ნინო ხელაიას მოსაზრება ნამახვანჰესის წინააღმდეგობის შესახებ

 

 

„მავანმა უნდა აიღოს და თქვას, როგორც არის ეს დაპროექტებული, რა გეოლოგიაც არის გაკეთებული, რა სეისმოლოგიაც… ეს არის ასობით გვერდი, ტომები კვლევების… ხომ უნდა წაიკითხოს და მიუთითოს…  ამ კუთხით, დისკუსია, ველი, დოკუმენტაცია, ყველაფერი ღიაა… მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კარავში (!), ადგილობრივი ქუთაისელი ბიჭი, რომელიც ვერაფერში ვერ ერკვევა (!) და რომელსაც რომ უჯდები, გეუბნება რომ არა, მე მაქვს კითხვები და მე მინდა პასუხები… რომ ეუბნები დასვი კითხვა, და გეუბნება, რომ მე კითხვას ვერ დავსვამ, კითხვა უნდა დასვას ექსპერტმა. ექსპერტი ან სადღაც მუშაობს, ან არ მუშაობს, ან ვინ არი ან რა კომპეტენცია აქვს არ ვიცით, მაგრამ ის (ბიჭი) ხმაურობს, ის იძახის მე მინდა კითხვების დასმა. შესაბამისად ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ პროტესტთან.“

ამონარიდი 2021 წლის 27 მაისს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ტელევიზიით გასული ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც ეხებოდა ნამახვანჰესის ირგვლივ არსებულ წინააღმდეგობას. რესპონდენტი –  მმართველი პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი ერთ-ერთი პირი. 

 

 

ჩვენი საზოგადოებისათვის ალბათ უცხო არ არის, რომ აქ დამკვიდრებული პოლიტიკური კულტურა პასიურობას, აპათიას, ცინიზმს და უნდობლობას ახალისებს. ამის მიზეზების გამორკვევა მნიშვნელოვანი, მაგრამ ცალკე საკითხია და მასზე მსჯელობა ამ მოკლე ტექსტის მიზანი არ არის. მაგრამ სახეზეა, რომ ამ მოცემულობას უკვე ღრმად აქვს ფესვები გადგმული და ამიტომ, ნებისმიერ საზოგადოებრივ მოძრაობას, კონკრეტულ საკითხთან ერთად, ამგვარ პოლიტიკურ კულტურასთან გამკლავებაც მოუწევს.

აქ საინტერესოა, რომ ამ პოლიტიკური კულტურის კვლავმწარმოებლებს  – პოლიტიკურ პარტიებს, კონკრეტული ინტერესების მსახურ მედია საშუალებებს, დაქირავებულ ექსპერტებსა და ა.შ. –  რომლებიც საჯარო სივრცეებიდან ერთი შეხედვით საზოგადო ინტერესის სახელით გვესაუბრებიან ხოლმე, ხშირად ახასიათებთ საზოგადოების შესახებ ზედმიწევდით პრიმიტიული ინტერპრეტაციები: 

მათ ავიწყდებათ, რომ ადამიანები, საკუთარი აზრის ფორმირებისას, მხოლოდ ამ პოლიტიკური კულტურის მწარმოებელთა მიერ მიწოდებულ მზა-ჩარჩოებს ან სამეცნიერო კვლევით პარადიგმებს კი არ ირგებენ, არამედ საკუთარ დამოკიდებულებასა და შემეცნებით კავშირებს ავითარებენ უსამართლობების მიმართ და საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან შეჯერებით, თავად იქმნიან წარმოდგენას იმაზე, თუ რა წარმოადგენს უსამართლობას მოცემულ მომენტში.

 სოციალური მოძრაობების თეორიისთვის ცნობილია, რომ სწორედ ამგვარი შემეცნებითი კავშირი ქმნის საზოგადოებაში იმის გააზრების საშუალებას და შეგრძნებას, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები შეუქცევადი კი აღარ არის, არამედ შესაძლოა ცვლილებებს დაექვემდებაროს, და უფრო მეტიც, ამ ცვლილებების შემოქმედნი შესაძლოა თავადაც გახდნენ. ამას საკუთარი ქმედითუნარიანობის გააზრებას შეგვიძლია ვუწოდოთ და ის თითქმის ყოველთვის პოლიტიკური ცნობიერების ახალი სივრცეების გახსნას მოასწავებს და კოლექტიური ქმედების კატალიზატორი ხდება. 

 

დაშვება, რომ თითქოს ჩვეულებრივ ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური საკითხებისა არაფერი გაეგებათ, სინამდვილეში მართლაც რომ პრიმიტიული და ზედაპირულია, ახალ მიგნებას ნამდვილად არ წარმოადგენს. ეს მოსაზრება სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტებში სხვადასხვა ავტორებს აქვთ გაქარწყლებული. მაგალითად, ამერიკელმა სოციოლოგმა უილიამ გამსონმა, ჯერ კიდევ 1992 წელს გამოსცა წიგნი სახელწოდებით “საუბარი პოლიტიკაზე,” (Talking Politics, William A. Gamson, 1992), სადაც დასვა შემდეგი შეკთხვა: თუ ის აზრი სწორია, რომ ჩვეულებრივი ადამიანი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ბევრს ვერაფერს იაზრებს, ან რასაც იაზრებს ისიც მედიისგან არის ნაკარნახევი, როგორ მოხდა, რომ ამერიკის ისტორიაში, სოციალურ მოძრაობებს ასეთი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ, და მასების მომხრობა და მთელი რიგი სოციალური და ღირებულებრივი ცვლილებების მოტანა მოახერხეს? ამის გამოსარკვევად გამსონი ესაუბრა მუშათა კლასისგან შემდგარ ჯგუფებს იმ დროის სხვადასხვა წინააღმდეგობრივ საკითხებზე (მათ შორის სოციალურ პოლიტიკაზე, ამერიკის ინდუსტრიაზე, ბირთვულ ენერგიასა და ისრაელისა და არაბთა კონფლიქტზე). მიღებული მასალები შეადარა მედიის მიერ მოწოდებულ შინაარსს, რათა გამოერკვია, რამდენად იმიტირებდნენ ადამიანები მედიის მიერ მოწოდებულ მასალებს, და აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხი, სინამდვილეში უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე ხშირად ეგონათ ხოლმე. ადამიანები მათთვის მოწოდებულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებას აჯერებდენ, და სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე წარმართავდნენ საკმაოდ აზრიან და ინფორმირებულ დისკუსიას ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხზე. და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა პოლიტიკაში ჩართული არ იყო, შესაძლო პოლიტიკური ქმედება მათ გონებაში ყოველთვის ტრიალებდა და გააქტიურების მომენტს ელოდებოდა.  

 

ეს ემპირიული დასკვნები გვიანი 80-იანი წლების ამერიკული საზოგადოების ისტორიას ეყრდნობა, და მასში შეხვდებით პასაჟებს, სადაც ამერიკელი მშრომელები რონალდ რეიგანის პოლიტიკით მკაფიო იმედგაცრუებას გამოხატავენ. მათი თქმით,  ის სოციალური სიკეთეები, რაც ამერიკულმა საზოგადოებამ 50-იანი წლებიდან, მარტინ ლუთერ ქინგისა და ამერიკის სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დროს მოიპოვა, რონალდ რეიგანის პოლიტიკამ ისევ ხელიდან გამოაცალათ. 

 

მიუხედავად რეიგანის ნეოლიბერალურ პოლიტიკებთან იდეოლოგიური მსგავსებისა, 80-იანი წლების ამერიკა სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული ასპექტებით დღევანდელი საქართველოსგან ბევრი თვალსაზრისით არის განსხვავებული. ამიტომაც, ამერიკული საზოგადოების გამოცდილების განზოგადება ქართულ რეალობაზე დროსა და სივრცეში მიკერძოება იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადოებებიდან აღებული ისტორიული მაგალითები შეგვიძლია დასაფიქრებლად გამოვიყენოთ და დავსვათ შეკითხვები იმის შესახებ, თუ ჩვენს საზოგადოებაში რა განაპირობებს ჩვეულებრივი ადამიანების მიმხრობას ამა თუ იმ პროტესტში, ან როგორ იყალიბებენ პროტესტის მომხრე ადამიანები შეხედულებებს იმის თაობაზე, თუ რა არის უსამართლობა; რა იციან ამ საკითხების შესახებ, რასაც აპროტესტებენ; ან საერთოდ, რისი ცოდნის ვალდებულება აქვთ? 

 

ნამახვანჰესის საწინააღდეგო პროტესტის გამოკვლევა ამ კუთხით ჯერ-ჯერობით არ ჩატარებულა. რამოდენიმე გამოკვეთილი ფიგურის გარდა, რიგითი აქტივისტები მედიაში სასაუბროდ დიდად არ ჩნდებიან. შესაბამისად, დასაწყისში მოყვანილი თავხედური ციტატის ავტორისგან განსხვავებით, რომელიც ამტკიცებს, რომ პროტესტის მონაწილე “ადგილობრივმა ქუთაისელმა ბიჭებმა” არაფერი იციან იმის შესახებ თუ რას აპროტესტებენ, ჩვენ არ შეგვიძლია სოციოლოგიური კვლევების სიზუსტით ვთქვათ, თუ ვინ და რატომ უჭერს მხარს მოძრაობას, და ვის რა წარმოდგენები აქვს პროტესტის შინაარსზე.  

 

თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 200-ზე მეტ დღიანი პროტესტის განმავლობაში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც საპროტესტო სცენა ძალაუფლების აქტორთა მხრიდან არც თუ ისე სერიოზული მიდგომით ხასიათდებდა, პროტესტის მნიშვნელობა ცასლახად გასცდა კონკრეტული ჰესის საკითხს, და ბევრად უფრო ფართე მნიშვნელობის თემები დააყენა დღის წესრიგში. ცალსახად უკვე რთული გახდა იმის მტკიცება, თუ რამ განაპირობა მხარდამჭერთა ზრდა, პროტესტის მიმართ არსებულმა რეაქციამ, თუ თავად პროტესტის შინაარსმა. მაგრამ ფაქტია, რომ დასაწყისთან შედარებით, რიონის ხეობის მცველების გვერდით გაცილებით მეტი ხალხი დგას. 

 

ამ პროცესში საინტერესო ის მოხდა, რომ საკითხები, რომლებიც ადრე ჭეშმარიტების სფეროში იყვნენ კომფორტულად განთავსებულნი, და რომელთა შესახებაც იდენტური წარმოდგენები ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს (რაც თავის მხრივ, ყოველთვის წარმოსახვით იერს აძლევდა პარტიულ პლურალიზმს საქართველოში) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ახლა უკვე კითხვის ნიშნების სფეროში გადაინაცვლეს. როგორც იტყვიან ხოლმე, ძაღლი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ვერ ყეფდა, ყეფა დაიწყო. 

 

ასეთი საკითხებია ის, თუ საერთოდ რა წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესს, როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა; ამ ეკონომიკურ პოლიტიკაში რა როლი უნდა ჰქონდეს ენერგეტიკის პოლიტიკას; რას ნიშნავს თავად ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ცნება და რა სპეციფიკური კრიტერიუმები ქმნიან მას; როგორი უნდა იყოს ისეთი განვითარების პოლიტიკა, რომელიც საცხოვრებელ გარემოს კი არ გაგვინადგურებს, არამედ პირიქით, გაგვიუმჯობესებს; უნდა იყოს თუ არა ნებისმიერი მიწა კერძო საკუთრება და უნდა დაექვემდებაროს თუ არა ის საბაზრო გაცვლა-გამოცვლის პრინციპებს ყველა შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მათი განკარგვის ისეთი ფორმების გამოძებნა, რომელიც საერთო საზოგადოებრივ ინტერესს უკეთ დააკმაყოფილებს. ამ შეკითხვებთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებაში არსებობდა მხოლოდ გარკეული თავსმოხვეული რწმენები იმის შესახებ, რომ მაგალითად მიწა უნდა იყოს აუცილებლად კერძო საკუთრება ხოლო მესაკუთრე უნდა იყოს აღჭურვილი ყველანაირი უფლებით; რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არის ეკონომიკის განვითარების უმთავრესი ქვაკუთხედი ყველანაირი დათქმების გარეშე; რომ სახელმწიფო ვერასდროს ვერ განახორციელებს საზოგადოებრივი ინტერესების შემცველ მომგებიან პროექტებს ისე ეფექტურად, როგორც ამას მოგებაზე დაფუძნებული კერძო აქტორი განახორციელებდა; რომ სოციალური ჯგუფები, რომლებიც მსგავს საკითხებზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ჩრდილოელი მეზობლის ინტერესების გამტარებლები არიან, და ა.შ.

 

ეს ის პოლიტიკური საკითხებია, რომელთა შესახებაც ბოლო სამი ათწლეულია არსობრივი დისკუსია მიზანმიმართულად არ გამართულა. საქართველოს 30 წლიანი პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია წარმოადგენს გარკვეული ტიპის დეპოლიტიზაციის გამოცდილებას, რომელმაც პოლიტიკური დებატები იმდენად დაავიწროვა, რომ სამსჯელო სივრციდან სრულიად განდევნა სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის, სამართლიანობის, ალტერნატიული ეკონომიკური პოლიტიკის და ჩვენი  საცხოვრებელი ბუნებრივი გარემოს საკითხები.

ეკონომიკური პროცესების დემოკრატიული კონტროლის იდეა კი უთანასწორო საზოგადოებებში როგორც წესი, გულისხმობს ძლიერ სახელმწიფოსა და მის დისტრიბუციულ მექანიზმებს. პოსტსაბჭოთა პოლიტიკა და მისი სამოქალაქო საზოგადოება კი დიდწილად სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული და გაჩხერილი იყო სახელმწიფოფობიურ და რეაქციულ დისკურებში. ამ ინერციამ გარდაუვალი გახდა ის კონფლიქტები, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ.

ნამახვანჰესის ამბავი პოლიტიკის მატერიალური შინაარსისგან დაცლილი – ანტიპოლიტიკური გარემოს მიმართ საზოგადოების რეაქციაა.

აწ უკვე რთული წარმოსადგენია, რომ დაგვიანებულმა ექსპერტულმა დისკუსიებმა თავად ამ ჰესის ავკარგიანობის შესახებ საზოგადოების ნდობა მოიპოვოს. 

 

 

ცხადია, იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ამ დეპოლიტიზებული სივრციდან ახალი მნიშვნელობების წარმოქმნა მთელი რიგი დამატებითი ღირებულებების შემქმნის გარეშე იქნება შესაძლებელი. კიდევ უფრო ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ეს საკითხები უახლოეს მომავალში წარმატებით მიაღწევენ “მედია-პრომინენტულობას”. 30 წლიანი ანტი-პოლიტიკიდან პოლიტიკაში შესვლა გრძელვადიან პროცესად უნდა წარმოვიგინოთ, რისთვისაც ჯერ მხოლოდ ჩანასახოვანი ნაბიჯები იდგმება. ამ პროცესში ალბათ ყველა თავის რაციონალურ თუ ემოციურ როლს გამონახავს.

მანამდე კი იმ ქუთაისელ ახალგაზრდებს, რომლებიც ზემოთხსენებული განცხადების ავტორის მსგავსთა პრიმიტიული წარმოდგენებით, ვითომ და უცოდინრობის გამო კარავში ექსპერტების მოსვლას ელოდებიან,  შეუძლიათ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ყოველდღიურობაზე – საკუთარ ავტობიოგრაფიაზე ალაპარაკდნენ. ეს იმ სოციოლოგიური დაშვებით, რომ საზოგადოების ისტორიას სწორედ ინდივიდების ცხოვრება ქმნის და ეს ორი რამ მთლიანობაში უნდა იქნას გააზრებული იმისათვის, რომ მოვლენათა დინამიკა და სოციალური ტრაექტორიები გავიგოთ და მათზე გავლენა ვიქონიოთ. ამ ადამიანთა ცხოვრებისეული ბიოგრაფია, რომელიც მთლიანად ემთხვევა 30 წლიანი მუდმივი არასტაბილურობის ისტორიას, პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე სპეციფიკური ცოდნაა (იხ. ფლორინ პოენარუს სტატია) და სრულებით არ საჭიროებს ჰესის პროექტის ტექნიკურ მახასიათებლებზე ათასგვერდიანი ტომების წაკითხვას იმის გასაცნობიერებლად, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი და მათ გარშემომყოფთა ინტერესების იდენტიფიცირება არსებულ გარემოში ვერ მოახერხეს. 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.