ზვიად სიჭინავა მაიზერ ნანავას პასუხობს

„მოამბის“ მთავარ გამოშვებაში ზუგდიდის სტადიონის შესახებ გუშინ გასულ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა გამოეხმაურა.

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მაიზერ ნანავა „მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სტადიონის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე პასუხისმგებლობას სწორედ სიჭინავას აკისრებდა, რასაც ბრალდებების ადრესატი კატეგორიულად არ ეთანხმება.

როგორც ზვიად სიჭინავა ამბობს, კომპანიამ „დაგი” სამუშაოები პროექტის თანახმად შეასრულა, თუმცა ქალაქის მერიამ ახლად აშენებული სტადიონის მოვლა-პატრონობა ვერ შეძლო და ინფრასტრუქტურა, რომლის მშენებლობისთვისაც ბიუჯეტიდან თითქმის 10 მილიონი ლარი დაიხარჯა, ნადგურდება.

ზუგდიდის სტადიონის მშნებლობის პირველი ეტაპი 2017 წელს დასრულდა, მეორე ეტაპის დასაწყებად კი ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. ტრიბუნები გადაუხურავია, წყალი კი სტადიონის შიდა პერიმეტრში აღწევს. ეს სტადიონი უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით მოედნის საფარიც დაზიანებულია.