მინიმალური ხელფასი

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა მის მიერ გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შედეგები, და შექმნა პოლიტიკური გამოწვევა, თუ როგორ, და სოციალური დაცვის რა მექანიზმებით უნდა უპასუხონ მთავრობებმა პანდემიით გამოწვეულ სოციალურ კრიზისს. მინიმალური ხელფასი ისტორიულად სოციალური დაცვის იმგვარ მექანიზმს წარმოადგენს, რომელმაც დაბალანაზღაურებადი მშრომელები და მათი ოჯახები სიღარიბისგან უნდა დაიცვას. სტატიაში მიმოვიხილავთ მინიმალური ხელფასის სხვადასხვა ასპექტს. 

 

რა არის მინიმალური ხელფასი

მინიმალური ხელფასი განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების იმ მინიმალურ ოდენობას, რაც დამსაქმებელმა შეუძლია გადაუხადოს დასაქმებულს ქვეყნის, რეგიონის ან ინდუსტრიული სექტორის მასშტაბით. 

მინიმალური ხელფასი ამდენად შესაძლოა შემუშავებულ იქნას ზოგად ეროვნულ, (ანუ ქვეყნის), ცალკეული ინდუსტრიის, ან პროფესიული ჯგუფების (occupational groups) დონეზე კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულების (CBAs) საფუძველზე. 

ინდუსტრიის დონეზე შემუშავებული მინიმალური ხელფასი, როგორც წესი, არ უნდა ჩამოუვარდებოდეს ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ მინიმალურ ხელფასს. მინიმალური ხელფასი დღეისათვის ქვეყანათა უმრავლესობაში არსებობს.

 

მინიმალური ხელფასის ფუნქცია და სამიზნე ჯგუფი

მინიმალური ხელფასის მექანიზმი პირველ რიგში, განკუთვნილია დაბალანაზღაურებადი შრომის ბაზრისთვის და მიზნად ისახავს იმ დასაქმებულთა შრომითი ექსპლუატაციისაგან დაცვას, ვინც კაპიტალისტურ ეკონომიკებში დაბალანაზღაურებად შრომას ეწევიან.

თავის მხრივ, კაპიტალისტურ ეკონომიკებს სრული დასაქმება არ ახასიათებთ და სრული დასაქმებისკენ არც მიისწრაფვიან. ასეთ ეკონომიკებში, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც რჩება ხოლმე არსებული შრომის ბაზრისათვის შეუსაბამო და შესაბამისად ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღმა – ანუ უმუშევარი. მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით, ოფიციალური უმუშევრობა საფრანგეთში 8.4%-ია, გერმანიაში – 3.5%, ხოლო თურქეთში 14.3%.

როდესაც დასაქმების ბაზარი საბაზრო ძალებით იმართება, ასეთ დროს უმუშევრები საკუთარ სამუშაო ძალას ბაზარზე დამკვიდრებულ ფასად ჰყიდიან. იმ სფეროებში კი, სადაც სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდებაა, კონკურენტულად მოიაზრება არა მხოლოდ კვალიფიციური, არამედ დაბალი ფასის მქონე შრომა. ამგვარ ვითარებაში, საბაზრო პროცესი, და საბაზრო ძალაუფლების მქონე აქტორები, ხელფასს მაქსიმალურად უმცირებენ იმ სამუშაო ძალას, რომელიც ბაზარზე არსებული დამსაქმებლის მოთხოვნებს ყველაზე ნაკლებად აკმაყოფილებს – ასეთები შეიძლება იყვნენ ნაკლებად კვალიფიციური მუშახელი, შედარებით გამოუცდელი ახალგაზრდები, ქალები და ა.შ.

ასეთ ვითარებაში, თუ ხელფასის შემცირების დაწესებული მინიმალური ზღვარი არ არსებობს, ხელფასი შესაძლოა შემცირდეს უკიდურეს ზღვრამდე, რა დროსაც დასაქმებული ადამიანების ექსტრემალური სიღარიბის საფრთხე დგება. ამდენად, მინიმალური ხელფასის იდეა, ხელფასის ქვედა, მინიმალური ზღვრის დაწესებით, წარმოადგენს შრომის ბაზრის რეგულაციის იმგვარ მექანიზმს, რომელიც მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ კაპიტალისტურ ეკონომიკებში დაბალშემოსავლიანმა მუშახელმაც მიიღოს სარგებელი ეკონომიკური ზრდით – ანუ საშუალო ხელფასის ზრდასთან ერთად გაიზარდოს მისი ხელფასიც.

