მოულოდნელი შედეგით დამთავრდა 31 მარტის ადგილობრივი არჩევნები თურქეთში – სახელისუფლებო ალიანსმა ბურსას გარდა ყველა მნიშვნელოვანი დიდი ქალაქი დაკარგა ოპოზიციურ ალიანსთან ელექტორალურ დაპირისპირებაში, ხოლო ქურთებისა და მემარცხენეების ალიანსმა – ხალხთა დემოკრატიულმა პარტიამ, ერთის მხრივ მოახერხა იმ მუნიციპალიტეტების უმეტესობის დაბრუნება სადაც 2016-17 წლებში არჩეული მერების ადგილას ცენტრიდან გამოგზავნილი მოხელეები დანიშნეს, ხოლო მეორეს მხრივ მათმა გადაწყვეტილებამ დიდ ქალაქებში ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერის თაობაზე, ფაქტობრივად გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ იმ რეგიონებში, სადაც მმართველი სახალხო ალიანსის შემადგენელმა ორმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი წარადგინა, ნაციონალისტურმა მოძრაობის პარტიამ, მმართველ სამართლიანობისა და აღმავლობის პარტიას მოუგო. ასევე მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციის გამარჯვება ქირშეჰირისა და ბილეჯიქის პროვინციებში, რამაც დაამსხვრია მითი რომ ოპოზიციას შიდა ანატოლიაში წარმატების შანსი არ აქვს.
იმის შემდეგ, რაც აბსოლუტურმა საპრეზიდენტო სისტემამ თურქეთის ეროვნულ მეჯლისს ძალაუფლების დიდი ნაწილი ხელიდან გამოაცალა, მუნიციპალიტეტების მნიშვნელობა ბევრად გაიზარდა, ხოლო ისეთ პირობებში, როცა სამინისტროები ოპოზიციის წვდომის რადიუსიდან შორსაა, მუნიციპალიტეტის ფლობა შიდაპარტიული პატრონაჟის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს, ასეთივე მნიშვნელობა აქვს მუნიციპალიტეტებს მმართველი პარტიისათვის – რეჯეფ თაიფ ერდოღანის და მისი თანამოაზრეების აღზევებაც სწორედ მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო, 1994 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების წინ თაიფ ერდოღანის პოზიციები შეურყეველი ჩანდა, უკვე იგრძნობოდა გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ქვეყანაში რიგზე არ იყო; ბოლო ერთი წლის მანძილზე ლირამ დოლარსა და ევროსთან მიმართებით ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა, ხოლო თურქეთის ეკონომიკამ მნიშვნელოვანი სტაგნაცია განიცადა, ინფლაცია განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებს შეეხო, იმდენად, რომ სახელისუფლებო მედია საშუალებებმაც კი ვერ შეძლეს ამის უგულებელყოფა.
ეკონომიკური პრობლემების პირობებში, რომლებიც მთელმა ქვეყანამ შეიგრძნო, სახელისუფლებო სახალხო ალიანსის, რომელიც ერდოღანის „სამართლიანობისა და აღმავლობის პარტიის“ და რადიკალური მემარჯვენე „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიისაგან“ შედგება, სტრატეგია საზოგადოების მიზანმიმართული პოლარიზაცია გახდა, ნაცვლად ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისაკენ მიმართული დაპირებებისა ან დაპირისპირებული მხარეების შერიგებისაკენ მიმართული რიტორიკისა, არჩევნები გამოცხადდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხად, ხოლო ოპოზიცია ტერორისტად და სამშობლოს მოღალატედ, ისე, რომ , თავად პრეზიდენტი ერდოღანი და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ძალიან უხვად და თავისუფლად იყენებდნენ სიტყვა ტერორისტს, ტერორისტად გამოცხადდა ყველა, ქურთებიდან დაწყებული, ფასნამატით ბოსტნეულის გამყიდველ ბაზრის მოვაჭრეებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ადგილობრივი არჩევნები, ნაცვლად უშუალოდ მერობის კანდიდატებისა, საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად პირადად ერდოღანმა და მისმა მინისტრებმა აწარმოეს, ხოლო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი მედია, აქტიურ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც ოპოზიციის მიერ წარდგენილი ეთნიკურად ქურთი კანდიდატების ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრობაში დადანაშაულებამდეც კი მივიდა.
დიდი იყო დაძაბულობა როგორც არჩევნების წინ, მის პროცესში და შემდგომ, არჩევნები დაიწყო შოკის მომგვრელი ამბით, რომ მალათიაში, მმართველი პარტიის კანდიდატის ნათესავები თავს დაესხნენ და მოკლეს ოპოზიციური ბედნიერების პარტიის ორი საარჩევნო დამკვირვებელი, ხოლო ქურთულ რეგიონებში გადამწყვეტი როლი ითამაშა იქ საგანგებოდ გადასროლილი პოლიციისა და ჯარის ნაწილების ხმებმა, ხოლო ჯერ კიდევ არჩევნებამდე ბევრგან დაფიქსირდა არარსებული ამომრჩევლებისა და მკვდარი სულების საარჩევნო სიებში ჩაწერის ფაქტები. ხოლო განსაკუთრებით ქურთებით დასახლებულ რეგიონებში, პირდაპირი ზეწოლა და დაკავებების ტალღა განხორციელდა ხდპ-ს წევრების მიმართ.
მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა და გამოყენებული შოვინისტური, სიძულვილის ენისა, რომელმაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ოპოზიციური ამომრჩევლის ყველა სეგმენტში, ხელისუფლებას კვლავ ჰქონდა დიდი შანსი მოეგო როგორც ანკარა, ისე სტამბოლი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო ალიანსის გათვალისწინებით, მდგომარეობა მის სასარგებლოდ იყო; მაგრამ სიტუაცია კანდიდატების არასწორმა არჩევამ ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვიტა – ფაქტობრივად ყველა მაღალი რანგის პოსტზე ნამსახურევი ბინალი ილდირიმი ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ძალიან უხალისო და გამოფიტული იყო, რასაც ოპოზიციური მედია მის, მეჯლისის თავმჯდომარეობიდან გადადგომასთან დაკავშირებულ უმოტივაციობას მიაწერდა. რაც შეეხება ანკარას, აქ, საქმე გვქონდა არაანკარელ კანდიდატთან – ქაისერის ყოფილ მერ და ყოფილ მინისტრ მეჰმედ ოზჰასექისთან, რომელსაც გარდა იმისა, რომ მოკლებულია ყოველგვარ ქარიზმას, ცნობილია მისი კავშირებით ფეთჰულა გულენთან, დიდი შეცდომა იყო დაშვებული კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით ადანაშიც – ადანის მერი ჰუსეინ სოზლუ, რომელიც ქალაქის სათავეში დიდი კორუფციული სკანდალის შემდეგ მოვიდა, თავადაც სერიოზულ კორუფციულ სკანდალში გაეხვა და რომ არა მისი პარტიის მმართველ პარტიასთან ალიანსში შესვლა, დიდი ალბათობით ციხეში იქნებოდა – მას, 2017 წელს, კორუფციის ბრალდებით 5 წელი მიესაჯა.
ამის საპირისპიროდ, ოპოზიციამ, განსაკუთრებით ანკარაში და სტამბოლში, რამდენადაც შესაძლებელი იყო სუფთა წარსულისა და პოპულარული კანდიდატები შეარჩია; ანკარის მერობის კანდიდატად დასახელებული მანსურ იავაში ადრე ორჯერ იყრიდა კენჭს იგივე პოსტზე და 2014 წელს, ძალიან საეჭვო ვითარებაში დამარცხდა ანკარის მაშინდელ მერ მელიჰ გოქჩექთან, იგი კარგა ხნის მანძილზე იყო ანკარის პროვინციის ბეიფაზარის რაიონის გამგებელი და ამ პოსტზე ყოფნისას საკმაო პოპულარობა მოიხვეჭა. რაც შეეხება სტამბოლში წარდგენილ კანდიდატ ექრემ იმამოღლუს, მანსურ იავაშისაგან განსხვავებით, იგი ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ფიგურა გახლდათ – წარმოშობით ტრაპიზონელი, სტამბოლის ბეილიქდუზუს რაიონის გამგებელი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პოპულარული იყო საკუთარ რაიონში, არავის მიაჩნდა ისეთ ფიგურად რომელიც სტამბოლში გამარჯვებას მოახერხებდა.
