ნინო ციხიშვილმა და ვერა ექიმმა. მომინახულა ჩემმა დაუვიწყარმა მანანა მასწავლებელმა. სკოლის დირექტორი და მისი მეუღლე ყოველ მეორე დღეს მაკითხავდნენ. ნინო ციხიშვილს, ჩვენს ფიზიკის მასწავლებელს და მთავარ აღმზრდელს, ჩემს სანახავად წამოყვანილი ჰყავდა ჩვენზე ერთი წლით პატარა მოსწავლე, კობა, რომელსაც დაუჩემებია, მას, მეც წამოგყვებით ლანას სანახავადო და ისიც წამოიყვანეს (იღიმის). მასწავლებლების გახსენებისას, მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს. დღეს, იმისათვის, რომ გმირი და პატრიოტი იყო, რაღაცა განსაკუთრებული უნდა ჩაიდინო, და ჩვენი მასწავლებლები, თავიანთი თავგანწირული შრომითა და ერთგულებით ამას ყოველდღიურად აკეთებდნენ, ახლა უკვე შვილების დედა ვარ და ასე ვფიქრობ, რომ ისინი ყოველდღიურ გმირობას სჩადიოდნენ.

ხათუნა დ. მართლაც, დირექტორიდან დაწყებული, ყველა მასწავლებელი კარგი გვყავდა. ჩვენ ვერ ვგრძნობდით, რომ ის მასწავლებელი და ზემდგომი იყო, იმდენ სითბოს  და ზრუნვას ვიღებდით, თავი უპატრონო ბავშვად არასდროს გვიგრძვნია. მასწავლებლებს თავიანთ სახლებშიც კი მივყავდით ხანდახან. თუ სადმე წაყვანა შეეძლოთ, დირექტორს სთხოვდნენ, და სულ მივყავდით. ხანდახან მათთან ერთად, ოჯახებში ვაცხობდით ხოლმე ნამცხვრებს. ოჯახურ გარემოში რაღაცების კეთება, რაც სკოლაში გვაკლდა, მათთან ვისწავლეთ. 

ლანა ბ: როდესაც ასეთ სისტემაში ხვდები, როგორიც ჩვენი სკოლა იყო, იძულებული ხდები, რომ იმ სისტემის წესით ითამაშო, იმ სისტემის ნაწილი გახდე. არც ერთ მასწავლებელს იქ არ გააჩერებდნენ იმ წესისა და კანონების მიხედვით თუ არ მოიქცეოდნენ, რომელიც მათ მოეთხოვებოდათ. და ეს მოთხოვნა პირველ რიგში იყო ის, რომ ბავშვთან ურთიერთობა ყოფილიყო თანასწორუფლებიანი, და ბავშვი დაცული ყოფილიყო ყველანაირი ზიანისა და ზეგავლენისაგან. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით თავისუფლად მოაზროვნეები, ახლა რომ ამბობენ ხოლმე, რომ ბვშვებს ხან რუსულს ახვევენ თავს და ხან ევროპულსო, ასეთი რამეები ჩვენთან არ ხდებოდა. იმ დროს რასაც საქართველოს სახელმწიფოს სასწავლო პროგრამა ითვალისწინებდა, ჩვენც იმას ვსწავლობდით. უმაღლესებშიც ისე ჩავაბარეთ, არც მოვმზადებულვართ. მე რუსეთში ჩავაბარე და ორი უმაღლესი დავამთავრე იქ ისე, რომ არ მოვმზადებულვარ. ენაშიც კი არ მოვმზადებულვარ, ფანტასტიური რუსულის მასწავლებელი გვყავდა – დაუვიწყარი რიმა მასწავლებელი. მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის მერე, ძალიან შეიცვალა მიდგომა რუსულის შესწავლისადმი. მახსოვს გაკვეთილებს უცდენდნენ, რასაც რიმა მასწავლებელი ძალიან ღირსეულად უმკლავდებოდა. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან არ იყო დასჯა და მისთანები. ცხადია, კიდევაც გვიწყრებოდნენ და შენიშვნებსაც გვაძლევდნენ, მაგრამ ბავშვს  ამის გამო საკუთარი თავისთვის რამე  ცუდი მოეწია, ასე არ იყო. 

ხათუნა დ. ნამდვლად, ასეთი მომენტი არ ყოფილა. დასჯა როგორ არ იყო, მაგრამ არც ერთ პედაგოგი არასდროს ზომას არ გადასცდენია, და არც ერთი მოსწავლე არ მისულა იმ დონემდე, რომ  საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ევნო. 

ლანა ბ. კიდევ აღსანიშნავი იყო ის, რომ ყველა კლასს  თავისი აღმზრდელი ჰყავდა, სკოლის ტერიტორია იყო  დაცული და შემოკავებული. მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც გაბარია 15 მოზარდი, აღმზრდელს უნდა სცოდნოდა ვინ სად იყო  და რას აკეთებდა, რომ შემთხვევით ვინმე არ გაპარულიყო. თუ ვინმე მაინც სადმე გადაიპარებოდა, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან მყისიერად იქნებოდა  შემოთვლა, რომ თქვენი მოსწავლე გადაძვრა აქ და აქ და მიხედეთო. და ამისთვისაც მასწავლებელი შენიშვნას იღებდა. ჩვენ სულ აღმზრდელების ზედამხედველობის ქვეშ ვიყავით. 

 

                დღეს თუ იცით რა ვითარებაა იქ, რა ხდება თქვენი სკოლის ტერიტორიაზე, თუ გქონიათ  ვინმესთან კონტაქტი? 

ლანა ბ. ჩვენ სკოლა დავამთავრეთ 1991 წელს. მე იქ 1984 წლიდან, დაახლოებით 7 წელი ვსწავლობდი და ვცხოვრობდი. ჩვენს საძინებელ შენობაში ვიცი, რომ დღეს დევნილები ცხოვრობენ. 

ხათუნა დ. მეთერთმეტე კლასის პირველი გამოშვება ჩვენ ვიყავით და პირველი ბანკეტიც ჩვენ გადავიხადეთ და მაშინ  ყველა აღნიშნავდა,  რომ ძალიან მაგარი ბანკეტი გვქონდა (იცინიან). 

ლანა ბ. კლასში 11 მოსწავლე ვიყავით, და  ბანკეტზე 67 კაცი იჯდა სუფრასთან,  სკოლის ყველა პერსონალი და  მშობლები,  ანუ ყველანი იყვნენ  წარმოდგენილები (იღიმიან). საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები: აჭარიდან, აფხაზეთიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან, კახეთიდან. მხოლოდ სუფთა და ჟანგბადიათ მდიდარი ჰაერის  გამო არ მოდიოდნენ საგურამოში, აქ ბავშვები სამკურნალოდ მოჰყავდათ, რომ ისინი აქ მუდმივი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყვნენ. ეს სანატორიული სკოლა იყო, მაგრამ მიზეზი იქ მიღებისა უნდა ყოფილიყო სასუნთქი გზების დაავადება, სხვა შემთხვევაში, იქ არ მიგიღებდნენ. თუმცა, მე რომ მივედი, 1984 წელს, მაშინ გადადიოდნენ ასთმურ სპეციფიკაზე, მანამდე ბვშვთა სახლი იყო. მახსოვს, იქ  რომ მივედი, ბევრი ასეთი ბავშვი დამხვდა და შემდგომ წლებში ნელ-ნელა წავიდნენ. ვიცი, რომ ჩვენს შემდეგ, 1992-1993 წლებში, სკოლა კიდევ ფუნქციონირებდა, და მერე, როგორც მთელ საქართველოში, იქაც აირია ყველაფერი. ჩვენი იმდროინდელი დირექტორი, ციხელაშვილი, ჩვენთან ერთად წამოვიდა სკოლიდან და იქ დირექტორად დაინიშნა დათო ნავდარაშვილი. ამის შემდეგ ჩვენ  სკოლასთან კონტაქტი აღარ გვქონია, მაგრამ როგორც ვიცით, ქაოსური სიტუაცია იყო. შემდეგ ბევრი ჰუმანიტარული დახმარება შემოვიდა სკოლის სახელზე. ჩვენს დროს ასეთი  ჰუმანიტარული დახმარება არ არსებობდა, ან რა ჰუმანიტარული დახმარება უნდა არსებულიყო საბჭოთა კავშირის დროს.  

ხათუნა დ. მაშინ ჩვენს სკოლას სახელმწიფო დაფინანსება ჰქონდა. ჩვენს შემდეგაც ვიცი, რომ გარკვეული პერიოდი სკოლა არსებობდა, 1991 წელსვე არ შეწყვეტილა მისი ფუნქციონირება, მაგრამ ნელ-ნელა შეწყდა. 

შშმ პირებზე ზრუნვის დღის ცენტრი, ყოფილი სასადილო

 

 

                 დღეს რომ შეგეძლოთ მსგავს სისტემაში რაიმეს შეცვლა, რას შეცვლიდით?

ლანა ბ. ეს მაშინ რომ ეკითხათ, როცა მე ბავშვი ვიყავი, შეიძლება ბევრი რამე მეთქვა, და პრეტენზია ბევრ რამეზე გამომეთქვა, ეს ასე არ უნდა იყოს და ეს უნდა შეიცვალოს-მეთქი. მაგრამ დღეს უკვე მშობლისა და ზრდასრული ადამიანის პერსპექტივიდან რომ ვაკვირდები, აბსოლუტურად ვერაფერს ვპოულობ, რასაც შევცვლიდი. ახლა საუბარია ხოლმე თავისუფლებაზე, და შეიძლება ეს ითქვას, რომ ჩვენ ნამდვილად სულ მასწავლებლების ზედამხედველობის ქვეშ ვიყავით. მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, რა თავისუფლება უნდა მოეცათ ჩემთვის, მეოთხე კლასელი ბავშვისთვის, სკოლის იმ დიდ ეზო-კარში იმაზე მეტი, ვიდრე მქონდა? ხეზე უნდა ავმძვრალიყავი ზედამხედველობის გარეშე და აუცილებლად რამე უნდა მევნო საკუთარი თავისთვის? იმ წუთას შეიძლება მინდოდა, რომ სადღაც ავმძვრალიყავი ან შევმძვრალიყავი და მასწავლებელი სულ  თვალს გვადევნებდა და გვაფრთხილებდა, რომ ეს არ ჩაგვედინა. იმ წუთას ჩემთვის ეს შეიძლება გასაბრაზებელიც კი იყო, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ ეს  ყურადღება ნორმალურია. 