 

როგორ ითვლება მინიმალური ხელფასი

მინიმალურ ხელფასს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვანაირად თვლიან. უმეტეს ქვეყნებში, მინიმალური ხელფასი საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება: ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელფასის წარმომქმნელ მექანიზმში ერთვება და კანონით განსაზღვრავს, თუ რა უნდა იყოს ხელფასის მინიმალური ოდენობა. საკანონმდებლო რეგულაცია შესაძლოა შეეხებოდეს ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელფასო შემოსავლის მქონე დასაქმებულს, ან კონკრეტულ პროფესიულ ჯგუფებს. როგორც წესი, მინიმალური ხელფასის ზრდა ყოველწლიურად ხდება, და ის იცვლება ან ეროვნულ დონეზე საკანონმდებლო რეგულაციით, ან ინდუსტრიისა თუ პროფესიული ჯგუფების დონეზე კოლექტიური ხელშეკრულებების საფუძველზე.  

 

დაბალანაზღაურებადი შრომის ბაზარი საქართველოში

გადავხედოთ თუ რა სიტუაცია და სახელფასო მაჩვენებლებია საქართველოში დაბალანაზღაურებად შრომის ბაზარზე: საქართველოს პრეზიდენტის, 1999 წლის 4 ივნისის ბრძანების მიხედვით, საბაზრო ურთიერთობათა პირობებში, სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ მუშაკთა სოციალური დაცვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, მინიმალური ხელფასი განისაზღვრა 20 ლარის ოდენობით. ამ ბრძანებით დადგენილი ნორმები დღესაც მოქმედებს და ფორმალურად, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დღეისათვის ასე გამოიყურება: 40 საათიანი სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში, დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულს გადაუხადოს საათში არანაკლებ 0.13 თეთრისა. ხოლო 48 საათიანი სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში – არანაკლებ  0.10(4)-თეთრისა.

მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არსებული ხელფასები 20 ლარს აჭარბებს, საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც შრომის ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე – ანუ დღეის მდგომარეობით თითქმის 197 ლარზე – დაბალია. მაგალითად. 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, საქართველოში 200 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებდა საშუალოდ 69 080 ადამიანი. ბევრად მეტია იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 300-ს, 400-ს, ან 500 ლარსაც კი ჩამოუვარდება: 500 ლარს ქვემოთ სახელფასო ანაზღაურების მქონეთა რიცხვი მთლიანობაში მნიშვნელოვნად აღემატება 200 000 დასაქმებულს. რაც შეეხება ყველაზე დაბალანაზღაურებულ საქმიანობებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2018 წელს, ყველაზე დაბალანაზღაურებადი დარგები იყო განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება, სასტუმროები და რესტორნები, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ნაწარმის რემონტი, დამამუშავებელი მრეწველობა, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, ნადირობა და სატყეო საქმიანობა.

საინტერესოა ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მდგომარეობა: ბოლო კვლევების მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასი ყველაზე დაბალია და მინიმუმ 9-ჯერ ჩამორჩება მეზობელი ქვეყნების მინიმალურ ხელფასს. მაგალითად, აზერბაიჯანში მინიმალური ხელფასი 76$-ია, სომხეთში 114$, მოლდოვაში 115%, უკრაინაში 123$, რუსეთში – 132$, ხოლო ბელორუსიაში – 155$.

 

მინიმალური ხელფასის შექმნის ისტორიული კონტექსტი

მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ხელფასის სტანდარტი რიგ ქვეყნებში (მაგ. საფრანგეთში, ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთში) უკვე არსებობდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნამდე, საერთაშორისო შეთანხმების დონეზე მისი ისტორია 1919 წლიდან, ანუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნიდან იწყება. მინიმალური ხელფასის იდეის მხარდამჭერებმა, ორგანიზაციის პირველივე კონფერენციაზე წამოაყენეს ინიციატივა, რომ მომდევნო საკონფერენციო სესიას განეხილა მინიმალური ხელფასის დაწესება სხვადასხვა ინდუსტრიული სექტორებისათვის. იდეის ინიციატორებმა ამავე კონფერენციაზე მოითხოვეს შემდეგი პრინციპის დაფუძნება: „ადამიანის შრომა არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ გასაყიდ საქონლად და კომერციის იმგვარ ობიექტად, რომელიც ექვემდებარება მოთხოვნა-მიწოდების კანონს – უმუშევრობის პერიოდებში, შრომა არ უნდა ჩავარდეს არასათანადო ანაზღაურების რისკის ქვეშ იმ მიზეზით, რომ სამუშაო ძალა ასეთ დროს ჭარბია“.