ასევე, გადამწყვეტი როლი ითამაშა პრო-ქურთული „ხალხთა დემოკრატიული პარტიის“ საარჩევნო ტაქტიკამ არ წარედგინა კანდიდატები დიდ ქალაქებში, გარდა მარდინის, ვანისა და დიარბაქირისა, რომლებიც პარტიის კონტროლის ქვეშ იყო, სანამ 2016 წელს, ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით, არჩეული მერების ადგილას ცენტრიდან გამოგზავნილი მოხელეები არ დაინიშნნენ. შეიძლება ითქვას, რომ სტამბოლში, ადანაში და მერსინში, სადაც ხდპ-ს საკმაოდ დიდი მხარდაჭერია აქვს, ეს ტაქტიკა გადამწყვეტი გამოდგა – 2018 წლის 24 ივნისის არჩევნებში პარტიამ სტამბოლში ხმების 12, ადანაში 13, ხოლო მერსინში თითქმის 17 პროცენტი მიიღო, დიდი როლი შეასრულა იმანაც, რომ 2015-16 წლებში ქურთებით დასახლებულ რაიონებში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შედეგად, დაახლოებით 200 000 ქურთული წარმოშობის მოქალაქე, ძირითადად ადგილებიდან სადაც ქურთულ მოძრაობას დიდი მხარდაჭერა აქვს, დიდ ქალაქებში გადასახლდა
შედეგად, ოპოზიციურმა ეროვნულმა ალიანსმა გაიმარჯვა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ცენტრებში გარდა ბურსა და ქოჯაელისა, ხოლო ხდპ-მ, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა რამდენიმე რაიონული ცენტრი, მოახერხა და უკან დაიბრუნა მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრები – ვანი,მარდინი და დიარბაქირი, ასევე გაიმარჯვა ყარსში, რომელიც როგორც სასაზღვრო ქალაქი, დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს თურქი ნაციონალისტებისათვის.
ასევე მნიშვნელოვანი იყო ქურთებით დასახლებულ რეგიონებში ისლამისტების ძველი გვარდიის – ბედნიერების პარტიის ხმების ზრდა და თუნჯელის/დერსიმის პროვინციაში თურქეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატის – ფათიჰ მეჰმეთ მაჩოღლუს წარმატება – ეს გვაჩვენებს, რომ ომით, დისკრიმინაციით და იგნორირებით დაღლილი რეგიონის მოსახლეობა მესამე გზის ძიებაშია ანუ არც ხელისუფლება, არც ქურთისტანის მუშათა პარტია.
საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატების ზომიერმა, ამომრჩევლის ყველა კატეგორიის მომცველმა რიტორიკამ და ერთობამ – მიუხედავად სახელისუფლებლო მედიის უაღრესად ანტიქურთული კამპანიისა და ქურთებთან ნებისმიერი სახის კავშირის ტერორიზმთან გათანაბრების რიტორიკისა, ამომრჩევლებმა სრულიად სხვა რამ აირჩიეს – თურქმა ამომრჩეველმა ხელისუფლებას დაანახა, რომ ის დაიღალა პოპულისტური ნაციონალიზმისა და პოლარიზაციისაგან და გარდა ამისა, გააფრთხილა ხელისუფლება, რომ კანდიდატის წარდგენა ხალხის ნება-სურვილის გათვალისწინების გარეშე არ არის ის, რასაც ისინი იოლად მიიღებენ.
რაც შეეხებათ არჩევნებში დამარცხებულებს, აქ პირველ რიგში შეგვიძლია პრეზიდენტი ერდოღანი მოვიხსენიოთ – ზედმეტმა თავდაჯერებამ და იმის რწმენამ, რომ მის პიროვნებას ნებისმიერი არჩევნების შემოტრიალება შეუძლია პრეზიდენტს დათვური სამსახური გაუწია და როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, აქამდე ხშირად ნახსენები ერდოღანის უძლეველობის მითი დაამსხვრია. მიუხედავად იმისა, რომ მათმა ამომრჩეველმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ბევრ ქალაქში ოპოზიციის გამარჯვებაში, არ გაუმართლა „კარგ პარტიას“ – მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის იგივე ოდენობის ხმა მიიღეს, რაც მათმა „მშობელმა“ პარტიამ – ნმპ-მ, მათ ვერ შეძლეს გაემარჯვათ ვერცერთ რაიონულ ცენტრში და მხოლოდ 19 რაიონული მუნიციპალიტეტის მოგება მოახერხეს, თუმცა ბალიქესირში, უშაქსა და დენიზლიში ხმების დიდი ოდენობა მიიღეს და შეიძლება ითქვას, რომ უშაქში მხოლოდ იმიტომ დამარცხდნენ, რომ იქ, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ და მათმა საარჩევნო პარტნიორმა სრპ-მ ცალ-ცალკე წარადგინეს კანდიდატები. არჩევნების შედეგები არ იყო მთლად სასურველი ხდპ-სთვისაც, მაგალითად, თუნჯელის/დერსიმის პროვინციაშიც, სადაც, კომუნისტური პარტიის პოპულარული კანდიდატის – ფათიჰ მაჩოღლუს, ხდპ-სთან დაახლოებული წრეების მიერ ხელისუფლებისათვის სასარგებლო ფიგურად გამოცხადება, მის წინააღმდეგ საარჩევნო ალიანსის ჩამოყალიბება და ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერებიდან ალი ჰაიდარ კაიტანის მიერ გაკეთებული, მაჩოღლუსადმი მიმართული მუქარის შემცველი განცხადებები, ზუსტად იგივე შედეგის მომტანი გამოდგა, რა შედეგიც ერდოღანისა და მმართველი პარტიის წარმომადგენელი სხვა პოლიტიკოსების განცხადებებმა მოიტანა დიდ ქალაქებში. იგივე ფაქტორი შეგვიძლია ჩავთვალოთ ერთ-ერთ პასუხად ზემოთ ნახსენებ ბედნიერების პარტიის ხმების ზრდაზეც – ისლამურ-კონსერვატიული ოპოზიცია, რეგიონში, ქურთული მოძრაობის შემდეგ, თითქმის ყოველთვის მეორე უმსხვილესი პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც საკმაოდ გამბედავი განცხადებებით გამოირჩეოდა ქურთულ საკითხთან მიმართებაში და საკმაოდ ირონიულია, რომ ქურთულ საკითხთან დაკავშირებული მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეპორტის შედგენაში დიდი როლი შეასრულა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერთი შეხედვით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღიარა არჩევნების შედეგები, თუმცა ცხადია, რომ მმართველი პარტია ჯერ ისევ ებღაუჭება ხავსს და ცდილობს შენარჩუნოს სტამბოლი, რაზეც მიუთითებს სახელისუფლებო მედიის მოწოდებები, რომ ოპოზიციამ „არჩევნები გააყალბა“, რასაც მოჰყვა მთელ სტამბოლში ბილბორდების ჩამოკიდება, რომელის სტამბოლელებს მადლობას უხდიდა ბინალი ილდირიმის სახელით და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეკრება შუაღამით, რასაც ბათილად ცნობილი ხმების ხელახალი გადათვლის გადაწყვეტილება მოჰყვა. რა იქნება, როგორ იქნება და რა ნაბიჯს გადადგამს მმართველი პარტია ამის შემდეგ ეს ჯერ ისევ უცნობია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ თურქულ პოლიტიკაში არის ტენდენცია – ვინც იღებს სტამბოლს, ის იღებს თურქეთს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.