ხათუნა დ. დიახ, ალბათ, მეც არაფერს შევცვლიდი. იმაზე მეტი რაღა უნდა გააკეთოს ადამიანმა ან სკოლამ, რასაც ჩვენთვის აკეთებდნენ. ახლა შენს გონებაში ვერ ჩაჯდებიან და შენს მაგივრად ვერ გააკეთებენ ვერაფერს, და სხვა ისეთი არაფერი არ იყო. თავისუფლებასთან დაკავშირებით იმას ვიტყოდი, რომ რაც უფრო მეტ თავისუფლებას მისცემ ბავშვს, უარესი შეიძლება მოხდეს. ვიღაცას შეიძლება ეს საუბარი დღეს ძველმოდურად მოეჩვენოს, რადგან მეტი თავისუფლება უნდათ და ჰგონიათ, რომ თუ ბავშვებს სრულ თავისუფლებას არ მისცემ, იჩაგრებიან. მაგრამ მე დღესაც არ მივესალმები იმას, რომ თუნდაც დღევანდელ სკოლაში რომ ამბობენ ხოლმე მასწავლებლები, რომ “ჩვენ უფლება არ გვაქვს, ბავშვი დავტუქსოთ”. დატუქსვა და შენიშვნის მიცემა ძალადობას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს მითითებას, რომ კარგი და ცუდი განასხვაოს ბავშვმა. 

ლანა ბ. აბსოლუტურად გეთანხმები ხათუნა. მართლაც, კარგი და ცუდი ერთნაირი რატომ უნდა იყოს. ვინც სწავლობს და მეტი უნდა ისწავლოს, იმ ბავშვსაც ხომ ეკარგება ასეთ დროს მოტივაცია. ასეთი ბავშვი წახალისებული არანაირად არ არის თუ მშობელი თვითონ არ წაიყვანს დამატებით წრეზე, ცეკვაზე ან სიმღერაზე. თავის მხრიდან, სკოლამ რომ თქვას, ეს ბავშვი ამ საგანშია ნიჭიერი და მოდი ამ მიმართულებით მივაქციოთ ყურადღება,  დღეს საკითხი ასე არ დგას, ბავშვი ამგვარი ყურადღებით არ არის განებივრებული. სკოლაში ხომ ყველა ერთნაირი არ არის, ზოგი მეტად სწავლობს და ზოგი ნაკლებად, ზოგს განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ზოგს – არა. ნაკლებს ვინც ცდილობს, იმანაც ხომ უნდა იფიქროს, რომ მეტი გააკეთოს, რომ უკეთესი იყოს. თუ ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ მითითებით ზოგიერთი იჩაგრება, გამოდის, რომ ვინც სწავლობს, იმასაც გული უცრუვდება – ვაკეთებ თუ არ ვაკეთებ, თუ ერთი და იგივეა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რამეს. დღეს არანაირი მოტივაცია არ არის, და ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა არ არის სწორი. ჩვენს სკოლაში ალბათ, ჩვენ არ განგვასხვავებდნენ ამ მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ იქ დღე და ღამე ვიყავით და თან ძალიან კარგადაც ვსწავლობდით. სკოლაში ვინმე სტუმარი რომ მოვიდოდა, თუნდაც ანა კალანდაძე, ან მუხრანი, ის მოსწავლე არ იდგა სცენაზე, ვინც არ სწავლობდა. და ამიტომ, პირიქით, ვცდილობდით, რომ ბევრი გაგვეკეთებინა და კარგად გვესწავლა, რომ მათთან ერთად ყოფნის ღირსი გავმხდარიყავით. ასეთ რაღაცებში პრივილეგირებულები ვიყავით, ვინც სწავლობდა, ის, ასე ვთქვათ, უფრო წინ იდგა. 

 

დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. 

ლანა ბ. თქვენც გმადლობთ ინტერესისთვის. 

სკოლის შესასვლელი
სპორტული დარბაზი
სკოლის შესასვლელი
სასადილოდან სკოლამდე ჩამოსასვლელი გზა
სასადილო
პატარა სტადიონი და სპორტული დარბაზი
საძინებელი კორპუსი

სპორტული დარბაზი

 

დატოვე კომენტარი