მრავალეტაპიანი კვლევებისა და დისკუსიების შედეგად, 1928 წელს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო მინიმალური ხელფასის კონვენცია და რეკომენდაცია: ამ დოკუმენტების მიხედვით, იმ სფეროებში სადაც არ არსებობდა სახელფასო განაკვეთის ეფექტური რეგულაციები, და ხელფასები უკიდურესად დაბალი იყო, სახელმწიფოს უნდა განესაზღვრა ხელფასის მინიმალური სტანდარტი. კონვენციამ სახელმწიფოებს მიანიჭა თავისუფლება, თავად განესაზღვრათ მინიმალური ხელფასის კონკრეტული ოდენობა დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან კონსულტაციების შედეგად.

თუმცა უმთავრესი აქ იყო ის, რომ მშრომელებს ჰქონოდათ შესაძლებლობა უზრუნველეყოთ „ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი.“ და ეს არა მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც მშრომელები ძლიერი ორგანიზების წყალობით აღწევდნენ კარგ კოლექტიურ ხელშეკრულებებს, არამედ იმ სფეროებშიც, სადაც შრომის ორგანიზება არ ხდებოდა.

 

მინიმალური ხელფასის მხარდამჭერი და საწინააღმდეგო არგუმენტები

თუ ეკონომიკურ პოლიტიკას ე.წ. “ნეოკლასიკური პარადიგმით” განსაზღვრავენ, მაშინ მინიმალური ხელფასი დასაქმებისათვის საზიანო მექანიზმად წარმოჩინდება ხოლმე. არგუმენტი აქ შემდეგია, რომ როდესაც შრომის საფასური იზრდება, კომპანიები მიდრეკილები არიან ზედმეტ გადასახადს თავი აარიდონ სხვადასხვანაირი გზებით. შესაძლებლობის შემთხვევაში ისინი ახორციელებენ შრომის ავტომატიზაციას, მოიხმარენ ნაკლებ შრომას, ამცირებენ სამუშაო საათებს, ჯერდებიან ნაკლებ მოგებას, ან საერთოდაცშრომითი საქმიანობა გადააქვთ იმ ქვეყნებში, სადაც დაქირავებული მუშახელი ნაკლები უჯდებათ. ბიზნესის, როგორც რაციონალური ეკონომიკური აქტორის მიერ შესაძლო დანახარჯის თავის არიდების ამგვარი მიდრეკილების გამო მოჰყავთ ხოლმე მინიმალური ხელფასის წინააღმდეგ სამუშაო ადგილების შემცირების არგუმენტი.

თუმცა, ნეოკლასიკური პარადიგმის კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ  (Hansjörg Herr – Kritik der neoklassischen Analyse von Mindestlöhnen) ამგვარი მიდგომა მხოლოდ მიწოდების ნაწილზეა ორიენტირებული და მხედველობაში არ იღებს მოთხოვნის ნაწილს და ამდენად, ცალმხრივი ანალიზად უნდა მივიჩნიოთ. უფრო კონკრეტულად, ის არ ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის გაზრდის მიერ წარმოქმნილ მოთხოვნას პროდუქტებზე და მის თანმდევ ეკონომიკურ შედეგებს. ანუ კრიტიკის მიხედვით, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მინიმალური ხელფასის აწევა ზრდის პროდუქტებზე აგრეგატულ მოთხოვნას, მაშინ უფრო ცხადი ხდება მისი პოზიტიური როლი და ფუნქცია დასაქმების პროცესში და მთლიან ეკონომიკურ პროცესებში.  

მთლიანობაში კი, მინიმალური ხელფასის იდეა არ შეიძლება ჩაითვალოს ნულოვანი ჯამის თამაშად, სადაც ერთი მხარე იგებს და მეორე აგებს, მინიმალური ხელფასის ირგვლივ არსებული კვლევები ცხადყოფენ, რომ ეს შეიძლება მომგებიანი იყოს ორივე მხარისთვის.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი