ჯანდაცვა როგორც საზოგადოებრივი სიკეთე და იაშვილის კლინიკის საქმე

გასული წლის დეკემბერში შპს. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოდან მედიცინის 87 მუშაკი გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ მათი დიდი ნაწილი წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების, მათ შორის 10, 20, და 40 წლიანი სტაჟის მქონე სამედიცინო პერსონალს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი კვალიფიკაციის მიმართ პრეტენზიები სამსახურიდან გათავისუფლებამდე არ ყოფილა, დისციპლინარული პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ და მათი გათავისუფლება მოხდა მოულოდნელად, შრომითი უფლებების  აშკარა დარღვევით. შექმნილ ვითარებას მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი პროფკავშირულ ორგანიზაცია „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრთან” ერთად სწავლობს. პროფესიული კავშირები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროცესები შრომითი უფლებების უხეში დარღვევებით მიმდინარეობს, სახელმწიფო კი, რომელსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აცხადებს, რომ თუკი გათავისუფლებული მედიცინის მუშაკები სამინისტროს დახმარებისათვის საავადმყოფოდან გამოშვებამდე მიმართავდნენ, ეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემდა მედიაციის პროცესში ჩართულიყვნენ. მოცემული მომენტისათვის კი ისინი ამბობენ, რომ პროცესში ვეღარ ჩაერთვებიან და დავის გადაწყვეტის ერთადერთ გზად სასამართლოს ხედავენ.  

სანამ ამ კონკრეტული საკითხის განხილვაზე გადავიდოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია რამოდენიმე ზოგადი საკითხის მიმოხილვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიაზროთ, თუ რა სივრცესთან გვაქვს საქმე და რას წარმოადგენს საერთოდ ჯანდაცვის სფერო. დღეისათვის, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს ჯანდაცვა, არის თუ არა ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება, თუ ეს არის გაყიდვადი საქონელი. თუ შეთანხმება არსებობს იმის თაობაზე, რომ ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, მაშინ სახელმწიფო პოლიტიკები უნდა იქნეს მიმართული იქითკენ, რომ შეიქმნას ჯანმრთელობის დაცვის იმგვარი სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც უფლებებს ისევე თავისუფლებებს, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მიიღოს ხელმისაწვდომი და კარგი ხარისხის ჯანდაცვის სერვისები, და არ იყოს დისკრიმინირებული ჯანდაცვის სისტემის მიწოდების პროცესში. სწორედ ასეთ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ მისი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა მოიყვანოს ჰარმონიაში, მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და წვლილი შეიტანოს იმ საზოგადოების განვითარებაში სადაც ცხოვრობს – ანუ გახდეს აქტიური მოქალაქე. ანუ, ამ ხედვით ჯანრმთელობა არ არის არც საჩუქარი, არც ქველმოქმედების საკითხი და არც გასაყიდი საქონელი, რომელსაც იყიდი და გაყიდი მხოლოდ ბაზრის პრინციპების დაქვემდებარებულ სიტუაციაში, არამედ ის წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს, ანუ ისეთ სერვისს, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს უნდა მიეწოდებოდეს, იქნება ეს მთავრობისგან თუ კერძო პირისგან, მოგების მოლოდინის გარეშე.  

სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის ამ ჭრილში განხილვა და მსჯელობა ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა. პოლიტიკურ პარტიებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონიათ ჯანდაცვის პოლიტიკის მთლიანი, გარკვეულ ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვა, და ისინი თავიანთ მოსაზრებებს მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებაში აყალიბებდნენ და ინერციით დღესაც ეს ასე გრძელდება. ამ არაპლურალისტურ პოლიტიკურ სივრცეში კი გაიმარჯვა იმ ხედვამ, რომელიც ჯანდაცვას აღიქვამს არა უფლებად ან საზოგადო სიკეთედ, არამედ საბაზრო საქონლად.

სწორედ ამის დამატასტურებელია ის ფაქტი, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჯანდაცვის პოლიტიკის სტრატეგიისათვის გადამწყვეტი როლი ჰქონდა ჯანდაცვის პროვაიდერების პრივატიზებას. 2007 წლიდან საავადმყოფოთა ინტენსიური პრივატიზაციის პროცესი იმ მითით გამყარდა, რომ თითქოს მხოლოდ პრივატიზაცია აუცილებლად უზრუნველყოფს ჯანდაცვის სფეროს ეფექტურობას, ხოლო წლების განმავლობაში, ამ სფეროში არსებული გზავნილებით სახელმწიფო ის ბოროტებაა, რომელიც ნელნელა ჯანდაცვის სფეროს უნდა ჩამოვაშოროთ და მხოლოდ მინიმალური სახით შევინარჩუნოთ. ნეგატიური აღქმები ყალიბდებოდა ასევე ჯანდაცვის პროფესიულ კავშირებთან მიმართებაშიც, და ხდებოდა მათი მიზანმიმართული ჩანაცვლება თავად კომპანიის მენეჯმენტის მიერ დაფუძნებული მედიცინის მუშაკთა ისეთი ე.წ. „ყვითელი პროფკავშირული“ გაერთიანებებით, როგორიც არის  „ევექსის ფონდი.“

არგუმენტი, რომ ჯანდაცვის სექტორის ეფექტიანობასა და ხელმისაწვდომობას პრივატიზაცია უზრუნველყოფს, სინამდვილეში ძალიან საკამათოა. განვითარებულ ქვეყნებში, ეს არგუმენტი როგორც წესი მომდინარეობს ხოლმე კერძო კლინიკების მფლობელებისაგან, მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ამტკიცონ ის, თუ რატომ არის დაკავშირებული ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაცია აუცილებლად ხარისხთან, ეფექტურობასთან და ხელმისაწვდომობასთან, რაც მათთვის სერიოზული გამოწვევაა. თუმცა, ჩვენთან ეს თავად სახელმწიფომ გააკეთა 2003 წლიდან სოციალური და ეკონომიკური ლიბერალიზაციის პოლიტიკით. ამით, მან გამოწვევები შეუმსუბუქა კერძო სექტორს და მათ ფაქტიურად ძალიან დიდი კომფორტი შეუქმნა. სიტუაციის ამგვარი გაიოლებით, ჩვენ მივიღეთ სივრცე, სადაც ჯანდაცვის სისტემის რეგულაციის მინიმალური ინსიტუტუციური მექანიზმებიც კი არ არსებობს, ხოლო ქვეყანაში არსებულ საავადმყოფოთა დაახლოებით 90% წარმოადგენს კერძო მომგებიან სექტორს. ანუ, ესენი არიან კერძო კომპანიები თავისი სპეციფიკური მოგების ინტერესით. ხოლო მათ შორის რეალური კონკურენციაც კი არ არსებობს და ამგვარად აქ საბაზრო პრინციპებიც კი ირღვევა. ცალკე საკითხია ის, თუ რამდენად საჭიროა ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის კონკურენცია: თუ ჯანდაცვას საზოგადოებრივ სიკეთედ აღვიქვამთ, მაშინ მას არ მოვიაზრებთ საბაზრო პროდუქტად, და შესაბამისად, კონკურენციაზე მსჯელობა აქ გარკვეულწილად უადგილოცაა.  

გარდა ამისა, როგორც ვიცით, ჰოსპიტალურ სექტორში თითქმის არ არის წარმოდგენილი მფლობელობის სხვა, ისეთი უფრო დემოკრატიული ფორმები, როგორიც არის არამომგებიანი კერძო მფლობელობა, ან სახელმწიფო მფლობელობა, ან საჯარო და კერძო პარტნიორობა.

ისეთ სივრცეში, სადაც არც რეალური კონკურენციაა, და არც ჯანდაცვის სისტემის ჯეროვანი კონტროლი და რეგულაცია ხორციელდება, სადაც სახელმწიფო არ ახორციელებს ძალისხმევას აკონტროლოს ჯანდაცვის ბაზრის სქტრუქტურა, ხოლო რიგ შემთხვევაში, დააწესოს აუცილებლად შესასრულებელი წესები და სტანდარტები – ადამიანის ჯანდაცვა თითქმის მთლიანად პრივატიზებულია და მინდობილია ბაზრის წესებს, ჯანდაცვას ეკარგება საზოგადოებრივი სიკეთის როლი და იქცევა მხოლოდ გასაყიდ აქტივად, რომელიც საზოგადოების ჯანდაცვის ინტერესსა და უფლებას ჯეროვნად ვერ უზრუნველყოფს.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მფლობელი სამედიცინო კორპორაცია EVEX-ი კერძო კომპანია, რომელსაც ჯანდაცვის სერვისების მიწოდება რამენაირად მომგებიანი უნდა გაეხადა – ხოლო მან ეს მოგების მაქსიმიზაციის პროცესი გარკვეული სერვისების შეზღუდვით და ხელფასების შემცირების საფუძველზე განახორციელა და საჯარო და სამართლებრივ სივრცეში მან ეს პროცესი კლინიკის “მოდერნიზაციის” არგუმენტით გაამყარა. ამას, თავის მხრივ, ხელი შეუწყო საკანონმდებლო ხარვეზებმა – საქართველოს კანონმდებლობა დღეს საკმაოდ ბუნდოვანია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოიაზრებოეს “მოდერნიზაციის” ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით დაზარალდნენ არა მხოლოდ მოულოდნელად გათავისუფლებული ექიმები, არამედ პაციენტთათვის შეიზღუდა რიგი სერვისებიც, რომელთა აუცილებლობაზეც თავად პროფესიონალები საუბრობენ. ამასთან, ნებისმიერი ტექნიკური მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად იყო მნიშვნელოვანი გარკვეული სერვისების შეზღუდვა, საკითხის პოლიტიკური განზომილებიდან ტექნიკურ განზომილებაში გადაყვანის მცდელობად შეიძლება გავიაზროთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული ინფორმაციული ასიმეტრიულობის არგუმენტით.

 

სოციალური დიალოგის ასპექტი

მეორე პრობლემურ განზომილებას წარმოადგენს სოციალური დიალოგის საკითხი: იაშვილის კლინიკის გათავისუფლებულ ექიმთა პრობლემები კიდევ ერთხელ გვახსენებს სოციალურ პარტნიორებს შორის დიალოგისა და კოლექტიურ მოლაპარაკების მნიშვნელობას მსგავსი დავების თავიდან ასაცილებლად. დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებებს შორის სოციალური დიალოგი, როგორც ცნობილია, ევროპული ტიპის სოციალური საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ასეთი დიალოგისა და მოლაპარაკებების მეშვეობით და საერთო ეკონომიკურ თუ სოციალურ პოლიტიკაზე დისკუსიითა და ინფორმაციის გაცვლით ხდება შესაძლებელი მხარეებს შორის საერთო შეთანხმებების მიღწევა და ერთის მხრივ დასაქმებულთა და მეორეს მხრივ, დამსაქმებელთა ინტერესების დაბალანსება ისე, რომ მიღებული გადაწყვეტილებით მხარეები კმაყოფილნი დარჩნენ.

2003 წლის შემდგომ, საქართველოში გატარებულმა ლიბერალურმა სოციო-ეკონომიკურმა რეფორმებმა თითქმის არ დატოვეს სოციალური დიალოგის სივრცე და შესაძლებლობა. ევროკავშირის პოლიტიკური წნეხით, უკვე 2013 წელს, საქართველოში მაინც შეიქმნა სოციალური დიალოგის სამმხრივი კომისია. ეს ფორმატი გულისხმობს მოლაპარაკებებს, კონსულტაციებს და ინფორმაციის გაცვლას სამ ორგანიზებულ სოციალურ პარტიორს შორის. ესენი არიან: საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა გაერთიანებები და დასაქმებულა გაერთიანებები. ამგვარი მოდელი ევროპული სოციალური მოდელის  – ანუ ევროპული ცხოვრების სტანდარტებისა და სამუშაო პირობების საერთო ხედვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. თუმცა საქართველოში სამმხრივი დიალოგის ინსტიტუციონალიზაციამ კომისიის დონეზე დიდი შედეგი ვერ მოიტანა. ამის ერთ-ერთ მიზეზად მხარეებს შორის ნდობის ფაქტორი და მხარეების ასიმეტრიული ძალა შეგვიძლია დავასახელოთ. მაგალითად: იაშვილის კლინიკიდან გათავისუფლებული ექიმები თავად ყვებიან, თუ როგორ იკარგებოდა ნდობა კლინიკის მენეჯმენტის მიმართ წლების განმავლობაში, თუ როგორ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია კლინიკის პრივატიზების შემდეგ და გაუარესდა ზოგადი მდგომარეობა. ნდობის არსებობა კი კოლექტიური მოლაპარაკების პროცესში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მისი მიღწევა მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ერთის მხრივ სახეზეა ძლიერი და დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირები და მეორე მხრივ ძლიერი ბერკეტები აქვს მთავრობას, ხოლო დამსაქმებელი დემოკრატიული ფორმითა და ღიაობით არის წარმოდგენილი.

სოციალური დიალოგის პროცესში ასევე მნიშვნელოვანია კოლექტიური ხელშეკრულებების დადების პრაქტიკა კოლექტიური მოლაპარაკებების საფუძველზე. ასეთი მოლაპარაკებები როგორც წესი, წინ უნდა უძღოდეს შრომით პირობებზე შეთანხმებას. ამგვარ პროცესში ჩართულები არიან დამოუკიდებელი მხარეები და მათი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები შესაძლოა ისეთ პირობებზე შეთანხმდნენ, რომელიც შრომის კოდექსით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებზე უმჯობესია. ჯანდაცვის სფეროში კოლექტიური ხელშეკრულებების დადება ჯანდაცვის სექტორის თავისებურების გათვალისწინების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა შეიძლებოდა ყოფილიყო.

ფოტოს გარეკანზე: სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას